ნავთობისა და გაზის მარაგები საქართველოში და უახლოესი წლების პერსპექტივა - გზაპრესი

ნავთობისა და გაზის მარაგები საქართველოში და უახლოესი წლების პერსპექტივა

ამერიკული კომპანია "ფრონტერას" ბოლოდროინდელმა საპროგნოზო ციფრებმა კიდევ უფრო აქტუალური და საინტერესო გახადა ეს თემა. საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში 42 მილიარდი კუბმეტრი ბუნებრივი აირის არსებობის შესახებ კომპანიის შარშანდელი განაცხადი საკმაოდ თამამი და ენერგეტიკოსებისთვის დაუჯერებელიც კი აღმოჩნდა, მით უფრო, რომ "ფრონტერას" ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში გაზის მარაგების ამბავი ატლანტიკური საბჭოს ანგარიშშიც მოხვდა და იქ უკვე 3,8 ტრილიონი კუბმეტრი გაჟღერდა.

ამ განცხადებამდე 2 თვით ადრე კი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსგან კომპანიამ საბადოდან მხოლოდ 23 მილიონი კუბმეტრი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია მოითხოვა. როდესაც სააგენტომ ამერიკელ ინვესტორს დამატებითი მოცულობების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვა, "ფრონტერამ" უარი განაცხადა იმ არგუმენტით, რომ მარაგების შესახებ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება არა აქვთ. ეს საკითხი სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიას შორის სასამართლო დავის თემად იქცა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა არ ისურვა "ფრონტერას" შესახებ ჩვენთან საუბარი და განაცხადა, ვინაიდან სახელმწიფო მხარეს წარმოადგენს, კონტრაქტის დებულებების დაცვა ევალება. "ფრონტერამ" კი მოითხოვა, რომ ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა იყოს. სხვა კითხვებზე კი - გახდება თუ არა საქართველო გაზის ექსპორტიორი ქვეყანა და როდის იქნება ეს შესაძლებელი, რამდენად ინტენსიურად მიმდინარეობს ამ დარგის განვითარება და რა პროექტები ხორციელდება წელს? - მან საინტერესო და იმედისმომცემი პასუხები გაგვცა.

- ბატონო გიორგი, თქვენი ინფორმაციით, თუ არსებობს საქართველოში ბუნებრივი აირის ამხელა რესურსი და საერთოდ, რას იტყვით, ქართული ნავთობისა და გაზის მარაგებსა და რესურსებზე?

- თავდაპირველად გეტყვით, როგორ ხდება ნავთობისა და გაზის ბუდობების ძიება და მიხვდებით, ეს პროცესი რამდენ დროსა და ხარჯებს საჭიროებს და რამდენად რთულია. ჯერ ტერიტორიის შეფასება ხდება, ანუ ვიდრე ამ ტერიტორიაზე გაზს ან ნავთობს აღმოვაჩენთ, ჯერ ვსაუბრობთ რესურსებზე, ანუ იმის თაობაზე, თუ რა მოცულობის ნავთობი ან გაზი შეიძლება იყოს ამ ადგილზე და არა მარაგებზე. ეს არის წინასწარი შეფასება, რომელიც თეორიული კვლევების საფუძველზე ხდება. ვთქვათ, გაჩნდა ვარაუდი, რომ გეოლოგიური გარემოს გამო ერთ კონკრეტულ ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეს რესურსი. ზედაპირული დათვალიერებით იმის თქმაც შეიძლება, რომ საკმაოდ კარგი მონაცემებია შემდგომი ეტაპისთვის. მეორე ეტაპი კი მოიცავს გეოფიზიკურ კვლევებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სეისმური კვლევები, რომელთა შედეგად ვხვდებით, არის თუ არა მიწის წიაღში სტრუქტურა, რომელშიც შესაძლოა დაგროვილი იყოს ნავთობი ან გაზი. ამის ზედმიწევნით გასაგებად გადავდივართ მესამე, ყველაზე უფრო რისკიან ეტაპზე - ბურღვაზე, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ხმელეთზე 1 ჭაბურღილის ღირებულება სადღაც 7-დან 15 მილიონ დოლარამდეა და შანსი იმისა, რომ პირველი ჭაბურღილით მოხდება აღმოჩენა, 10%-ზე ნაკლებია. ასეთია საერთაშორისო სტანდარტი. მინიმუმ 3 ჭაბურღილია საჭირო და თუ ეს პროცესი წარმატებით დამთავრდა - იქ ნავთობი ან გაზი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ დაგროვება არის, მაგრამ გასარკვევია, რამდენად კომერციულია ეს ბუდობა? შესაძლებელია, წამოვიდეს და 2 დღეში ისევ გაჩერდეს. მოკლედ, ირთვება საცდელი ექსპლუატაციის რეჟიმი, რის შემდეგაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად კომერციული აღმოჩენაა და შეიძლება გადავიდეთ იმ ეტაპზე, როდესაც ამ რესურსებს მარაგებში გადავიყვანთ. მოკლედ მარაგი არის მოცულობა, რომელიც უკვე დადასტურებული და აღმოჩენილია ბურღვით. აი, ასეთი გრძელვადიანი პროცესია ნავთობისა და გაზის აღმოჩენა.

- ამ კვლევების შემდეგ შესაძლებელია მიახლოებითი მარაგების განსაზღვრა?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. გააჩნია, რომელ კატეგორიაში გაქვს გათვლილი მარაგები.

- რამდენად რეალური და მიღწევადია მოლოდინი იმისა, რომ ახლო მომავალში ენერგოდამოუკიდებლები გავხდებით?

- ვფიქრობ, ამ მიმართულებით არა ერთი, არამედ რამდენიმე პერსპექტივაა. პირველი, ეს არის გაზის აღმოჩენის პერსპექტივა თბილისის მიმდებარედ, სამგორის რაიონში, სოფლებთან - თელეთთან და გამარჯვებასთან ახლოს. შარშან საქართველოში შემოვიდა კომპანია "შლუმბერჟე", რომელიც მსოფლიოში პირველი კომპანიაა ნავთობისა და გაზის სერვისში. ასეთი მსხვილი კომპანია ასეთ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ არ იღებს. მათ რომ არ დაენახათ რეალური პერსპექტივა, ბუნებრივია, ქვეყანაში არც შემოვიდოდნენ. გაზაფხულიდან დაიწყებენ ბურღვას გაზის საძიებლად, თუმცა არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ პირველივე ჭაბურღილი შედეგიანი იქნება. თავიდან 2 საძიებო ჭაბურღილი იგეგმება და თუ წარმატებული იქნება, კიდევ უფრო ბევრი იქნება გასაბურღი საექსპლუატაციოდ. იმედი გვაქვს, პროექტი წარმატებით დამთავრდება. ეს რაც შეეხება "შლუმბერჟეს". არანაკლებ საინტერესო პროექტი იწყება დასავლეთ საქართველოში, სუფსაში. აქ 2 კომპანიის კონსორციუმი იმუშავებს: ინდური კომპანია "ვექტრა პეტროლიუმი" და ავსტრალიურ-ჰონკონგური კომპანია "ნაუტიკი", რომელსაც აზიის ბაზარი კარგად აქვს ათვისებული. უფრო ნავთობის მიმართულებით იწყებენ მუშაობას, წინა სამუშაოები უკვე დაამთავრეს და ახლა დამატებით სეისმურ კვლევებს ჩაატარებენ. 2020 წლამდე ორ ჭაბურღილს გაბურღავენ და ვნახოთ, მოვსინჯოთ ნავთობის პერსპექტივა. არიან სხვა კომპანიებიც, რომლებიც საკმაოდ საინტერესო საძიებო პროექტებს იწყებენ. გვყავს 3 პოტენციური ინვესტორი, რომლებთან მოლაპარაკებებიც პრაქტიკულად უკვე დასრულდა, ტენდერში გაიმარჯვეს და 5 სალიცენზიო ბლოკი გადავა მათ განკარგულებაში: ერთი სამეგრელოში, 3 რაჭასა და იმერეთში, ერთიც თბილისთან ახლოს. წელს იწყება კიდევ ერთი საინტერესო პროექტი - შავი ზღვის ტენდერისთვის მზადება. ტექნიკურად ძალიან რთულია ზღვაზე ბურღვა და ძალიან ძვირიც ჯდება - 200-დან 300 მილიონამდე დოლარი. ამიტომაც საერთაშორისო კომპანიის მოწვევა აუცილებელი საჭიროებაა. ასეთი კი სულ რამდენიმეა და მათი დაინტერესება და შემოყვანა საკმაოდ რთულია. რამდენიმესთან უკვე გვაქვს მოლაპარაკება და მათი დაინტერესება მაღალია. მათ შავ ზღვაზე არსებული მასალები თავიდან გადაამუშავეს და ანგარიშიც დადეს, რომ შავი ზღვა საკმაოდ პერსპექტიულია. ვნახოთ, რა იქნება, ეს პროექტები თუ წარმატებით განხორციელდა, წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.

- თუმცა უკვე წლებია გვესმის ამ პერსპექტივის შესახებ, რეალურ შედეგს კი ვერ ვხედავთ... ამდენი რესურსისა და მარაგის პირობებში რა უშლის ხელს ამ დარგის ინტენსიურ განვითარებას? ის, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ინვესტორების საქმიანობაზე ეფექტურ კონტროლს; ის, რომ თავად ინვესტორი ორიენტირებულია საბადოებიდან სწრაფი და მაქსიმალური მოგების მიღებაზე თუ სახელმწიფოს მხრიდან დარგის მართვის დაბალი დონე?

- ვერ ვიტყვი, რომ დარგის განვითარების ინტენსივობა დაბალია, პირიქით, საკმაოდ მაღალია. 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა საქნავთობი, მაგრამ პირველი დიდი აღმოჩენა 1974 წელს იყო - წელიწადში 3 მილიონ ტონა ნავთობს იძლეოდა ის ნავთობის საბადო. ფაქტობრივად, ამას 40 წელი დასჭირდა. რა სიტუაცია გვაქვს ახლა? 2007 წლამდე საქართველოში საძიებო პროექტები არ განხორციელებულა, 2007 წლიდან დაიწყო ინვესტორებისთვის საძიებო პროექტების ლიცენზიების მასობრივად გაცემა. 2008-ში იყო ომი, მერე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ნავთობის ფასების პიკური ვარდნა. შეიძლება ითქვას, 2010 წელს დაიწყო კონტრაქტების გაფორმება. თითოეული კონტრაქტი მინიმუმ 4-წლიან მინიმალურ სავალდებულო სამუშაო პროგრამას მოიცავს. 2014 წლიდან საბადოების ძებნა-ძიების პროცესი ბევრად ინტენსიურ ფაზაში გადავიდა. ამით რა მინდა ვთქვა - ეს დრო ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ, საქართველოს აქვს თუ არა ნახშირწყალბადების მოპოვების პერსპექტივა. კომპანიების ძირითადი ნაწილი უკვე გადავიდა ბურღვით ფაზაში და მომავალი 3 წელი ძალზე საინტერესო იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს, რეალურად შევაფასოთ პერსპექტივა და გამოჩნდეს, მართლაც არის ეს ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენ გვეჩვენება თუ არა.

- თქვენ როგორ გგონიათ, რისი მოლოდინი გაქვთ?

- ამ სფეროში ვარ 1996 წლიდან და მიმაჩნია, რომ საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალი გვაქვს. ვფიქრობ, სრულიად უნდა დავაკმაყოფილოთ ჩვენი შიდა მოთხოვნილება და ექსპორტზეც გავიტანოთ. ეს საკმაოდ რეალურია. რაც შეეხება ზღვას, ძალიან მაღალი ალბათობით მგონია, რომ თუ გამართლდა ის პროგნოზები, რაც გვაქვს და რასაც მსხვილი საერთაშორისო კომპანიებიც გვიდასტურებენ, ძალიან დიდ აღმოჩენებზე ავლაპარაკდებით. ასე რომ, პერსპექტივა არის, მიმართულება სწორია, გეგმები კი განხორციელებადია. რაც შეეხება ინვესტორების კონტროლს, ეს კითხვა ყოველთვის დგას და ყოველთვის ლეგიტიმურია, რამდენად სწორად და სამართლიანად ხდება მათი კონტროლი. სააგენტოს გააჩნია ყველანაირი ბერკეტი, რათა აკონტროლოს რესურსების რაციონალური ათვისება, ნავთობისა და გაზის ოპერაციების მიმდინარეობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სხვადასხვა სანქცია - დაჯარიმებიდან კონტრაქტის გაწყვეტამდე.

ნინო ჯავახიშვილი