"დაქალის დედამ გამყიდა" - ყოფილი მაწანწალას ურთულესი ცხოვრება - გზაპრესი

"დაქალის დედამ გამყიდა" - ყოფილი მაწანწალას ურთულესი ცხოვრება

წლების მანძილზე ციხეში იჯდა, იქიდან გამოსული ქუჩას უბრუნდებოდა, მერე ისევ უკან, ციხეში ბრუნდებოდა. ყველასგან მიტოვებული ღამეებს სასაფლაოებზეც კი ათევდა და წამლით გაბრუებული დადიოდა. ამბობს, ბავშვობაში ქუჩის ძალადობისგან თავი რომ დამეცვა, ბიჭურად ჩაცმული დავდიოდი, სახელად გიორგი დავირქვი, "კლიჩკაც" შევირჩიე - ჟორჟიკა. ამ სახელს ისე მივეჩვიე, ნამდვილ სახელს რომ მეძახიან, არც კი ვიხედები, დღესაც ყველა "ჟორჟიკას" მეძახისო. ის ქალია. სევდიანი ქალი, რომელმაც ურთულესი ცხოვრება გამოიარა. რატომ მოუნდა პატარა გოგონას ბიჭივით ეცხოვრა, როგორ გახდა ნარკოდამოკიდებული, როგორ შეძლო ჭაობიდან ამოსვლა და როგორია დღეს ფხიზელი თვალით დანახული მისი ცხოვრება, ამას კარინა (ჟორჟიკა) ჟორჟიაშვილის გულახდილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- 9 წლის ვიყავი, ვლადიკავკაზიდან საცხოვრებლად თბილისში რომ გადმოვედით. ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, რაც ძალიან განვიცადე. დედა ცუდი წარსულის მქონე ადამიანს გაჰყვა ცოლად. თავიდანვე ვერ ვიტანდი მამინაცვალს, აგრესიას ხშირად გამოვხატავდი. დედა დაშინებით მოიყვანა, ქურდულ სამყაროსთან იყო დაკავშირებული და შეაშინა, თუ არ გაჰყვებოდა, ჩემს ძმას მოკლავდა. არ გვიჭირდა, 5-ოთახიანი ბინა გვქონდა, მამინაცვალს დალევა უყვარდა, სულ კონფლიქტი გვქონდა და მამინაცვალმა ჩემი მოშორება მოინდომა. თემქაზე, გონებადაქვეითებული ბავშვების დამხმარე სკოლა-ინტერნატში ჩამაბარეს. დღემდე განვიცდი, რატომ მაინცდამაინც იქ, როცა სხვა ინტერნატებიც მრავლად იყო? არანაირი გონებრივი პრობლემები არ მქონდა. ჩემთვის ძნელი იყო ავადმყოფ ბავშვებთან ყოფნა, მთრგუნავდა, შიშიც მქონდა. 11 წლიდან ქუჩაში ვიყავი, ინტერნატიდან ვიპარებოდი, ბოშები გავიცანი და მათთან ერთად ვმათხოვრობდი.

GzaPress

- მათხოვრობით ნაშოვნ ფულს რაში ხარჯავდით?

- ქუჩაში ციგანს მივუჯექი პირველად გვერდით და ფულს მიყრიდნენ. ამ ფულს წებოში ვხარჯავდი. წებოს ვყნოსავდი, სმაც დავიწყე. მალე მივხვდი, ჩემი სტილი არ იყო მათხოვრობა, უფრო ქურდობისკენ მქონდა მიდრეკილება. მაშინ პატარ-პატარა ჯიხურები იყო, იქიდან ყველაფერს ვიპარავდი - ბლოკებით სიგარეტებს, სასმელებს, ტკბილეულს და იაფად ვაბარებდი გარე მოვაჭრეებს. ძალიან ვცუღლუტობდი, მივეჩვიე ქუჩურ ცხოვრებას, წებოს სუნთქვას და ამ ყველაფერმა სისტემური სახე მიიღო.

- პოლიცია არ გაკავებდათ?

- ხშირი სტუმარი ვიყავი ბავშვთა მიმღებ-გამანაწილებლის, პირზე კოცნით მხვდებოდნენ იქაური თანამშრომლები. ამბობდნენ, მოვიდა ჩვენი ჭუჭყიანაო. დამბანდნენ, მომაწესრიგებდნენ. იქიდან დედას მივყავდი, მაგრამ სახლამდე არასოდეს მივუყვანივარ, ქუჩიდანვე ვეპარებოდი.

- პირველად რამდენი წლის დაგაკავეს?

- მაშინ ორჯონიკიძეში ვცხოვრობდი, სახლიდან გავიპარე და 8 წლის კოლონიაში მოვხვდი. კარგად მახსოვს, რომ გამომიშვეს, ახალი წინდები მაჩუქეს. არასრულწლოვნობის პერიოდში თბილისში სულ მიმღებ-გამანაწილებელში ვიყავი, მერე მიშვებდნენ. ქურდობისთვის პირველად რომ დამაკავეს, 17 წლისა ვიყავი, მაგრამ დიდხნიანი სასჯელი არ მქონდა. მაშინ ფული ჭრიდა მაგრად, მქონდა და პოლიციელებსაც ვაძლევდი. 200-300 ლარი სულ გადადებული მქონდა "ძაღლებისთვის". პოლიციელები წილშიც მყავდნენ, ბევრჯერ გადამიხდია ფული.

- წამალი პირველად როდის გასინჯეთ?

- 15 წლისამ. მაშინ "მაკი" გავიკეთე. ძალიან კარგად რომ ვიპარავდი, იცოდნენ, თუ წამალზე "შემსვამდნენ", მოსაპარად ყოველთვის ვივლიდი, ამიტომ გამაკეთებინეს წამალი. ასე გავხდი წამალდამოკიდებული. "მაკი" პირველად რომ გავიკეთე, 20 ლარი დამიჯდა. ცოტა გავიკეთე და მომიღიტინა, მერე დოზა გავზარდე და სიცილი მომინდა, ასე გავზარდე დოზა და 35 წლამდე ვიკეთებდი.

იხილეთ ვიდეო

- ქურდობით ყველაზე დიდი, რა თანხა მოგიგროვებია?

- არასოდეს შემიგროვებია, მოპარულს არასოდეს ვდებდი "შავი დღისთვის". წამალში ვხარჯავდი, ქუჩაში ჩაუცმელი ციგნის ბავშვები რომ დადიან, მათთვის ჩასაცმელს ვყიდულობდი. იყო რამდენიმე ოჯახი, სადაც ზოგჯერ ღამეს ვათევდი, უჭირდათ და იქ მიმქონდა საჭმელ-სასმელი. იმ ინტერნატში მივდიოდი, სადაც ვსწავლობდი და ბავშვებისთვის კანფეტები და ტკბილეული მიმქონდა. ჭიშკართან დავუძახებდი და ბავშვებს ასე ვაძლევდი. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთდროულად 35.000 დოლარი მქონდა, მაშინ 19 წლის ვიყავი.

- რაში დახარჯეთ ეს თანხა?

- ბათუმში წავიყვანე სექსმუშაკები. 10 დღე ისევ ვაგრიალე, რომ მერე უკან წამოსასვლელი ბილეთის ფული არ მქონდა. ბიჭურად ჩაცმული დავდიოდი, არავინ იცოდა, გოგო რომ ვიყავი. დავირქვი სახელად გიორგი და ყველა გიორგის მეძახდა. მერე ვამბობდი, ჟორჟიკა დამიძახეთ-მეთქი - გვარიდან გამომდინარე და დღესაც, ჩემს სახელს თუ მეძახიან, არც ვიხედები, დღესაც ჟორჟიკა ვარ და ასე მიცნობს ყველა.

- რატომ დაირქვით ბიჭის სახელი?

- ეს ჩემთვის ფარი იყო. მაშინ ძალიან ცუდი დრო იყო და ხშირად ქუჩის მაწანწალებზე ძალადობდნენ. ვიზუალურად ბიჭს ვგავარ და გიორგი დავირქვი. სექსმუშაკების მეტი რა იყო ვაგზალზე? ყველამ იცოდა, რომ ბიჭი ვიყავი. ბევრს ვუყვარდი, რადგან ბიჭი ვეგონე, მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებდი, ყველას დაიკოს ვეძახდი. ეს "სასტავი" წავიყვანე ბათუმში. სად მქონდა მაშინ ტვინი, თორემ ამხელა ფულით ბინა მეყიდა, მაგრამ მაშინ ბინაც მქონდა და ყველაფერი, ვაგზალი იყო ჩემი ბინა, სადაც მინდოდა, იქ ვიძინებდი. სიცივით არ მციოდა, მოპარული საბნების მეტი რა მქონდა? არც მშიოდა, ასე გადიოდა დრო.

- რამდენჯერ ხართ ნასამართლევი?

- 4-ჯერ ვარ ნასამართლევი ქურდობისა და წამლისთვის. ყველაზე დიდი სასჯელი 2010 წელს მომისაჯეს, ნარკოტიკზე 6 წელი.

- წამალი არ გქონდათ ციხეში და ამიტომ გადააგდეთ ნარკოტიკი?

- არა, წამალი არ იყო, მაგრამ თუ გონებას აამუშავებ, მიხვდები, როგორ იკაიფო. ფსიქოტროპულები ხომ იყო. ამის შოვნას არ უნდოდა ბევრი წვალება. ვენებს გადავიჭრიდი, მოვიდოდა ექიმი და მინიშნავდა ფსიქოტროპულს. წამალდამოკიდებული რომ ხარ, ციხეში ვალერიანი არაფერს გიზამს. რამდენჯერმე სუიციდის მცდელობა მქონდა. ღრმად ვიჭრიდი ხელებს "ბრიტვით" ან შუშით. ეს ნივთები რომ აკრძალეს, ონკანის კუთხეები ისე იყო ალესილი, ხელს გავუსვამდი და უცებ მეჭრებოდი. ფსიქოტროპული მაბრუებდა. ოპტიმალს რომ დამინიშავდნენ, ვცუღლუტობდი, ოპტიმალსა და დიმედროლს ერთად ვხარშავდი. ციხე ისეთი რამეა, იქ ვერავინ გაგაკონტროლებს.

- ქალთა დაწესებულებაში თუ გყავდათ ე.წ. გავლენიანი ქალები?

- ქალთან მაყურებელი მხოლოდ ე.წ. კლუჩნიკია, რომელიც კარს გიკეტავს და გიღებს. იქ მაყურებელს რა უნდა?

- თურმე მამინაცვალი დაჭერით ჩხუბის დროს...

- მამინაცვლის მეტი არავინ დამიჭრია ცხოვრებაში, თავს კი ხშირად ვიზიანებდი. ორივენი მთვრალები ვიყავით, ლოთების ჩხუბი ხომ გაგიგონია. წამალიც მქონდა გაკეთებული, ვერ მოვერიე, ყელში წამიჭირა, უცებ ბოთლი გადავტეხე და საჯდომში მსუბუქად დავჭერი. მიჩივლა, მაგრამ ვერაფერს მიაღწია.

- ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება შეძელით?

- ბოლოს ამნისტიით გამოვედი. მუშაობაც დავიწყე, მაგრამ იქ სხვამ მოიპარა რაღაც და მე გამომიშვეს სამსახურიდან, - ქურდობისთვის ნასამართლევი ხარ და აქ ვერ იმუშავებო. ძალიან ცუდად ვიყავი. წამალსაც ისევ ვიკეთებდი, სასაფლაოზე მეძინა და ალბათ საბოლოოდ დავიღუპებოდი, არც ცოცხალი ვიქნებოდი, თამუნა გახოკიძეს რომ არ მოვეძებნე და არ ამოვეყვანე ამ წუმპიდან.

- თამუნას ციხიდან იცნობდით ალბათ.

- კი, ციხიდან ვიცნობდი. მან 2015 წელს მიპოვა და თავის სახლში წამიყვანა. ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში სოცმუშაკი და ჩემი უსაყვარლესი ადამიანია. დღემდე მის ოჯახში ვცხოვრობ. ყველა ეუბნებოდა თურმე, მისგან არაფერი გამოვაო, მაგრამ უთქვამს, მე ვხედავ იმ ნაპერწკალს, რომელსაც თქვენ ვერ ამჩნევთო და მართლა მიაღწია შედეგს. წამალი გადავაგდე და დღეს ფხიზელი ვარ. ბევრ რამეზე შემეცვალა შეხედულება. ყველაზე მეტად განვიცდი იმას, რომ წამალში დავკარგე ამდენი დრო და ჯანმრთელობა შემერყა. მე რომ წამალზე არ "შევმჯდარიყავი", სულ სხვანაირად ვიქნებოდი დღეს. უფრო მეტი საშუალება მექნებოდა, რომ ქუჩაში არ მეცხოვრა და საკუთარი თავი მეპოვა. ღმერთს მადლობა, რომ მომეცა საშუალება, ჩემი წარსული ფხიზელმა დავინახო.

- როგორია ფხიზელი თვალით დანახული თქვენი წარსული?

- ცუდია, ჯანმრთელობა რომ გავინადგურე და ყველაფრის გარეშე დავრჩი. ციროზის დასაწყისი მქონდა და განვიკურნე. ახლა ყველა ჩემნაირი მეცოდება და ამიტომ ვარ სიფხიზლის ჯგუფში. ვცდილობ, სხვებს დავეხმარო გამოფხიზლებაში. არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ. მოდიან ყოფილი ნასამართლევები, წამალზე დამოკიდებულები და ვცდილობთ, გადავაგდებინოთ. მინდა, სიკეთე გავაკეთო, მაგრამ არა ისე, რომ მარტო მე ვიცოდე. მაისურებზე ბეჭდვა ვისწავლე, თიხას ვსწავლობ, ვხატავ, სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ და ბედნიერი ვარ.

- ოჯახის შექმნაზე არ გიფიქრიათ?

- ეს ცალკე ამბავია. დღეს ხელი მაქვს მოწერილი თურქთან, რომელზეც დაქალის დედამ გამყიდა და ოფიციალურად 5 წელია, თურქის ცოლი ვარ. მაშინ ჩემი ნებით წავყევი დაქალის დედას, წამალდამოკიდებული ვიყავი. მითხრა, ხელს მოაწერ, მერე გააწერ და ფულს ვიშოვითო, მაგრამ გადამაგდო. თურქს დამონებული ვყავდი. მასთან სახლში სულ ერთი თვე ვიყავი. საბუთები წამართვეს და აღარ მიშვებდნენ. ცოლი ვიყავი, მაგრამ ურთიერთობა არ მქონია. ინვალიდი ბიჭია, მითხრა, შენ როგორც ბოზი, ისე გიყიდეო. იქ ამას მაჭანკლობას ეძახიან. ვინც მე წამიყვანა, ის ქალი მამაშაა და ბევრი ქალი ჰყავს ასე გაყიდული, ახლაც თურქეთშია.

- 2015 წელს ციხიდან გამოხვედით. მას მერე არ დაუკავებიხართ?

- კი დამაკავეს, მაგრამ პირობითი მომისაჯეს. მამაკაცი მივიყვანე საუნაში, როგორც ბოზმა, გავქურდე და დავტოვე. 100 ლარისა და 100-ლარიანი ტელეფონის გამო "გავისროკე". 7 წლამდე პატიმრობა მემუქრებოდა. 3.000-ლარიანი გირაო და პირობითი მომცეს. - ნანობო? მკითხა მოსამართლემ. - რას ვნანობ, ჭკვიანად იყავი, თორემ შემდეგი მსხვერპლი შენ იქნები-მეთქი, ვუთხარი. - გაიტანეთ აქედანო. მოსამართლეები დაღლილები არიან ჩემით. საუნაში კამერები ეყენა, მაგრამ განგრეულ კაიფში რომ ხარ, არ ფიქრობ ამაზე. ასეთი ადრეც ბევრი გამიკეთებია, მაგრამ საქართველოში ამის გაკეთება არ ღირს. აქ წვრილი ფული ტრიალებს. ეს კარგია თურქეთში, იქ ფულს შოულობ. თმა რომ გავიზარდე და თურქეთში წავედი, როგორც პუტანკა, ეს უნდა გენახათ. ვისაც ბევრი ჰქონდა, ჰალსტუხიანებს, ვპარავდი, თვალის წვეთებს ვუსხამდი სასმელში, რძის ფერია და დედის რძესავით ერგებოდათ და რა სქესობრივი კავშირი? 3-4 წუთში ეძინათ. მერე ჯიბეებს ვუსუფთავებდი და ვტოვებდი სასტუმროში. თუ ასაკოვანი იყო, უფრო მეტად ვაბოლებდი. ყოფილა შემთხვევა, დილამდე დავრჩენილვარ და ამ დროს გასუფთავებული მყავდა ფულისგან. ვეტყოდი, - მთელი ღამე არ დამაძინე-მეთქი და მოსწონდათ. ხედავდა, ფული არ ჰქონდა. - იქ დახარჯე და აქ დახარჯე და აქეთ გაქვს მოსაცემი-მეთქი, - ვეუბნებოდი. რახან მე იქ ვიყავი, ფიქრობდნენ არაფერი მქონდა დაშავებული და მაძლევდნენ კიდევ ფულს. ასე ვექცეოდი ასაკოვნებს, თორემ ახალგაზრდებს ვფცქვნიდი და ვტოვებდი. ათასებს ვშოულობდი, ეს ფული მყოფნიდა წამალშიც და გრიალშიც. კარგად ვცხოვრობდი. ქალი 5 ლირა რომ ღირდა, იმ დროიდან დავდიოდი თურქეთში. ისე, თავიდან წავედი ჩაის საკრეფად, ფიზიკურად ვიმუშავე. მერე ბარში ჩავედი, დაგერხათ თურქებო-მეთქი და შევუდექი. ძალიან ჩათლახი, დაუნდობელი მომპარავი ვიყავი, მაგრამ არასოდეს მომიპარავს ორსულისთვის, ინვალიდისთვის, შავებში ჩაცმულისთვის.

- ჯიბგირობა ძნელი არ არის?

- ძნელი ის არის, ხელფასს რომ ელოდები, ჯიბიდან ამოღება რა რთულია? როგორც მეხერხებოდა, ისე ვმუშაობდი. თუ ერთხელ შეყავი ხელი, მერე არ გაჩერდები. ახლა თითქმის ორი წელია ერთნაირად ყველაფერს შევეშვი. ფსიქოლოგმაც ძალიან მაგრად იმუშავა. რომ არა თამუნა გახოკიძე, ქალბატონი მანანა სოლოღაშვილი და ის დიდი გუნდი, რომელთა წრეში ახლა ვტრიალებ, დღეს ისევ იმ წუმპეში ვიქნებოდი, მაგრამ ამომათრიეს. ზოგჯერ ახლაც მიჭირს, მაგრამ მქონია შემთხვევა, ცხვირწინ მდებია წამალი, მაგრამ არ გამიკეთებია. მე უარი ვუთხარი წამალს და უკან არ დავბრუნდები. იმას ვტირი, რომ ძალიან ბევრი დავკარგე. ხომ შეიძლებოდა, ჩვეულებრივ მეცხოვრა და ერთი შვილი მაინც მყოლოდა? მარტო ქურდი რომ ვყოფილიყავი, შეიძლებოდა ოჯახიც მქონოდა, მაგრამ წამალმა დამღუპა. ვნანობ, რომ წამალი გავხადე მთავარი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში. ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფებს ვეტყოდი: მთავარია, მოინდომოთ და გამოგივათ. წამალს ნუ შეეწირებით, კარგია ფხიზელი თვალით ცხოვრება.

იხილეთ ასევე: "მე მკვლელი მერქვა... ძალიან დიდხანს თვალწინ მედგა მისი ბოლო წუთები" თეა ხურცილავა