როგორ ცხოვრობენ მოზარდები "საზღვრისპირა" სოფლებში - გზაპრესი

როგორ ცხოვრობენ მოზარდები "საზღვრისპირა" სოფლებში

ასეთია კონფლიქტის საზღვარზე მცხოვრები მოზარდების, როგორც თავად ამბობენ, ყოველდღიური ბრძოლით სავსე ცხოვრება, რომელსაც უკვე შეეჩვივნენ...

17 წლის ნინო ოსიაურის თქმით, განსაკუთრებით ზამთარია მძიმე. ზოგჯერ, ძლიერი ყინვების დროს, წყალი იყინება და თითქმის ნახევარ კილომეტრზე გზაზე უწევთ ბოცებითა და სხვა ჭურჭლით ზიდვა.

- როგორც წესი, დილაობით მოუშვებ ონკანს და ფაფუ წყალი. შემდეგ მეგობრები ერთმანეთს ვურეკავთ ან გადავძახებთ ხოლმე, "დილის გამამხნევებელ" ვარჯიშს ვუწოდებთ ამ საკმაოდ მძიმე პროცესს. თუმცა, ვცდილობთ, ყველაფერში პოზიტივი დავინახოთ. სამაგიეროდ, მერე სკოლამდე, მთელი გზა არ გვცივა და ცხელ ჩაის ან ყავას გზაში მივირთმევთ, თან ცოტას წავიჭორავებთ. წინა დღის ამბებს განვიხილავთ...

- რა არის თქვენი საუბრის თემა?

- ძირითადად, მუსიკა, ესა თუ ის შემსრულებელი. ფილმები, მსახიობები, დაჯილდოებები... ვცდილობთ, ყველაფერს მივადევნოთY თვალი, რამდენადაც ამის შესაძლებლობას თანამედროვე ტექნიკა გვაძლევს. ინტერნეტი, როგორც წესი, არის, მაგრამ თან არ არის. ჩემი მეგობრების ენაზე - "ჭიავდება", - ძნელად იხსნება. ყველა გვპირდება, გამოვასწორებთო, მაგრამ ჯერჯერობით არ ეშველა. არადა, მხოლოდ გასართობად არ გვჭირდება... ჩემი ნათესავი ნიქოზში ცხოვრობს და როდესაც რამე მნიშვნელოვანი, თან დიდი ხნის სამუშაო მაქვს და ინტერნეტი მჭირდება, მასთან მივდივარ... ის მეუფე ისაიას და უცხოელი დიპლომატების მიერ დაარსებულ "ხელოვნების ცენტრში", ხატვისა და მუსიკის წრეზე დადის, იქ კი შედარებით კარგი ინტერნეტი აქვთ... ძალიან მინდა, ასეთი ცენტრი ყველა თუ არა, ყოველ მეორე სოფელს მაინც ჰქონდეს. იქ ბავშვები და მოზარდები ძალიან კარგ განათლებას იღებენ, - კარგი პირობები აქვთ, ცეკვავენ, ანიმაციებს ქმნიან, ხატავენ, ქსოვენ, ძერწავენ, მღერიან... მხიარული განწყობაა და ერთფეროვნება არ არის. იქიდან დაბრუნებული, ჩემს სოფელ ხურვალეთში რომ მოვდივარ, ასე მგონია, სასაფლაოზე მივდივარ საცხოვრებლად... ამას წინათ, გორელმა ახლობელმა მკითხა, - აქ როგორ ძლებთო? ვძლებთ, აბა, მშობლებს ვერ მივატოვებთ...

- ნინო, ვიცი, რომ სწავლის გაგრძელებას აპირებთ. პროფესია უკვე შერჩეული გაქვთ?

- დიახ, საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაზე ვფიქრობ, თუმცა, ჯერჯერობით ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ, შეიძლება სხვა მიმართულებით წავიდე.

- მშობლებსაც ეხმარებით?

- დიახ, დილით ადრე ვდგებით და სკოლაში წასვლამდე წყლის პრობლემას ვაგვარებთ. ვისაც სახლში ინდივიდუალური წყლის ავზები გვაქვს, ზამთარში ცეცხლს ვუნთებთ, რომ გალღვეს და მთელი დღე წყლის პრობლემა არ შეგვექმნას... ეს ზამთრის ძირითადი პრობლემაა... ოჯახს საგაზაფხულო სამუშაოებშიც ვეხმარებით. თუ ისინი არიან მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად წასული, ჩვენ, გოგონები სახლის საქმეებს ვინაწილებთ, კერძებს ვახვედრებთ, ვალაგებთ და შინაურ ფრინველს ვუვლით... აქ, როგორც წესი, საქმე არასდროს ილევა. თუმცა, ეს სულაც არ უშლის ხელს მეცადინეობას.

- რა არის თქვენი გასართობი, დაბალი ხარისხის ინტერნეტში ფილმებისა და მუსიკალური კლიპების ნახვის გარდა?

- ხანდახან ნათესავებთან მივდივარ წეროვანში, დევნილთა დასახლებაში. მახსოვს, 8 წლის წინ ოთხ კედელს შუა გამომწყვდეულებივით იყვნენ და ძალიან გვეცოდებოდნენ. ახლა იმ მართლაც ცარიელ მიწაზე ბევრი რამ გააკეთეს, ააშენეს და დარგეს... იქაურობა დამთრგუნველ, დროებით თავშესაფრებს აღარ ჰგავს, თუმცა, ჩვენი არ იყოს, ყოველდღიური საჭიროების მხრივ, მაინც ბევრი პრობლემა აქვთ და ეს ერთი შეხედვით არ ჩანს...

- მაინც?

- მაგალითად, ჩემი ნათესავები ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ და როდესაც იქ მივდივარ, დამაბარებენ ხოლმე, მამაშენს უთხარი, თუ აქვს, ერთი ბოცა წყალი გამოიყოლოსო... აფრიკისა და აზიის ქვეყნების პრობლემებზე გადაღებულ ფილმებს რომ ვუყურებ, ლამის ჩვენი ყოველდღიურობა მახსენდება. დღემდე სასმელი წლის პრობლემა აქვთ მათაც და ჩვენც... წერტილოვანი ჭაბურღილები გაკეთდა, მაგრამ სასმელი წლის პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა.

- დასალევად უვარგისია?

- დიახ, როგორც უფროსები ამბობენ, იმ სიღრმეზე არ არის ჭაბურღილები ჩასული, რომ წყალი სუფთა და სასმელად ვარგისი იყოს... ეს უკვე მუდმივ გასაჭირად გვექცა... არც აბაზანები აქვთ, რომ არაფერი ვთქვათ საკანალიზაციო სისტემაზე, რომელიც უბრალოდ, არ არსებობს. ვისაც შესჩივლეს, - ვერ გავაკეთებთ კანალიზაციას, - აქაური მიწა არ გაიწოვსო... საინტერესოა, სხვა, განვითარებულ ქვეყნებში როგორ მოაგვარეს ეს პრობლემა?

დიმა, 16 წლის, ნიქოზის მკვიდრი:

- არ მიყვარს წუწუნი... რაც არის, ეგ არის... სკოლას რომ დავამთავრებ, გორში ან თბილისში ვაპირებ სწავლას. იმედია, რამე სამსახურსაც ვიპოვი და მშობლებსაც თან წავიყვან. ზაფხულობით სოფელში ჩამოვალთ, რადგან ვიცი, რომ სიმწრით შენარჩუნებულ სახლ-კარს არ მიატოვებენ... აქ ყველა ერთმანეთის იმედით არის. ერთი რომ წავიდეს, მერე ყველანი აიყრებიან... ყველას მეუფე ისაია გვამხნევებს... სულ ხომ ჯიპიან მამაოებზე ხუმრობენ და ჩვენი ტაძრის წინამძღვარი ცხენით დადის, ამ ყინვაში, თოვლსა და წვიმაში... ამას წინათ ჯიპი აჩუქეს, გაყიდა და სოფლისთვის ტრაქტორი იყიდა. თავად დადიოდა და ადგილობრივებს საყანე მიწას უხნავდა. მას, ჩვენგან განსხვავებით, წასასვლელიც აქვს, მაგრამ ასეთი მაგალითის შემდეგ რა ნამუსით დავტოვო სახლი? იმიტომ, რომ წყლის ზიდვა 200-300 მეტრიდან მიწევს? თუმცა, ზოგჯერ ყველაფერი მბეზრდება და ნორმალური ცხოვრება მინდება... აქ კი, უკაცრავად, მაგრამ ბანაობაც შეუძლებელია. აბაზანაში შეგვაქვს ცხელი წყალი. იქ ისე ცივა, 5 წუთში უნდა მორჩე ბანაობას, თუ გინდა, რომ ლოლუები არ დაგეკიდოს... ეს ძალიან წვრილმანია, მაგრამ როდესაც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ძალიან ძნელია, გაუძლო... ჩვენც ვუძლებთ და ასეთ პირობებში ვსწავლობთ კიდეც, კონკურენტუნარიანები რომ ვიყოთ. აქტიურად ვმონაწილეობ ტრენინგებსა და სემინარებში. ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ ჩემს ადგილობრივ კი არა, უცხოელ თანატოლებს არ ჩამოვრჩე. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფუძნებულ ცენტრებში დავდივართ და ვისრუტავთ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია ან არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უბრალოდ, გვაინტერესებს... ჩვენ, ვინც ასეთ ტრენინგებსა და სემინარებში ვმონაწილეობთ, უცხოელ თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ვინც ამ პირობებში აქტიურ ცხოვრებას ვერ ახერხებს, ძალიან ჩაკეტილია... ფიქრობენ, რომ მათი ადგილი საზოგადოებაში არ არის.

- ეს ომის გავლენაა?

- არა, მე ვიცი საქართველოს სხვა რეგიონები, სადაც ომი არ გამოუვლიათ, მაგრამ მაინც დათრგუნვილები და ჩაკეტილები არიან. უცხოებთან ურთიერთობას თავს არიდებენ... მხოლოდ სკოლა და სახლია მათი "მარშრუტი" ან საქონლის სადგომი და სახლი... მე მხოლოდ ჩემს სოფელზე არ ვამბობ. საერთოდ, კონფლიქტის საზღვარზე არსებულ სოფლებში თითქმის არსად არის სპორტული დარბაზები. თუ არის, უბრალოდ ნაგებობაა დარჩენილი, სადაც შეუძლებელია, ივარჯიშო... ინვენტარი არ გვაქვს, სტადიონზე ხელოვნური საფარი არ არის, არც კლუბია, სადაც გავერთობოდით... არც ინტერნეტია. ერთ სოფელში ერთი ინტერნეტკაფე მაინც რომ იყოს, ყველასთვის კარგი იქნებოდა. თავშეყრის ადგილი არ გვაქვს, სადაც ახალგაზრდები შევიკრიბებით, აზრებს გავცვლით, ერთმანეთს გავიცნობთ, ვიხუმრებთ, გავერთობით, რამე თემაზე ვიმსჯელებთ... ამიტომაც ცდილობს ყველა, აქედან გაიქცეს... მეც ვცდილობ... ერთი სული მაქვს, სკოლა დავამთავრო, რომ ეს ჩაკეტილი ცხოვრება დავტოვო... უმეტესობა ასე ფიქრობს.

ახალგაზრდების მიერ ჩამოთვლილ პრობლემებთან დაკავშირებით გორის მერის მოადგილე, ეკა სუხიტაშვილი, რომელიც სოციალური მიმართულების საკითხებს კურირებს, ამბობს, რომ არსებობს სათემო ცენტრები, რომლებიც იმავე ფუნქციით აღარ მუშაობენ, რაც ადრე ჰქონდათ და ყველა იმ პრობლემის შესწავლას ცდილობენ, რაც ახლა კონფლიქტის საზღვარზე მცხოვრებლებს აქვთ...

- ადგილობრივი წარმომადგენლების არჩევას ველოდებოდით, ამიტომაც დაგვიგვიანდა სათემო ცენტრების მიხედვა. აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სათემო ცენტრებს თავისი ფუნქცია... ყველაფერი უნდა ვნახოთ და შევისწავლოთ. საგანმანათლებლო საკითხების მოგვარება კი ჩემი კომპეტენციაა, თუმცა, სულ ორი თვეა რაც ვმუშაობთ და იმედია, თანდათან ყველაფერს დავარეგულირებთ...

ძნელი სათქმელია, მერამდენე დაპირებას ისმენენ ისინი, ვისაც ზემოთ მოთხრობილ უმძიმეს ყოველდღიურობაში უწევთ ცხოვრება... ვიდრე ჩვენ სოფლების დაცლაზე ვდარდობთ, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები სოციალიზაციის ნაკლებობას განიცდიან და მათი საფიქრალი ჩაკეტილი, ერთფეროვანი საცხოვრებლის დატოვებაა. სახელმწიფო კი, ისევ და ისევ დაპირებებით შემოიფარგლება...

ლალი პაპასკირი