რო­გორ ვებ­რ­ძო­ლოთ ფა­რო­სა­ნას? - გზაპრესი

რო­გორ ვებ­რ­ძო­ლოთ ფა­რო­სა­ნას?

ბოლო დროს ყველა აზიურ ფაროსანაზე ლაპარაკობს - მავნებელზე, რომელმაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო და უდიდესი ზარალი მიაყენა. ის თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს, რაც შედეგებზე აისახა კიდეც. გასულ კვირას ბათუმის რამდენიმე საბავშვო ბაღიც დაიხურა ამ პრობლემის გამო, რადგან სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.

პირველად აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს შენიშნეს. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავალს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა და სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს. ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს და წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. ყველა ნაყოფი, რასაც ის შეეხება, დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და პროდუქტი გამოუსადეგარი ხდება.

წელს იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მოსახლეობა ფაქტობრივად მოსავლის გარეშე დარჩა. მართალია, ხელისუფლება ირწმუნება, რომ სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩაატარა, მაგრამ ფაქტია, მავნებელი კვლავ მრავლადაა და როგორც კი აცივდა, სახლებში შევიდა. გამოსაზამთრებლად შედის ასევე ფარეხებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში, ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე, ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. მოგეხსენებათ, დასავლეთ საქართველოში ძირითადად ხის სახლებია და ამიტომ იქ პრობლემა ძალზე მწვავედ დგას. მავნებელთან ბრძოლა მათ საკუთარი ძალებით უხდებათ. ზოგს ცოცხით ჩამოაქვს კედლიდან, ზოგი მტვერსასრუტით აგროვებს და ისე ანადგურებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მავნებლის სრულად განადგურება შეუძლებელია. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთადერთი გზა მისი რაოდენობის შემცირებაა.

ზამთარში ერთეული შემთხვევების გარდა, ის არ დაფრინავს, იბუდებს თბილ გარემოში და ძილის ფაზაში გადადის. სპეციალისტები გვირჩევენ, თუ არ დავიზარებთ და მაქსიმალურად გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.

საყურადღებოა გაზაფხული, რადგან აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოს, მცენარეზე სახლდება. მაისიდან საჭიროა ყოველკვირეული დაკვირვება თხილისა და ხეხილის ბაღებში. მსოფლიოს წამყვანი ენტიმოლოგების რეკომენდაციით, შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მიზანშეწონილია მაის-ივნისში, მავნებლის დაფრთიანებამდე. ერთი აზიური ფაროსანა 200-მდე კვერცხს დებს, კვერცხი თეთრი ფერისაა და გამოჩეკის წინ ოქროსფერ შეფერილობას იღებს. 4-5 დღეში იჩეკებიან მოწითალო მატლები, რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან, ხოლო შემდგომ - მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან და გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად. 50-55 დღეში ისინი ზრდასრულ ასაკს აღწევენ. მავნეობას გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით. მწერს შეუძლია დიდი მანძილის დაფარვა, დაახლოებით 100 კილომეტრამდე ფრენს.

- აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი და ეკოლოგიურად გამართლებულია მათი მექანიკური განადგურება, - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და დასძენს: - თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს მისი როლი მავნებელთან ბრძოლაში, ვინაიდან ის დიდ ფართობზეა გავრცელებული. თითოეული ფაროსანას მექანიკურად განადგურება მიმდინარე წელს, ნიშნავს, რომ მომავალ წელს 200-250 ინდივიდით ნაკლები გვექნება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ამ ღონისძიებებში.

პირადად მეც შემაწუხა ამ ზაფხულს ამ პრობლემამ, მეც დავდევდი მავნებელს პრეპარატებითა და სხვა საშუალებებით. რჩევისთვის ცხელ ხაზსაც მივმართე. იქ მითხრეს, საკუთარ თავს უნდა დაეხმაროთ: ეზოში დადგით პატარ-პატარა სახლები, ჩადეთ ნათურები, შექმენით სახლის იმიტაცია, რომ ფაროსანა შევიდეს და მერე ერთად გაანადგურეთო. თითო მოსახლეს ერთი ლიტრი ქიმიური პრეპარატი და ფერომონი დაურიგდა, რომელიც მწერს იზიდავს.

რაც შეეხება გამოყენების წესებს, ინსტრუქციაში წერია, რომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები, რადგან ეს არის საკმაოდ ძლიერი ქიმიური პრეპარატი და არავითარ შემთხვევაში მისი სახლის პირობებში გამოყენება არ შეიძლება.

ინსტრუქციაში გარკვევით წერია, როცა ტერიტორია იწამლება, უნდა დაიხუროს სასმელი ჭებიო, მაგრამ ამ ზაფხულს თავად გამგეობების დავალებით მანქანები დადიოდნენ ქუჩებში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ისე ჩაიქროლეს და ისე მოაფრქვიეს ეს პრეპარატი ჰაერში, რომ მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია და არათუ ჭის დახურვა, ხალხმა კარის და ფანჯრის დახურვაც კი ვერ მოასწრო. პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია გეცვათ სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, გეკეთოთ აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი. შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვების მიღება. აუცილებელია პესტიციდების გამოყენების წინ დახუროთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიოთ ფრინველი, საქონელი, მავნებელია პრეპარატი ფუტკრისთვის. ბავშვებს ნუ გაუშვებთ ეზოში შეწამვლის დროს, ნუ შეეხებიან ისინი შეწამლულ ხეებს, რადგან კონტაქტური პრეპარატია და საშიშია. წამლობის პერიოდში დახურეთ ფანჯრები, შეწამლული პროდუქტის, ხეხილის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 20-25 დღის განმავლობაში! წამლობა უნდა ჩატარდეს უქარო ამინდში დილას ან საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში. არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს! კატეგორიულად დაუშვებელია სახლის პირობებში პრეპარატის გამოყენება და როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, სახლში ბიოლოგიური პრეპარატებით უნდა ვებრძოლოთ ფაროსანას. ანადგურებს მწერს დიხლოფოსი. გამოიყენეთ საპნიანი წყალიც: 200 გრამი 2%-იანი საპონი უნდა გახსნათ 10 ლიტრ წყალში, დაასხათ ჭურჭელზე, გნებავთ ნათურის ქვეშ დადგით თასით ან ჭურჭელი დადგით ღამით და დაანათეთ მაგიდის სანათი ისე, რომ ოთახში სხვა განათება არ იყოს. დილით ჯამში უამრავ დამხრჩვალ ფაროსანას აღმოაჩენთ.

ჩვენი ინფორმაციით, რაიონის გამგეობებს სურსათის უვნებლობის სამსახურმა შესაწამლი აპარატებიც დაურიგა, რომლითც შესაძლებელია ხეხილის და ეზოების შეწამვლა. ეს აპარატი რწმუნებულებთან ინახება, მაგრამ ისინი ნაცნობობით გასცემენ მას და ამბობენ, რომ ძვირად ღირებულ აპარატს ყველას ვერ ათხოვებენ. მართალია, ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მსგავსი აპარატები არ დაურიგებიათ, მაგრამ მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილემ, მერაბ ქვარცხავამ დაგვიდასტურა, რომ ყველა რაიონს რამდენიმე ასეთი აპარატი გადაეცა.

- ბატონო მერაბ, რა რაოდენობის ზარალი მიადგა მარტვილის მოსახლეობას?

- ზარალის დათვლა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ სამეგრელოში ზარალი 150 მილიონზე მეტია.

- რა ზომები მიიღეთ?

- პირველი წამლობა დაიწყო მობილური მუშა ჯგუფების მიერ. ზურგსაკიდი აპარატებით სულ 98 ჯგუფი დადიოდა და მარტვილის მუნიციპალიტეტში შეწამლეს 3219 ჰექტარი ტერიტორია. შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია 60.669 ლარი, ფერომონი და ქიმიური პრეპარატი დაურიგდა მოსახლეობის 90 პროცენტს. ასევე მეორადი წამლობა ჩატარდა თერმული ტექნოლოგიით და დამუშავდა სულ 3030 ჰექტარი. სპეცტექნიკით, მაღალი გამავლობის კამაზით მოხდა ამის წამლობა. ფერომონს აქვს სპეციფიკური სუნი და მწერს იზიდავს.

- ამბობენ, რომ რწმუნებულებს აქვთ შესაწამლი აპარატები. ეს ყველა მოსახლისთვის ხელმისაწვდომია?

- სურსათის უვნებელყოფის ეროვნულმა სააგენტომ ჩვენთვის შეიძინა 93 მობილური აპარატი, თითოეულის ღირებულება 750 დოლარია. ეს დავარიგეთ სოფლებში, ვინც წამლავდა მათ ტრენინგები წინასწარ აქვთ გავლილი, შემდეგ გამგეობაში შევინახეთ და ახლა ისევ დავურიგეთ რწმუნებულებს. ჩვენ ყველას ვერ მივცემთ ამ აპარატს, ლიტერატურის მასწავლებელი ვერ მოწამლავს ხეხილს. თან ახლა წამლობის პერიოდი არ არის, მხოლოდ ვაშლი და ხურმაა მცირე რაოდენობით და რადგან აცივდა, ფაროსანაც სახლებშია შესული. გარეთ ფაქტობრივად არ არის, რადგან ბუნაგი უკვე ნაპოვნი აქვს. სამეგრელოს სხვა რეგიონებთან შედარებით მარტვილში უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ დამშვიდების საშუალება არ გვაქვს, გაზაფხულზე ისევ აქტიურად უნდა ვებრძოლოთ, რომ როგორმე ხალხს ჰქონდეს მოსავალი.

ასე რომ, ახლა მოსახლეობას ისღა დარჩენია, გამოსაზამთრებლად სახლებში თავშეფარებულ ფაროსანას ებრძოლოს და მექანიკურად გაანადგუროს.

თეა ხურცილავა