რა აღიზიანებს ყველაზე მეტად რუსკა ქარქაშაძეს - გზაპრესი

რა აღიზიანებს ყველაზე მეტად რუსკა ქარქაშაძეს

ბუნებრივი რესურსების გამოუყენებლობა, წყლის დაუდევრად ხარჯვა, ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსული ბავშვები და სხვა პრობლემები მსახიობ რუსკა ქარქაშაძეს ძალიან აწუხებს და განიცდის, რომ სიტუაციის შეცვლა არ შეუძლია. რუსკა ჯერ მხოლოდ მოზარდია, თუმცა ყველაფერს პასუხისმგებლობით უდგება. პუნქტუალური, მოწესრიგებული გოგონა გახლავთ, რომელმაც ცოდნის ფასი იცის...

- საერთოდ, ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა ადამიანს დაუმსახურებლად, უსამართლოდ ექცევიან. კიდევ, ტყუილის გამო ძალიან ვბრაზდები. მატყუარა ადამიანი ცუდია.

- უსამართლობას ხშირად აწყდები?

- ვფიქრობ, უსამართლობა უპასუხისმგებლობის შედეგია. ალბათ, განათლებაა საჭირო, საკითხებს პასუხისმგებლობის გრძნობით რომ მოეკიდო. რაკი განათლების დეფიციტია, პასუხისმგებლობაც ნაკლებია. სამწუხაროდ, ეს ადამიანების ყველაზე ცუდი და გამაღიზიანებელი თვისებების სათავეა. ჩემს თანატოლებს შორის ასეთი ბევრია: სწავლა საერთოდ აღარ უნდათ, პასუხისმგებლობა ძალიან დაბალ დონეზე აქვთ განვითარებული... ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს.

- უპასუხისმგებლობას მხოლოდ შენს თანატოლებს შორის აწყდები, თუ ეს თვისება უფროსი ასაკის ადამიანებსაც ახასიათებთ?

- ბოლო დროს, ჩემი ასაკის ადამიანებში უფრო მეტად ვაწყდები... უფროსი ასაკის ადამიანებთან ხშირად ვურთიერთობ. მათ გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და იციან, რომ პასუხისმგებლობა აუცილებელი თვისებაა. უპასუხისმგებლო ადამიანები ჩემს თანატოლებს შორის უფრო ბევრნი არიან, რაც ძალიან ცუდია. ამ "სენისგან" განკურნების პირველი საშუალება სწავლა-განათლებაა, რა თქმა უნდა.

- შეგიძლია, უპასუხისმგებლობის კონკრეტული მაგალითი დაგვისახელო?

- უპასუხისმგებლობას კარგი და ცუდი მხარეები არა აქვს - ეს ცალსახად ცუდი თვისებაა. მაგალითად, Lშეიძლება ადამიანი რაღაცას შეგპირდეს, მაგრამ დაივიწყოს ან საქმე ბოლომდე არ მიიყვანოს და ა.შ.

- პასუხისმგებლობის გრძნობა როგორ გამოგიმუშავდა? თავად თუ მოქცეულხარ უპასუხისმგებლოდ?

- რა თქმა უნდა, მცირე ასაკში ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც მითქვამს და არ გამიკეთებია - ალბათ, გარკვეული გარემო პირობების გამო ვერ მოვახერხე. ასეთი რამ ყველას დამართნია, მაგრამ ამაზე თავად დავფიქრებულვარ. სხვისი უპასუხისმგებლო საქციელი ისე მაღიზიანებდა, რომ ვცდილობდი, თავად აღარ გამემეორებინა. ასევე, ბავშვობიდან დედაჩემისგან მესმოდა, რომ საქმის, პროფესიისა თუ ნებისმიერი საკითხის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ყველაზე ცუდი რამ არის. შესაბამისად, პასუხისმგებლობის განცდა გამომიმუშავდა. ალბათ, გამოცდილებამაც მოიტანა: მაგალითად, გადაღებებს პასუხისმგებლობით უნდა მოეპყრო, რომ კარგი პროდუქტი შექმნა. საერთოდ, გამოცდილებას ადამიანებთან ურთიერთობით იღებ. რაც უფრო მეტ ადამიანთან ურთიერთობ, მით მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია ცხოვრებაში: მეგობარს კარგად უნდა მოექცე, ნათესავს კიდევ უფრო სხვაგვარი მოპყრობა სჭირდება და ა.შ. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გამოვიმუშავე, ამისთვის კი წიგნების კითხვაა საჭირო, რაც ბევრს არ უყვარს (იღიმის).

- როცა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას აწყდები, სიტუაციის გამოსასწორებლად როგორ იქცევი?

- ვცდილობ, მაქსიმალურად დიპლომატიური გზები მოვძებნო. უპასუხისმგებლობასაც გააჩნია: შეიძლება ადამიანს რაღაც შემთხვევით დაემართა ანუ თავად არ სურდა, მაგრამ გარემო პირობების გამო, ასეთი გამოვიდა. ალბათ, ასეთ დროს თვალს ხუჭავ და არაფერს ამბობ. როდესაც უპასუხისმგებლობა საქმეს ეხება (მაგალითად - სწავლას, გადაღებას) და ადამიანი საკუთარ საქმეს სერიოზულად არ ეკიდება, მაშინ რა უნდა უთხრა? ეს მისი პრობლემაა. კარგია ისეთი ადამიანი, ვინც თავის დანაშაულს ხვდება. ჯობია, თავად მიხვდეს. მე არ ვსაყვედურობ (იღიმის).

- სამსახიობო სფეროში უპასუხისმგებლობას ხშირად აწყდები?

- ძალიან ხშირად არა, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც გამოერევა ხოლმე, მაგალითად - ძალიან იგვიანებენ, დროულად არ მოდიან. არ მომწონს, როცა მალოდინებენ, რადგან თავად არასდროს ვალოდინებ ვინმეს, თუ ძალიან არ მიჭირს და რაღაც არ დამემართა და ამიტომ ვერ მივედი... ესეც უპასუხისმგებლობაა, როცა გელოდებიან და ერთი საათით გვიან მიდიხარ. მაგალითად, როცა გადაღება მაქვს და მიბარებენ, მივდივარ, მაგრამ არავინ მხვდება (იცინის). ნახევარი საათით იგვიანებენ, მე კი ველოდები, ვიყინები და ა.შ. კიდევ არის შემთხვევები, როცა ჰონორარს დროულად არ რიცხავენ. ესეც დიდი უპასუხისმგებლობაა, მაგრამ რა ვიცი, ადამიანები ვართ და არა უშავს (იღიმის)...

- კიდევ რა საკითხები იწვევს შენს გულისწყრომას?

- თუ მასშტაბებს გავშლით და გლობალურ პრობლემებს შევეხებით, მსოფლიოს ყველა პრობლემა მაწუხებს: ის, რომ ხალხი გაჭირვებულია და ამის გამოსასწორებლად ვერაფერს ვაკეთებ; ცუდად ვხდები, როდესაც მცირეწლოვან ბავშვებს ქუჩაში, მოწყალების სათხოვნელად გამოსულებს ვხედავ... ზოგადი სიტუაცია მაღიზიანებს - მაინცდამაინც, ჩემს ქვეყანაში რატომ ხდება ასე?! კიდევ, არ მომწონს, რომ ბუნებრივ რესურსებს საქართველოში არ ვიყენებთ, გარემოს არ ვუფრთხილდებით, წყალს ისე ვხარჯავთ, თითქოს არასოდეს გამოგველევა, ადამიანები ქუჩებს ანაგვიანებენ... ბევრჯერ დამინახავს, როცა ნაგავი ძირს დაუყრიათ, როცა ურნა იქვე, 2 ნაბიჯის მოშორებით დგას. ნაგავი ამიღია და თავად გადამიგდია. ხშირად ნაგვის დამგდებს არაფერს ვეუბნები.U უბრალოდ, მის დასანახავად, ძირს დაგდებულ ნაგავს სპეციალურად ვიღებ და ურნაში ვაგდებ. ალბათ, მერე დანაშაულის გრძნობა უჩნდებათ - მეც უნდა გადამეგდო, ურნა 2 ნაბიჯში დგას, რა პრობლემა იყოო?

- გამოსავალს რაში ხედავ, ადამიანები გარემოს რომ გაუფრთხილდნენ?

- შეიძლება, ბანალური ნათქვამი იყოს, მაგრამ ერთ რამემდე - განათლებამდე მივდივართ... ცოდნა უნდა იმას, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის; ნაგავი ძირს არ უნდა დაყარო, რადგან ეს ცუდი საქციელია... მთავარი პრობლემა გაუნათლებლობაა. ბევრს არ კითხულობენ, ნაკლები განათლება აქვთ. ამიტომ სამწუხაროდ, ნაგავსაც ძირს ყრიან, რადგან არ იციან, რომ ცუდია. თუ ვინმე აუხსნის, რომ მაგალითად, დაბინძურებულ ჰაერს ისევ თავად ჩაისუნთქავენ, ისევ მათ გამოელევათ წყლის რესურსი, ალბათ, დაუდევრად მოქცევასაც შეწყვეტენ.

- შენი აზრით, როგორ უნდა მივიდნენ იმ აზრამდე, რომ სწავლა აუცილებელია? თავად სად, როგორ ისწავლე?

- ამ საკითხებს სკოლაში ასწავლიან. ბევრი უფროსი ადამიანიც მინახავს, ვინც ქუჩას ანაგვიანებს. იმას, რომ ნაგავი ურნაში უნდა ჩაყარონ, რა დიდი განათლება სჭირდება?! პირადად მე, ეს ოჯახში მასწავლეს. წიგნებში (საბავშვო ენციკლოპედიებში) წამიკითხავს, რომ გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ ყველაფრის სწავლაში, გაცნობიერებაში კლასგარეშე ლიტერატურა გვეხმარება, რომლის წაკითხვაც ყველასთვის - დიდისა და პატარისთვისაც მნიშვნელოვანია.

- რამ შეიძლება წყობილებიდან გამოგიყვანოს? გაბრაზებული როგორი ხარ?

- საერთოდ, საკმაოდ "მყარი" ნერვები მაქვს - იოლად არ ვბრაზდები, მაგრამ თუ გავბრაზდი, მალევე ვერ მოვლბები და უცებ ვერ ვაპატიებ - რამდენიმე დღე მაინც მჭირდება, რადგან წყენას ვერ ვივიწყებ. ყველა გაბრაზებული ადამიანი ძალიან ცუდი სანახავია და ალბათ, მეც ასეთი ვარ (იცინის). შეიძლება, წყობილებიდან ძალიან დიდმა ტყუილმა გამომიყვანოს.

- ასეთ დროს როგორ იქცევი - მატყუარა ადამიანთან ურთიერთობას წყვეტ თუ?

- თუ ისეთი რაღაც იკადრა, რაც არ უნდა ეკადრებინა, რა თქმა უნდა, ურთიერთობას ვწყვეტ, რადგან მოღალატე მეორედ და მესამედაც გიღალატებს. ამიტომ ჯობია, ურთიერთობა დიპლომატიურად, ჩხუბის გარეშე შევწყვიტოთ, მაგრამ წყენა გულში მაინც ყოველთვის გვექნება...

- დიდი ტყუილი თუ ყოფილა შენს ცხოვრებაში?

- კი, ყოფილა. ახლობელი ადამიანი, რომელთანაც ადრეული ბავშვობიდან ვმეგობრობდი, ტყუილის გამო დავკარგე. ასეთი ხასიათი მაქვს - საკუთარ თავს ვერ ვაბიჯებ, ასეთი რამის პატიება არ შემიძლია...

- პირადად შენ, უსამართლობის მსხვერპლი გამხდარხარ?

- კი. საერთოდ, მცირე ასაკიდანვე თავს არავის ვაჩაგვრინებდი, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა დაუმსახურებლად ვიღაცას გავუბრაზებივარ, რაც მაშინ დიდ უსამართლობად მიმაჩნდა. რთულია, როცა ცილს გწამებენ, ყველას ჰგონია, რომ ეს საქციელი შენ ჩაიდინე და თავსაც ვერ იძვრენ... მსგავსი პატარ-პატარა უსამართლობები ისე მწყინს, რომ თუ დიდ უსამართლობას გადავაწყდები, ალბათ, ძნელად გადავიტან.

- შენი სიმართლის დასამტკიცებლად გიბრძოლია და ვერ დაგიმტკიცებია?

- როცა ვიბრძვი, შედეგსაც ვაღწევ. მხოლოდ ერთხელ შევწყვიტე ბრძოლა, რადგან მათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. მაშინ პატარა ვიყავი. იმედია, მსგავსი რამ აღარ გადამხდება თავს...

ეთო ყორღანაშვილი