ხათუნა ლაგაზიძე - წარმატებული საქმიანი ქალი, დედა და მეუღლე - გზაპრესი

ხათუნა ლაგაზიძე - წარმატებული საქმიანი ქალი, დედა და მეუღლე

იგი თავისი პროფესიების, ქვეყნის წამყვან ფიგურებთან ურთიერთობების, ოჯახისა და მისი ყველაზე მთავარი მონაპოვრის - შვილის აღზრდა-განათლების შესახებ გვესაუბრება.

- ვთვლი, რომ ადამიანი მუდმივად უნდა იზრდებოდე და უწყვეტი განათლების რეჟიმში იყო, თუ გინდა, რომ შენ მიმართ ინტერესი და საზოგადოებაში შენი ადგილი შეინარჩუნო. თსუ-ის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე და შემდეგ ასპირანტურაში განვაგრძე სწავლა. პარალელურად, თეატრალურ ინსტიტუტში თეატრმცოდნეობის ფაკულტეტიც ავირჩიე. წერაც ძალიან მიყვარდა და ეს დღემდე მომყვება. უშიშროების საბჭოში მუშაობის პერიოდში თსუ-ის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტიც დავამთავრე და ვსწავლობდი ასევე გერმანიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრში, სტრატეგიული მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების კურსზე.

- როგორც ვიცი, "თეატრალურში" მიხეილ თუმანიშვილის ბოლო ჯგუფში მოხვდით. როგორ გაიხსენებთ მასთან ურთიერთობას?

- ეს უნიკალური გამოცდილება იყო. მიხეილ თუმანიშვილმა თავისდა უნებურად დიდი როლი შეასრულა ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაშიც - დეტალებს აქცევდა ყურადღებას და ჩვენც გვირჩევდა, ყველაფერს დავკვირვებოდით... ამან ჩემი ანალიტიკური უნარების ჩამოყალიბებასა და ადამიანების შეცნობაზე დიდი გავლენა იქონია.

- თქვენს ბავშვობაზე რას გვეტყვით?

- უდედმამოდ გავიზარდე. ბებიასა და დეიდებთან ერთად, ბათუმელმა და თუშმა ბიძებმა გამზარდეს. ერთი წლის ვიყავი, მშობლები რომ დაშორდნენ და მას შემდეგ მამა არ მინახავს. მხოლოდ შარშან მივაგენი მამის საფლავს. 5 წლისას დედა გარდამეცვალა და დავრჩი ასე, ბებიის, დეიდების და ბათუმური ზღვისა და თუშურ წინდებს გამოყოლილი, ნათესავების სითბოს ამარა.

- თქვენი სტუდენტობის პერიოდს დაემთხვა საქართველოში დამოუკიდებელი პრესის, ახალი გაზეთების გამოჩენა, საიდანაც თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა დაიწყო.

- მარჯანიშვილის თეატრში ლამის უშტატო თანამშრომელი გახლდით და ბატონი გაიოზ კანდელაკი მეხუმრებოდა, შენსავით აქ შტატიანი თანამშრომლები არ დადიან და მოდი, იმუშავეო (იცინის). თუმცა, პოლიტიკით დაინტერესებამ გადასძალა, უკვე ის პერიოდი იყო, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, სტუდენტურ მოძრაობაში აქტიურად ვიყავი ჩართული. სწორედ მაშინ გაჩნდა თავისუფალი პრესაც და იქ დავიწყე წერა. თეატრზე ვწერდი რეცენზიებს, ინტერვიუებს და ამავდროულად, პოლიტიკური მიმომხილველი და კორესპონდენტი ვიყავი.

- როგორ იხსენებთ ედუარდ შევარდნაძესთან მუშაობის პერიოდს?

- ერთ-ერთი ინტერვიუს დროს რამაზ საყვარელიძე გავიცანი, რომელიც ძალიან მალე გახდა ედუარდ შევარდნაძის პრესსამსახურის უფროსი და ანალიტიკურ ჯგუფში მუშაობა შემომთავაზა. მერე, 1995 წლის კონსტიტუციით, ეროვნული უშიშროების საბჭო შეიქმნა და საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში წამყვან სახელმწიფო მრჩევლად დავინიშნე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ეს ქართული სახელმწიფოს შენების ყველაზე რომანტიკული წლები იყო. ყველას გვქონდა განცდა, რომ ამაში ჩვენი წვლილი შეგვქონდა. შევარდნაძეს დამსახურება ბევრი ჰქონდა, თუმცა, კორუფცია, კრიმინალი, აფხაზეთის დაკარგვის თემა და კიდევ არაერთი სხვა, მისი ხელისუფლებისთვის უპატიებელი რამ იყო.

- რატომ წამოხვედით მისგან? რას საქმიანობდით მერე?

- 2001 წელს, ცოტა ხნით, ანტიკორუფციულ ბიუროში გადავედი. ამ დროს უკვე ყველაფრიდან ჩანდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლება მთავრდებოდა. ამიტომ, ჩაყოლას წამოსვლა ვამჯობინე და არასამთავრობო სექტორში გადავინაცვლე, სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაზე გადავერთე, ერთ-ერთ უნივერსიტეტში "სახელმწიფო მართვის თეორიისა და სისტემების" კურსს ვკითხულობდი და 2006 წელს ამ სფეროში პირველი ქართული სახელმძღვანელო გამოვეცი.

- მიხეილ სააკაშვილის გვერდით, შევარდნაძის არაერთი თანაგუნდელი ვიხილეთ, თქვენ თუ გქონდათ შემოთავაზება?

- დიახ, მისი გარემოცვის მხრიდან არაერთი შემოთავაზების მიუხედავად, ამ ადამიანის გვერდით დადგომის სურვილი არასდროს მქონია. ის აშენებდა სახელმწიფოს ხალხის გარეშე, მათზე გადავლით. ეს მისი საბედისწერო დანაშაული იყო, თორემ მის რეფორმებში ეჭვი არავის ეპარება. 2007 წლამდე პასიური დამკვირვებლის როლში ვიყავი. ტელესივრცე, სადაც შენი სათქმელი შეგეძლო გეთქვა, დღითი დღე იზღუდებოდა, შეუძლებელი იყო თავისუფალი აზრი გამოგეთქვა და ეს შენი ბიზნესის წართმევით არ დასრულებულიყო. ჩემი მეუღლე ყველაფერს დაკარგავდა, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდა. ამიტომ, აქედან წავედი, ბიზნესზე გადავერთე და სანამ ანა 5 წლის არ გახდა, ურეკში ვცხოვრობდით. თბილისში, 2011 წელს დავბრუნდით.

- ამ დროს უკვე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლაზე...

- ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვისაც დაუძახეს. დღესაც მახსოვს, ბანდეროლივით შეფუთული რომ მივედი, რუსთაველზე მომაკითხეს და იქიდან წამიყვანეს. მაშინ ბიძინა ივანიშვილს უარი ვუთხარი თანამშრომლობაზე, რადგან არჩევანი ჩემი ოჯახის უსაფრთხოებასა და პროფესიულ საქმიანობას შორის უნდა გამეკეთებინა. მე მას პირდაპირ ვკითხე, - თქვენ გინდათ ადამიანი, რომელიც საკუთარ მეუღლეს გაწირავს? რა გარანტია გექნებათ, რომ ასეთი ქალი ხვალ თქვენც იოლად არ გაგწირავთ-მეთქი? არ ვიცი, მისთვის ეს რამდენად მყარი არგუმენტი იყო... 2012 წლის ბოლო თვეებიდან უკვე ძალიან აქტიურად გამოვჩნდი, როგორც პოლიტოლოგი. დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსის შემდეგ კი ჩემთვის ყველაზე საბედისწერო ნაბიჯამდე მოვედი.

- პაატა ბურჭულაძეს გულისხმობთ?

- აქტიურ პოლიტიკაში მინდოდა ყოფნა, რადგან გარედან მაყურებლისა და მრჩევლის სტატუსით ყოფნისას, იმდენი გამოცდილება დამიგროვდა, ჩემი წვლილის შეტანა ნამდვილად შემეძლო. გადამწყვეტი კი ის გახლდათ, რომ პაატა ბურჭულაძე პირობას დებდა, ქართულ პოლიტიკაში სრულიად ახალი სახეები მოეყვანა. მართლაც, საუკეთესო ახალგაზრდები შევკრიბეთ ყველა რაიონიდან. დარწმუნებული ვარ, იტყვიან, ყველა თავის ადგილს მონახავს, ბურჭულაძემ იკითხოს. დღესაც ყველა მსაყვედურობს, მასში როგორ შეცდიო, მაგრამ მე ამას შეცდომას ვერ დავარქმევ. ოქტომბერში მივედი და დეკემბრისთვის გარშემო უკვე ყველამ იცოდა ჩემი და მისი საკმაოდ დაძაბული ურთიერთობის შესახებ, რადგან ბევრ რამეს მივხვდი. პაატა ბურჭულაძე პოლიტიკური ფიგურა რომ ვერასდროს გახდებოდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობდა. ყველაფრის თავიდანვე სააშკარაოზე გამოტანა კი წარმოუდგენელი იყო. ბოლოს მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო - ჭირმა თავი ვერ დამალა...

- მეუღლე როგორ გაიცანით?

- 2007 წლის მარტი იყო, როცა გურიაში ჩემს მეგობართან - ლელა თავართქილაძესთან წავედი. მაშინ ოზურგეთსა და ურეკს შორის საურმე გზა იყო, დაგვიღამდა და ვინმეს ყაჩაღობის მსხვერპლი რომ არ გავმხდარიყავით, - მოდი, ურეკში ჩემს ერთ მეგობარს შევუაროთ, სასტუმრო აქვსო. ასე სრულიად შემთხვევით მივადექით ჩემი მომავალ მეუღლის - ამირან ჩხაიძის სამფლობელოს. იგი ჩემზე 22 წლით უფროსია, მე 35 წლის ვიყავი. პირველი მეუღლე 4 წლის გარდაცვლილი ჰყავდა და ჩემზე ცოტა უმცროსი შვილები ჰყავს. როგორც მერე გავიგე, მისი მხრიდან ერთი ნახვით შეყვარება იყო, მე ყურადღება არც მიმიქცევია, ისე ვიყავი გართული ზღვითა და გემრიელი კვებით. ლელას თვალს კი არაფერი გამოეპარებოდა და სახლში რომ ვბრუნდებოდით, მანქანაში მითხრა, თავს დავდებ, რომ ამირანს შეუყვარდიო. გამეცინა. ამ დროს ამირანმა ლელას დაურეკა და ჩემი ასაკი ჰკითხა - ბედი არ მქონია, ასე უმცროსი თუა, ეს გადაულახავი ბარიერი იქნებაო, - უთქვამს... თითქოს წარმოუდგენელი ამბავი იყო, მაგრამ მარტში გავიცანი და 6 ოქტომბერს ცოლად გავყევი. ჩაქაფულის ინგრედიენტებით ლელასთან ჩავედი. ჩემი ჭკუით, ამირანი უნდა მომეხიბლა ჩემი კულინარიული შედევრით. ასე დავრჩი. 2008 წლის 7 აგვისტოს კი ჩვენი ანა გაჩნდა. საკეისროს შემდეგ, პირველი, რაც გავიგონე, ამირანის სიტყვები იყო - ხათუნა, ომი დაიწყოო... ვერაფერი დამავიწყებს ამ ემოციას, სრული შოკი იყო... როცა სამშობიაროდან სახლში ვბრუნდებოდი, თოთო ბავშვით ხელში და თბილისში შემომავალ იარაღაყრილ ჯარისკაცებს ვუყურებდი. ეს საშინელება იყო... სხვათა შორის, ამირანი ანას "ომიანას" ეძახის (იღიმის).

- რას გვეტყვით თქვენს ქალიშვილზე?

- ჩემი შვილი ჩემი მთავარი შედევრია (იცინის). ალბათ, მისთვისაც მძიმე დედა ვარ. 9 წლისა ოთხ ენაზე საუბრობს, წერს, კითხულობს. რუსული და ინგლისური იცის როგორც მშობლიური, პოლონელი ძიძა ჰყავს და ენა ოჯახშივე აითვისა. ჩინურს მეოთხე წელია სწავლობს და საერთაშორისო სერტიფიკატის გამოცდაზე პირდაპირ მესამე დონეზე გავიდა. გარდა ამისა, მაკა მახარაძესთან ბალეტზე დადის, ნუკრი კაპანაძესთან სიმღერაზე, რობოტექნიკაზე - ლევან გაბისონიასთან და თავისით აწყობს რადიოს, ელექტრო და მანქანების სქემებს. მათემატიკაშიც საკმაოდ ძლიერია, მხოლოდ ჰუმანიტარი არ არის. მარტის თვეში, ანა გაეროს ახალგაზრდულ კონფერენციაზე დასასწრებად მიდის ნიუ-იორკში. მოკლედ, საინტერესო ცხოვრება აქვს. უზომოდ გვინდოდა, მეორე შვილიც გვყოლოდა, მაგრამ ცხოვრებამ ასე ინება.

თამთა დადეშელი