როგორ აბარებენ უსინათლოები გამოცდებს და რა პრეტენზია აქვთ გამოცდების ეროვნულ ცენტრთან? - გზაპრესი

როგორ აბარებენ უსინათლოები გამოცდებს და რა პრეტენზია აქვთ გამოცდების ეროვნულ ცენტრთან?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისადმი სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულება ლაკმუსის ქაღალდივითაა და მის ცივილიზებულობას განსაზღვრავს.

როგორ აბარებენ უსინათლოები ეროვნულ და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს? - ამ საკითხზე გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე და ასოციაციის - "უსინათლოები საზღვრების გარეშე" - თავმჯდომარე ბესარიონ სოლოღაშვილი გვესაუბრებიან.

ივა მინდაძე:

GzaPress- წელს ხუთი უსინათლო აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ამ კატეგორიისთვის ცალკე ტესტები მომზადდა ბრაილის შრიფტით. ისინი სპეციალურ ოთახებში მოთავსდნენ და ორჯერ მეტი დრო მიეცათ გამოცდის ჩასაბარებლად, რადგან ბრაილით კითხვას ბევრი დრო მიაქვს. ცალკე ოთახში იმიტომ შეგვყავს, რომ იქ მეორე ცვლა არ შევიდეს (გამოცდები რამდენიმე ნაკადად ტარდება). წელს გამოიცა სასკოლო სახელმძღვანელოების კომპლექტი ბრაილის შრიფტით. ასეთივე საგამოცდო ტესტების ნიმუშებიც გვაქვს მომზადებული, სწორი პასუხებითა და გასწორების სქემით. აბიტურიენტთა მოსამზადებელ კრებულს უსინათლოთა სკოლა-ინტერნატს ვაწვდით.

- ვინ და როგორ ასწორებს ასეთი აბიტურიენტების საგამოცდო ნამუშევრებს, ტესტის პასუხებს?

- ამ საქმის მცოდნე გამომცდელები ბრაილის შრიფტს კითხულობენ, მერე კი პასუხების ფურცელზე გადააქვთ, ხდება შედარება და დადასტურება, რომ მართებულადაა ბრაილიდან გადმოტანილი და შემდეგ სხვა ნამუშევრებთან ერთად სწორდება. ანონიმურობაც დაცულია. უკვე მეორე წელია, აბიტურიენტებსა და პედაგოგებს, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდებს აბარებენ, არჩევანს ვთავაზობთ: არსებობს ელექტრონული პროგრამაც, რომლითაც შეიძლება გამოცდის ჩაბარება, რადგან ზოგიერთმა ბრაილის შრიფტი არ იცის. "ბუ" არის სპეციალური პროგრამა უსინათლოებისთვის, რომელიც მათ ტექსტებს კარნახობს, პასუხები კი ფურცელზე გადააქვთ. წელს ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას სიახლე იყო - უცხო ენებში "მოსმენა" დაემატა. ისინი ისმენდნენ ტექსტს და მერე ტესტის კითხვებს სცემდნენ პასუხს.

- რამდენად წარმატებით სძლევენ უსინათლო აბიტურიენტები საგამოცდო ბარიერს?

- უნდა ითქვას, რომ მათი უმრავლესობა სტუდენტი ხდება. შარშან გვყავდა ერთი საკმაოდ ძლიერი აბიტურიენტი და მაღალი ქულებიც მიიღო. წინა წლებშიც არაერთმა აბიტურიენტმა შეძლო კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა. მათ უმაღლესი სასწავლებლებიც კარგად დაამთავრეს.

- კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები თუ არის ადაპტირებული, მორგებული ამ ახალგაზრდების სწავლის პროცესზე?

- ნაკლებად, ამიტომ ოჯახის დახმარება ძალზე მნიშვნელოვანი ხდება.

კახა გლოველი, 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი:

- მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდა პროფესიულ უნარებში პროგრამა "ბუს" მეშვეობით ჩავაბარე. ეს პროგრამა სინთეზატორის საშუალებით, "ვორდში" აკრეფილ ტექსტს ახმოვანებს. ვისაც ბრაილის შრიფტით წერა-კითხვა უჭირთ, ამ პროგრამით გაუადვილდებათ ტექსტის მოსმენა თუ კომპიუტერში აკრეფა. მოსახერხებელი პროგრამაა, რომელიც ბეჭდვის, წიგნების მოსმენის შესაძლებლობას იძლევა. გამოცდისთვის ორმაგი დრო - ათი საათი გვქონდა მოცემული, მაგრამ ამ პროგრამის დახმარებით ხუთ საათში დავამთავრე. ვისმენდი და ბრაილით ვწერდი. თვითონ პროგრამაში პასუხები არ ჩამიწერია - ასეთი შეთანხმება გვქონდა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან. მე გვიანდელ ასაკში დავკარგე მხედველობა და ბრაილი ცუდად ვიცი. სწრაფად ვერ ვკითხულობ, რაც ძალზე დამღლელია. თვალით კითხვისას გონება ისე არ იტვირთება, როგორც - ხელით, თითებით აღქმისას, მით უმეტეს, რომ საგამოცდო ტესტი საკმაოდ დიდია, ერთი ტომია ბრაილის შრიფტით, მოსმენა კი საქმეს აადვილებს.

GzaPressბესო სოლოღაშვილი:

- ბრაილის შრიფტით კითხვა ძნელია, მით უმეტეს, თუ ბავშვობიდანვე არ გაქვს ნასწავლი, რადგან ასაკში თითები უხეშდება და ასოების გარჩევა ჭირს. ამიტომ თუ 13-14 წლიდან ან მეტი ასაკიდან ხარ უსინათლო, გარკვეული უხერხულობა გექმნება. ბრაილმა ეს შრიფტი ფრანგული ენისთვის შექმნა; განსხვავებული ქართული ასო-ბგერების - ჭ, ღ, ჩ და ა.შ. შესატყვისები მოგვიანებით მიუსადაგეს. ამასთან, კითხვის დროს ნაბეჭდი თანდათან იცვითება, ფუჭდება. ამიტომ შევქმენით ქართული ტექსტის გამხმოვანებელი პროგრამა "ბუ", რომელიც თანდათან გაუმჯობესდა და ახლა "ბუ-2"-ს ვიყენებთ. ის ტექსტურ რედაქტორში ჩაწერილი ნებისმიერი ტექსტის წაკითხვის საშუალებას იძლევა. შესაძლებელია წინადადების გამეორება, ასო-ასო წაკითხვა, როცა ტექსტი გაუგებარია, ასევე - წერილის, დოკუმენტაციის, სხვა ტექსტის აკრეფა. სასვენ ნიშნებსაც კითხულობს, რომ შინაარსის აღქმა გაიოლდეს. აადვილებს ტექსტის რედაქტირებასაც. ინტერნეტში შესვლა შესაძლებელია პროგრამით "ინტერბუ". ქართული პროგრამა ორიგინალური კი არის, მაგრამ პირველად ინგლისურ, ფრანგულ ენებზე შეიქმნა და "ყბები ვინდოუსისთვის" ანუ - მოლაპარაკე ჰქვია. ახლა ჩვენი პროგრამით ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე კითხვაა შესაძლებელი. გვინდა მისი გაფართოება, რომ მათემატიკური ინტეგრალების, ქიმიური და ფიზიკური ფორმულების, ასევე - მუსიკალური ნოტების წაკითხვაც გახდეს შესაძლებელი. ამისთვის ფინანსებია საჭირო. პროფესიით კიბერნეტიკოსი ვარ. 10 წლის წინ დავკარგე მხედველობა. პროექტის ხელმძღვანელი ვარ. სამწუხაროდ, ჩვენი პროგრამისტი ზაზა ინჯია გარდაიცვალა და ძალზე ძნელია კარგი პროგრამისტის, სინთეზატორის დაინტერესება ამ საქმით, რადგან კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი არ არის, სარფიანად არ გაიყიდება. საქართველოში 7000 უსინათლოა, მხედველობადაქვეითებულთა რაოდენობა კი სულ 22 000-მდეა. ამასთან, უსინათლოებშიც, ისევე როგორც მხედველებში, რამდენს აქვს წიგნის კითხვის სურვილი?.. აქაც ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც საერთოდ, საზოგადოებაში: ვისაც უნდა, ლიტერატურა იკითხოს, ინფორმაცია მიიღოს, ამ პროგრამას იყენებს, სწავლობს და ამის გარეშე არ შეუძლია. გამოვეცით სახელმძღვანელოც. ეს პროგრამა ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდზეც არის ჩატვირთული და ნებისმიერ ადამიანს უფასოდ შეუძლია სარგებლობა, მაგრამ როცა რომელიმე ორგანიზაცია მის გამოყენებას მოინდომებს, ჩვენგან ნებართვა უნდა აიღოს: მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა, რომ მისი ვებგვერდი უსინათლოებმა წაიკითხონ... მივიჩნევთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნულ და მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდებზე ამ პროგრამის გამოყენებით ჩვენს საავტორო უფლებებს არღვევს.

ნინო კვიტაშვილი