101 წლის მოხუცის ტკბილ-მწარე ცხოვრება - გზაპრესი

101 წლის მოხუცის ტკბილ-მწარე ცხოვრება

კასპში, ჩემს ნაცნობ თვალის ექიმს 101 წლის ბებომ მიაკითხა, - ამ ბოლო დროს მხედველობას ვუჩივიო... მედპერსონალის თქმით, თან ბოდიშებს იხდიდა თურმე, - ამ ხნის ქალი რომ გაწუხებთ, მაგრამ რა ვქნა, მჭირდება და იქნებ რამე მიშველოთო...

ჰოდა, სწორედ ამ ბებოს გასაცნობად წავედი. მეზობლებმა მითხრეს, ეზოში ხშირად ვნახულობთ, საკმაოდ შორ მანძილზეც ხშირად დადის და შეიძლება სახლში არ დაგხვდესო...

101 წლის ელო კაპანაძე კასპში, 5-სართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მარტო ცხოვრობს... კეთილი მეზობლები უმართავენ ხელს და როგორც თავად ამბობს, ღმერთმა კეთილი ადამიანები არ გამოულია...

ის 1917 წლის 7 ოქტომბერს, შიდა ქართლის სოფელ ბეშუეთში დაიბადა. მრავალშვილიანი ოჯახიდან, რამდენიმე პატარა მაშინ უკურნებელ სენად მიჩნეულ დაავადებებს შეეწირა... როგორც მოხუცი იხსენებს, ძალიან უჭირდათ. მარტო მათ კი არა, ყველას...

- ძალიან პატარა გავთხოვდი, შვილო. ზუსტად არც მახსოვს, რამდენი წლისა, მაგრამ იმ დროს ის ასაკი პატარად სულაც არ ითვლებოდა. ახლა გოგო-ბიჭები რომ წლების განმავლობაში იცნობენ ერთმანეთს, შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი დადიან ერთად და ან დაოჯახდებიან ან არა, მაშინ ასე არ იყო. მოვეწონებოდით და მივყვებოდით. მერე გვიყვარდებოდა. მე მიყვარდა ჩემი ქმარი... მაშინ ასეთი მოთხოვნებიც არ იყო. მივყვებოდით პატარა გოგოები, ჩვენსავით პატარა ან ცოტათი უფრო დიდ ბიჭებსა და მერე ერთად ვებრძოდით ამ წუთისოფელს... ლხინიც გვქონდა, მთლად ეგრე არ ყოფილა, მაგრამ გაჭირვება უფრო მეტი იყო. ისე კი, მაშინ უფრო გამძლენი ვიყავით, ამტანები და მებრძოლები ყველაფრის მიმართ...

- რამდენი შვილი გყავთ?

- ახლა ორი მყავს, ორი გოგო. ისინი შემრჩნენ... ისე კი ოთხი შვილი მყავდა. ერთი ბიჭი, სულ პატარა დამეღუპა. მაშინ ბევრნაირი დაავადება იყო. მეორე ბიჭი ამ რამდენიმე წლის წინ დამეღუპა, - ავარიაში მოყვა... ახლა ხომ 101 წლის ვარ და ეს უბედურება რომ არ დამმართოდა, ალბათ 150 წელი ვიცოცხლებდი...

- ერთი გოგო ჯანმრთელადაა, მადლობა ღმერთს, მეორე კი ლოგინად არის ჩავარდნილი. ისიც დარდად მაწევს გულზე.

- მეუღლე დიდი ხნის წინ დაგეღუპათ?

- მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა... როდესაც მიჰყავდათ, კართან გაჩერდა და მითხრა, - ბალღებს ხომ მიმიხედავო? მერე ძალიან ბევრმა განსაცდელმა გადაიარა ჩემს თავზე და როდესაც ძალიან მიჭირდა, მისი სიტყვები მაძლებინებდა, - ხომ შევპირდი, რომ შვილებს მივხედავდი-მეთქი. ჰოდა, ის წაიყვანეს და მე კი დამრჩა ეს ოთხი შვილი მარტოს... მაშინ კოლექტივი იყო, შვილო, დიდიან-პატარიანად შეგვყრიდნენ ყველას მინდორში სამუშაოდ, შუაგულ მზეზე. მე ამ ოთხი პატარა შვილით მივდიოდი, სხვა რა გზა მქონდა? ხან კომბოსტო მოგვყვავდა, ხან კარტოფილი... ხილს ვკრეფდით, ვაშლს, ატამს, ყურძენს... მწვანილი მოგვყავდა, საქონელს ვუვლიდით... საქმე სულ იყო კოლექტივში. მაშინ სხვანაირი ცხოვრება იყო და ჩვენც ვერგებოდით... მეორე მსოფლიო ომის დროს ისე ჭირდა, რომ მხალიც კი არ იშოვებოდა, მაგრამ აბა, წუწუნს ვინ გაბედავდა? ან რა აზრი ჰქონდა... ახლაც მიკვირს, როგორ გავზარდე მარტოკამ ჩემი შვილები... ის ერთი პატარა ბიჭი რომ დამეღუპა, ახლაც ცეცხლად მინთია გულში. მერე მეორეც რომ დაემატა, მთლად მომშალა...

- ომის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

- ომის მერე კასპის ცემენტის ქარხანაში დავიწყე მუშაობა და საცხოვრებლადაც აქ გადმოვედი. შემდეგ ბინაც მივიღეთ და ცოტა ამოვისუნთქეთ. დიდი ფულისა და ქონების შემგროვებელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მერე იმდენად არ გვიჭირდა. შვილები მომესწრნენ... 48 წელი ვიმუშავე კასპის ცემენტის ქარხანაში და ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ დამისვენია. ახლა შვილები და შვილიშვილები თავიანთთვის არიან. ყველას თავისი გზა და პრობლემა აქვს. ამდენი წელი ვის გაუგია ადამიანი ცხოვრობდეს და კიდევ რამეზე წუწუნებდეს?

- რამდენი შვილიშვილი გყავთ?

- ბევრნი არიან შვილო, - შვილთაშვილებიც მყავს, კი მრცხვენია, მაგრამ რამდენი არიან ზუსტად არ მახსოვს, ერთმანეთში მერევიან... ერთი შვილიშვილი კასპში ცხოვრობს და ის მაკითხავს, რაღაცებში მაშველებს ხელს... მადლობელი ვარ. ყველას თავისი საზრუნავი აქვს, ისეთი ცხოვრება მოვიდა.

- ბევრ რამეს თქვენით ახერხებთ?

- კი, წყალი ამოდის აქამდე, გაზიც კი მაქვს, მაგრამ მაინც მირჩევნია, შეშით გავთბე. მიყვარს ცეცხლის სითბო, შეშის სითბო უფრო "ჯანმრთელია". თან მესამე სართულზე მე ამომაქვს ჩემი ხელით და ჩემი დაუღლელი მუხლებისთვის ძალიან კარგი ვარჯიშია... ჯერ კიდევ შემიძლია და ეს მიხარია.

- შეშა თქვენ ამოგაქვთ მესამე სართულზე?

- კი, მე ამომაქვს. მიჭირს, მაგრამ გული არა ბერდებაო, ხომ გაგიგონია და მეც ვაძალებ ამ ჩემს ძვლებს მოძრაობას... არც სიარული მეზარება. აქ, ჩემნაირებისთვის - მოხუცებისთვის, ასევე, გაჭირვებულებისა და მარტოხელებისთვის სასადილოა და იქ მივდივარ. შეიძლება სულაც არ მშიოდეს, მაგრამ მაინც მივდივარ, მუხლს გავმართავ, თვალს წყალს დავალევინებ... რამდენიმე კილომეტრია იქამდე, გზაში რამდენჯერმე შევისვენებ, მაგრამ მაინც ვაგრძელებ. თუ ადამიანმა ერთხელ გაიზარმაცა თავი, შემდეგ შეეჩვევა და იმაზე საწყალი ხდება, ვიდრე სინამდვილეშია. მოხუციც ასეა და ახალგაზრდაც. არავინ უნდა შეაჩვიოს თავი დაძაბუნებას...

- მეზობლებიც გეხმარებიან?

- კი, ძალიან კარგი მეზობლები მყავს. ვისაც რა მოუხერხდება, მომიკითხავს ხოლმე. მამხნევებენ, ყოჩაღი ხარო... კარს თითქმის არასდროს ვკეტავ. მარტო მაშინ, როდესაც სადმე შორს მივდივარ. აწი ისეთი ასაკი მაქვს, ბებო, სიკვდილის ანგელოზი კაი ხნის მოსული უნდა იყოს ჩემთან, ნამუსი რომ მქონდეს, მაგრამ დავავიწყდი ეტყობა და ვაითუ, უცებ გავახსენდე?.. ასე კი ვამბობ, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ველევი ამ ოხერ წუთისოფელს, გაუმაძღარი ყოფილა ადამიანის ბუნება. კი ვიცოდი, რომ ასე იყო, მაგრამ ახლა ჩემზე გამოვცადე. ხომ გგონია, კიდევ ამდენი და საკმარისიაო, მაგრამ არა, - ცოტა უფრო მეტი გინდა, ეპარები ტკბილ სიცოცხლეს და ასაკს უყრუებ... არ ნებდები... კი ვარ 101 წლის, მაგრამ თან არა ვარ.

- კერძს თქვენით იმზადებთ?

- ზოგჯერ ჩემითაც მოვიმზადებ რაღაცებს, მაგრამ ჯანი უკვე აღარ მომდევს. რაღა დროს ჩემი დიასახლისობაა? ახლახან, შემწვარი თევზი მენატრებოდა და ალბათ ვთქვი კიდეც რომელიმე მეზობელთან, არც მახსოვს, მაგრამ არ გასულა რამდენიმე დღე და ერთ-ერთმა მომიკითხა...

- ასაკის მიუხედავად, მაინც ცდი ლობთ, ყოჩაღად იყოთ... ჯანმრთელობაზეც ზრუნავთ...

- კი, იმიტომ, რომ მარტო ვარ და სანამ შემიძლია, არ მინდა, ვინმეს ტვირთად დავაწვე... აქ ერთი კეთილი ქალბატონია. რაღაცაში დამეხმარა ქუჩაში და მერე უფრო დავახლოვდით. მან მირჩია თვალის ექიმთან მისვლა, კარგი სპეციალისტები არიანო. ადრე კი დავდიოდი მათთან, მაგრამ ახლა ცოტა არ იყოს, მერიდება. რას იფიქრებენ, როცა ჩემს ასაკს გაიგებენ-მეთქი? ამ ხნის ქალს რა ექიმთან სირბილი აუტყდაო, არ თქვან, არ გაეცინოთ-მეთქი. არც მეწყინებოდა, მაგრამ ისე თბილად შემხვდნენ, დედაშვილურად მომეფერნენ, სულ დამავიწყდა... წამლები გამომიწერეს და კიდევ მოდიო, მითხრეს... ვუჯერებ ექიმებს და ისე ვაკეთებ, როგორც მეუბნებიან... ახლა ეს ჩემი ახლობელი ქალი მეუბნება, - იქნებ ყურის ექიმთანაც მიხვიდე, ცუდად რომ გესმისო. კი ცუდად მესმის, მაგრამ მერიდება... ას წელზე მეტის ვარ, ბებო და დამაკლდება ყურთ, აბა, რა იქნება?

- პენსიის გარდა, რა არის თქვენი შემოსავალი?

- ასი წლის რომ გავხდი, ჩვენმა მთავრობამ (გულისხმობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს) 3 ათასი ლარი გადმომცა. მე რაღად მინდოდა ამდენი ფული და ჩემებს მივეცი... მე ისედაც ვიმყოფინებ, რაც მაქვს... ახალგაზრდებს უფრო სჭირდებათ. ახლა სხვანაირი ცხოვრებაა. მეცოდებიან ახალგაზრდები, სამუშაო

არა აქვთ. ჩვენს დროს, თუ არ მუშაობდი, არ შეიძლებოდა... ახლანდელი თაობა კი ცხოვრების ყველაზე ძვირფას დროს სამუშაოს ძებნაში და შემდეგ მის შენარჩუნებაში ატარებს. არადა, ეს ცხოვრება ისედაც წამიერია და წლები მიფრინავენ. მინდა, ცოტათი უკეთესი ცხოვრება გქონდეთ, ყველას... ეს არის ჩემი ნატვრა.

ლალი პაპასკირი