ქართველი ბოდიბილდერის ემიგრანტული ცხოვრება აშშ-ში - გზაპრესი

ქართველი ბოდიბილდერის ემიგრანტული ცხოვრება აშშ-ში

სამშობლოდან გამგზავრების შემდეგ, უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებელი გზების ძიებისას, გარკვეული პერიოდით სპორტს თავი დაანება, თუმცა, ყოფითი სირთულეების გადალახვის მერე, ძველებურად ისევ დაუბრუნდა ვარჯიშსა და ბოდიბილდინგის სფეროში დასახული მიზნებისკენ მიმავალ გზას. ვიქტორი თავისი ამერიკული ცხოვრების შესახებ გვიამბობს.

- ვიქტორ, როგორ მიგიღო ამერიკამ? ისეთი თუ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდი?

- სიმართლე გითხრათ, მანდედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. თავიდან, ძალიან რთულია აქაურ ცხოვრებაზე გადმოწყობა, მაგრამ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ დაგხვდება და რა სფეროში აღმოჩნდები. იმ მხრივ გამიმართლა, რომ ამერიკაში ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობენ და მათთან ჩამოვედი, ბინის პრობლემა არ მქონდა. მერილენდის შტატში რამდენიმე თვე გავჩერდი და შემდეგ, ნიუ-იორკში გადმოვედი საცხოვრებლად. როცა აქ მეგობრები შევიძინე, ყველაფერი შედარებით გაადვილდა. თავიდან მძიმე, ფიზიკურ სამუშაოს ვასრულებდი. მაგალითად, ავეჯის გადაზიდვას ვახდენდი. ნიუ-იორკში უფრო სხვანაირი სიტუაციაა, განსაკუთრებით, თუ ბრუკლინში მოხვდი, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ქართველი და რუსულენოვანი ხალხია ბევრი, საბჭოთა კავშირივითაა (იცინის). წლებია, ზოგი აქ ცხოვრობს და ადაპტირებაც მოახერხა. ახლა ნიუ-იორკის რესტორნებში დაცვაში ვმუშაობ. პარალელურად, ვვარჯიშობ და პერსონალური მწვრთნელი ვარ. აქაური მწვრთნელებიც გავიცანი, პროფესიონალები, რომლებიც ბოდიბილდერებს უფრო მაღალ დონეზე ავარჯიშებენ. თავიდან ვარჯიშის მხრივაც ჩავარდნა მქონდა, ფორმაც დავკარგე, რადგან თავის გატანაზე უნდა მეზრუნა.

- როგორი ხალხია ამერიკელები?

- გულიანად მოგიდგებიან, არც შური ამოძრავებთ და არც სხვა რამ. ბევრი კარგი ქართველი მეგობარი შევიძინე და ძალიან ვაფასებ მათ. აქ ზოგი გეხმარება, ზოგი თავგზასაც გიბნევს, არ უნდა, წარმატებას რომ მიაღწიო და მასზე კარგად იყო. მაგალითად, თვითონ შეიძლება 10 წლის ჩამოსული იყოს, საბუთებიც ჰქონდეს, მაგრამ მაინც არაფერს წარმოადგენდეს... არასწორ რჩევებს გაძლევენ, ყველაფერს გირთულებენ. ამ დროს კი შეიძლება ამერიკელი სრულიად უანგაროდ დაგეხმაროს და სწორი მიმართულება მოგცეს. კარგი ხალხია. ქართველები უფრო უთხრიან ერთმანეთს ძირს, სამწუხაროდ. თუმცა, თუ მიზანი გაქვს, შენს გზას მაინც იპოვი. ცუდი და კარგი ყველგანაა და რა თქმა უნდა, აქაც ასეა. აქ წარმატების მიღწევა ნამდვილად შეგიძლია, უბრალოდ, დროა საჭირო, რადგან ჩამოსვლისას ყველაფერს ნულიდან იწყებ. ყველაფერი ახალია და შეგუება, გაცნობა გიწევს. მოკლედ, ხელახლა იბადები და ცხოვრებას ხელახლა სწავლობ.

- როგორი გართობაა რესტორნებში?

- ამერიკაში ისეთი სუფრები, როგორც ქართველებმა ვიცით, არ იციან. სუფრას ვერც დავარქმევ მათ შეკრებას. დალევა იციან, დაისხამენ ჭიქაში, ფეხზე დგანან და ლაპარაკობენ. არ მომწონს მათი ტრადიცია, მიუხედავად იმისა, რომ არც ქართული სუფრის ტრადიციების დიდი მიმდევარი ვარ, დალევა საერთოდ არ მიყვარს. სიმართლე გითხრა, სამსახურიდან გამომდინარე, ეს რესტორნული გართობა ყელში მაქვს ამოსული. ყოველდღე ამ ხმაურითა და მუსიკით გადავიღალე კიდეც. ჩემს უფროსებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერს სიმკაცრის ელფერი დაჰკრავს. მუშაობასთან ერთად, შემიძლია ჩვეულებრივად ვიურთიერთო ხალხთან, გავერთო. მოკლედ, ახლა უკვე მოვერგე აქაურ სიტუაციას. ამერიკაში ყველა ფენის წარმომადგენელს აქვს საშუალება, რომ რესტორანში წავიდეს. ვინც მუშაობს, მისთვის პარასკევი, შაბათი და კვირა განტვირთვის დღეებია, რომლებსაც გასართობად, მეგობრების სანახავად იყენებს. ძირითადი მასა ფინანსურად თითქმის თანაბარ დონეზეა, თუმცა, არიან ძალიან მდიდრებიც.

- კლუბური ნარკოტიკების თემა ალბათ განსაკუთრებით აქტუალურია?

- სიმართლე გითხრა, არ ვეხები მაგ თემას, მაგრამ ვხედავ, რომ ძალზე პოპულარულია. თითქმის ყველა მოიხმარს და ზოგი საერთოდ მაგით ცხოვრობს, დამკვიდრებული წესივითაა, "უიკენდზე" რაღაც უნდა მოსწიო ან კოკაინი შეიყნოსო. სამწუხაროდ, დოზის გადაჭარბებით დაღუპულიც ბევრია... ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვები პატარაობიდანვე ჯანსაღი ცხოვრების წესს მივაჩვიოთ და მსგავსი მავნებლობებისგან დავიცვათ. ჯანმრთელ სხეულში მართლაც ლამაზი სულია და ხალხიც უფრო კეთილგანწყობილია შენ მიმართ. როცა იგებენ, სპორტსმენი ვარ და ვვარჯიშობ, უფრო პატივისცემით მეპყრობიან. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, მეტი ყურადღება მიაპყრონ ფიზიკურ სიჯანსაღეს, რაც დადებითად აისახება მათ შინაგან სიჯანსაღეზეც.

- სპორტსმენს კვების მხრივ დიდი ხელშეწყობა სჭირდება, ფორმაში რომ იყოს. ამერიკული საკვები მართლაც ისეთი უხარისხოა, როგორც ამბობენ?

- ზოგი პროდუქტი კარგია, მაგრამ ბანალური იქნება, თუ ვიტყვი, რომ ქართულთან ახლოსაც ვერ მივა ხარისხით. საქართველოსნაირი ხილი და ბოსტნეული არსადაა. აქ ყველაფერი პლასტმასივითაა, არც სუნი და არომატი აქვს. ქართულ სამზარეულოს ვერაფერი შეედრება. ნიუ-იორკში ცხოვრების ძალიან სწრაფი ტემპია და ხალხი ამიტომ ეტანება სწრაფი კვების ობიექტებს. სწორედ ამიტომაა ჭარბწონიანები პროცენტულად აქ მეტი. თუმცა, ისეთებიც არიან, ვინც თავის თავს მეტ ყურადღებას აქცევს და კარგ ფორმასაც ინარჩუნებენ. აქ ყველა სამსახურზეა ორიენტირებული და იმის დრო არა აქვთ, სახლში, სამზარეულოში იტრიალონ და ნაირ-ნაირი კერძი ამზადონ. ყველა გადარბენაზეა, მოსწრებაზეა. თავიდან მეც გამიჭირდა კვების რეჟიმის დაცვა.

- ბოდიბილდერის აღნაგობა ხალხის ყურადღებას თუ იქცევს?

- კი, აქაც იციან შემოხედვა, როცა ნავარჯიშები ტანი გაქვს, მაგრამ ისე არ მოგაშტერდებიან, როგორც საქართველოში. საქართველოში უფრო მცნობდნენ და ყურადღების ცენტრში ვიყავი. აქ ყველა თავის საქმეზე გარბის და შენ ნაკლებად აინტერესებ. თუმცა, რესტორანსა და ბარში 1-2 ჭიქას რომ დალევენ, უფრო თამამდებიან, კომპლიმენტებს მეუბნებიან, რაც ძალზე სასიამოვნოა. არაფრის კომპლექსი არა აქვთ. თუ ვინმეს შენ მიმართ სიმპათია გაუჩნდა, მოვა და გამოგელაპარაკება, რა პრობლემაა? საქართველოში ვინმეს რომ მოეწონო, ვერ გეტყვის. რესტორანში ბოიფრენდებთან და ქმრებთან ერთად ყოფილან და მე წამფლირტავებიან (იცინის). თქვენ წარმოიდგინეთ, გასვლის წინ, უკოცნიათ კიდეც (იცინის). თამამი ხალხია, არაფრის ერიდებათ. კომპლიმენტის თქმაში ცუდი არაფერია, ადამიანისთვის სტიმულის მომცემია, ფიქრობ, რომ შენს შრომას, ვარჯიშს ფუჭად არ ჩაუვლია და ღირს, რომ ეს ყველაფერი აკეთო.

- ურთიერთობაში როგორები არიან ამერიკელი გოგონები?

- უფრო ცივები, პრაგმატულები. 1-2-დღიანი ურთიერთობები უფრო ხიბლავთ. ვთქვათ, გაიცნობენ ბიჭს ბარში ან სადმე, იმ დღეს მათ შორის რაღაც მოხდება და მორჩა, იმის იქით არ გრძელდება. ხანმოკლე ურთიერთობები მოსწონთ. ამერიკელი როიალს არ შემოგიგორებს სახლში (იცინის) და შენც უფრო კომფორტულად გრძნობ თავს. თუ ვინმე სერიოზულად მოგეწონა, რა თქმა უნდა, შენც მეტ ინიციატივას გამოიჩენ. ასეთი სტილის ცხოვრება და მენტალიტეტი აქვთ, პატარაობიდანვე ასე არიან მიჩვეულები. 30-35 წლის შემდეგ ფიქრობენ სერიოზული ურთიერთობის დაწყებაზე, ოჯახის შექმნაზე, ქმარზე, შვილებზე. მანამდე ყველა ერთობა, სწავლობს, ცხოვრებას იწყობს, სასურველ სამსახურს პოულობს. როცა მითქვამს, 32 წლის ვარ და დავბერდი-მეთქი, იცინიან, ახლა იწყებ ცხოვრებასო. ვინც თავის სხეულს, სილამაზეს, ვიზუალურ მხარეს ყურადღებას აქცევს და ამაზე ფიქრობს, ალბათ უფრო ამ მხრივაა მტკივნეული ასაკის მატება. თუმცა, ერთი ირანელი მეგობარი მყავს, რომელიც შვედეთში, სტოკჰოლმში ცხოვრებისას გავიცანი, 60 წლის კაცი ისე გამოიყურებოდა, 25 წლის გოგონებთან დადიოდა. ჩემი ქართველი მეგობარი მინდოდა მისთვის გამეცნო, 35 წლის და გადაირია, ბებერიაო (იცინის). სულ თავს უვლიდა და მისი ასაკისთვის გასაოცარ ფორმაში იყო.

- რა იყო შენი მთავარი მიზანი, როცა ამერიკაში წახვედი?

- აქ ფულის მოსაგროვებლად არ ჩამოვსულვარ, ჩემი მთავარი მიზანი ისევ და ისევ სპორტი იყო. გული მწყდება, რომ თავიდანვე ამ გზით ვერ წავედი, ეს შეუძლებელი იყო. არსებობა მჭირდებოდა, ელემენტარულად. ახლა მინდა, რომელიმე კონკურსში ან შეჯიბრებაში მივიღო მონაწილეობა. ყველაფერს ვაკეთებ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც წლების განმავლობაში ვემსახურებოდი საქართველოში.

თამთა დადეშელი