პატარძალივით გამოპრანჭული თბილისი... - გზაპრესი

პატარძალივით გამოპრანჭული თბილისი...

თბილისში საახალწლო განათებები 15 დეკემბრიდან ჩაირთო. ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე: რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე, ჭავჭავაძის გამზირზე, პეკინის ქუჩაზე და ა.შ. ახალი და ორიგინალური საახალწლო განათებები დამონტაჟდა. დედაქალაქს საახალწლო განათება-გაფორმება 3 მილიონი ლარი დაუჯდა.

თბილისის მერიის შპს "თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟდა 32 ერთეული 12 მეტრი სიგანის ოქროსფერი ბაფთა, რომლის შუაშიც ე.წ. მანათობელი ცა გადის. ყველა ხე თავიდან ბოლომდე ოქროსფერი მანათობლებით მოირთო.

ამასთან, საახალწლო ნაძვის ხის ორივე გვერდზე 2 ერთეული ხუთი მეტრი სიმაღლის საახალწლო თაღი განთავსდა, რუსთაველის გამზირზე კი 5 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხის სათამაშო ბურთი დაიდგა.

ჭავჭავაძის გამზირი 500 ერთეული სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჩამოსაკიდი ფიგურით მოირთო, რომლებიც მილების, ოქროსფერი და თბილი, თეთრი მანათობლებით გაფორმდა, ასევე დაახლოებით 300 ერთეული ხე ოქროსფერი მანათობლებით მოირთო.

სადღესასწაულოდ მოირთო ბარათაშვილის ქუჩაც, რომლის შუა (გამწვანებულ) გამყოფ ზოლზე დამონტაჟდა 8 ერთეული 5-მეტრიანი თეთრი ნათებითა და წითელი ბაფთით შეფუთული დეკორატიული ნაძვის ხე.

ამასთან, პეკინის ქუჩაზე განთავსდა 24 ცალი, 10 მეტრის სიგანის მანათობელი ბაბუაწვერა, რომელიც პროგრამული მექანიზმის საშუალებით ქმნის "ქარწაღებული ბაბუაწვერას" ეფექტს. სანაპიროზე კი, მეტეხის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე ხეები ოქროსფრად განათდა.

რუსთაველზე მოსეირნეების დანახვაც სასიამოვნოა ამ დღეებში. თუკი სხვა დროს გაღიმებულ ადამიანს იშვიათად გადააწყდებით და ქუჩაშიც ტელეფონში ცხვირჩარგული დავდივართ, ბოლო დღეებში ეს ტენდენცია ნამდვილად შეცვალა საუცხოო განათებებმა და ბედნიერად გაღიმებული ადამიანების სახეების ცქერა სიამოვნებას მოგანიჭებთ, თანაც, ტელეფონს სულ სხვა დატვირთვა აქვს - ფოტოაპარატის...

ბევრი ჩივის, რომ განათება, როგორი საუცხოოც უნდა იყოს ის, კუჭს ვერ გააძღებს, მშიერ ხალხს ვერ დააპურებს, ვერც სტუმრების სათანადოდ გამასპინძლებაში შეუწყობს ხელს და ის სამი მილიონი ლარი, რომელიც ამ საახალწლო აქსესუარების შესაძენად დახარჯეს, საახალწლოდ ხალხისთვის, ღარიბი ფენისთვის დაერიგებინათ, ჯობდაო. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე დიდი "კრიტიკოსებიც" აღიარებენ, რომ წელს თბილისი გამორჩეულად ლამაზია...

ნანა სულაკაური, დიასახლისი:

- ძალიან მიხარია, წელს ასე ლამაზად რომ მორთეს თბილისი. მართალია, ამბობენ, ეს კუჭებს ვერ გაგვიძღებსო, მაგრამ თვალს ხომ გაახარებს და განწყობას ხომ გაგვიუმჯობესებს? ყველაფერში ცუდის დანახვას ჯობია, პოზიტივი ვეძებოთ და იქნება, ასე მაინც გვეშველოს რამე, თორემ წლებია უკვე, უმიზეზოდ თუ მიზეზის არსებობის გამოისობით, დაბღვერილები დავდივართ და ისე გამოდის, რომ ამქვეყნად არაფერი გვახარებს. მე მომწონს ჩემი ქალაქი სხვა დროსაც და ახლა - მით უმეტეს, ასე პატარძალივით გამოპრანჭული. სამი შვილი მყავს. პატარები არიან და საახალწლო განწყობა ჩემს ოჯახში განსაკუთრებულად იგრძნობა, მაგრამ საღამოს მთხოვენ ხოლმე ქალაქში გასეირნებას და აღფრთოვანებულები არიან რუსთაველზე დადგმული ნაძვის ხით, საოცარი განათებებით. ნამდვილად ღირდა ამ ყველაფერში თანხის გადახდა. მადლობა კახა კალაძეს, ამ საოცარი ეფექტის შექმნისთვის. ბავშვებს ახლა ნამდვილად ჯადოსნურ სამყაროში ჰგონიათ თავი. ყველაფერი ძალიან ლამაზია...

სერგი, თვითდასაქმებული:

- ალბათ, საახალწლო ზეიმში წავა მთელი ჩემი თვის გამომუშავებული თანხაც და დანაზოგიც, მაგრამ ამას არ ვდარდობ, ამ დღეებში მაინც შემიძლია თავს დასვენების უფლება მივცე და ბავშვებიც გავახარო. საღამოობით გამოვდივართ ხოლმე რუსთაველზე. მართალია, შორს ვცხოვრობთ, მაგრამ დაღლილიც კი მზად ვარ, შვილებს მოვემსახურო და ახლა, მათ ამ სილამაზის ნახვის საშუალებას როგორ მოვაკლებ? ისიც გვეყოფა, რომ უამრავი რამ აკლია ჩემს შვლებს. მათი თანატოლების ნაწილს უცხო ქვეყნები რამდენჯერმეც კი აქვთ მოვლილი, ჩემებს კი საქართველოც არ უნახავთ ჯერ, რადგან ყველაფერი ფინანსებამდე მიდის. ჰოდა, რაც შემიძლია, იმას მაინც არ მოვაკლებ და გლდანიდან რუსთაველზე მოსვლას როგორ დავამადლი საკუთარ სისხლსა და ხორცს (იცინის).

- მოსწონთ საახალწლოდ მორთული დედაქალაქი?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან ლამაზია. ახლა რომ გითხრათ, ესთეტი ვარ ან ყველაფერს მხატვრის თვალით ვუყურებ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ რასაც ვხედავ, ძალიან მომწონს და რაც მთავარია, მიხარია, რომ ირგვლივ ყველა კარგ ხასიათზეა, იღიმიან, სურათებს იღებენ, გზასაც კი უთმობენ ერთმანეთს. ამ მოკლე დროში ისეთი შთაბეჭდილება გექმნება ადამიანს, რომ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაშიც, ოჯახშიც და თავს უფლებას აძლევ, შენც ბედნიერი იყო...

მაკა დანელია, ექიმი:

- ყოჩაღ, კახი, კარგად დაიწყე ქალაქზე ზრუნვა. წელს მარტო რუსთაველი კი არა, ბევრი სხვა უბანიც გალამაზებულია, მაგრამ დედაქალაქის ცენტრს მზრუნველი ადამიანების ხელი განსაკუთრებულად დაეტყო და მადლობა ამისთვის. რამდენიმე დღეა, საღამოს აქ მოვდივართ სასეირნოდ. სიმართლე გითხრათ, შარშან, შარშანწინ და მანამდეც, ამის სურვილი იშვიათად გვიჩნდებოდა. მხოლოდ იმ წელს გვიხაროდა რუსთაველის გამზირზე სეირნობა განსაკუთრებულად, მიშამ პირველ წელს რომ ააბდღვრიალა ქალაქი, მანამდე კონცერტების ხათრით თუ გამოხვიდოდი გარეთ, მხოლოდ კონცერტის მოსასმენად გამოსვლა კი, სიმართლე გითხრათ, მეზარებოდა, მით უმეტეს, მაშინ ჩემი შვილები ძალიან პატარები იყვნენ. ახლა კი ვფიქრობ, ახალი წლის ღამესაც საზოგადოებას შევუერთდებით და იმედია, განათების შესაფერისი კონცერტი დაიგეგმება ქალაქში...

ნათელა, პენსიონერი:

- შვილიშვილები სასეირნოდ გამოვიყვანე, მათ მშობლებს არ სცალიათ საამისოდ, მუშაობენ და შინ ისეთი დაღლილები მოდიან, ჭამის თავიც კი არ აქვთ. მართალია, გული მაწუხებს, მაგრამ შვილიშვილების გამო რას არ გააკეთებს ადამიანი (იცინის). ძალიან მომწონს განათებები, გალამაზებულია ყველაფერი და გულს უხარია, მაგრამ ეს ასაფეთქებლები რომ აღარ გაიყიდოს, უკეთესი იქნება. ხომ წინასწარ ვხედავ, რომ ბავშვები ცეცხლს უკიდებენ ე.წ. ხლაპუშკას თუ ბომბაჩკას, მაგრამ მაინც გული მიმდის, როცა ფეთქდება, ისეთი საშინელი ხმა აქვს და თუ წინასწარ ვერ დავინახე, რომ ვიღაც რაღაცის აფეთქებას აპირებს, მაშინ გიჟივით ვკივი და ჩემი შვილიშვილები ამაზე ხარხარებენ. როგორ შეიძლება, ისედაც დაზაფრულები ვართ, ყველგან ტერორის საშიშროება გველანდება და ადამიანების ასე შეწუხება ვის გაუგონია?

- თქვენი შვილიშვილები არ აფეთქებენ "ბომბაჩკებს"?

- მათთვის ასეთ რამეებს არ ვყიდულობთ, შვილო, ფულიც გვენანება და თან გვეშინია, ხომ იცით, ზოგჯერ ცუდად ფეთქდება და დამწვრობასაც კი იწვევს. ჰოდა, ეს ამათაც გაცნობიერებული აქვთ. არასდროს გვეუბნებიან, გვიყიდეთო. მხოლოდ ახალი წლის საღამოს ანთებენ რაღაცებს... ისე, ჩემს ბავშვობაში "ლამპოჩკის" ანთება მიგვაჩნდა სასწაულად და ასე მორთული ქალაქი რომ მენახა, ალბათ გადავირეოდი სიხარულით. ამ ასაკშიც კი პატარა ბავშვივით მიხარია აბდღვრიალებული ქალაქის ყურება და გული მწყდება, სოფლელი ბავშვები მოკლებული რომ არიან მსგავს რაღაცებს. ყველას ხომ არ აქვს საშუალება, შვილი დედაქალაქში ჩამოიყვანოს და ამ მხრივ, ისინი იჩაგრებიან.

ზურაბი, უმუშევარი:

- კარგია ეს განათება. ფოტოების გადაღება და "ფეისბუკზე" ატვირთვა. მერე ილუზიას ვიქმნით, რომ ყველაფერი კარგად არის, ბედნიერები ვართ, მაგრამ სინამდვილეში ხომ ასე არ არის? ეს ყველაფერი ილუზიაა და მაქსიმუმ ორ კვირაში დასრულდება, მერე კი მშიერი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. კი ბატონო, კარგია ეს სილამაზე, მაგრამ ერთეულებისთვისაა ესეც.

- რას გულისხმობთ?

- 24 საათი თავის გატანისთვის რომ იბრძვის ადამიანი, აქ მოსვლასაც კი ვერ მოახერხებს და ჩემსავით, შვილების გამო თუ მოვა, სილამაზის აღქმის თავიც არ ექნება. აი, მე უაზროდ დავყვები ბავშვებს და იმის ნაცვლად, რომ დავტკბე ამ გარემოთი, იმაზე ვფიქრობ, ხვალ სად რა ვიშოვო. ახალი წელიც მხოლოდ იმათია, ვისაც ფული აქვს თავზე საყრელად, თორემ მე ბავშვებისთვის კანფეტების ყიდვაც თუ დიდ ძალისხმევად დამიჯდება, მაშინ რა მედღესასწაულება, ხომ ვერ მეტყვით? ბავშვებს კიდევ, ისეთი მოთხოვნები აქვთ, გიყვარდეს, მაგრამ არ მიკვირს, მათ თანატოლებს ისეთი მობილურები დააქვთ სკოლაში, პირი ღია დაგრჩება, ჩემებს კი ფარნიანი ნოკია, ისიც სხვისი გამოცვლილი, სამადლოდ ნაჩუქარი დააქვთ და როცა ვურეკავთ, ჯიბიდან მორიდებით იღებენ. რა ვქნა, ვერ მოვერგე ამ ცხოვრებას ეტყობა. ახლა თუ ძალიან იღბლიანი ან გოთვერანი არ ხარ, დაიკარგები. ვისურვებდი, რომ ამ განათებების პარალელურად, ხელისუფლებას იმაზეც ეზრუნა, რომ როგორმე ან ხელფასები და პენსია გაეზარდა, იქვე - სოციალური დახმარებებიც, ან კიდევ, ამ პროდუქტს დააკლდეს ფასი, თორემ ხალხს ტკბილეული კი არა, ხორცის ყიდვის თავიც არ ექნება. ხორცს ვინ ჩივის, ლობიოსაც ვერ მოხარშავ, ამ მცენარემაც თავი დაიფასა. ასეთ ბრჭყვიალა გარემოს კარგი სუფრა მოუხდებოდა, სუფრის გაწყობას კი დღეს ფართო და ღრმა ჯიბე სჭირდება, რომელშიც ბევრი ფული უნდა გეწყოს.