ქართულ-ოსური ახალი წელი და ბედნიერი წუთები, ომის ნანგრევების გარეშე - გზაპრესი

ქართულ-ოსური ახალი წელი და ბედნიერი წუთები, ომის ნანგრევების გარეშე

გეგუთიანთკარი, მეჯვრისხევი, ერგნეთი, ფლავი, ავნევი, ნული, დიცი, მუგუთი - ეს შიდა ქართლის იმ სოფლების სრული ჩამონათვალია, სადაც ქართველები და ოსები დღესასწაულებს ერთად აღნიშნავენ, მათ შორის - ახალ წელს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს დანარჩენი საქართველოსგან ე.წ. საზღვარი ყოფს... თუმცა, როგორც თავად ამბობენ, მხოლოდ ამ ერთ დღეს არა, წლებია, ჭირსა და ლხინს ერთად იყოფენ, ოღონდ ამას ჩუმად, უხმაუროდ აკეთებენ.

ომის შემდეგ მუდმივმა გაჭირვებამ, პრობლემებმა, საფრთხეებმა უფრო მეტად დააახლოვა... ამბობენ, რომ ახლა უფრო მეტად უგებენ, უთმობენ და ეგუებიან ერთმანეთს, ვიდრე მაშინ, მშვიდობიან პერიოდში. თუმცა, უფროს თაობას მაინც იმ დროის ნოსტალგია აქვს, - იმ წლების, როდესაც თბილისი ასეთი შორი არ იყო და ცხინვალი - ასეთი უცხო...

განსაკუთრებით "ერგნეთის ბაზრობის" დროინდელი ნოსტალგია აქვთ, იმ წლების, როცა თავისთავად, ძალიან ბუნებრივად შერიგდნენ და 90-იანი წლების ომის ნანგრევებზე ერთად გააგრძელეს ახალი ცხოვრება...

თამარ ბესტაევი:

- ბებია-ბაბუა სოფელ ავნევში ცხოვრობენ. მათთან ხშირად ჩავდივარ, რადგან ძალიან მიყვარს იქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომის დროს, ლამის მთელი ავნევი გადაწვეს... ხალხი თანდათან დაბრუნდა. ვისაც არ ერჩოდნენ და მხოლოდ სახლ-კარის გადაწვით ან ნივთების წართმევით შემოიფარგლნენ, ცხოვრება უკვე მერამდენედ დაიწყეს თავიდან... ომის დროს იმათ, ვისაც ოსი ცოლი ან დედა ჰყავდა, ჭიშკარზე ოსური გვარი მიაწერეს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ამან არ გაჭრა...

- სოფელში უცხო ადამიანები გამოჩნდნენ?

- დიახ, როგორც ამბობენ, ვიღაცები ჩამოსახლდნენ. ჩემები მეუბნებიან, არავის ერჩიან, პირიქით, თანდათან გვეგუებიანო. ზოგმა თქვა, საიდანაც ჩამოვიდა, ზოგმა - არა... - თავდაპირველად ჩვენებთან კონტაქტში არ შემოდიოდნენ, შემდეგ, დროთა განმავლობაში შეგვეჩვივნენო, ამბობენ. ეს რაღაცნაირად, თავისთავად მოხდა. 8 წელი ცოტა არ არის, რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება. ახლა ახალ წელსაც ერთად ხვდებიან, ქორწილებსაც იხდიან და ჭირშიც ამაგრებენ ერთმანეთს. ყველა კარგი ოჯახშიც ვერ იქნება, მაგრამ როგორც ბებია-ბაბუა ამბობს, მათშიც არიან კარგები... რაც მთავარია, ერთად ლოცულობენ. ამაზე ლაპარაკს ერიდებიან, რადგან ეშინიათ, იმ ყველასთვის ერთნაირად საიმედო ადამიანს, მეუფე ისაიას ისევ არ შეექმნას პრობლემები, მაგრამ ვიცი, რომ შობას ყველა ერთნაირი გულისფანცქალით ელოდება, ღამეს ერთად ათევენ და სანთელ-საკმეველს ერთმანეთს უნაწილებენ... ახალ წელზე მეტად, შობის ღამეს ელოდებიან და შობასაც უფრო გრანდიოზულად აღნიშნავენ, - იქ სხვანაირი რწმენაა. ხანდახან მგონია, რომ გაჭირვებისას უფრო ღვთისნიერი ხდება ადამიანი.

- რაიმე დღესასწაულს ან შეკრებას შესწრებიხართ, მათთან ერთად?

- კი, როგორ არა, ნათლობის სუფრაზე ვიყავი ბოლოს... ოსმა მონათლა ქართული ოჯახის ბავშვი. ასეთ სუფრებზე სულ ცდილობენ, იმ "კარგი დროიდან" გაიხსენონ ამბები, როდესაც ისინი ეროვნული ნიშნით არ იყვნენ დაყოფილი... ჩემი საყვარელი ხაბიზგინები დააცხვეს, იმღერეს, იცეკვეს. სოფელში კი არა, ცხინვალშიც კი არაფერი ხდება და მთელი მათი გასართობი ასეთი დღესასწაულებია: ნიშნობები, ქორწილები... ომზე საუბარს თავს არიდებენ, - დავიღალეთ, აღარ გვინდაო, ამბობენ. ზაფხულში, როდესაც გვალვები დაიწყება, წყალი არა აქვთ. იმ დროს, ერთმანეთს გაჭირვებით მოგროვებულ წყალს უნაწილებენ, ახლაც, ზამთარში, მილები რომ გაიყინება, ისევ დაიწყება მათი წვალება... ცხინვალში რამდენიმე დღეა, შუქი არა აქვთ, მთავარი ელექტროგადამცემი დაზიანდა და არც კი ეუბნებიან, როდის შეაკეთებენ. ამიტომ ამ ახალ წელს ცხინვალიდან უჩვეულოდ ბევრი სტუმარი ჰყავთ...

მერი დურგლიშვილი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები:

- დედა ოსი მყავს. მას და მამას სახლი არ დაუტოვებიათ, თუმცა, ჩემი ძმა იქაურობას გაარიდეს... ჩვენი სახლი გადარჩა, მაგრამ სხვა ნათესავების სახლები ბულდოზერებით მოასწორეს... ორივე მხარეს გვქონდა დანაშაული, თუმცა, არ გვინდა ამაზე, - ოდესმე ისტორია აღწერს ალბათ ობიექტურ სიმართლეს. ერთ ამბავს მოგიყვებით: ომის მომდევნო ახალ წელს, ერთ-ერთ ოჯახში შეიკრიბნენ ქართველები და ოსები. არ ჰქონდათ განწყობა, მაგრამ მაინც აღნიშნავდნენ ახალ წელს. შუაღამისას, სამოროდიოროდ გამოსული ოსები დაადგნენ თავზე... შარს ეძებდნენ, - ამ ოსებს აუხირდნენ, ქართველებთან ერთად ქეიფობთო... იდეოლოგიურად დამუშავებულებს ხომ ასე სჩვევიათ? ერთი სიტყვით, იარაღები გადაუტენიათ, - რაც გაბადიათ, ყველაფერი მოგვეცით და წავალთო. მასპინძლის ახლობელი ოსები უიარაღოები ყოფილან და წინ გადაუდგნენ თურმე - მათ გაძარცვას, მხოლოდ ჩვენი დახოცვის შემდეგ შეძლებთო... რამდენიმეხნიანი დაძაბული საუბრის შემდეგ, მაროდიორები წასულან, რადგან იცოდნენ, რომ თუ თავისიანებს ესროდნენ, ეს ამბავი ასე არ ჩაივლიდა... ყოველ ახალ წელს ჩავდივარ მათთან. ცხინვალიდანაც ჩამოდიან ჩვენი ნათესავები, ჯიოევები არიან... ინფორმაციებს ვცვლით. ისინი თავიანთ ამბებს გვიყვებიან, ჩვენ - ჩვენსას ვუყვებით, ინტერნეტით ჩავრთავთ ხოლმე უცხოეთში გაფანტულ ნათესავებს... ვცეკვავთ, ვმღერით. ეს ის ბედნიერი წუთებია, როცა აღარც ომი გვახსოვს, აღარც ტყვიები, აღარც სიკვდილი და არც მტრობა... დროის გაჩერება მინდა იმ დროს. მათაც ასევე და ამას მათ თვალებში ვკითხულობ... ბოლოს მითხრეს, ცხინვალში გზების დაგება დაიწყესო... გამიხარდა. ხალხმა რა დააშავა, ცხვრის ფარასავით ერეკებიან პოლიტიკოსები, საითაც უნდათ... პოლიტიკაზე არასდროს ვსაუბრობთ. ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, განსაკუთრებით, მედიცინის სფეროში...

- ცხინვალელი ნათესავები რას გიყვებიან?

- უჭირთ... ცდილობენ, არ იწუწუნონ, მაგრამ ისე, სხვათა შორის თქვეს, - აქაურებს ერთი სული აქვთ, პენსიონერები გახდნენ, სტაბილური შემოსავალი რომ ჰქონდეთო. ახალ წელს, როგორც წესი, ვალებით ხვდებიან... თუმცა, არასდროს წუწუნებენ. ერთადერთი, რაზეც წუხან, ჯანდაცვაა, ამბობენ, რომ სიკვდილი გაახალგაზრდავდა.

ჯანო, სოფელ ნულის მკვიდრი:

- რამდენიმე დღის წინ, მათი დღესასწაული იყო - "ციპურსა". მზეს მათთვის საკრალური მნიშვნელობა აქვს, ამ დღესასწაულს ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, უმეტეს შემთხვევაში, ერთი კვირით ადრე აღნიშნავენ და "ზამთრის მზებუდობას", უფრო კონკრეტულად - ზამთრის მზის დაბადებას ეძახიან... დაახლოებით ოცი ადამიანი, უფრო მეტად ახალგაზრდა ბიჭები, მზის ამოსვლასთან ერთად დგებიან და კოცონს ანთებენ. შემდეგ, სხვებსაც ეპატიჟებიან, მათთვის ძვირფას და ახლობელ ადამიანებს. კოცონის გარშემო დგებიან და ლოცვებს ამბობენ. ოსური მესმის, მაგრამ ეს ეტყობა ძველი სიტყვებია, რომელსაც ახლა აღარ იყენებენ და მხოლოდ ის გავიგე: "დაე, მზემ დაინახოს, როგორი კოცონი დავანთეთ"... ლოცვის შემდეგ, უფალს მიმართავენ... ვერც ამ ლოცვის სიტყვები გავიგე, მაგრამ დავინახე, ხელგადახვეულებმა წრეზე შემოუარეს კოცონს, თან ლოცულობდნენ...

- ამ რიტუალში ქალი არ მონაწილეობს?

- არა. როგორც ამიხსნეს, ამით იწყება ზამთრის დღესასწაულები. ეტიმოლოგიურად, "ციპურსი", ირანულის სიტყვიდან - "ცატვარსარ" მოდის და ორმოცს ნიშნავს. მისი ისტორიული ახსნა ასეთია: შორეულ წარსულში, "ციპურსი" 40 დღე გრძელდებოდა და ოსები ამ ხნის განმავლობაში მარხვას ინახავდნენ. გარდა ამისა, ეს დასახელება, მათივე თქმით, ქრისტიანული ფესვებიდან მოდის, თუმცა, მოგვიანებით, წარმართული ელემენტებიც დაერთო, რაც კოცონის გარშემო ლოცვასა და მზის მიმართ ვედრების წარმოთქმას გულისხმობს. ამით, თავიანთი ადათ-წესების გაცოცხლებას ცდილობენ, ისე კი, მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან... როგორც თქვეს, ამ დღესასწაულს, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღადგინეს, მათი წინაპრებიც აღნიშნავდნენ და ახლა ცდილობენ, თავიანთ შვილებსაც ასწავლონ...

ლალი პაპასკირი