დისბალანსი დეკლარაციებში თუ განზრახ დამალული ფული? - გზაპრესი

დისბალანსი დეკლარაციებში თუ განზრახ დამალული ფული?

უწყებას შესაბამისი განცხადებით ლევან ხაბეიშვილმა მიმართა. იგი ეჭვქვეშ აყენებს იმ თანხებისა და უძრავი ქონების წარმომავლობას, რომლებიც მთავრობის წევრებს - პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ოჯახის წევრებისგან საჩუქრის სახით გადაეცათ.

ლევან ხაბეიშვილი:

- 2016 წელს კვირიკაშვილის მიერ ნაჩვენებ დეკლარაციაში ეწერა, რომ მას და მის მეუღლეს 83 ათასი ლარი ჰქონდათ შემოსავალი, გასავალი კი 200 ათას ლარზე მეტი, რაც დიდი დისბალანსია და განცხადება პროკურატურაში შევიტანეთ. გამოძიება მარტივი მიზეზით უნდა დაეწყოთ: შემოსავალი აქვს კვირიკაშვილს და დეკლარირებას არ უკეთებს; არასწორად ავსებს; მალავს არალეგალური შემოსავალი თუ აქვს და ამის გამოა ასე. სხვანაირად ეს თანხა მის ანგარიშზე როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი, გამომძიებელი არ ვარ. მაშინ გამოძიება არ დაიწყო, თუმცა, არც ის უთქვამთ, საქმე დაიხურა ან გამოძიება არ დაწყებულაო. უბრალოდ, თაროზე შემოიდო. ახალ დეკლარაციაში, ჯემალ კვირიკაშვილმა შვილს 50 ათას დოლარზე მეტი აჩუქა, საიდან ჰქონდა? საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ის არც დასაქმებულია სადმე და არც ბიზნესი აქვს. არც უძრავი ქონება გაუყიდია, ნასყიდობის ხელშეკრულება არსად ფიქსირდება. ამიტომ ჩნდება კონკრეტული კითხვები, ხომ არ მოხდა ეს იმის გადასაფარავად, რაც 2016 წელს შეეშალა? იგივე, თეა წულუკიანის საჩუქარი ბიძისგან, რომელიც მისი თქმით, ოჯახის შექმნის გამო მიიღო. რაღაც ტრენდულად იქცა, რომ დეკლარაციებში გაჩნდა "საჩუქარი ოჯახის წევრისგან" და ეს რამდენიმე კი არა, ასიათასობით ლარია. ასეთი ტენდენცია არ ყოფილა. შეიძლება, საბოლოოდ არც არაფერი ხდებოდეს, არ ვიცი, მაგრამ როცა 2016 წელს პასუხები ვერ მივიღეთ, დღეს კიდევ უფრო ლეგიტიმური შეკითხვები მაქვს, რომლებიც პასუხებს ითხოვს. მსგავსი დისბალანსი დიმიტრი ქუმსიშვილთანაც დაფიქსირდა. გარდა ამისა, კონკრეტული ჩინოვნიკები ისეთი სერვისებით სარგებლობდნენ "ქართუ ბანკისგან", რომელიც რეალურად არ არსებობდა: ეს ბანკი იპოთეკურ სესხს საერთოდ არ იძლევა, მაგრამ რამდენიმე მინისტრი სარგებლობდა. მოკვლევის დაწყება შესაბამის უწყებებს ამაზეც ვთხოვეთ. ასე ადამიანების დაყოფა არ შეიძლება. ბიძინა ივანიშვილი იაფ ფულს მოსახლეობას დაჰპირდა და მინისტრებს მისცა.

- თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?

- ჩემი სუბიექტური აზრით, საქმე "შავი ფულის", არალეგალური შემოსავლების "გათეთრებასთან" გვაქვს. დღემდე ვერ ამოვხსენი, ნაკლები შემოსავლით როგორ შეიძლება სამჯერ მეტი სესხის გადაფარვა. ჩაწყობილ ტენდერებზე, კარტერულ გარიგებებზე მხოლოდ მე კი არა, სხვებიც ბევრს საუბრობენ, მათ შორის - არასამთავრობო ორგანიზაციები.

- იმავეს ამბობენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზეც, მათ დარღვევებზე თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში.

- მოდი ასე ვთქვათ, სირაქლემის პოზაში ყოფნა მაინცდამაინც კარგი არ არის. თუ მაშინ ვინმე კორუმპირებული იყო, ფულს შოულობდა, დეკლარაციას ნორმალურად არ ავსებდა, მათზე, დღესაც კი აღარ უნდა ლაპარაკობდნენ, ციხეში უნდა იყვნენ - 6 წელი გავიდა. გვახსოვს, რომ კეზერაშვილს ყველა ხელს ადებდა, "ნაციონალური მოძრაობის" დროს დიდი ფული იშოვა, თუმცა, როგორც კი პოლიტიკური გარიგება შედგა მასა და ბიძინა ივანიშვილს შორის, სასამართლო წარმოებები შეწყდა. მე ხელს კი არ ვადებ, რომ დამნაშავე იყო, მაგრამ საქმეები აქ პოლიტიკურად წყდება და არა - სამართლებრივად. კეზერაშვილებსა და მსგავს ჩინოვნიკებზე მე დღეს პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერ ავიღებ.

- როგორ ფიქრობთ, რა პასუხს მიიღებთ აუდიტის სამსახურისგან?

- პასუხის იმედი არ მაქვს, ეს ერთგვარი ტესტია აუდიტის სამსახურისთვის, რამდენად სწორად იმუშავებს და დადებს დასკვნას, რომელიც ადეკვატური იქნება. საქმეები პროკურატურაში კონკრეტული მტკიცებულებებით შემაქვს და მჯერა, რომ მოვა ხელისუფლება, რომელიც ბიუჯეტის წურბლებს, ვისაც ხელი წაუცდა, კანონის სიმკაცრით დასჯის. ეს უბრალოდ, წინ წაგდებული საქმეებია, რომლებიც თაროებიდან გადმოვა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- მგონი, ხაბეიშვილის ეს ქმედებები პოლიტიკურ ხასიათს უფრო ატარებს. არ ვფიქრობ, რომ რაიმე კანონდარღვევა იყოს და დარწმუნებული ვარ, არც თავად სჯერა, რომ კრიმინალთან შეიძლება ჰქონდეს საქმე. ეს სამართლებრივი ასპექტია და რაც შეეხება მორალურ და პოლიტიკურ ასპექტს, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები, როდესაც შენ იმაზე მეტს ხარჯავ, ვიდრე შემოსავალი გაქვს, თანაც, ბუნებრივია, ყველა ადამიანს აქვს ისეთი მიმდინარე ხარჯი, რომელიც არ აღირიცხება - კვება, კომუნალური გადასახადები და ა.შ. მერე, ვიღაც ფულს ჩუქნის, რომ ეს ბალანსი გაასწოროს. ასეთი ამბავი არასასიამოვნოდ გამოიყურება. ფორმალური სამართლის ენაზე, აქ დარღვევას ვერ ვხედავ. ყოველ შემთხვევაში, რაც ვიცი. თუმცა, პოლიტიკურ ზიანს, ჩრდილს, რა თქმა უნდა, აყენებს. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. კარგად თუ ჩავეძიებით, ალბათ სხვა შემთხვევებსაც აღმოვაჩენთ, როდესაც ხარჯების ე.წ. ლეგალიზება ხდება. სამართლებრივ პრობლემას ვერა, მაგრამ პოლიტიკურსა და მორალურს ვხედავ. "ფულის გათეთრებაზე" საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ეს ჩუქება ფიქციად ჩაითვლება, თუ მამას რეალურად არ უჩუქებია და რაღაც თანხით გასწორდა. ასეთ ვითარებებში ამის დამტკიცება შეუძლებელია და ცხადია, ეს ხაბეიშვილს კარგად ესმის. თუმცა, პოლიტიკურ პროცესებში ასეთი ქმედებები არ გვიკვირს, კვირიკაშვილი არ არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებიც ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში და სამწუხაროდ, ალბათ კიდევ ბევრიც იქნება.

დავით ოქიტაშვილი:

- ბატონო დათო, როგორც მოქალაქე, როგორ ფიქრობთ, რამდენად საფუძვლიანია "ნაციონალური მოძრაობის" ეჭვები, რომ საქმე ფულის გათეთრებასთან გვაქვს, როდესაც ამა თუ იმ თანამდებობის პირს ნათესავის ან ოჯახის წევრისგან რამდენიმე ათასი ლარის ოდენობის თანხა ერიცხება?

- როდესაც ამას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ამბობს, დიდი სირცხვილია. გაიხსენონ, რა ხდებოდა მათ დროს. რასაკვირველია, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს და ღიად იცოდეს მთავრობის ამა თუ იმ წევრის ქონებრივი დეკლარაცია, რადგან ნდობა გამოუცხადეს. ეს რომ სხვამ მოითხოვოს, გასაგებია, მაგრამ "ნაციონალური პარტია" ქონებას ართმევდა და ობშორულ ზონებში დეიდაშვილებზე, ბიძაშვილებზე, საყვარლებზე აფორმებდნენ. კი არ ამოვიჩემე ისინი, მაგრამ იმ ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ეს, ვისაც უკან მოხედვისა და თავისი წარსულის არ რცხვენია. ერთადერთი, რაშიც მათ ვეთანხმები, არის ის, რომ ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და არის კიდეც. დღეს ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, რაც უნდა ჭკუათამყოფელი იყო, რაღაცას ვერ დამალავ, რადგან მაინც არაფერი დაიმალება. მთავარი კი ხალხია. პასუხები კითხვებზე, ვინ ვის რა აჩუქა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მაგრამ ამაზე სპეკულაცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

- პრემიერ-მინისტრის შემოსავალზეა საუბარი...

- ბატონ გიორგის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ამაზე საერთოდ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ეტყობა, დავალება აქვთ, რომ ყველა წარმატებულ ადამიანს თავს უნდა დაესხნენ, ჩირქი მოსცხონ. ხომ შეიტანეს განცხადება, ჰოდა, გაირკვევა, რა ხდება, დაველოდოთ. თავიანთ ყოფილ პრეზიდენტზე იფიქრონ, უკრაინაში რომ დაიჭირეს. "ნაციონალური მოძრაობა" მართლაც წარსულია და მათ გამონათქვამებზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს, რეიტინგი ნულს ქვემოთაა და ეს მათმა განაყოფმა აღიარა. თუმცა, ეს არავის უხარია, არც მე მიხარია, რომ ჩემს ყოფილ პრეზიდენტზე ხდება ასეთი ამბები, მრცხვენია. გულის სიღრმეში მეცოდებიან ეს ადამიანები, რადგან რეალობას არიან მოწყვეტილები.

- თქვენი აზრით, როგორ ხდება, რომ ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, ზოგიერთი ჩინოვნიკის საახლობლო უცებ ისე მდიდრდება, რომ ათასობით თანხას აქეთ ჩუქნიან?

- თქვენი, ჟურნალისტების დამსახურებაა, რომ ამ ქვეყანაში ხალხმა ყველაფერი კარგად იცის და ამიტომ, ყველას პატივს გცემთ. დემოკრატიულ ქვეყანაში დამალული აღარაფერია, ყველაფერს ხმამაღლა აშუქებთ. რასაკვირველია, უნდა ვიცოდეთ, რა ჰქონდა ადამიანს თანამდებობაზე დანიშვნამდე და რა - შემდეგ. შეცდომებს თუ დავინახავთ, რომელი პარტიის წევრიც უნდა იყოს, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ბევრი შეცდომაა, მაგრამ ვსწავლობთ და ნელ-ნელა გამოვდივართ იმ ჯალათური რეჟიმიდან, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა. ხალხი, მთავარი ძალა, მუდამ ინფორმირებული უნდა იყოს. ჩემს მტერს, თუ საზოგადოება და ხალხი გამწარდა. ეს ჩვენ ნანახი გვაქვს. ამიტომ, ანგარიში მათ უნდა ჩააბარონ და არა - ვიღაცას. რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვიყოთ თუ არა ამა თუ იმ პარტიის წევრის მხარდამჭერი. თუ გამოვლინდა, რომ ეს მართლაც დარღვევაა, პირობას გაძლევთ, რომ სხვანაირად მოგცემთ ინტერვიუს. მე ამის არ მრცხვენია. საზოგადოება კი დებილებად არ უნდა ჩაგვთვალონ და არც ჩავათვლევინებთ თავს, ვინც არ უნდა იყოს. მთავარი ხალხია, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე კი არ უნდა გახსოვდეს, უნდა გაუფრთხილდე.

თამთა დადეშელი