"დედობა ყველაზე დიდი საოცრებაა!" - გზაპრესი

"დედობა ყველაზე დიდი საოცრებაა!"

როცა პატარა არსებების სითბოთი და სიყვარულით ანთებულ თვალებს ხედავ, როცა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, ამაზე დიდი საოცრება ადამიანისთვის არ ვიცი, რა უნდა იყოს!", - ამბობს მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც ამჯერად დიასახლისურ და კულინარიულ თემებზე გვესაუბრება.

შემოქმედებითი სიახლეები - "ახალ სფეროში ვცადე ბედი"

- დღესდღეობით განსაკუთრებული სიახლე არ მაქვს, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში ვმონაწილეობ, რაც შეეხება ტელევიზიას, ახალს არაფერს ვაკეთებ, ძველი პროექტი კი იანვარში დასრულდა. ახალ სფეროში ვცადე ბედი - კრეატიულ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, რაც ძალიან მომწონს, რადგან ბევრ სფეროს მოიცავს და ვცდილობ, გავერკვე, შევითვისო, ვისწავლო და აქტიურად ჩავერთო.

დიასახლისობა, საოჯახო საქმეები და თამაშები პატარებისთვის

- დილით ბავშვები ადრე იღვიძებენ, ვდგებით და ცხადია, დღე მათი მოვლით იწყება - ვბან, საუზმეს ვამზადებ, მერე ყველანი ერთად ვსაუზმობთ. თუ მცალია, ბავშვებისთვის სადილსაც ვაკეთებ, იშვიათად ვახერხებ, სადილი დიდებისთვისაც მოვასწრო. როცა დრო მაქვს, საოჯახო საქმეების კეთებაც მიყვარს - მოწესრიგება, დალაგება, დასუფთავება, ასეთი რამ სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა, ხშირად არა. როცა სახლში ვარ, მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვებთან ვიყო და მათ ვეთამაშო, რაც მათ მოსწონთ, ის გავაკეთო. სახლს თუ ვალაგებ, ისინიც ჩართულები არიან და თამაშ-თამაშით ვალაგებთ. ასევე ჩართულები არიან საჭმლის კეთებაში. თამაში მოვიფიქრეთ, მაგალითად, რა ბოსტნეულსაც ვჭრი, ისინი იმას ხატავენ. ჩემთვის პრიორიტეტი ბავშვებზე, მათ განვითარებაზე ზრუნვაა, ვიდრე სხვა საქმის კეთება. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ზრდილობა, ადამიანებთან ურთიერთობა უნდა ისწავლონ. თამაშებსაც ისეთს ვიგონებთ, რაც მათი განვითარებისთვის იქნება კარგი, ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებით. მთავარი ისაა, მათ ისიამოვნონ და არ იყოს დამთრგუნველი, ზედმეტი ინფორმაცია. ალექსანდრე სამ-ნახევარი წლისაა და თვითონ ცდილობს რაღაცების გაგებას, რიცხვებისა და ასოების დაწერას, მაგრამ არ მინდა გადაიტვირთოს. საერთოდ, თვითონ რაც სიამოვნებს, ვცდილობ იმ მიმართულებით ცოდნა გავუღრმავო. ზოგიერთი რომ ამ ასაკში წერს და კითხულობს, არ მიმაჩნია სწორად.

"დედა ცდილობდა ბავშვური თემებით გავეხალისებინე"

- ბავშვობისას, საოჯახო საქმეებში ჩართულობა მომწონდა იმიტომ, რომ სტუმრების მოსვლისას სუფრის ლამაზად გაშლა, გაფორმება მსიამოვნებდა. ვფიქრობ, ზოგადად, გოგონები უფრო აქტიურად არიან ჩართულები ამ ყველაფერში, ვიდრე მე ვიყავი. დედა არ მასაქმებდა, არც სადილების კეთებაში ვმონაწილეობდი, არც ნამცხვრების ცხობაში. ბავშვური თემებით გვახალისებდა, არ გვტვირთავდა.

GzaPress

როგორ ვებრძოლოთ რუტინულ საქმეებს

- ბევრი ჩემი მეგობარი, რომელიც არ მუშაობს, დიასახლისია და საოჯახო საქმეებში მუდმივად ჩართულია, ამბობს, რომ მათ ეს მოსწონთ, რადგან ეს მათი არჩევანია. ცდილობენ, ყოველდღიურად ბავშვებიც ჩართონ ამ საქმიანობაში და მათთან ერთად ხალისით აკეთონ ყველაფერი. მესმის, რომ ზოგჯერ მშობლებს ეზარებათ - ბავშვი უფრო დამისვრის რაღაცებს და საქმე მომემატებაო, მაგრამ უფრო ხალისიანი ხდება ყოველდღიურობა, როცა ამ ყველაფერში ისინი მონაწილეობენ. ყველა საქმეს თავისი ხიბლი აქვს, მთავარია, როგორ დაინახავ ამ ყველაფერს, შეიძლება წარმატებული, საქმიანი ქალი იყო, მაგრამ სამსახური უფრო მოსაბეზრებელი იყოს შენთვის, ვიდრე - დიასახლისობა. ვისიამოვნოთ ყველაფერ იმით, რასაც ვაკეთებთ და არ ვიყოთ დამოკიდებული თუნდაც, ამინდზე, არ მოვიშალოთ ნერვები იმაზე, რომ დღეს ისევ გასაკეთებელია წვნიანი და ისევ დასალაგებელია სახლი. ვეცადოთ, ყველაფერში რაღაც დადებითი დავინახოთ. შენ თვითონ უნდა მიიღო ყოველდღიურობა ისეთი, როგორიც არის და შენი შეგრძნებები გაამრავალფეროვნო. შინაგანი მდგომარეობა და ემოციები უნდა შევცვალოთ ჩვენში. მთავარი ისაა, რომ სწორედ ბავშვები ახალისებენ ამ ყოველდღიურობას და მათი დაუმორჩილებლობაც არ უნდა გვაღიზიანებდეს, რადგან მორჩილი ბავშვები ისეთი განვითარებულები ვერ იზრდებიან, სხვანაირად მივუდგეთ, გასაქანი უნდა მივცეთ.

"მეუღლეს ჩემი გაკეთებული კერძები მოსწონს"

- კულინარიასთან ჩემი დამოკიდებულება სხვადასხვანაირია, არის დღეები, როცა გემრიელად ჭამა ძალიან მიყვარს, ზოგჯერ კი, როცა ბევრი საქმე მაქვს, მგონია, რომ ჭამა დიდ დროს მართმევს და არც მახსენდება. თუმცა, გემრიელი სადილის მომზადება და დაგემოვნება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოცაა. ვაფასებ და მშურს იმ ადამიანების, ვისაც შეუძლია საჭმლის კეთებით დიდი სიამოვნება მიიღოს და უგემრიელესიც გამოუვიდეს. იმედია, ოდესმე მეც ასე ვიქნები - მარტივად და მცირე დროში მოვამზადებ გემრიელ სადილს და იმ ადამიანებსაც ვასიამოვნებ, ვისთვისაც ვამზადებ. ჩემს მეუღლეს ჩემი მომზადებული კერძები ყოველთვის მოსწონს და არაფერს იწუნებს (იცინის).

"კარაქიანი პური მიყვარს"

- იაპონური, ჩინური სამზარეულო ძალიან მომწონს, ოღონდ ალბათ უფრო ჩვენს გემოვნებაზე, საქართველოზე "მორგებული" ჩინური. გემრიელი კერძებია ესპანურ და იტალიურ სამზარეულოებშიც. ვფიქრობ, არ არსებობს ქვეყანა, რაღაც გემრიელი რომ არ ჰქონდეს. განსაკუთრებული გურმანი არ ვარ. ზოგადად, საუზმე ბევრად უფრო მიყვარს, ვიდრე - სადილი. გაგეცინებათ და როცა მშია, ცხელი პური, კარაქი და ყველი მახსენდება. ტკბილეულიც მიყვარს, შოკოლადი, ნამცხვრები და ჩანთაში ყოველთვის მაქვს რაღაც, კანფეტი ან შოკოლადი.

"დიეტა არ დამჭირვებია"

- არასდროს დამიცავს დიეტა, ჯერჯერობით არ დამჭირვებია. რაც შეეხება ვარჯიშს, სულ ვცდილობ, დავიწყო, 1-2 კვირით აუზზე ვივლი, მერე შეიძლება თავი მივანებო. ახლაც ყოველი ორშაბათიდან ვიწყებ (იცინის). საერთოდ, ვარჯიში მიყვარს, მსიამოვნებს, ტონუსში ხარ, მეტი ენერგია გაქვს. სანამ ბავშვებს ბაღში ან სკოლაში არ წავიყვან, მანამდე ალბათ ვერ მოვახერხებ. ახლა სადმე რომ მივდივარ, სულ მათთან გაქცევა მინდა, სულ სახლში მიმეჩქარება და საკუთარი თავისთვის დრო მენანება.

ოჯახური და სამეგობროს ტრადიციები

- უქმეებზე მეგობრები ყოველთვის ვცდილობთ რაიმე განსაკუთრებული დავგეგმოთ და ერთმანეთს შევხვდეთ, სხვადასხვანაირ სიტუაციაში გავატაროთ დრო ერთად. ეს ყოველკვირეული ტრადიციაა. ოჯახური ტრადიციაც გვაქვს, ყველანი ერთად ვიკრიბებით - ჩემი ძმები თავიანთი ოჯახებით, ჩემი მშობლები. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ბედნიერება ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენ გარშემოა.

დედის დღე - "შვილებთან ერთად ყოველი წამი ძვირფასია"

- დედის გახარება ყოველთვის ძალიან მსიამოვნებდა, რაღაცებს ვუხატავდი ყოველ წელს. ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან და როცა ისინიც დაიწყებენ ამ დღის მოლოცვას, ალბათ ეს უბედნიერესი შეგრძნება იქნება. დედობა საოცარი გრძნობაა, ყველაზე ძლიერი, რასაც ვერაფრით ახსნი, განსაკუთრებით, პირველი წუთები, მერე კი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. მათთან ერთად, ყოველი წამი ძვირფასია. როცა ეხუტები, პატარა არსებების სითბოთი და სიყვარულით ანთებულ თვალებს ხედავ, როცა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, ამაზე დიდი საოცრება ადამიანისთვის არ ვიცი, რა უნდა იყოს!

თამთა დადეშელი