საინტერესო რჩევები წამყვანისაგან - გზაპრესი

საინტერესო რჩევები წამყვანისაგან

პოპულარულ და რეიტინგულ გადაცემას - "არცოდნა აკრძალულია", ახალი წამყვანი შეემატა. თაკო კორინთელი "თV პალიტრანიუსის" სამუშაო გუნდს ორიოდე კვირაა შეუერთდა და მაყურებელმა ის განსხვავებულ ამპლუაში უკვე იხილა. აღნიშნავს, რომ ამ კოლექტივთან ერთად მუშაობა ძალიან მოსწონს და გადაცემიდან თვითონაც ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას იღებს. თაკო ახალი სამსახურის, ჟურნალისტური საქმიანობის უფრო ადრეული პერიოდისა და სხვა თემების შესახებ გვესაუბრება.

- გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" აქამდე არაერთხელ მინახავს და ყოველთვის ვთვლიდი, რომ ძალზე საინტერესო იყო. "თV პალიტრანიუსისგან" შემოთავაზება რამდენიმე კვირის წინ მივიღე და სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ჩემთვის ეს ახალი გამოწვევა და ასევე ახალი შესაძლებლობების დასაწყისია. ერთი კვირა გავიდა, რაც გადაცემები ჩავწერეთ და მაყურებელს საშუალება ექნება, კვირის ბოლოს კვლავ მიხილოს ეთერში. ვთვლი, რომ ეს ძალზე სასარგებლო და აუცილებელი, საჭირო გადაცემაა, განსაკუთრებით - დიასახლისებისთვის, ეს ინფორმაციები ყველამ უნდა ვიცოდეთ, მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ, უფრო დაცულები რომ ვიყოთ. "პალიტრანიუსში" ძალიან კარგად მიმიღეს, შესანიშნავი გუნდია და თავს კომფორტულად ვგრძნობ, რაც სამსახურში ყველაზე მთავარია. კარგი ტელევიზიაა, პროფესიონალი გუნდით!

- თქვენ შესახებ გვიამბეთ. რადიოებში ჟურნალისტური საქმიანობა ჯერ კიდევ სტუდენტობიდან დაიწყეთ, შემდეგ კი - ტელევიზიაში.

- აქამდე ერთ-ერთ ტელევიზიაში ვმუშაობდი. ჯერ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვიყავი, შემდეგ კი დილის გადაცემის. პირველ კურსზე ვიყავი, რადიოში რომ მიმიღეს და კარგად მახსოვს ჩემი პირველი რადიოეთერი, ძალიან ვღელავდი. ყოველთვის ნერვიულობ, როცა პირდაპირ ეთერში ხარ. პირველი რამდენიმე თვე ძალიან გამიჭირდა, თუმცა, მერე, როცა ამ რეჟიმში მუშაობას შევეჩვიე, მღელვარება დავძლიე და ყველაფერი მარტივად გამომდიოდა. რადიოში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. მეგობარს გავუარე, დირექტორმა დამინახა და შემომთავაზა, ჩვენთან ხომ არ იმუშავებო? მეც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდი სხვადასხვა რადიოში ვიმუშავე.

- რადიოს პირდაპირ ეთერში მუშაობამ ტელევიზიაში, კამერებთან მუშაობა გაგიადვილა?

- რადიო საფუძველია იმის, რომ ტელევიზიაში მუშაობა არ გაგიჭირდეს. კარგი გამოცდილებაა, ბევრი რამ მასწავლა და მნიშვნელოვანი წლები იყო. მერე, როცა ტელევიზიაში მოვხვდი, უკვე ბევრი რამ ვიცოდი - მიკროფონთან მუშაობა, მეტყველებაზე ნამუშევარი გაქვს და ამაზე აღარ ფიქრობ, ამიტომ ტელევიზიაში უკვე მხოლოდ კამერაზე ფიქრობ. რადიო კარგი სკოლაა ტელევიზიამდე. სატელევიზიო პირდაპირი ეთერი ორმაგი პასუხისმგებლობაა, რადგან რადიოში წამყვანი არ ჩანს. ამიტომ ეკრანზე პირველად რომ წავიყვანე საინფორმაციო გამოშვება, ძალიან ვინერვიულე, თუმცა, გარკვეული პერიოდის მერე, ესეც დავძლიე. საერთოდ, როცა შენი პროფესია გიყვარს, ყველაფერს აკეთებ, ეჩვევი და იმ ამპლუას ერგები.

- თქვენს პროფესიულ არჩევანზე რამ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა?

- როგორი ბანალურიც უნდა იყოს, ჟურნალისტობა ბავშვობიდან მინდოდა. მიკროფონებთან მიყვარდა კონტაქტი. ბავშვებთან თამაშის დროს, სულ რაღაცის წამყვანი ვიყავი და ეს ძალიან მომწონდა. ვთამაშობდი, ვითომ დიქტორი ვიყავი. დროთა განმავლობაში ამ ყველაფერმა უფრო სერიოზული სახე მიიღო და ბოლოს, გადავწყვიტე ჟურნალისტი გავმხდარიყავი. სკოლის პერიოდში ამ მხრივ რაიმე მცდელობა არ მქონია, რადგან ძალიან დატვირთული ვიყავი სხვადასხვა წრეებსა და მასწავლებლებთან სიარულით, ფიზიკურად არ მქონდა დრო, რომ ჟურნალისტიკის განხრით რაიმე სახის აქტივობაზე მეფიქრა.

- თქვენი აზრით, წამყვანის ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია თუ ვიზუალური მხარე?

- ვფიქრობ, ტელეწამყვანისთვის ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია, რადგან მაყურებელი ამ მხრივაც გაფასებს.

- ეკრანზე ყოველთვის მოწესრიგებულ და იდეალურ ფორმაში მყოფ წამყვანებს ვუყურებთ ხოლმე, რა ხდება კადრს მიღმა? რამდენად რთულია მუდამ ფორმაში ყოფნა? თავის მოვლას რა დროს უთმობთ? შოპინგი, სალონები...

- ცხადია, ყოველთვის იდეალურ ფორმაში ვერ იქნები, თუმცა, გააჩნია რამდენად მონდომებული და მოტივირებული ხარ. თავის მოვლა ძალიან მიყვარს, ამიტომ კადრს მიღმაც ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, თავს მოვუარო. საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტებს არ ვატარებ და ზედმეტად არ ვერევი. სალონში ძირითადად ფრჩხილების მოსავლელად დავდივარ და ბოტოქსებით ან მსგავსი პროცედურებით თავს არ ვანებივრებ. ვთვლი, რომ არ მჭირდება. შოპინგის თემა კი, როგორც ყველა ქალს, მეც ძალიან მხიბლავს, ერთგვარი თერაპიაა და როცა დრო მაქვს, ყოველთვის ვშოპინგობ. წამყვანის ჩაცმულობა, მოგეხსენებათ, დახვეწილი უნდა იყოს, ამიტომ შესაბამისი გარდერობიც აუცილებლად უნდა გქონდეს. "არცოდნა აკრძალულიასთვის" სამოსს ჩემი გემოვნებით ვარჩევ.

- ბარბის რეალურ თოჯინას გადარებენ, რაც ცხადია, სასიამოვნოა. ყურადღებას ქუჩაში თუ გრძნობთ ხოლმე?

- კომპლიმენტი, რა თქმა უნდა, ყველა ქალისთვის სასიამოვნოა და შესაბამისად, ჩემთვისაც. ზოგი მცნობს ქუჩაში და სასიამოვნოა, როცა აღნიშნავენ, თქვენს გადაცემას ვუყურებო. თუმცა, ზედმეტი ყურადღების გამოვლენას ვერავინ შეძლებს, რადგან დაოჯახებული ვარ.

- რა არის თქვენთვის განტვირთვის საშუალება, ჰობი?

- ხატვა ძალიან მიყვარს და სახლში მაქვს კიდეც ჩემი ნამუშევრები. ხატვა და სიმღერა ჩემი ჰობია, ცურვა - განტვირთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება, ისევე როგორც შოპინგი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

თამთა დადეშელი