სვა­ნე­თი - დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი, პო­ე­ზია და აღ­მაფ­რე­ნა - გზაპრესი

სვა­ნე­თი - დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი, პო­ე­ზია და აღ­მაფ­რე­ნა

თბილისიდან სვანეთისკენ მიკროავტობუსით ღამით გავემგზავრეთ. ალიონს ნისლიან ენგურის წყალსაცავთან შევხვდით. ისეთი სილამაზე დაგვხვდა, ფოტოსესიისთვის წუთშესვენება ვითხოვეთ და შემდეგ გავეშურეთ სოფელ ბარში, დადეშქელიანების ყოფილი რეზიდენციის ნანგრევების მოსანახულებლად. დადეშქელიანების კოშკთან რომ მივედით, მზე კაშკაშებდა. იქვე ახალგაზრდა სვანი მამაკაცები დაგვხვდნენ, თოკით მიძვრებოდნენ კოშკში და ასე შედიოდნენ შიგნით.

ახალგაზრდებს რომ გამოველაპარაკეთ, დაიჩივლეს, - ხედავთ, რა მდგომარეობაშია აქაურობა - ბალახითაა ყველაფერი დაფარული, ხელისუფლება კი ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევსო. ცოტა არ იყოს, გავოცდით და ვუსაყვედურეთ კიდეც: რეზიდენციის შენობისა და კოშკის რესტავრაცია მართლაც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების საქმეა, მაგრამ ჯან-ღონით სავსე ხალხი ხართ და სხვას რას ელოდებით, ამ ბალახის გათიბვას რაღა უნდა, ორი კაციც ეყოფა-მეთქი. - ყველაფერს ჩვენი შრომა-ჯაფით ვაკეთებთ და არც ერთ მთავრობას არ შევყურებთ ხელებშიო, - სვანური სიამაყით გვიპასუხეს, თან დააყოლეს, - გათიბვას ჩვენი ძალითაც შევძლებთო. "დადეშქელიანებს" მალე გამოვემშვიდობეთ და აღმართს ავუყევით. ქურაშის წმინდა გიორგის ერთი ციდა ეკლესიამ კი მართლაც გაგვაოცა. ვიდრე მის კარს გაგვიღებდნენ (აქაც და სვანეთის სხვა ეკლესიებშიც კარის გასაღები სოფლის რომელიმე ოჯახს ან კონკრეტული ტაძრის მოძღვარს აბარია. თუ წირვა-ლოცვის დრო არ დაემთხვა, ეკლესია დაკეტილია, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, ბევრ სიწმინდესა და ძვირფას ხატს ინახავს, ამიტომ მხოლოდ მომლოცველების ან დამთვალიერებლების თხოვნით აღებენ), გარშემო შემოვუარეთ.

ღმერთმა უწყის, რამდენი წლის იქნებოდა გადაჭრილი ხე, ზემოთ ამოყრილი და ირგვლივ გაფენილი უმსხვილესი ფესვებით. მოგვიანებით აგვიხსნეს, ეს ხე იფანია, კარგა ხნის წინ თავისით ამოსულა, მერე ისე გაიდგა ფესვები, ტაძრის საძირკველშიც გაატანა და ტაძარი დაბზარაო. ეკლესიის კარი სოფლის მკვიდრმა ქალბატონმა გაგვიხსნა (ასეთი რამ იშვიათად ხდება და უფრო მაშინ, როდესაც ოჯახის მამაკაცები შინ არ არიან). ეკლესია X საუკუნის ყოფილა და ლამაზი ფრესკებითა და პიქტოგრამების სიუხვით გამოირჩეოდა.

GzaPress

ელექტროგანათება არ იყო, ამიტომ ჩვენივე მობილურებით ვანათებდით და კარგა ხანს ვუ

კირკიტებდით სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის ასტრალურ ნიშნებს. მასპინძელმა გვითხრა, - შარშანწინ ამოვიდნენ სპეციალისტები, თითქოს რესტავრაციის დაწყება უნდოდათ, მერე თქვეს, - ხარჯები უნდა მოვიძიოთო და მას შემდეგ აღარ გამოჩენილან. ახლახან მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან კვლავ ამოვიდნენ, ისევ დაათვალიერეს და წავიდნენ. ვნახოთ, რა იქნებაო.

სოფელში, თურმე, ხორგუანები ცხოვრობენ. ათი კომლიდან სამი შემორჩა, დანარჩენები თბილისში გადასულან. იქაური სილამაზით აღფრთოვანებული ჩვენი ჯგუფის წევრს, ლია მინაძეს აღმოხდა: თქვენზე ბედნიერი ადამიანი არ არის, როგორია, გაღვიძებისთანავე ამ სილამაზეს რომ დაინახავო?! მის რომანტიკულ განწყობაზე სვან ქალბატონს ჩაეღიმა და ამოიოხრა: - ეჰ, ლამაზი კი არის, მაგრამ ზამთარში გვაქვს პრობლემები. ბევრი მიდის, უკან კი არავინ ბრუნდება. აბა, აქედან წასული ვინღა დაბრუნდებაო? მასპინძელ ქალბატონს მადლობა გადავუხადეთ და უღვალის წმინდა გიორგის, შემდეგ კი - ჭოხულდის მაცხოვრის ტაძრები დავათვალიერეთ. ბოლოს ლატალსაც მივადექით. აქ კი უამრავი მოგონება წამომიტივტივდა: 2008 წლის ივნისი, ჩემი პირველი "ნაბიჯები" საოცნებო სვანეთის მიწაზე, ფესტივალის - "აღდგომიდან ამაღლებამდე" დახურვა, უთბილესი მასპინძლები - გირგვლიანების ოჯახი, სანდრო გირგვლიანის ბაბუის სახლში სტუმრობა და სვანური ხალხური სიმღერებით გამთბარი გულები... დაუვიწყარი ოთხი დღე, შინ დაბრუნებულს, მუზა რომ მომგვარა და ლექსებით სვანური ცისთვის, მთებისთვისა და გიჟმაჟი ენგურისთვის სიყვარული ამახსნევინა...

სამწუხაროდ, ისე ვჩქარობდით, იმ გულთბილი ხალხის მონახულება ვერც მოვასწარი, ის ეკლესიები კი კვლავ ვნახე, წლების წინ დახამებულივით რომ ვათვალიერებდი: მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლებისა და იენაშის იონა წინასწარმეტყველის ტაძრები.

XIV საუკუნის იონა წინასწარმეტყველის სახელზე აგებულ ეკლესიასთან უკვე მონასტერიც დაუარსებიათ. აქ, სამხრეთის კედელზე, საკურთხევლის გვერდით, გამოსახულია იონა წინასწარმეტყველის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი - ვეშაპისგან მისი ხსნა. მსგავსი ფრესკა სვანეთის არც ერთ ეკლესიაში არ გვხვდება, საქართველოშიც ვერსად ნახავთ იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარს... GzaPress

იმ დღის გვირგვინი ჰაწვალის საბაგიროთი გასეირნება იყო. საბაგიროს ბოლო რეისს სულზე მივუსწარით. უკანასკნელები ჩვენ ავედით. სანახაობა კი მართლაც გასაოცარი იყო - ულამაზესი უშბა-თეთნულდის პანორამა, მზის სხივებში გადახლართული ზღაპრული ტყე, უსუფთავესი ჰაერი და სელფები, ფოტოები, კვლავ სელფები და... კვლავ სირბილი საბაგიროსკენ. თუ ვერ მივუსწრებდით, ფეხით, ტყე-ტყე მოგვიწევდა დაშვება. ეს კი ნამდვილად არ გვაწყობდა - განა ვერ ვივლიდით? მესტიაში გასეირნებაც გვინდოდა, კოშკებისა და თამარ მეფის ძეგლის ნახვა და ა.შ.

მოკლედ, ყველაფერიც მოვასწარით და ღამის მესტიაშიც ბევრი ვიხეტიალეთ. გაგვიხარდა: სიცოცხლე ჩქეფდა მესტიაში - იქაურობა ტურისტებით იყო გადაჭედილი. თამარ მეფის უჩვეულო ქანდაკებაც ვნახეთ და ფოტოთი შექმნილი შთაბეჭდილება არათუ გამიქარწყლდა, უფრო გამიმძაფრდა - დიდება თამარის სულს, მაგრამ ალბათ ბორგავს, ასეთად გამოქანდაკებული იმ ადგილას რომ დადგეს! შესაძლოა, სხვა სივრცეში მართლაც ლამაზად გამოჩენილიყო ის ნამუშევარი. წინ კიდევ ერთი იმედგაცრუება გველოდა, ამჯერად - ყოფითი. კუბდარის საჭმელად ვერც ერთ კაფესა და რესტორანში ვერ შევაღწიეთ. ბოლოს ერთგან, ვფიქრობ, საუკეთესოში შევედით. შესანიშნავი მოცეკვავეები ჰყავდათ, მართლაც მოვიხიბლეთ, რასაც ვერ ვიტყოდით მომსახურებასა და კუბდარზე. ჩემმა კარტოფილმა "ფრიმ" კი ყველაფერს გადააჭარბა - ერთი საათის შემდეგ მაღირსეს და ისიც - უმი. არადა, როგორ მშიოდა... ჩანს, ამ კუთხით ჩემი საყვარელი სვანეთი ჯერ ვერ უმკლავდება ტურისტების მოზღვავებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ გაცილებით უკეთესად მოემზადებიან... ოღონდ იმედია, თავის სასტუმროებზე სახელს ქართულადაც დააწერენ, თორემ გამოდის, რომ ინგლისური და რუსული წარწერებით მხოლოდ უცხოელებს ეპატიჟებიან. სამწუხაროდ, მსგავსი მდგომარეობა დაგვხვდა უშგულშიც, რაზეც ჩვენს გულთბილ მასპინძელს - ჩანქსელიანების ულამაზეს ოჯახსაც ვუსაყვედურეთ. იმედია, გულანთებული სვანი ახალგაზრდები ამას აუცილებლად გამოასწორებენ... მანამდე კი მოგზაურობას განვაგრძობთ მაღლა და მაღლა, ზემოთ და ზემოთ... ღრუბლებისკენ...

მეორე დილით ადრიანად გავუყევით გზას, მესტიის მუზეუმის ნახვა კი უკანა გზისთვის გადავდეთ. ყველაზე მეტად კალა-უშგულთან და შხარა-ლამარიასთან მიმეჩქარებოდა, თუმცა გზადაგზა ისეთ საოცრებებს ვნახულობდით, ლამის გული გვიჩერდებოდა. მოგზაურობის მეორე დღე მულახის თემის - ჟამუშის მაცხოვრის ტაძრით დავიწყეთ. ეკლესიის ეზოს ალაგ-ალაგ დანგრეული ქვის გალავანი ერტყა, ერთ მხარეს თავმოტეხილი კოშკი ედგა, მეორე მხარეს - საცხოვრებელი სახლი. იქაურობის მასპინძლები კი ქალდანები იყვნენ.

ტაძრის კარიც ქალდანების ოჯახის მერვეკლასელმა ვაჟმა - გიორგიმ გაგვიღო. სწორედ მან გვითხრა, ეკლესიის უკან, კოშკი რომ ჩამოინგრა და ჩვენი სახლი დააზიანა, ეკლესიას ერთი ქვაც არ მოხვედრიაო.

ამ ტაძარში დაცულია წმ. გიორგის X საუკუნის ჭედური ხატი, რომელიც მისთვის იმერთა მეფეს, გიორგი II-ს შეუწირავს...

შემდეგი "გაჩერება" ჩვაბიანის მაცხოვრის ტაძართან გვქონდა. იქაც ტაძრის კარი ქალბატონმა გაგვიღო, ციალა ქალდანმა. მანვე გვითხრა, აქაურობა ჭეხანებს აბარიათ, მე მათი რძალი ვარ. ისე კი, სოფელში ჭეხანების გარდა, მარგიანები და გიგანები ცხოვრობენო. ტაძრის მხატვრობამ ულამაზესი ფერებით გაგვაოცა. ეკლესიაში ჭეხანების საგვარეულო მაცხოვრის დიდი ხატი იყო დაბრძანებული. ქალბატონმა ციალამ ლიფანალის დღესასწაულზეც გვიამბო: ლიფანალი ანუ მკვდრების შენდობა, ჰქვია დღესასწაულს, რომელსაც ახალი წლის დადგომის შემდეგ, შობის წინ ვიწყებთ. ერთ წელს თუ ორშაბათს იწყება, მეორე წელს - სამშაბათს და ა. შ. ამის მიხედვითაა მისი ხანგრძლივობაც. წლიდან წლამდე აკლდება დღეები და ბოლოს ერთი დღე რჩება. სოფლის ყველა ოჯახიდან თითო ადამიანი მაინც ამოვდივართ და ჩვენს მკვდრებსაც "ვეპატიჟებით". პირველი ღამე, როდესაც მკვდრები "მოდიან", მარხვის დღეა, რომელიც მერე ხსნილდება. დღესასწაულის ბოლოს მკვდრები "მიდიანო".

ჩვაბიანიდან ნაკიფარისკენ გავეშურეთ. იფარის თემის სოფელ ნაკიფარის X საუკუნის წმინდა გიორგის ტაძარში იმ დროს მივედით, მომლოცველებისთვის სიწმინდეები რომ გამოჰქონდათ. ტაძარი მეფის მხატვარს - თევდორეს მოუხატავს. თევდორეს მოხატული ყოფილა იფრაალისა და კალის ტაძრებიც (იმ დღეს იფრაალშიც ავედით. 3 კილომეტრი თაკარა მზეში ვიარეთ და ერთი წამით არ გვინანია, ისეთი საოცრებები ვნახეთ). ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესიის წინ ორად ატოტილი არყის უზარმაზარი და ულამაზესი ხე იდგა. დაახლოებით, ორმოცი წლის წინ, შესასვლელთან ორი პატარა ბავშვი დაუკრძალავთ და მათ საფლავზე არყის ხე დაურგავთ. დროთა განმავლობაში ის ხე ორ ტოტად ამოწვერილა და დღეს უკვე ორ უზარმაზარ ხედაა ქცეული. სიწმინდეებიდან განსაკუთრებით ბაჯაღლო ოქროს თასი დაგვამახსოვრდა. ჩვენ თვალწინ გამოაბრძანეს ტაძრიდან და აგვიხსნეს: როცა თასი გამოგვაქვს, აუცილებლად უნდა იდღეგრძელოთ, დაილოცოთო. ცოტ-ცოტა სასმლით ყველამ ვადღეგრძელეთ სვანები, სვანეთი და მისი მთებიდან დანახული სრულიად საქართველო. ნაკიფარიდან აშკარად სულიერად და ფიზიკურად გაძლიერებულებმა, გზად ულამაზესი ადგილების მონახულებით, ავიარეთ აღმართი და უშგულამდეც მშვიდობიანად მივაღწიეთ.

გავკადნიერდები და ლექსად გეტყვით, რა იყო ჩემთვის სვანეთი, უშგული და შხარა: შენი ხმა ჩამესმა და გამეღვიძა./ თავსხმა მოსულიყო მთაში./ ბინდი აიყარა და ჩემი სარკმლიდან/ შენს ნაკვთებს დავეძებდი ცაში./ თვალი ვერსად მოგკარ და ამოგირბინე,/ აისს რომ შევხვედროდით ერთად./ თითქოს, ცივი ჩანდი - თოვლიანი, მოგიახლოვდი და - მზე ხარ!/ ქარმა ყური მოჰკრა და ჩემი ბუტბუტი/ სიტყვა-სიტყვით მოიტანა შენთან./ იცი, როგორ მივხვდი? - მე რომ გიღიმოდი,/ შენ კოხტაობდი მზესთან...GzaPress

ულამაზესი ლაგურკის (სოფელ კალის წმ. კვირიკესა და ივლიტას ტაძარი) უნახავად ვერ წამოვიდოდით. ყოჩაღად ავირბინეთ ზემოთ. ტაძარში მისი სიწმინდეების მცველმა, ზაურ გულბანმა გვიმასპინძლა და იქაურობა დაგვათვალიერებინა. საოცარი ძალა და მადლი მოდიოდა საკურთხევლის წინ, ქვის კვარცხლბეკზე ამაღლებული, ოქროთი მოვარაყებული და ვერცხლით მოჭედილი დიდი ჯვრიდან. ეზოში მდებარე 96-კილოგრამიანი ზარი და "საჯილდაო ქვებიც" გვაჩვენა. ერთი ქვა მამაკაცებისთვის ყოფილა განკუთვნილი, დანარჩენი ორი - ქალებისთვის. ტაძრის ეზოდან ჩემს მეგობარსა და კოლეგას არმაზ ხარძიანს დავურეკე და ვახარე, შენს მშობლიურ კალაში ვარ, ლაგურკაზე-მეთქი. იმწამს დაჟინებით მომთხოვა, ქალების ქვებიდან ერთ-ერთს მაინც დაეჭიდე, ეგებ ასწიო კიდეცო. ქვებს რომ შევხედე, სიცილით მოვკვდი, - ამას რა დაძრავს-მეთქი, მაგრამ არმაზს მაინც ვერ გავუტეხე ხათრი და... ჰოი, საოცრებავ: ჯერ ერთი ქვა წამოვწიე, მერე მეორე, უფრო მოზრდილი "წამოვაყენე ფეხზე". ჩემი მეგობრები ტაშს მიკრავდნენ, მე კი გაოგნებული და ბედნიერი დავყურებდი ქვებს. ბოლოს გაირკვა, რომ თუკი ქვას მოერეოდი, ნატვრა-სურვილი აგისრულდებოდა. ქვასთან შეჭიდებისას ეს პირობა ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ, უნებლიეთ, რაღაც ჩავიფიქრე... ჰოდა, იმედია, ამისრულდება, თქვენ კი სვანეთში მოგზაურობას გისურვებთ - მერწმუნეთ, იგი შენი სულიდან, გულიდან და თვალიდან არასდროს გამოვა და მუდამ სიყვარულის აღმაფრენით გატარებს! ოღონდ მოგზაურობა აუცილებლად დადეშქელიანების ყოფილი რეზიდენციით დაიწყეთ: სვანები ამბობენ, ვინც "დადეშქელიანებით" იწყებს, სვანეთი ყველაფერს უჩვენებს, ყველა კარს უღებს და ყველა მწვერვალიდან ყრის ღრუბლებს, მათი სილამაზე სრულად რომ დაგანახვოსო!

ირმა ხარშილაძე