საქართველოში სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს - გზაპრესი

საქართველოში სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს

ის, რომ საქართველოს მოსახლეობა თანდათან მცირდება, საიდუმლო არავისთვისაა. დემოგრაფები მიიჩნევენ, რომ ქართველი ერი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას და ამაზე ციფრებიც მეტყველებს. საქართველოს მოსახლეობა 3 718 200 ადამიანს შეადგენს, რაც 2002 წელთან შედარებით 15%-ით, ანუ 657 731 ადამიანით ნაკლებია. საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ყველაზე მეტად - 37%-ით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობაა შემცირებული და დღეისთვის ამ რეგიონში მხოლოდ 32 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გასული წლების მსგავსად, მოსახლეობის შემცირების ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა: "საქსტატის" ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 25 543 ადამიანი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი - 25 954 შეადგინა, რაც დაბადებულებზე 411-ით მეტია.

შექმნილი სიტუაციის გაანალიზება ვთხოვეთ დემოგრაფს, პროფესორ ანზორ თოთაძეს:

- დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში ძალზე მძიმეა, რაც შემდეგ წლებში კიდევ უფრო დამძიმდება - მოსახლეობის ბუნებრივი კლება გაგრძელდება. კლების ტენდენცია განსაკუთრებით იმ რეგიონებში შეინიშნება, სადაც ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს გახლავთ: რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, იმერეთი, გურია და კახეთი. ამ რეგიონებში გარდაცვალების შემთხვევები უფრო მეტია, ვიდრე დაბადების.

- რატომ ფიქრობთ, რომ ქართველი მოსახლეობის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება?

- ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და ამას თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს: 1980-იან წლებში საქართველოში 455 ათასი გოგონა დაიბადა, 20-25 წელიწადში ისინი დედები გახდნენ და შვილები გააჩინეს, მაგრამ 2000-2009 წლებში გოგონების რაოდენობა ლამის განახევრდა - სულ დაიბადა 236 ათასი გოგო. ახლა ისინი ფერტილურ ასაკში შედიან და საქართველოში უფრო ცოტა ბავშვი გაჩნდება, ვიდრე 20-25 წლის წინ. ეს შემცირება 2025 წლისთვის უკვე პიკს მიაღწევს. თუ რაიმე არ ვიღონეთ და საჩქარო ღონისძიებები არ გავატარეთ, შობადობა საქართველოში ყოველ წელიწადს შემცირდება. ამის შესახებ ქართველი დემოგრაფები უკვე რამდენიმე წელია ვწერთ.

- ე.ი. გოგონების დაბადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს?

- რა თქმა უნდა, ერი ხომ გოგონებმა უნდა გაამრავლონ? მართალია, ბიჭის დაბადება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უხარიათ, თვით ამერიკაშიც კი, სადაც გამოკვლევამ აჩვენა, რომ პირველი ვაჟი ბევრ ოჯახს უნდა, მაგრამ გოგონების სიმრავლეს ნებისმიერი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, შერჩევითი აბორტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს. ასეთი აბორტების მსხვერპლი ყველაზე მეტად, გოგონები ხდებიან.GzaPressGzaPress

- სად არის შემცირებული მოსახლეობა ყველაზე მეტად?

- იმ რეგიონებში, რომლებიც ქართველებითაა დასახლებული, ხოლო რეგიონებში, სადაც ქართველები ნაკლებად ცხოვრობენ, ბუნებრივი მატება მაღალია. ასეთი რეგიონებია: ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და აჭარა. ამას თავისი საფუძველი აქვს და მათ შორის, წამყვანი რელიგიური ფაქტორია. მაგალითად, ქვემო ქართლში მოსახლეობის მატებას რელიგიური რწმენა განაპირობებს, რადგან მაჰმადიანური სარწმუნოება ხელს უწყობს მრავალშვილიანობას.

- ეს ქართველებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებსაც ეხება?

- დიახ. მაგალითად, იმერეთი ყველაზე ხალხმრავალი რეგიონია საქართველოში, მაგრამ იქაც უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 1989 წელს ჩატარდა მოსახლეობის აღწერა, რომლის მიხედვითაც, იმერეთში 767 ათასი კაცი ცხოვრობდა, 2012 წელს - 700 ათასი კაცი, ხოლო 2014 წელს - 534 ათასი. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, იმერეთიც ისევე გაუკაცრიელდება, როგორც მთის სოფლებია დაცლილი. წლების განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი ქუთაისი იყო, ამჟამად მეორე ქალაქი ბათუმია, ქუთაისი კი - მესამე ადგილზე გადავიდა. ქუთაისში მოსახლეობის კლება შეინიშნება. იგივე ხდება გურიის მუნიციპალიტეტში - ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. ამ რეგიონებში მოსახლეობა ძალიან დაბერებულია და ეს პროცესი აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების გარეშე ვერ შეჩერდება.

- მოსახლეობის მატება დაფიქსირდა თბილისში. რით აიხსნება ეს?

- თბილისში შობადობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, ეკონომიკური პირობები, რომელიც თბილისში უკეთესია, ვიდრე რომელიმე სხვა რეგიონში. აქ კომერციული ბანკები, უმაღლესი სასწავლებლები, საწარმოებია... თბილისი რეგიონებთან შედარებით, სუნთქავს და ეკონომიკაც უფრო მაღალ დონეზეა.

დაბოლოს, ვფიქრობ, უნდა მივიღოთ დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, სხვადასხვა ღონისძიება უნდა გატარდეს შობადობის ზრდის წასახალისებლად. როგორმე უნდა გავზარდოთ შობადობის მაჩვენებელი რეგიონებში, სხვაგვარად კარგი არაფერი გველის.

ხათუნა ჩიგოგიძე