თოვლში მოსიარულე სვანების საწუხარი - გზაპრესი

თოვლში მოსიარულე სვანების საწუხარი

"რამდენჯერაც აქეთ წამოვალ, ვფიქრობ, რომელი უფრო ლამაზია, თუშეთი თუ სვანეთი? იმავეს ვეკითხები იმ ტურისტებსაც, ვისაც საქართველოში რამდენჯერმე უმოგზაურია. ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდი... რაც მთავარია, ორივე განსაკუთრებით ლამაზია", - მეუბნება მძღოლი. ცოტა არ იყოს, უხერხულობასაც ვგრძნობ: უცხოელებს რამდენჯერმე უნახავთ სვანეთი, მე კი პირველად მივდივარ... ხაიშამდე, ერთ-ერთ მკვეთრ მოსახვევში, მთიდან ჩამოგორებული ლოდი გზაზე დევივით იყო "დაყუდებული"... ასეთ მოულოდნელ "დევებს" კიდევ შევხვდებითო, - ამბობენ ჩემი თანამგზავრები...

ზუგდიდიდან დაახლოებით 70 კილომეტრში უკვე იგრძნობა განსხვავებული ბუნება, ჰაერი, თითქოს ერთბაშად შევიჭერით მთებში... გზის ორივე მხარეს მაღალი წიწვოვანი ხეები მიჯრით არის "ჩაწყობილი". გზადაგზა ტურისტებით დატვირთული მანქანები შევნიშნეთ... მთებს შორის მომწყვდეული მზე ხან ერთი მხრიდან გვაცილებს, ხან - მეორედან... განსაკუთრებულად ლამაზ ადგილებში მძღოლი სიჩქარეს ანელებს, რომ ულამაზესი ბუნების აღქმა და ფოტოგადაღება შევძლოთ... ბუნება რომ ყველაზე საუკეთესო შემოქმედია, ამაში აქ ყველა მხარეს არსებული ხედი დაგარწმუნებთ... ლოდი, მთა, კლდე, წიწვოვნების ტყე და მათ შორის ჩახვეული მდინარეები, რომლებიც თურმე ადრიან გაზაფხულზე თოვლის დნობასთან ერთად თვალის დახამხამებაში დამანგრეველ ძალად იქცევიან, განუმეორებელ კომპოზიციას ქმნის.

აქა-იქ, მთებზე თოვლია შემორჩენილი. მძღოლი გვაიმედებს, ახალი, თეთრი და ფაფუკი თოვლი ზემოთ, მესტიაში დაგხვდებათო... წელს ბარში ერთი ფანტელიც არ ჩამოვარდნილა და ამიტომ (თუმცა, მხოლოდ ამიტომ არა) უფრო მეტად მიხარია სვანეთში წასვლა... გზადაგზა სითბოსგან მოტყუებული, თეთრად აყვავებული ტყემლის ხეები გვხვდება...

ბეჩოს გადასახვევთან ვჩერდებით, რომ მთებს შუა წითლად ჩამავალი ბდღვრიალა მზე აღვბეჭდოთ...

- იქნებ, ვიდრე ბოლომდე ჩავა, უშგულის წვერის დანახვაც მოვასწროთო, - იმედოვნებენ ჩემი მეგობრები... ხვალ შეიძლება ამინდი გაფუჭდეს და ამიტომ ვცდილობთ,M ყველა ის სილამაზე დავინახოთ, რასაც მზიანი დღე და მისი უდიდებულესობა - სვანეთის ბუნება გვთავაზობს...

პირველი ადგილობრივებიც გამოჩნდნენ - ცხენზე ამხედრებულები საქონელს დასაბინავებლად მიერეკებიან. 14-15 წლის, ქერათმიანი ბიჭები მოყინულ გზებზე უბელო ცხენებს დააქროლებენ... - მიჩვეულები არიანო, - დაასკვნეს ჩემმა თანამგზავრებმა და მანუგეშეს, რომ მესტიამდე უკვე სულ ცოტა იყო დარჩენილი.

ნუგეში კი, ნამდვილად მჭირდებოდა. არ დავღლილვარ, უბრალოდ, მშიოდა ისე, როგორც არასდროს, რადგან გზაში იმდენი ისაუბრეს დათვის, ტახის ან უბრალოდ, ჩვეულებრივი ხორცისგან დამზადებულ კუბდარზე, საოცრად გემრიელ, მსუყე თაშმიჯაბსა და ჭვიშტარზე, რომ დაახლოებით ბოლო ორი საათი იყო, მხოლოდ სვანურ კერძებზე მეფიქრებოდა და აქ კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ მეც იმ ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, ვის გულამდე მისასვლელი გზის გამოცნობა, სულაც არ არის ძნელი...

ულამაზესია ღამის მესტია... ვარსკვლავებიანი ცის ფონზე ლამაზად ჩამწკრივებული კოშკების, გარშემო მთებისა და დათოვლილი ხეების ხილვას, სადღაც ზემოთ, სრულიად სხვა, სიურეალისტურ სამყაროში გადაჰყავხარ...

ადგილობრივები აღფრთოვანებული უყურებენ სტუმრების ემოციებს, - აქ ყველა პირველად მოსულს ასეთი რეაქცია აქვს, მაგრამ ჩვენ ყველა მათგანს ისე ვუყურებთ, თითქოს სვანეთზე შეყვარებულ ადამიანს პირველად ვხედავდეთო, - მითხრა ახალგაზრდა სვანმა... შეიძლება, საქართველოს (და არა მარტო) სხვა ნებისმიერ ადგილას დააგემოვნო ძალიან კარგად მომზადებული სვანური კერძები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისეთი გემრიელი არსად იქნება, როგორც იქ, მესტიის მთებში, სვანურ ღუმელში, შეშაზე მომზადებული, როცა გარეთ ირიბად თოვს და ფანჯრების მინებზე სითბოს მოყვარული ფუმფულა ფისოები არიან აკრული...

- ეს ფისოები ახლა ნამდვილები არიან თუ ნახატია? - გულუბრყვილოდ იკითხა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.

მეორე დილით, ჯერ თეთნულდზე ავედით, უფრო სწორად, ავსრიალდით, რადგან მთელი ღამე უთოვია და ჩვენი მანქანა კი არ მიდიოდა, მართლაც მისრიალებდა... როდესაც შემხვედრი ავტომანქანისთვის გზის დათმობა გვიწევდა, ვგრძნობდი, თუ როგორ იმატებდა სისხლში ადრენალინი... რამდენიმემ ფრთხილად აგვიარა, რამდენიმემ ჩაგვიქროლა...

- ყველა, ვინც ამ გზაზე შხუილით დადის, სვანია. მათ გზები იციან და შესაბამისად, თამამად დადიან, - გვიხსნის მძღოლი.

რამდენიმე დღის წინ, სვანეთში, ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი ჰაწვალი და თეთნულდი გაიხსნა, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, 2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა და 2017 წლის 23 დეკემბრიდან ამუშავდა.

თეთნულდზე კი 5 საბაგირო და 30-კილომეტრიანი სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის...

ადგილობრივზე მეტი უცხოელი ტურისტები იყვნენ. უმეტესად რუსულ ენაზე საუბრობდნენ, თუმცა, რამდენიმე გერმანელიც ვნახეთ. ისე საფუძვლიანად იყვნენ აღჭურვილი, სავარაუდოდ, გამოზაფხულებამდე წასვლას არსად აპირებდნენ... ერთ-ერთმა, სავარაუდოდ, ტურის ორგანიზატორმა, ყველა მათგანის ტექნიკური აღჭურვილობა შეამოწმა. ბოლო შტრიხი რადიოკავშირი იყო, შემდეგ კი ყველანი ერთიანად საბაგიროზე "აიკეცნენ".

- ამ მთის წვერზე რომ ახვალ, მზიან ამინდში შავი ზღვა და მთები მოჩანს... - მიხსნის ადგილობრივი, რომელიც უფასო ექსკურსიამძღოლობას გვიწევს... ზღვის დონიდან 2.692 მეტრზე ვართ... რაღაცნაირი ჰაერია, ლურჯი და გამჭვირვალე.

- აქაურ ჰაერზე ბევრი გვეუბნება, - რომ შეგვეძლოს, წავიღებდითო. ამიტომ, თქვენ ამოდით ხშირად და ჰაერსაც ჩაისუნთქავთ, - მარიგებს ჩვენი ახალდამეგობრებული სვანი...

- ზაფხულში რა ხდება-მეთქი? - ვკითხე. - ზაფხულში უფრო მეტი ხალხია, ადგილი არ არის ქუჩაში, ზამთარში სიცივეს ერიდებიან... თან პირობებისაც ეშინიათ ჯერ კიდევ... ყველა აქირავებს ოთახებს, საოჯახო სასტუმროებად გადააკეთეს, მაგრამ ის კომფორტი, რასაც ბარიდან ამოსული ითხოვს, ჯერ კიდევ ბევრს არა აქვს... ზამთარში კი აქ ულმობლად ცივა...

მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეიძლება ზაფხულშიც კი შესცივდეს, მაგრამ აქ, ამ გოროზი მთების შუაგულში მდგომს, სიცივე რატომღაც არც გამხსენებია...

იქიდან ისევ მესტიაში უნდა დავბრუნდეთ და ჰაწვალზე ავიდეთ... თეთნულდის გზებიდან დანახული მესტია, სვანური კოშკების სპა და თეთრ თოვლში შავი ფუნჯით შემოხაზული, ფიცრულ ღობეშემოვლებული ეზოები, არის კიდევ ერთი ადგილი, რომელსაც ვერანაირი ხარისხის ფოტო და ვიდეოაპარატურა ვერ ასახავს ისეთს, როგორიც სინამდვილეშია...

ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. ახალი საბაგირო დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, 4 წუთში ავიდნენ კურორტზე. ეს ადგილი ზღვის დონიდან 1.500 მეტრზე მდებარეობს. სასრიალო ტრასამდე ორი საბაგიროს გამოცვლა გვიწევს.

უცნობ ტრასაზე პირველად სრიალი ჩემთვის აუცილებლად მცირე ტრავმებით სრულდება, ამიტომ ვეცადე, სხვებს მივყოლოდი... მოულოდნელად, ჩემი რუდუნებით შეკრული ბორდი გაიხსნა და თასმის თავი კბილანებს შორის გაიჭედა... კიდევ კარგი, ცოტა მანძილი მქონდა გავლილი... მისი გახსნის ყველა მცდელობა უშედეგო იყო. შემდეგ ერთ-ერთმა მოსრიალემ თავადაც მოიხსნა თხილამურები და დიდი ვაი-ვაგლახით გამხადა ჩაკეტილი ბორდი. არ ვიცი, რა დროს და რითი გაიჭრა, თუმცა, შევნიშნე ხელიდან სისხლი თქრიალით მოსდიოდა... - ეგ არაფერი, სვანმა კაცმა სისხლი უნდა გამოუშვასო, - მომაძახა და გამაფრთხილა, ამის მომდევნო აღმართს მკვეთრი დაღმართი მოსდევს, ბევრი აილეწაო...

ის მონაკვეთი ვერც მე ჩავიარე მშვიდობით. ძალიან დიდი ინერციის შემდეგ, მუხრუჭიც ვცადე, მაგრამ ისეთი ციცაბო და თანაც მოყინული გზა იყო, ჩემამდე "ფრენით" ჩასულ რამდენიმე ადამიანს გვერდით გაღიმებული "მივუჯექი"... ამ მანძილს ჩემი თოვლის სათვალეც შეეწირა, თუმცა, ჩემდა ბედად, მზე არ ჩანდა...

კვების ობიექტში, მით უფრო, თუ სიხალვათეა, როგორც წესი, აზრების გაცვლა-გამოცვლა ხდება. ერთ-ერთი ქალბატონი მიყვება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა პიარითა და ტურისტების მოზიდვით თავს დიდად არ იწუხებს...

- ზაფხულში სასაყვედურო არაფერი გვაქვს. მართლა ბევრი ხალხია, ზამთარში კი, ყოველწლიურად სულ უფრო ცოტა ტურისტი და დამსვენებელი ამოდის... კი იძახიან, საბაგიროს თანამშრომლები, ჩვენ სულ უფრო მეტ ბილეთს ვყიდითო, მაგრამ სად მიდის ეს ხალხი? ჩვენ სულ უფრო ცოტა სტუმარი გვყავს.

- ვისაც მაღალი დონის მომსახურება აქვს, არც იმას ჰყავს ვიზიტორი?

- ზამთარში აქ კმაყოფილი არავინ არის. დაიარეთ ადგილობრივები და ჰკითხეთ. სხვა კურორტების პიარკლიპებში სვანეთის ხედებს აჩვენებენ. ჩვენთან კანტიკუნტად ამოდიან. არადა, სვანეთს მართლა ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ეს ხომ მხოლოდ სასრიალო ტრასები არ არის, აქ ისტორია, სალოცავები, სანახაობა, ტრადიციებია... დიდი მნიშვნელობის მქონე კუთხეა და საწყენია, როდესაც ასე ცოტა ხალხი სტუმრობს. როდესაც მოთოვს, ტურისტი გზებზე პრობლემებს აწყდება და ჩვენ თუ არ დავრეკეთ თვითმმართველობაში, - გზები გაწმინდეთო, იქამდე არავის ახსენდება...

- დარეკვის შემდეგ არის რეაგირება?

- კი, დარეკვის შემდეგ მაშინვე იწყებენ წმენდას... თუმცა, ამ დროს ტურისტები ზოგჯერ დაბრუნებულებიც არიან...

უკან ვბრუნდებით... ბარდნის. გზის გამწმენდი ტრაქტორები გამალებული მუშაობენ. - ამ ადგილიდან ახლოს, გზის ქვემოთ სხვა ტრაქტორებიც მუშაობენ, - გზას აფართოებენ, თუმცა, ასეთ ამინდში იქ მუშაობა კამიკაძეობის ტოლფასია, - თქვა მძღოლმა და ლიპყინულზე ფრთხილად გააგრძელა გზა...

ლალი პაპასკირი