"თავის არიდება" ახლა "ჩმორობად" არ ითვლება და არ "ტეხავს" - გზაპრესი

"თავის არიდება" ახლა "ჩმორობად" არ ითვლება და არ "ტეხავს"

ტერმინი ბულინგი დაშინებას, ჩაგვრას, დატერორებას ნიშნავს. ის შეიძლება განიმარტოს, როგორც წინასწარგანზრახული, განმეორებადი აგრესიული ქმედება, რომელიც სხვათა საზიანოდაა მიმართული. მას ყოველთვის ჰყავს სამიზნე, რომელზეც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ძალის დემონსტრირებას ცდილობს და ის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის ანგარიშებში ამ თემაზე არაერთხელ იყო ლაპარაკი, თუმცა, მკაცრი ზომების გატარების აუცილებლობა, როგორც ჩანს, იმ ეტაპზე მნიშვნელოვნად არავინ ჩათვალა და საუბედუროდ, ტრაგედიებამდე მივედით... თითქოს აქტიურად ვცდილობთ, მომავალი თაობა სხვაგვარად, სხვა მენტალიტეტით აღვზარდოთ, სხვა პრიორიტეტები ჩავუნერგოთ, მაგრამ ბულინგი თუ ქუჩური გარჩევები გარკვეული კატეგორიის მოზარდებში აქტუალობას მაინც არ კარგავს. იქნება თუ არა ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ყველაზე საშინელი მაგალითი ყველასთვის, ვის ან რას აქვს უფრო მეტი გავლენა მოზარდების ამგვარ ქცევაზე, რაში ხედავთ გამოსავალს და რა უნდა გავაკეთოთ მსგავსი ძალადობის ნიშნების აღმოსაფხვრელად, ეს დიდხნიანი და საყოველთაო ჩართულობის, საჯარო განხილვის ვრცელი თემაა. ამ საკითხზე საზოგადოების წარმომადგენლებს, კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილსა და მსახიობ გიორგი მეგრელიშვილს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით, როგორც ვაჟების მშობლებს და საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ.

მაია კაჭკაჭიშვილი, კომპოზიტორი:

- პირველ რიგში, დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, სკოლაზე მეტად მნიშვნელოვანია, სიტუაცია ოჯახში დაცული იყოს და ბავშვი სწორად აღზრდილი, ის პროტესტით აღსავსე არ უნდა იყოს. სკოლაში დაცვა ან მანდატური იქნება, თუ - არა, ეს არაფერს ცვლის, ის სახლიდან ჩამოყალიბებული უნდა გავიდეს, თვითონ გააანალიზოს საკუთარი ქცევები. სიმშვიდეში უნდა იზრდებოდეს, რომ სკოლაში, თანატოლებთან პრობლემა არ შეექმნას. სწორედ პატარ-პატარა პრობლემი განაპირობებს ასეთ მოვლენებს. საშინელება მოხდა და სულ ამაზე ვფიქრობ, განვიცდი.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს ამ ასაკში ბიჭი, როდესაც თანატოლთან კონფლიქტი, პრობლემა უჩნდება?

- ჩემი შვილებიც რთულ ასაკში არიან და სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდით. როგორც მათი ნათქვამიდან შევიტყვე, ასეთ სიტუაციებს თავი უნდა აარიდო. ჟარგონი უნდა გამოვიყენო, რომ თურმე, "თავის არიდება" ახლა "ჩმორობად" არ ითვლება და არ "ტეხავს", მოძალადეს და პროტესტანტ ადამიანს უბრალოდ უნდა გაუღიმო და გახვიდე, დააიგნორო. ვეთანხმები მათ. მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი, მაგ ასაკში ალბათ, იგნორს ვერ გავუკეთებდი და შესაძლოა, ერთ-ერთი ვყოფილიყავი, ვისაც მოკლავდნენ. ახლა რომ ამ ბავშვებს ვუსმენ, ვეთანხმები, მრისხანება არ არის საჭირო.

- როგორ ფიქრობთ, სკოლებში მეტი დაცულობისთვის, უნდა გაძლიერდეს თუ არა მანდატურის სამსახური? რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ მსგავსი შემზარავი ფაქტები აღარ განმეორდეს? რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ბავშვებთან ფსიქოლოგების ჩართულობაც?

- მიწყენენ ალბათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ფსიქოლოგებს არ ვაღიარებ. მესმის, რომ დიდხანს ისწავლეს და ეს მათი პროფესიაა, მაგრამ... მარტივი არ არის, ჩვეულებრივ მოკვდავს ტვინში რაიმე შეუცვალოს, ის ღმერთი არ არის. ფსიქოლოგი არის ადამიანი, რომელიც გისმენს.

- ბავშვის ზედმეტ თავისუფლებაზე მიშვებას ან გადაჭარბებულ კონტროლს ზოგჯერ უარყოფითი შედეგი მოაქვს, როგორ უნდა დაიცვას მშობელმა "ოქროს შუალედი"?

- ჩემს ნათქვამს არ ვიცი, ჭეშმარიტებად მიიჩნევთ თუ არა, მაგრამ შვილთან ალბათ უნდა იმეგობრო და ყველაფერი იცოდე მასზე, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ცხადია, ზედმეტი კონტროლიც არასასურველია. თუმცა, მე თვითონაც ცოტა ზედმეტი კონტროლი მომდის... მაგრამ საბოლოოდ ვხვდები, რომ ეს ურთულესი თემაა და დაბნეული ვარ, არ ვიცი, ვერ გეტყვით.

გიორგი მეგრელიშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- საშინელი ფაქტი მოხდა. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი შვილებთან ახლოს ყოფნა, მათთან მეგობრობაა, რათა იცოდნენ, რისი გაკეთება შეიძლება, რა არის კარგი და რა მოუტანს ზიანს მასაც და სხვასაც. მშობლებმა ისე უნდა გავზარდოთ შვილები, რომ არც სხვა დაჩაგროს და არც თვითონ გახდეს ვინმეს ჩაგვრის ობიექტი, ან ოჯახს მაინც გაუმხილოს. ეს დღეები, სულ ამაზე ვფიქრობ, ვსაუბრობთ, გამოსავალს ვეძებთ. ყველამ - მშობლებმა, პედაგოგებმა, უფროსმა მეგობრებმა უნდა ჩავუნერგოთ შვილებს, რომ ჩაგვრა, ჩხუბი, მით უმეტეს, სიცოცხლის ხელყოფა ყოვლად დაუშვებელი, საშინელებაა! ათასგვარი გადაცემა წამიყვანია, ერთხანს კინოგადაცემა მიმყავდა და მახსოვს, როცა სადმე აგრესია იყო, ყოველთვის ვამბობდი - ეს გამოგონილია, უბრალოდ უნდა უყუროთ და არავითარ შემთხვევაში არ გაიმეოროთ-მეთქი! მსახიობი არ კვდება, გამოიცვლის და სახლში მიდის-მეთქი, რადგან მას მოზარდები უყურებდნენ. მარცვალ-მარცვალ უნდა ავუხსნათ ეს ჩვენს შვილებს. მესმის, რომ არსებობს ბიჭური ღირსება, მაგრამ არ არის სასურველი ჩხუბამდე მივიდეს.

- თქვენი მოზარდობისას როგორ აგვარებდით მსგავს დაპირისპირებებს? როგორ უნდა მოიქცეს ბიჭი ამ ასაკში, "ჩმორისა" და მშიშარას იარლიყი რომ არ აიკიდოს, რა უნდა ქნას ამ დროს?

- მეც აღმოვჩენილვარ ასეთ სიტუაციაში, თუმცა ისეთ ჩხუბში ნამდვილად არ მოვხვედრილვარ, ვინმე ვინმეს მოსაკლავად წამოსულიყო. ყველანაირად ვცდილობ, შვილთან ისეთი მეგობრული ურთიერთობა მქონდეს, რომ ყველაფერი მითხრას, არაფერი დამიმალოს, სადმე რაიმე პრობლემა თუ შეექმნა. მასწავლებელიც ასე უნდა იყოს.

- როგორც იცით, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ბრალდებულის მშობელიც დააკავეს, ამაზე რას ფიქრობთ?

- შვილი ისეთი ტკბილია, აფექტში რას იზამს კაცი, როგორ დაიცავს მას, არავინ იცის. ეს შვილის დაცვის ინსტინქტია, გადაეფარები, როცა მას ეს სჭირდება და იმ მამაკაცისაც მესმის, იმ მომენტში, სხვაგვარად ალბათ ვერც მოიქცეოდა, მერე უკვე, როცა ყველაფერს გააანალიზებდა, უფრო მეტად გააცნობიერებდა, რა იქნებოდა სწორი. იქ მყოფი ბავშვებიც არაფერს ამბობენ. ესეც ჩვენი მენტალიტეტია, რა გითხრათ...

ჩემი შვილი 55-ე სკოლაში სწავლობს და ეს ამბავი რომ მოხდა, სკოლაში შეჯიბრებაზე არ წავიდა, მასწავლებელმა მაშინვე დარეკა - ხომ მშვიდობააო და ვფიქრობ, ყველა ასე უნდა იყოს, როცა ბავშვი სკოლაში არ არის, მშობელი საქმის კურსში აუცილებლად უნდა ჩააყენოს. მთავარია, ასეთი საშინელებები აღარ მოხდეს, განსაკუთრებით, ბავშვებში!

თამთა დადეშელი