ნუ შეიძენთ იაფ და მავნებელ საკვებს - გზაპრესი

ნუ შეიძენთ იაფ და მავნებელ საკვებს

GzaPressეგ კი არა, რამდენიმე თვის წინ აგორებულმა "ცხენის ხორცის" სკანდალმა ხალხი ისე დააფრთხო, რომ ზოგიერთები ხორცს ახლოს აღარ ეკარებოდნენ. არანაკლები აჟიოტაჟი მოჰყვა "სახედრის ხორცის" სკანდალსაც, რამაც ყველაზე მეტად, სწრაფი კვების ობიექტები, კერძოდ - საშაურმეები დააზარალა. მოკლედ, ამის შემდეგ საშაურმეებს საქმე ცუდად წაუვიდათ, რასაც ისიც დაემატა, რომ შაურმით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. როგორც საშაურმეების მფლობელები და თანამშრომლები ამტკიცებენ, მათ უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენეს, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა ჩაიარა და მათ პროდუქციას ხალხი ისევ დიდი სიამოვნებით მიირთმევს.

შაურმა არ არის ქართული კერძი, ამიტომ ძალიან ბევრს აინტერესებს, მავნებელია თუ - არა.

ეთერ სარჯველაძე, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, პროფესორი:

- ბოლო ხანებში კვლევა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ფაქტია, რომ შაურმა არაერთხელ გამხდარა ადამიანის მოწამვლის მიზეზი. ამას ჩვენს ორგანიზაციაში შემოსული საჩივრებიც ადასტურებს. შაურმა კალორიული საკვებია და ხორცისგან მზადდება, რომელიც ძალიან სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. მომზადების პროცესში ხორცს შემავსებლებიც ემატება, რომლებიც შაურმას სასიამოვნო გემოს აძლევს და ძალიან მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის, მაგრამ აქ ჩნდება ერთი კითხვა - რამდენად ჰიგიენურ პირობებში მზადდება ის? მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ საშაურმეები თბილისში ისეთ ადგილებზეა განთავსებული, თანაც, იმდენად მცირე ფართობზე, რომ იქ ძნელია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და ხორცის ისე შენახვა, რომ მასში არასასურველი მიკრობიოლოგიური პროცესი არ განვითარდეს. საერთოდ, ხორცი განსაკუთრებით ადვილად იღებს ნებისმიერ მიკროორგანიზმს, ამიტომ ხორცპროდუქტების რეალიზაციის დროს მისი დაბინძურების ალბათობა ძალიან მაღალია. შესაბამისად, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.

- სხვათა შორის, ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან უყვართ შაურმა და მას ხშირად მიირთმევენ. რამდენად სასარგებლო საკვებია?

- როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დაობენ, ამიტომ ზოგი სიგარეტს ყიდულობს ყოველდღე, ზოგი - შაურმას, ზოგს კი - არაყი და ნარკოტიკიც ძალიან მოსწონს. საერთოდ კი უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველდღე ერთი და იმავე საკვების მიღება მავნებელია. კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი, შაურმა კი იმდენად კალორიული საკვებია, რომ დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის: ამ კერძში ბევრია ნაჯერი ცხიმი, რაც ადამიანის ორგანიზმს მეტისმეტად ამძიმებს. ამგვარი საკვებით ორგანიზმის გადატვირთვა არ შეიძლება. როგორც ჰიპოკრატე ამბობდა, "დოზა ქმნის შხამს". საჭიროების შემთხვევაში, ერთი აბი წამალი სასარგებლოა, მაგრამ ათობით მიღება შეიძლება, ლეტალური შედეგითაც კი დასრულდეს. ასევეა კვებაც: ზომიერების ფარგლებში ყველანაირი საკვების მიღებაა დასაშვები.

- ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანები შაურმით მოწამლულან. რა იწვევს ამას?

GzaPress- საამისოდ არაერთი მიზეზი არსებობს: ან ხორცის შენახვის წესი ირღვევა, ან დამზადების დროს სანიტარიულ ნორმებს ვერ იცავენ, ხოლო თუ ღია სარკმელთან ამზადებენ, მაშინ ქუჩიდან მასზე მტვერი ხვდება. წესით, შაურმა ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მუშავდება, მაგრამ საქართველოში ეტყობა, წარმოების ტექნოლოგიაც ხშირად ირღვევა. შაურმა უნდა მზადდებოდეს მინის იქით და რაც შეიძლება მაღალ ტემპერატურაზე. მას მტვერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხვდებოდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შაურმის შენახვისა და მომზადების ნორმების დაცვა, ნედლეული, ჭურჭელი ან, ბოლოს და ბოლოს, ხელები, რომლითაც საკვები მზადდება - ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა.

- თანამედროვე ცხოვრების წესად იქცა, რომ ადამიანები ქუჩაში იკვებებიან, ნაჩქარევად, თანაც, მათი რაციონი მეტისმეტად მწირია.

- ამიტომაც არის გახშირებული ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები. ეს არასწორმა კვებამ და ცხოვრების დაჩქარებულმა რიტმმა გამოიწვა. ადამიანი საკვებს ნელა, აუჩქარებლად უნდა მიირთმევდეს, თანაც, ჭამის დროს უნდა იჯდეს. როცა ადამიანი ყიდულობს შაურმას ან სხვა საკვებს, სადღაც მიეჩქარება, თან გარბის და თან ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიირთვას, წარმოიდგინეთ, რა ხდება ამ დროს მის ორგანიზმში... მით უმეტეს, შაურმა არის ცხიმებით გაჯერებული, რომლის ათვისებასაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ასწრებს და ეს ყველაფერი მერე სისხლში ილექება მავნე ნივთიერებებად. სპეციალისტების აზრით, როცა წახემსებას აპირებ, მაშინაც კი უნდა იჯდე, რადგან ამ დროს ორგანიზმი საკვებს უკეთესად ითვისებს.

- შაურმა, ჰამბურგერი, ჰოთ-დოგი და სხვა უცხო საკვები ყველაზე მეტად, ბავშვებს მოსწონთ. რას ურჩევდით მშობლებს, რა დოზით შეიძლება მიიღოს მოზარდმა თუნდაც შაურმა?

- პატარებმა ასეთი საკვები რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მიირთვან. ბავშვმა უნდა მიიღოს კარგად მოხარშული, დამუშავებული ხორცი, უმჯობესია, ოჯახში მომზადებული ისე, რომ დაცული იყოს საკვების მომზადების ყველა წესი. ამ წესების დარღვევა საბოლოო ჯამში, ადამიანის ჯანმრთელობის შერყევას იწვევს. უკვე მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს კვების სწორი რეჟიმის პროპაგანდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ის ცენტრები, რომლებიც კვების ფიზიოლოგიის საკითხებზე მუშაობენ, აფრთხილებენ ადამიანებს, რომ კვებას სჭირდება სათანადო რეჟიმი: დილით უნდა მიირთვათ შედარებით კალორიული პროდუქტი, შუადღეს - ამ კალორიების ნახევარი, ხოლო საღამოს უკვე - ძალიან ცოტა. იმიტომ, რომ დღის დასაწყისში მიღებული პროდუქტები ენერგიად გარდაიქმნება, ხოლო შემდეგ - ცხიმებად და ზედმეტ კილოგრამებად.

- ამბობდნენ, ქართულ სავაჭრო ქსელში სახედრისა და ცხენის ხორცი იყიდება და შაურმაც მისგან მზადდებაო.

GzaPress- ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რისგან არის დამზადებული ესა თუ ის საკვები და რაში ხარჯავს ოჯახი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს. ზოგიერთ ქვეყანაში ბაყაყებსა და ლოკოკინებსაც მიირთმევენ, ზოგიერთს მოსწონს კიდეც ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება, მაგრამ ადამიანს გააჩნია: მე მაგალითად, ძალიან ცუდად გავხდები, რომ გავიგო, ოდესმე სახედრის ან ცხენის ხორცი მიჭამია. ისე კი, უნდა ვაღიაროთ, რომ როგორიც არის მომხმარებელი, ისეთივეა მიმწოდებელი: თუ არ შეიძენთ შაურმას ან ჰამბურგერს, რომელიც ქუჩაში, მტვერში იყიდება ან კარგად არ გემსახურებიან, რეალიზატორიც იძულებული იქნება, თავისი პროდუქცია უკეთეს პირობებში გაყიდოს. ამას წინათ ჟურნალისტებმა ერთ-ერთ ბაზრობაზე წამიყვანეს და გადამღებ ჯგუფს ვუთხარი: ამ ადამიანებს ვერაფერს ვეტყვი, მათ სჭირდებათ და ყიდიან; მომხმარებელი არ უნდა მივიდეს ასეთ ადგილას და საკვები არ უნდა შეიძინოს-მეთქი. იმ ადამიანმა, რომელიც ქუჩაში დგას და შაურმას ან ხაჭაპურს ყიდის, არც მარკეტინგი იცის და ვერც სურსათის უსაფრთხოების წესებში ერკვევა. თუ არავინ იყიდის, მაშინ იძულებული იქნება, ამგვარ პირობებში საკვები აღარ გაყიდოს. სამწუხაროდ, ჩვენც არ ვიცით, რა მოვითხოვოთ: საქართველოში მომხმარებლები ბევრ რამეს დაბალი ფასის გამო ყიდულობენ, რაც არასწორია. იაფი შეიძლება, საწამლავიც იყოს, მაგრამ ხომ არ იყიდით?.. ასევე არ უნდა შეიძინოთ საკვები, რომელიც ერთი შეხედვით იაფია, მაგრამ - მავნებელი.

ხათუნა ჩიგოგიძე