მექსიკა - ყველაზე სახიფათო ადგილი მიწისძვრებისთვის
font-large font-small
მექსიკა - ყველაზე სახიფათო ადგილი მიწისძვრებისთვის
მიწისძვრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენაა. დიდი მასშტაბის მიწისძვრას შეუძლია 10000-ჯერ მეტად დამანგრეველი და შესაბამისად, მსხვერპლის მომტანი იყოს, ვიდრე ატომური ბომბი. სამწუხაროდ, ადამიანები დღესაც კი უძლურები არიან ამ სტიქიის წინაშე.

ამ მხრივ, მექსიკის სახელმწიფო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ სეისმოაქტიურ ზონას.
1985 წლის 19 სექტემბერს, მეხიკოში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 9 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გასულ წელს დამანგრეველი მიწისძვრა ზუსტად იგივე დღეს - 19 სექტემბერსაც გამეორდა.

მექსიკის ტერიტორია სამი უდიდესი ტექტინიკური ფილის თავზე მდებარეობს - ჩრდილოეთ ამერიკის ფილა (მექსიკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი), წყნარი ოკეანის ფილა (კალიფორნიის ყურის და ნახევარკუნძულის ნაწილი) და კოკოსის ფილა (კალიფორნიის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი).

მიწისძვრა ხდება, როდესაც დედამიწის ქერქის ეს მონაკვეთები გადაადგილდება და ერთმანეთს ეხახუნება. დღევანდელი დედაქალაქის ადგილას გაშენებული იყო ქალაქი ტენოჩტიტლანი - აცტეკი ინდიელების მიერ მე-14 საუკუნეში დაარსებული. ეს ქალაქი მე-16 საუკუნეში ესპანელმა დამპყრობლებმა დაანგრიეს, ტესკოკოს ტბა დააშრეს და ტენოჩტიტლანის ადგილას თანამედროვე მეხიკო გააშენეს. დედაქალაქი ზღვის დონიდან 2020 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და რადგანაც დამშრალი ტბის ფსკერზეა გაშენებული, ნიადაგი რბილია და მიწისძვრის ეფექტებიც გაცილებით დიდი. აქ მრავალ ადგილას შეინიშნება ქანების თვალშისაცემი დაწევა.

1985 წლის მიწისძვრის შემდეგ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, სადაც ნიადაგი რბილია, მიწისძვრა თითქმის 500% - ით ძლიერია.

გასულ წელს, 19 სექტემბერს დამანგრეველი ბიძგები წარმოიქმნა კოკოსისა და ჩრდილოეთ ამერიკის ფილების საზღვარზე, რადგან სამხრეთით მდებარე ფილა მისი ჩრდილოეთი მეზობლის ქვეშ გაცურდა.

მექსიკის ისტორიაში მრავალი დამანგრეველი მიწისძვრა და ვულკანის ამოფრქვევაა ცნობილი. 1928 წელს და 2005 წელს ამოიფრქვა ორი უმძლავრესი მოქმედი ვულკანი: ელ ჩიჩონი და ვოლკან დე კოლიმა. ასევე არის კიდევ ორი აქტიური ვულკანი - პოპოკატეპეტლი და ოსტაქსიუატლი, რომლებიც დროგამოშვებით ამოაფრქვევენ კვამლსა და ხილულ გაზებს.
მას შემდეგ, ქვეყანამ სამომავლო რისკების მართვის მიზნით, გარკვეული სახის ნაბიჯები გადადგა - ისეთი როგორიცაა, დედაქალაქის სიახლოვეს მშენებლობის წესი და მიწისძვრის ადრეული გაფრთხილების სისტემა. თუმცა ქვეყნის დიდ ნაწილში მაინც არაუსაფრთხო ინფრასტრუქტურაა.
წყარო: bussines insider
ბეჭდვა