"ზამთარში ერთი ფაროსანას განადგურება უდრის მომავალი სეზონისთვის 200 ფაროსანას განადგურებას" - გზაპრესი

"ზამთარში ერთი ფაროსანას განადგურება უდრის მომავალი სეზონისთვის 200 ფაროსანას განადგურებას"

აზიური ფაროსანა (Halyomorpha Halys) საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით: ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს.

აზიური ფაროსანა გაზაფხულზე _ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან მცენარეზე სახლდება და მავნეობას გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით. ფაროსანა ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს და წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს.

ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.

ფაროსანა სიმინდზე გადადის ტაროს რძისებრ სიმწიფეში შესვლის პერიოდში. ინტენსიურად ჩხვლეტს ის სიმინდის ფუჩეჩს და მარცვალს აზიანებს.

მავნებელი გამოსაზამთრებლად შედის საცხოვრებელ სახლებში, ფარეხებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში; ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე, ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში.

გამოზამთრების შემდეგ, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში, აზიური ფაროსანა გამოდის, მცენარეებით იკვებება და იწყებს კვერცხის დებას. აზიური ფაროსანა სულ 200-მდე კვერცხს დებს, ერთ კერაში 30-მდე კვერცხს, ძირითადად ფოთლის ქვედა მხარეს, ჯგუფებად.

კვერცხი თეთრი ფერისაა და გამოჩეკის წინ იღებს ოქროსფერ შეფერილობას. 4-5 დღეში იჩეკებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ _ მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად _ იმაგოებად; 50-55 დღეში აღწევენ ზრდასრულ ასაკს, რომლის ზომა 12-17 მმ-ია. ფაროსანას ახასიათებს განიერი, ყავისფერი, მარმარილოსებრი ტექსტურა, ხოლო ფეხებზე, მუცლის კიდეებსა და ულვაშზე _ თეთრი ზოლები.

ყურადღებით დაათვალიერეთ თხილნარი და სხვა მცენარეები! მავნებლის აღმოჩენის შემთხვევაში, ფაროსანას კვერცხდების კერები მექანიკურად გაანადგურეთ!

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას შენობებში

მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ თავშესაფარი ადგილებიდან უნდა დაიწყოს. მსოფლიოს ექსპერტების რეკომენდაციით არსებობს მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები, რომლებიც მოსახლეობის მიერ აქტიურად გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში.

ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები

1. მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა. აღნიშნულ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ მექანიკურად.

2. სახლებში შესულ ფაროსანასთან აუცილებელია მექანიკური ბრძოლა სხვადასხვა მეთოდით (მაგ: მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება).

3. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ასევე ეფექტიანად გამოიყენება ე.წ. მოიზიდე და მოკალის მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოსაზიდად მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად ფაროსანა კვდება.

4. ვეგეტაციის პერიოდში ბაღის კიდეზე არსებულ მცენარეზე 5 ან მეტი ფერომონი თავსდება და ტარდება ყოველკვირეული წამლობა ზემოთ ხსენებული ინსექტიციდებით.

არ დაიზაროთ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლა. გახსოვდეთ, რომ ერთი ინდივიდის განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას!

P.s. სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ERRERO-სა და  CNFA-ს "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე სტატია არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს.