დახვრეტას გადარჩენილი ქართველი მეომრის ნაამბობი - გზაპრესი

დახვრეტას გადარჩენილი ქართველი მეომრის ნაამბობი

რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთიდან 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დახვრეტილი 25 გმირის ნეშტი გადმოასვენეს: მათ შორის იყო სოხუმის მერი, გურამ გაბესკირია, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, არიკ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი და ა.შ.

იმაზე, თუ როგორ ჩარჩნენ სოხუმში, კონკრეტულად, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში, არაერთი ვერსია არსებობს... რომ არა ყაბარდოელი მოხალისეს მონათხრობი, იქ მომხდარის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იქნებოდა ცნობილი... აფხაზები თითქოს თავს არიდებდნენ ამ თემაზე ვრცლად საუბარს და მოკლედ წერდნენ, - "ჩვენებმა გაათავისუფლეს მინისტრთა საბჭო..."

სოხუმში დაღუპული 25 გმირის თბილისში გადმოსვენების შემდეგ, მათთვის პატივის მისაგებად ლიტვიდან საქართველოში ჩამოვიდა "ავღანელთა ბატალიონის" წევრი, დავით კახიაშვილი, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად, სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათით ადრე გამოვიდა შენობიდან.

მისი თქმით, მათთან ერთად დანარჩენებიც უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ მოულოდნელად, ჯაჭვი გაწყდა, შემდეგ კი ჩრდილოკავკასიელ მოხალისეებსა და აფხაზებს შორის უთანხმოება მოხდა, ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები დახვრიტეს...

ბატონი დავითი ქალაქიდან გამოსვლის დეტალებს იხსენებს. ის ამჟამად ლიტვაში ცხოვრობს და საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდა, რომ თბილისში გადმოსვენებულთათვის პატივი მიეგო...

- 27 სექტემბრის დილიდან იქ ვიმყოფებოდით. ჩვენი ბატალიონის მეთაურის, გურამ ჯანიაშვილის ბრძანება იყო, რომ მთავრობის წევრები უნდა დაგვეცვა... ჩვენი მისვლიდან ძალიან მალე, იქ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა და ჩვენთან მოვიდა. ამ დროისთვის სოხუმი თითქმის აღებული იყო... შევარდნაძემ ჟიული შარტავას (მაშინ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე) უთხრა, - თქვენს დასახმარებლად უკვე წამოსულები არიან, ნურაფრის შეგეშინდებათო... ამის შემდეგ მან იქაურობა დატოვა. მაშინ ძალიან გაგვიკვირდა. როგორ შემოაღწია ალყაშემორტყმულ ქალაქში...

შევარდნაძის წასვლიდან ნახევარ საათში მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქალაქი აღებული ჰქონდათ. ამასობაში, შიგნით დაძაბულობა მატულობდა. როდესაც მივხვდით, რომ განწირულები ვიყავით, რამდენიმეს ნერვებმა უმტყუნა და ცრემლი მოერია - ოჯახის უნახავად არ უნდოდათ სიკვდილი... ჩვენი ბატალიონის მეთაურმა, გურამ ჯანიაშვილმა ბრძანება გასცა, რომ იქაურობა დაგვეტოვებინა. ყოველი წუთი მნიშვნელოვანი იყო... ვითარება უფრო და უფრო მძიმდებოდა. ეზო სავსე იყო შეიარაღებული ადამიანებით, რომლებიც ისროდნენ... თუმცა, ძალიან მხნედ და მშვიდად იყო ჟიული შარტავა და ჩვენც გვამშვიდებდა, - ნუ გეშინიათ, აფხაზი ახალგაზრდები ჩემს ხელში გაიზარდნენ, თუ ტყვედ აგვიყვანეს, არ გაგვწირავენო... მასა და მის მეგობრებს ბოლო წუთამდე სჯეროდათ, რომ არ ესროდნენ... ბატონ ჟიულის სწამდა, რომ თავის გარემოცვას ამ მდგომარეობიდან როგორღაც დაიხსნიდა... GzaPress

არ დაგიმალავთ, მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. "სოვმინის" შენობის ეზო მთლიანად მოშიშვლებული იყო, დერეფანი და გასასვლელი - დაუცველი... ჩვენთან ერთად იყო ახალგაზრდა ბიჭი, ყველა მეომრისთვის საყვარელი გოჩა თათრიშვილი, რომელსაც სახლში ერთი თვის მოყვანილი ცოლი ელოდებოდა... სამწუხაროდ, ვერ ნახა... სხვებს კი ცოლ-შვილი ელოდა. მოგვიანებით, ჩვენი ბატალიონის მეთაურის, გურამ ჯანიაშვილის ბრძანებით, მეოთხიდან პირველ სართულზე ჩავედით. ქვემოთ მეთაურმა გვითხრა, - ალყის გარღვევა ადვილი რომ არ იქნება, ჩემგან არ გესწავლებათ. ალბათ, ყველა ვერ გავაღწევთ და მეც რომ დავეცე, ჩემს საშველად არც ერთი თქვენგანი არ მობრუნდეს... ღმერთი შეგვეწიოს ყველასო... შემდეგ გვკითხა, - ვინ წახვალთ პირველიო? - ყველას გაგვიჭირდა. - მაშინ, მე გავალო, - თქვა. როგორც გითხარით, გარეთ თავის გაყოფა სნაიპერის ტყვიისთვის მკერდის შეშვერას ნიშნავდა... გაეღიმა და გავიდა, თან გამოგვაძახა: ყოველმა მომდევნომ ათამდე დაითვალეთ და შემდეგ გამომყევითო... ასე გავედით შენობიდან 9 კაცი, იმ იმედით, რომ უკან სხვებიც გამოგვყვებოდნენ, ეს ყველაფერი ჯაჭვურად უნდა მომხდარიყო...

შენობიდან გამოვედი თუ არა, სროლა ატყდა ერთდროულად რამდენიმე ათეული იარაღიდან. თითქმის იმავე წამს, ტანკიდან ნასროლი ყუმბარა შენობის კართან შეგროვილი ბიჭების ახლოს, ბეტონის "ესტაკადას" მოხვდა და ჩამოანგრია. მაშინ ადგილზე დაიღუპნენ: გიორგი ქავთარაძე და გიორგი დოლიაშვილი, რომელსაც ვეშაპას ვეძახდით. ნოდარ ხახიაშვილი კი თავში დაიჭრა...

ჯაჭვი გაწყდა, სხვებმა, ვინც უკან მოგვყვებოდნენ, გამოსვლა ვერ შეძლეს... ჩვენს გამოსვლას უწყვეტი ცეცხლი მოჰყვა. როგორც ჩანს, შიგნით დარჩენილებს ეგონათ, რომ ყველანი ჩაგვხოცეს... ამან დაბნეულობა გამოიწვია. არადა, რამდენიმე წუთი რომ გვქონოდა, ყველანი გამოვასწრებდით...

უკან, შენობაში დაბრუნების შანსიც არ გვქონდა, ყველა შესასვლელი კონტროლდებოდა. ჩვენ, პრაქტიკულად, ტყვიების წვიმაში მოგვიწია გამოსვლამ... თითქმის ნახევარი საათი ვცდილობდით ალყის გარღვევას. ამდენი წლის შემდეგაც კარგად მახსოვს დეტალები: ყველა მხრიდან გვესროდნენ, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრებიდანაც... შემდეგ დავიფანტეთ. "წითელ ხიდამდე" ისე მივედით, გზაში არავინ შეგვხვედრია. ეტყობა, - მთლიანად "სოვმინის" შენობასთან იყვნენ კონცენტრირებული.

იქ ედუარდ შევარდნაძის დაპირებული "დახმარება" დაგვხვდა - ერთი ქართული ტანკი, რომელიც უკვე აეფეთქებინათ. გარშემო სეპარატისტები არ იყვნენ, თუმცა, ომის დაწყების დღიდან იქ რუსეთის ფედერაციის სპეცდანიშნულების სამხედრო ბაზა იყო განლაგებული. ალბათ, ადვილი მისახვედრია, ვინ ააფეთქა ქართული ტანკი...

იქ შეკრების შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის თბილისში გამოფრენას დავესწარით, მეტი საფრენი აპარატი აღარც იყო და სამშვიდობოს ფეხით, კოდორის ხეობის გავლით გამოვედით.

"ავღანეთის ბატალიონის" წევრები იხსენებენ ამბავს, რომელიც ზუსტად ემთხვევა ყაბარდოელი მეომრის მოგონებას: ჟიული შარტავასთან ერთად, ჩრდილოკავკასიელმა მოხალისეებმა ე.წ. რაფით, "ავღანელ ქართველთა ბატალიონის" წევრი, ფიცხელაურიც აიყვანეს, რომელიც ქისტებთან ერთად იყო გაზრდილი და მათ ენაზე საუბრობდა. ერთ-ერთი ჩეჩენი მასთან გამოლაპარაკების შემდეგ შეჰპირდა, რომ გადაარჩენდა და თავი ჩრდილოკავკასიელი მეომარივით შეუხვია... მაშინ, როდესაც იქ, "რაფთან" პირველი ტყვია გავარდა, ფიცხელაური გასვლას შეეცადა, თუმცა ჩეჩენი წინ გადაუდგა, - ახლა მე შენზე პასუხისმგებელი ვარ და შენ თუ გესვრიან, ეს ნიშნავს, რომ მე იმათ უნდა ვესროლო. ასე შენს თავსაც დაიღუპავ და მეც დამღუპავო... ფიცხელაური გამოიყვანეს.

ამ ეპიზოდს თავის მოგონებებში ყაბარდოელი ტამირიც იხსენებს: "გაირკვა, რომ ის "ავღანელია". მოლაპარაკებაში ჩაერთო ავღანეთის ვეტერანი ასლან ბალკაროვი. გენადს (ასე ეძახდნენ იმ სპეცრაზმელს) ეუბნებოდნენ, რომ ომი დამთავრდა. მას სიტყვა მისცეს, რომ დაუტოვებდნენ იარაღს, როგორც ღირსეულ ვაჟკაცს, თუ სიტყვას მისცემდა, რომ მას არ გამოიყენებდა...  კითხვაზე, - რატომ მანამდე არ დატოვეს მინისტრთა საბჭოს შენობა, მან უპასუხა, "რაციით" შეგვატყობინეს, რომ ბატონი შევარდნაძე გმირულად დაიღუპა და მათ საშველად მიდიოდა სატანკო ნაწილი და სხვა... როდესაც გაიგეს, რომ მიატოვეს და მოატყუეს, გვიანი იყო. მაშინ გადაწყვიტა კიდეც შარტავამ დანებება.

დამშვიდობებისას სადღეგრძელო შესვეს. გენადიმ არ დალია მტრის სადღეგრძელო და თქვა, რომ მხოლოდ ყაბარდოელებისას დალევდა და დასძინა: "თქვენ ჯერ არ იცით, ვის დაუჭირეთ მხარი..."

გენადი გადარჩა, მაგრამ იმ დღის შემდეგ, ცხოვრება მშვიდად ვეღარ გააგრძელა. ის ალკოჰოლდამოკიდებული გახდა და ყოველთვის, როდესაც აფხაზეთის ომის ამბებს იხსენებდნენ, სინანულით ამბობდა, რომ არც თავად უნდა გადარჩენილიყო და იმ ჩეჩენისთვის არ უნდა დაეჯერებინა, სიტუაციას არ უნდა გარიდებოდა... ის დარდს გადაჰყვა და რამდენიმე წელში გარდაიცვალა...

კიდევ ერთი რამ, - ახალი არ არის, რომ ავღანეთში ნაბრძოლი მეომრები ერთმანეთს ყველაზე რთულ ვითარებაშიც ეხმარებოდნენ, ასეთი ფაქტები აფხაზეთის ომშიც მრავლად იყო. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია, სოხუმელი დავით ჭანტურიას ამბავი. მისი ოჯახი აფხაზებმა მძევლად აიყვანეს... მისმა თანამებრძოლებმა მეორე მხარეს, ასევე ავღანეთში ნამყოფი ადამიანი იპოვეს და დახმარება სთხოვეს. "ავღანელი" აფხაზი დასახვრეტად გაყვანილ ჭანტურიების ოჯახს წინ გადაუდგა და ისინი გადაარჩინა, ერთი პირობით, - მას ბრძოლა უნდა შეეწყვიტა. ჭანტურიამ აფხაზეთი ოჯახთან ერთად დატოვა.

ლალი პაპასკირი