148 ათასი ლარი ბუტაფორიული ლიფტისთვის - გზაპრესი

148 ათასი ლარი ბუტაფორიული ლიფტისთვის

"რამდენჯერმე თავად შევესწარი, თუ როგორ ცდილობდა ეტლში მჯდომი ადამიანი მიწისქვეშა გადასასვლელი ლიფტით სარგებლობას, თუმცა, უშედეგოდ, - არ ამუშავდა და მათაც ხელი ჩაიქნიეს..." - ჰყვება ჩვენთან საუბრისას თვითმხილველი, რომელიც ოპერის წინ ცხოვრობს და შშმ პირების - როგორც მოხუცების, ისე ახალგაზრდების მცდელობას, ესარგებლათ ამ გადასასვლელით, თავად შეესწრო.

ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელებზე ლიფტისთვის განკუთვნილი ღერძების დამონტაჟება ქალაქის ადმინისტრაციამ 2015 წლის დასაწყისიდან დაიწყო და ერთი "ვაკის პარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე - რუსთაველის გამზირზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან დამონტაჟდა.

თბილისის მერიის მაშინდელი ინფორმაციით, ორ მიწისქვეშა გადასასვლელში, ლიფტების დამონტაჟებისთვის 148.000 ლარი იყო გამოყოფილი. მათივე თქმით, სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებთან ლიფტების დამონტაჟება გაგრძელდებოდა.

მართალია, ეტლით მოსარგებლეებისთვის ლიფტი რუსთაველის გამზირზე, ოპერის თეატრის შენობასთან დამონტაჟდა, მაგრამ ადგილობრივების თქმით, ის არ მუშაობს. მეტიც, ამ სატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე ადამიანი არავის უნახავს.

თამარაშვილის ქუჩის მხარეს, თავად შევესწარი, ბებიამ საბავშვო ეტლში მჯდომი პატარა შვილიშვილი ამოიყვანა. ჩემს კითხვაზე, რამდენად ხშირად სარგებლობს ლიფტით, მითხრა, რომ თავად და იქვე მცხოვრები სხვა პატარები, ასევე შშმ პირები მუდმივად სარგებლობენ. იგივე დამიდასტურა იქვე მდებარე სილამაზის სალონის მომსახურე პერსონალმაც. იმავეს ვერ ვიტყვით ოპერასთან არსებულ ლიფტზე.

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პირველად ესმით, ოპერის მიწისქვეშა გადასასვლელთან უმოქმედოდ არსებული ლიფტის შესახებ. კითხვაზე, თუ ვინ და რა სიხშირით ახორციელებს ლიფტების გამართულად მუშაობის მონიტორინგს, მიპასუხეს, რომ ეს საკითხიც, რა თქმა უნდა, კონტროლდება:

- ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ორივე ლიფტი გამართულად მუშაობს. რაც შეეხება მონიტორინგს, "თბილისერვისის" ჯგუფში არსებობს მიწისქვეშა გადასასვლელების სამსახური და მათი თანამშრომლები ყოველდღიურად ახორციელებენ გამართულად მათი მუშაობის კონტროლს. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, მის გამოსასწორებლად კონკრეტულ კომპანიას მიმართავენ.

თუ ადგილობრივებს ვკითხავთ, ოპერის მიწისქვეშა გადასასვლელის ლიფტი უმოქმედოდაა და აქედან გამომდინარე, ძნელი დასაჯერებელია, რომ იქაურობას კომპეტენტური პირი ყოველდღიურად კი არა, რამდენიმე თვეში ერთხელ მაინც ამოწმებს...

ლალი პაპასკირი