რა ფარულ საფრთხეებს შეიცავს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტანდარტი - გზაპრესი

რა ფარულ საფრთხეებს შეიცავს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტანდარტი

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს მთავრობის მიერ, 27 ოქტომბერს დამტკიცებულმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტმა, რომელიც მავანთა და მავანთა მიერ, არც მეტი, არც ნაკლები, გეიპროპაგანდად მოინათლა?

საზოგადოების ერთმა ნაწილმა მიიჩნია, რომ ამ სტანდარტით ბავშვებს ბაღის ასაკიდანვე ასწავლიან, თითქოს ტრანსგენდერობა ნორმაა, ხოლო გენდერი - არჩევითი მოცემულობა. ამან კი შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მოზარდების ფსიქიკას და ამიტომაც, ადამიანთა ერთმა ჯგუფმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საჯაროდ მიმართა თხოვნით, ამოეღო სტანდარტიდან მე-19 მუხლის მე-2 გ პუნქტი. ამ მიმართვას ხელს იურისტი თამთა მეგრელიშვილიც აწერს და "ფეისბუკ"-გვერდზე საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებასაც არ ერიდება. მისი აზრით, ბავშვებს ბაღის ასაკიდანვე დავუმახინჯებთ აზროვნებას - შეიძლება მათ ჩათვალონ, რომ გენდერი არჩევითი მოცემულობაა და ამას ბავშვზე ძალადობად აღიქვამს. ქალბატონ თამთას დავუკავშირდით იმაზე სასაუბროდ, თუ რა საფრთხეებს ხედავს ამ სტანდარტის დამკვიდრებაში, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსს, ნინო ბესელიას ვთხოვეთ, საზოგადოებისთვის აეხსნა, რას ემსახურება და რა სასიკეთო მიმართულებები აქვს სტანდარტს.

თამთა მეგრელიშვილი, იურისტი:

- სკოლამდელი განათლების გენდერულად ნეიტრალური სასწავლო სტანდარტის დამკვიდრებაზე უარს ვამბობ, თუ ის ასწავლის, რომ ბაღებში ბიჭებისა და გოგონების გენდერული ნიშნით გამორჩევა არასწორია და აღმზრდელმა ყველა ტიპის საქმიანობაში ბავშვების თანასწორად ჩართულობა უნდა უზრუნველყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბიჭები ტრადიციულად ბიჭებისთვის საინტერესო საქმიანობითა და გართობით კი არ იყვნენ უპირატესად დაკავებულნი, ხოლო გოგონები ტრადიციულად გოგონებისთვის საინტერესო საქმიანობით, არამედ ისინი თანაბრად დაკავდნენ ყველა ტიპის გართობითა და საქმიანობით. ეს უპირისპირდება ადამიანის ბუნებრივ საწყისებს და პირდაპირ კავშირშია სქესთა აღრევის თეორიასთან. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ჩათვლის, რომ გენდერი არჩევითი მდგომარეობაა და რომ მას შეუძლია, თავად აირჩიოს, რომელ გენდერთან მოახდენს თვითიდენტიფიკაციას! მე ვგმობ ყოველგვარ ძალადობას! მე, როგორც რიგით მოქალაქეს, არ მინდა, რომ ვინმე ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლი იყოს, ხოლო როგორც იურისტი, ვალდებული ვარ, დავდგე ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე!

- ქალბატონო თამთა, მე გულდასმით წავიკითხე ეს სტანდარტი და ასე პირდაპირ ვერ დავინახე ის საშიშროება და საფრთხე, რაზედაც თქვენ მიანიშნებთ. იქნებ, უფრო დაგვიკონკრეტოთ, რა არ მოგწონთ?

- ადამიანი დაბადებიდან გარდაცვალებამდე განვითარების მრავალ ეტაპს გადის. მაგალითად, ბავშვი ვიწრო ოჯახური გარემოდან ხვდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სადაც პერსონალთან ერთად იწყებს საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებას: ხის, მუყაოს, პლასტმასისა და სხვა სახის ნივთების შეცნობას. იქ არსებული გარემო კომპლექსურად ემსახურება წარმოსახვის, შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნებისა და კონკრეტული ქცევების ჩამოყალიბებას. სწორედ ამ უნარ-ჩვევების ნაკრებს მიჰყავს ის პიროვნულ განვითარებამდე, რაც ვლინდება ქცევაში და ქმნის ინდივიდს. ინდივიდუალობა კი ძალიან რთული ფენომენია. მკვლევრები ამბობენ, რომ "ადამიანები ჰგვანან ყველა სხვა ადამიანს, ჰგვანან ზოგიერთ სხვა ადამიანს და არ ჰგვანან არავის". აქედან გამომდინარე, გოგონებსა და ბიჭებს შორის არსებული განსხვავება სიცოცხლის პირველსავე წელს ვლინდება. თამაშის პროცესში მათი განვითარებისთვის აუცილებელია სპეციფიკური გარემო და მიდგომები. მაგალითად, გოგონების თამაში ახლო ხედვაზეა გათვლილი, ისინი თვალწინ განალაგებენ ხოლმე სათამაშოებს, ბიჭები კი სივრცეს საჭიროებენ - დარბიან, ისვრიან, ანუ მათი თამაშები უფრო შორს ხედვას ემყარება. მაშინ, როდესაც მოცემულ ეტაპზე თამაში ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმაა, ჩემთვის მისაღები არ არის სამინისტროს არგუმენტები, თუმცა ეთიკური და მორალური ღირებულებები (ბიჭმა გოგოს რომ უნდა დაუთმოს სკამი, არ უნდა დაარტყას, იზრუნოს პირად ჰიგიენაზე და სხვა) საკამათო არ არის. ჩემი აზრით, ძალადობაა, როდესაც მაიძულებენ მივიღო ის, რასაც საკუთარი ნებით არ ვეთანხმები, ძალადობაა ყოველგვარი ქმედება, რომლის დროსაც სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად ეხებიან თქვენს და ჩემს ღირსებას, ძალადობაა, როდესაც თავდაცვით თავდასხმაზე გადმოდიან...

ნინო ბესელია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი:

- 2015 წელს შემუშავდა სკოლამდელი განათლების კანონი, რომელშიც მოცემულია არაერთი სამთავრობო ორგანიზაციისა და მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობისა და უფლება-მოვალეობების ჩამონათვალი. სამინისტროს ევალება, შექმნას ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტები. ამ სტანდარტებში განხილულია, თუ რა ცოდნა და უნარ-ჩვევები, რა ღირებულებები უნდა გამოუმუშავდეს ბავშვს და რა უნარ-ჩვევები, ცოდნა და ღირებულებები უნდა ჰქონდეს პედაგოგს, პოზიტიური სასწავლო-სააღმზრდელო გარემო რომ შეიქმნას. ჩვენი მოვალეობაა მონიტორინგის სისტემის შემუშავებაც, რათა შემდგომ დავაკვირდეთ პროცესებს, როგორ ინერგება ეს სტანდარტები - შემუშავდება რეკომენდაციები, გადაეცემა მუნიციპალიტეტებს და დაწესებულებები გაითვალისწინებენ. სტანდარტს აქვს რამდენიმე მიმართულება: ფიზიკური და სენსორული განვითარება, შემეცნებითი განვითარება, კომუნიკაცია და მეტყველების განვითარება, სოციალური და ემოციური განვითარება, დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევა და ასევე, მნიშვნელოვანია ხელოვნების, მეცნიერებისა და წიგნიერების მხრივ მათი განვითარება. სწავლება მთლიანად ბავშვზეა ორიენტირებული, ბავშვია ჩვენი ამოსავალი წერტილი და შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ამ სტანდარტზე მომუშავე ადამიანებს სიკეთის, სიყვარულის, პატიოსნებისა და სიწმინდის გარდა, სხვა ფარული ზრახვები არ ამოძრავებთ.

- ეს სტანდარტები ქართველმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს თუ რომელიმე ქვეყნის მოდელი გადმოიღეს?

- სტანდარტი შემუშავდა ჩვენთან, ქართულ ღირებულებებზე, თუმცა გავეცანით სხვადასხვა რესურსს. ჩართულნი იყვნენ დარგის სპეციალისტები, პედაგოგები, აღმზრდელები, დირექტორები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, საზოგადოების წევრები. ეს რამდენიმე ადამიანის ნააზრევი კი არ არის, გუნდის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომლის მიხედვითაც სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის განხორციელება იწყება საბავშვო ბაღებში. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან სწორედ ადრეულ ასაკში ხდება ბავშვის ტვინის ფორმირება, ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ყველაფერს და რა არის იმაში ცუდი, თუ მათ გარკვეული ცოდნა და უნარ-ჩვევები ადრიდანვე ჩამოუყალიბდებათ?

- რას ფიქრობთ, საზოგადოების მხრიდან რა იქნა არასწორად გაგებული და რაში ხედავენ ფარულ საფრთხეს?

- ჟურნალისტის მთავარი ვალდებულებაა, ფაქტები სწორად მიაწოდოს საზოგადოებას, მან საკუთარი მოსაზრებები და ვარაუდები თავს არ უნდა მოახვიოს ხალხს. "ქრონიკის" სიუჟეტის შემდეგ ალაპარაკდა ხალხი, რომ თითქოსდა ამ სტანდარტით ისწავლება ბაღებში, რომ გენდერი არჩევითი და არა ბიოლოგიური მოცემულობაა. ჩანაწერი, რომელმაც რატომღაც განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია, ასეთია (19-ე მუხლში, მიმართულება - ინკლუზიური განათლება): "პროგრამა უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის თანაბარ ჩართულობას, განურჩევლად მისი შესაძლებლობებისა. აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი თანაბრად ურთიერთობენ თითოეულ ბავშვთან - არ გამოარჩევენ მათ შესაძლებლობების, გარეგნული თავისებურებების, რელიგიის, ასაკის, ეთნიკური მიკუთვნებულობის, სოციალური მდგომარეობის და სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით". და კიდევ: "აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი ბავშვებს არ გამოარჩევენ გენდერული ნიშნით - ხელს უწყობენ გოგონებსა და ბიჭებს, ყველა ტიპის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად". სტანდარტშივე განმარტებულია საქმიანობის ტიპები, რომლებიც რუტინული საქმიანობებით შემოიფარგლება - სათამაშოების ალაგება, გარემოს მოწესრიგება... მაგალითად, ზოგჯერ მასწავლებელი გოგონებს არ ათამაშებს კონსტრუქტორით, რადგან ეს ბიჭის გასართობად ითვლება, მან არ უნდა გამოარჩიოს ამ დროს ბავშვები გენდერული ნიშნით. კონსტრუქტორით თამაში ბავშვების შემეცნებით განვითარებას უწყობს ხელს. კონსტრუქტორს თუ ავაწყობინებთ გოგონებს, ამით რა დაშავდება? მნიშვნელოვანი საქმიანობაა საკვების მომზადებაც, რომელიც მათემატიკურ წარმოდგენებზეა აგებული: ვთქვათ, ავიღოთ ნახევარი სტაფილო, მომაწოდე პურის 2 ნაჭერი და ა. შ. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტში მრავლადაა ინდიკატორები, რომლებიც განსაზღვრავენ შემდეგს: ბავშვმა იცის საზოგადოებაში ქცევის წესები და ისიც, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ წესების დარღვევას; იცის, რომ უნდა იზრუნოს გარემოზე და არ უნდა დააბინძუროს, რომ თავად უნდა მიიღოს მონაწილეობა გარკვეულ საქმიანობებში, გამომუშავებული აქვს შრომის ჩვევები: მაგიდის ალაგება, ოჯახის წევრების დახმარება სხვადასხვა საქმიანობის დროს და ა.შ. აი, სწორედ ამ საქმიანობებში უნდა მონაწილეობდნენ გოგონები და ბიჭები. მათ არჩევანში არავინ ზღუდავს და ეს განსაზღვრულია სტანდარტით და არა მარტო სტანდარტით - ბავშვის უფლებათა კონვენციითაც, რომლის ცოდნაც ევალებათ აღმზრდელ-პედაგოგებს. ამ ჩანაწერში სხვა არაფერი იგულისხმება. ეტყობა, ტერმინი გენდერი სხვადასხვა მნიშვნელობით აღიქმება. აღნიშნულ ინდიკატორში გენდერი ქალისა და კაცის სოციალური როლით შემოიფარგლება. მე ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი ომობანას, ე.წ. ბიჭების თამაშს და მახსოვს, ბიჭები ჩვენთან ერთადაც თამაშობდნენ სახლობანას და რა შეიცვალა ამით, არასწორად ჩამოვყალიბდით? ჩვენ ცხოვრებისთვის ვამზადებთ ბავშვებს და ამ სისტემაში მომუშავე ადამიანებს არ აქვთ იმის ინტერესი, რომ მათ აზროვნება დაუმახინჯონ.

- თუ რომელიმე არ დაინტერესდება თამაშით, პედაგოგი ვალდებულია, სურვილის საწინააღმდეგოდ აუცილებლად ჩართოს ბავშვი ამ აქტივობაში?

- რა თქმა უნდა, არა. თუ ბავშვს არ უნდა, ვინ დააძალებს? სტანდარტში მოცემულია მუხლები, რომლითაც გამორიცხულია, ბავშვის სურვილის საწინააღმდეგოდ რამის დაძალება. არჩევანის უფლება ბავშვს ყოველთვის აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი გენდერული შინაარსი არ არის ჩადებული სტანდარტში, საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესების გარდა, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას მაღალზნეობრივ ღირებულებებს განუვითარებს!

ნინო ჯავახიშვილი