რა სიახლეებს უნდა ველოდოთ 2018 წლის საატესტატო და მისაღებ გამოცდებზე? - გზაპრესი

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ 2018 წლის საატესტატო და მისაღებ გამოცდებზე?

რამდენიმე თვეში საქართველოში საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყება. მოსწავლეებმა და აბიტურიენტებმა ალბათ ჯერ კიდევ არ იციან, წელს გამოცდებზე რა ცვლილებები ელით. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ცვლილებები შევიდა ეროვნული გამოცდების პროგრამაშიც. ამ სიახლეებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე გვესაუბრება:

- გამოსაშვები გამოცდებით დავიწყებ: წლევანდელი გამოცდები ჩათვლის პრინციპით ჩატარდება - გამოცდებზე მოსწავლეების ცოდნა ქულებით აღარ შეფასდება, მათ დაეწერებათ "გადალახა" ან "ვერ გადალახა". ვფიქრობ, ეს საყურადღებო სიახლეა. 7-8 წლის წინ, როდესაც გამოსაშვები გამოცდების ფორმატზე ვმსჯელობდით, არაერთი სპეციალისტის აზრი იყო, რომ ჩათვლის ტიპის გამოცდა უფრო გამართლებულია. თვისებრივად, შარშანდელი გამოცდებიც ამ ტიპისა იყო, უბრალოდ, გამოცდაზე ქულა იწერებოდა და ეს არ მოქმედებდა არც წლიურ ნიშნებზე და არც ოქროს მედლის მიღებაზე. იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი. რაც შეეხება მინიმალურ ზღვარს, ის 5,5 ქულაა.

- რა იცვლება საგამოცდო საგნების ჩამონათვალში?

- ამ მხრივ გამოსაშვებ გამოცდებზე არაფერი შეიცვლება: გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, XI და XII კლასებში ჩატარდება. XI კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს ჩააბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს ანუ ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიასა და გეოგრაფიას. მეთორმეტეკლასელები კი, ტესტირებას 4 საგანში გაივლიან. ეს საგნებია: მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია და ერთ-ერთი უცხოური ენა.

- საატესტატო და მისაღებ გამოცდებს ჩვენში ისედაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს: მათი აზრით, გამოცდები პრიმიტიულ დონეზე ტარდება და მინიმალური ზღვარიც საკმაოდ დაბალია. ეს სიახლე ჩვენი ახალგაზრდების ცოდნას უარესად ხომ არ გააღარიბებს?

- შეიძლება 5,5 ქულა მართლაც ძალიან დაბალი ზღვარია, მაგრამ სკოლებში ისედაც კარგად იციან, როგორ სწავლობს ესა თუ ის მოსწავლე და როგორი ცოდნა აქვს მას. ამიტომ, ჩათვლის პრინციპის შემოღებით ბევრი არაფერი შეიცვლება. თუ სწავლის ხარისხზე მეკითხებით, მასზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას: სასწავლო პროგრამით, მასწავლებლის კომპეტენციით დაწყებული, სახელმძღვანელოების ხარისხით და იმ სოციალური გარემოთი დამთავრებული, სადაც ბავშვი იმყოფება. ჩვენი მიზანია, ტესტები იყოს საშუალო სირთულის ანუ იმ დონის, რომელიც ამ თაობასა და ჩვენს პოპულაციას შეეფერება. ვეცდებით, რაც შეიძლება ობიექტურად შევაფასოთ მოსწავლეებისა და აბიტურიენტების ცოდნა, მათი შესაძლებლობები და საგამოცდო ტესტები სანდო ინსტრუმენტია ამ მიზნის მისაღწევად.

- ბატონო ივა, "სოციალურ გარემოში" რას გულისხმობთ?

- იმ სოციალურ ფონს, სადაც ბავშვი იზრდება, უპირველესად კი მშობლების მზაობას, რომ შვილს სწავლაში დაეხმარონ. ალბათ თქვენც გყავთ ნაცნობები, რომლებიც შვილებს ტელეფონს ვერ აგდებინებენ ხელიდან. თუ მოსწავლეს წიგნის კითხვა არ უყვარს, ესე იგი, მის ოჯახში არავინ კითხულობს და მშობლებს შვილის ინტელექტი ნაკლებად აინტერესებთ. თუ ოჯახი ვერ ახერხებს, რომ ბავშვს ცოდნის შეძენის სურვილი გაუღვივოს, ეს დეფიციტი სკოლამ უნდა შეავსოს, თუმცა თანამედროვე სკოლაშიც ბევრი პრობლემაა, თუნდაც, გადატვირთული კლასები: რა თქმა უნდა, ჯობია ყველა კლასში 20-25 მოსწავლე იჯდეს და არა - 45, მაგრამ ამის მიღწევა ძალიან რთულია.

- ცნობილია, რომ ნიშანი ბავშვისთვის დიდი სტიმულია. ჩათვლის პრინციპზე გადასვლა სწავლის ხალისს ხომ არ დაუკარგავს მოზარდებს?

- არა მგონია, რადგან სკოლის დასრულებისას ყველა მოსწავლე იღებს ნიშნების ფურცელს, რომელიც კარგად მეტყველებს მის აკადემიურ მოსწრებაზე. თუ მოსწავლისთვის მაღალი ქულები მნიშვნელოვანია, ის მაინც მოახერხებს კარგად ისწავლოს და წარმატებული მოსწავლე იყოს. გამოცდების ჩათვლის პრინციპით ჩაბარება მონდომებულ და კარგ მოსწავლეს ცოდნის შეძენის სტიმულს ვერ და არ მოუკლავს.

- ხშირად გვესმის საყვედური, რომ ჩვენი აბიტურიენტების ცოდნის დონეც ძალიან დაბალია. ამაზე რას გვეტყოდით?

- ვერც გამოსაშვები და ვერც ეროვნული გამოცდები სრულ სურათს ვერ გვაძლევს, თუ როგორია სწავლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება საერთაშორისო კვლევებს, ნათლად ჩანს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ვითარება მოსაწონი ნამდვილად არ არის. საქართველო ცოდნისა და განათლების დონით, მოწინავე ქვეყნებს აშკარად ჩამორჩება. თუ ამ კვლევებს დავეყრდნობით, ჩვენი მაჩვენებელი ამ მხრივ საშუალოზე დაბალია. 22 წელი ვასწავლიდი სკოლასა და უნივერსიტეტში და ამ გამოცდილების მიხედვით ვამბობ: ეს პრობლემა მართლაც გვაქვს. როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში განათლების დონე დაბალია, მინიმალური კომპეტენციის ზღვარიც დაბლა ეცემა, მაგრამ თუ საშუალო მონაცემები აიწევს, კომპეტენციის ზღვარიც იმატებს.

- ეროვნულ გამოცდებზე რა ცვლილებებია დაგეგმილი?

- ეროვნულ გამოცდებზეც სიახლეები და ცვლილებებია მოსალოდნელი. მაგალითად: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე თხზულების ნაწილი 20 ქულით კი არა, 24 ქულით შეფასდება. არგუმენტირებულ ესეში კი, მეტი აქცენტი აზროვნებასა და მსჯელობაზე გადავა. 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ტესტი ოდნავ განსხვავებული იქნება. ცვლილება ანალოგიების ბლოკს შეეხება: ტესტებში ანალოგიები დამოუკიდებელი ბლოკის სახით კი არ იქნება წარმოდგენილი, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრებასთან კავშირში. წაკითხულის გააზრების ნაწილს 6-ის ნაცვლად 10 დავალება დაერთვება. ანალოგიები, ძირითადად, ტექსტში არსებულ სიტყვებზე აიგება, რათა აბიტურიენტს სიტყვის მნიშვნელობის წვდომა გაუადვილდეს. ბუნებრივია, კიდევ გვაქვს სიახლეები და ეს ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე (http://www.naec.ge) დაწვრილებით არის მოცემული. ვფიქრობ, ეს სიახლეები უფრო მეტად შეუწყობს ხელს ყველა იმ უნარის წარმოჩენას, რომელიც მომავალ სტუდენტს უნდა ჰქონდეს.

- დაბოლოს, სპეციალისტები ძალიან ბევრს კამათობენ გამოსაშვები და ეროვნული გამოცდების შერწყმაზე. რამდენად რეალური და გამართლებულია მსგავსი რამ საქართველოში?

- მე თუ მკითხავთ, ამ ორი გამოცდის გაერთიანება მიზანშეწონილი და გამართლებული ნამდვილად არ არის. ჩვენ საამისოდ მზად არა ვართ, ამიტომ მსგავსი ცვლილება ვერც მეთოდური, ვერც შინაარსობრივი და ვერც ადმინისტრაციული თვალსაზრისით ვერ გაამართლებს. მართალია, სხვადასხვა ქვეყანაში მისაღები გამოცდები სხვადასხვა სისტემით ტარდება, ზოგან სკოლის ნიშნებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, მაგრამ დღეს საქართველოში ამ ორი გამოცდის ერთობლივად ჩატარება, შეუძლებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლაგოდეხიდან გონიომდე, ყველა სკოლაში მისაღები გამოცდების ჩატარება ძალიან დიდ მატერიალურ რესურსს მოითხოვს. შეიძლება წლების შემდეგ შევძლოთ, მაგრამ ამჟამად მსგავსი რამ მე ვერ წარმომიდგენია.

ხათუნა ჩიგოგიძე