"დედე" - ფილმი სვანი ქალების "ტვირთზე", რომლის ტარებასაც მათ ტრადიცია აიძულებდა - გზაპრესი

"დედე" - ფილმი სვანი ქალების "ტვირთზე", რომლის ტარებასაც მათ ტრადიცია აიძულებდა

- "დედე" პირველი ფილმია, რომელშიც ვითამაშე. როლზე ისე დავთანხმდი, არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ მქონია, კამერასთანაც არასდროს მიმუშავია. ერთ დღეს რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის და, თამარ ხაჭვანი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ფილმში გადასაღებად სვან გოგოს ეძებდნენ. ჩემი ფოტოები ნახეს, მოვეწონე და შეხვედრას მთხოვდნენ. იმ პერიოდში უნივერსიტეტში არ დავდიოდი, დასვენება მქონდა და სვანეთში ვიყავი. მარიამი კი სვანეთის სოფლებში დადიოდა და მთავარი როლისთვის გოგოს ეძებდა. რამდენიმე დღეში ჭუბერშიც ჩამოვიდა, მაგრამ იმ პერიოდში უკვე იქ აღარ ვიყავი. მივწერე, სამწუხაროდ, თბილისში წასვლა მომიხდა და კასტინგზე ვერ მოვალ-მეთქი. ის კი ჩემს ნახვას დაჟინებით ითხოვდა, - არა უშავს, თბილისში გნახავო. მოკლედ, კინოსტუდიაში მივედი, გაცნობითი ხასიათის საუბარი გვქონდა, ამიხსნა, როგორ ფილმს იღებდა და აინტერესებდა, სვანური თუ ვიცოდი, ჩვენი კუთხის ტრადიციებს თუ ვიცნობდი...

- და ცხენით ჯირითი თუ შეგეძლო?

- ...(იღიმის) სცენარი შეიცვალა და ეს ეპიზოდი ძალიან ბუნებრივად ჩაჯდა.

კასტინგზე მისვლის შემდეგ, რადგან რეჟისორი ჩემით დაინტერესდა, სცენარი წავიკითხე. იქვე პატარა სინჯები გადავიღეთ. ასე დამამტკიცეს მთავარ როლზე. მარიამი ამბობს, როგორც კი ნათია დავინახე, ეგრევე მივხვდი, რომ დინას როლი მას უნდა ეთამაშაო.

GzaPress- სამსახიობო გამოცდილების გარეშე, მთავარ როლზე დათანხმება არ გაგიჭირდა?

- არ შევშინდი, რადგან ფილმში გიორგი ბაბლუანის გარდა, არც ერთი პროფესიონალი მსახიობი არ თამაშობდა და ყველას ერთად უნდა გვესწავლა. მხოლოდ იმას ვნერვიულობდი, გიორგი ბაბლუანს პარტნიორობას როგორ გავუწევდი. ის დიდი გამოცდილების მქონე მსახიობია და ამის გამო ცოტათი ვღელავდი. არ ვიცოდი, რა დროს რა უნდა გამეკეთებინა. გიორგი ბაბლუანი ძალიან დამეხმარა, მიმანიშნა, როგორ მეთამაშა, ხელი შემიწყო, საოცრად უშუალო ადამიანი აღმოჩნდა. თუ მე ამ ფილმში რამე შევძელი, ეს მარიამის დიდი დამსახურებაა, სულ მელაპარაკებოდა, მეხმარებოდა და დეტალურად მიხსნიდა, რომელი ეპიზოდისთვის როგორი ხასიათი სჭირდებოდა.

- რეჟისორთან მუშაობის მიღმა, ამ როლისთვის როგორ მოემზადე? სვან ქალებს ელაპარაკე? მათი დედებისა და ბებიების თაობაში, ალბათ ერთი იყო ისეთი, ვისაც შენი პერსონაჟის ცხოვრებით უცხოვრია.

- რა თქმა უნდა, ასე მოვიქეცი. სანამ გადაღება დაიწყებოდა, 1 თვით ადრე უშგულში ვიყავი. თავად ჭუბერში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ამ ორ სოფელში მაინც განსხვავებული წესით ცხოვრობენ. ბიძაჩემი ძალიან განათლებული ადამიანია, ყველაფერი იცის, ისეთი კაცია, სვანეთში სიტყვა რომ ეთქმის, ტრადიციებში ჩახედულია და მას ხშირად ველაპარაკებოდი, როგორ ხდებოდა არასრულწლოვნების დანიშვნა, ასე რატომ ხდებოდა? ბიძაჩემმა ეს ზუსტად იმავენაირად ამიხსნა, როგორც ფილმშია გადმოცემული. ფილმის სცენარიც ხომ ნამდვილ ამბავზე შეიქმნა. ეს ამბავი კი თავს მარიამ ხაჭვანის ბებიას გადახდა. წლების წინ, ბიჭისა და გოგოს ოჯახები იღებდნენ გადაწყვეტილებას, როცა თავიანთი შვილები გაიზრდებოდნენ, ერთმანეთზე ექორწინათ. მანამდე კი მათ დანიშნულები ერქვათ. იყო პერიოდი, როცა ბავშვებს აკვანშიც კი ნიშნავდნენ. ფილმში წინ ქალის უფლებებია წამოწეული, მაგრამ რეალურად ხომ ბიჭის უფლებებიც ირღვევა? გადაწყვეტილებას იღებენ მშობლები და აზრს არც ერთს არავინ ეკითხება. ჩემს პერსონაჟს - დინას არ უყვარს ბიჭი, რომელზეც წლების წინ დანიშნეს. ის სხვაზეა შეყვარებული. საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის, არ უნდა ეს ქორწინება შედგეს, ცდილობს, რეალობა შეცვალოს...

- შენი პერსონაჟი ძალიან გაბედული გოგოა.

- გეთანხმები, ის იბრძვის, რომ ვინც უყვარს, მასთან ოჯახი შექმნას. მისი ჩანაფიქრი სრულდება, შვილიც შეეძინება, ბედნიერია, იმარჯვებს, მაგრამ ეს სიხარული არ ერგება, მოულოდნელად ქვრივდება, ფეხქვეშ მიწა ეცლება და ჰაერში რჩება. სულ მალე, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით, წინ კიდევ ერთი ტრადიცია იწევს. ეს არის გათხოვილი გოგოს დანიშვნა და შემდეგ მისი ცოლად მოყვანა.

- ანუ ის, რასაც ფილმში გამოთხოვას ეძახიან.

- დიახ, ეს არანაკლები საშინელებაა, ბავშვი მამის გვარში რჩება, ქალს კი ახალი ცხოვრების დაწყება უწევს. დღეს ეს წარმოსადგენადაც კი ძალზე რთულია. ახალგაზრდამ დაკარგო საყვარელი ადამიანი, წაგართვან ერთადერთი მცირეწლოვანი შვილი და შენ სხვა კაცთან გააგრძელო ცხოვრება, ვითომ არაფერი მომხდარა. ტრადიცია გაიძულებს, შენ ეს უნდა შეძლო, თან ისე, რომ წარსული დაივიწყო. ჩემი პერსონაჟი არც ამას ეგუება. რაღაც მომენტში ალბათ დინამაც იცოდა, რომ ხელმეორედ გათხოვება მოუწევდა, მაგრამ მეუღლის ოჯახის წევრების იმედი ჰქონდა, ეგონა დაიცავდნენ. მათი მხარდაჭერა ვერ იგრძნო. მაქსიმალურად შევეცადე, ამ გოგოს მდგომარეობაში შევსულიყავი, სვანი ქალების ტვირთი გამეთავისებინა. ფილმის გადაღების პერიოდში ისე ვიცხოვრე, როგორც დინამ. იმ ქალების ტკივილები განვიცადე, ვის ცხოვრებაშიც მართლა ხდებოდა მსგავსი ტრაგედიები. ჩემი ცრემლიც ბუნებრივი ამიტომ იყო.

- უშგულში გადაღებები რთული იქნებოდა, დიდი თოვლი ბევრ პრობლემას შეგიქმნიდათ...

- ძალიან რთული იყო. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდის გადაღებები. მინუს 37 გრადუსი იყო, საშინელ ყინვასა და თოვლში გვიწევდა სიარული. მხოლოდ ერთი კამერა გვქონდა. ის რომ გაფუჭებულიყო, არ ვიცი, რა გვეშველებოდა. თავად თბილისიდან უშგულამდე ჩასვლას 2 დღე მოვუნდით, პირველ დღეს სოფელ კალაში გავჩერდით, რადგან დიდთოვლობის გამო გზები ჩაკეტილი იყო. თან მიგვქონდა კოსტიუმები და ყველაფერი, რაც გადაღებისთვის იყო საჭირო. მეორე დღეს, როგორც იქნა, კინოსტუდიის მანქანებით უშგულამდე ავაღწიეთ. პირველ მცდელობაზე იმდენად დიდი თოვლი იყო, გადამღები ჯგუფი ზუგდიდიდან თბილისში მობრუნდა. ძალიან რთულია, წელამდე თოვლში კვალი გაიტანო, თან პერსონაჟის ჩაცმულობა დიდად კომფორტული არ არის. რამდენჯერმე მართლა წავიქეცი, ფილმში ასეთი ბევრი ბუნებრივი კადრი დარჩა.

ამ ფილმის წარმატებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის პროდიუსერს - ვლადიმერ კაჭარავას. ის სცენარის განვითარების პროცესშიც მონაწილეობდა, ტექნიკური მხარის მოგვარებაშიც. საერთოდ, გადამღები ჯგუფის გუნდურობა რომ არა, იმ სირთულეებს ალბათ ვერ დავძლევდით, რომელსაც პერიოდულად ვაწყდებოდით.

- დუბლების გადაღება ხშირად გიწევდათ?

- არა და საკუთარი თავის თავად მიკვირდა. მარიამი ამბობდა, არაპროფესიონალთან მუშაობისას, რაც უფრო მეტ დუბლს გადაიღებ, კადრი მით უფრო გიფუჭდებაო. მართლაც ასე იყო, პირადად ყოველ სცენას თავიდან ბოლომდე კარგად ვითავისებდი და გადაღებას მერე ვიწყებდით. ხშირად ერთი გადაღებაც საკმარისი იყო. ამ ფილმში არც ერთი მონაწილე მსახიობი არ არის, გიორგი ბაბლუანის დატირების სცენაშიც, სვანეთში მცხოვრებელი ქალები არიან გადაღებული. იქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს. ძალიან დიდი ინტერესით ველოდებოდი, ამ ფილმს როგორ შეაფასებდა ქართველი მაყურებელი, გამორჩეულად სვანების აზრი მაინტერესებდა. მიხარია, რომ უმეტესად დადებითი შეფასებები მოვისმინე.

- შენზე მიამბე, როგორც თქვი, ჭუბერში დაიბადე და გაიზარდე. ახლა რას საქმიანობ?

- დიახ, ოჯახის წევრები დღესაც ჭუბერში ცხოვრობენ. 3 ძმა მყავს, სკოლა იქ დავამთავრე, იქ მყავს მეგობრები, კლასელები. ყველაზე ლაღი და ბედნიერი წლები ჭუბერთან მაკავშირებს. ოჯახში ყველაზე პატარა, მეოთხე შვილი ვარ. ახლა თბილისში ვცხოვრობ, სტუდენტი ვარ, საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ. პარალელურად, საავიაცო უშიშროების სამმართველოში, აეროპორტში დაცვის პოლიციაში ვმუშაობ. ძალზე საინტერესო სამსახურია, ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემი სამსახური მაქსიმალურად ხელს მიწყობს ყველაფერში. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას.

GzaPressყოველთვის მინდოდა მემუშავა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემები წინააღმდეგი იყვნენ, არ გინდა, არ არის საჭირო მუშაობა დაიწყოო, მაგრამ ჩემი გავიტანე და დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ. ვისწავლე რა არის შრომის ფასი, საკუთარი შემოსავლის გემო.

- დინას ჰგავხარ?

- მართლა ვგავარ. სვანეთში მცირე დოზით ჯერ კიდევ არის შემორჩენილი წლების წინანდელი აზროვნება. მშობლები და სამი ძმა რომ გყავს, ვიღაცას ჰგონია, რომ არ უნდა იმუშაო. მინდოდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე.

- დაოჯახებული ხარ?

- დიახ, ახლახან დავოჯახდი. 2 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვიცნობთ.

- ვინ არის შენი მეუღლე და თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ჩემი მეუღლე გახლავთ შალვა ლელუაშვილი. ერთმანეთი "დედეს" გადაღებაზე გავიცანით. შალვა გადამღებ ჯგუფში მუშაობდა.

- გამოდის, რომ ამ ფილმმა ერთი ოჯახი "შექმნა".

- კი, ასე გამოვიდა, ფილმშიც სიყვარული და გადასაღებ მოედანს მიღმაც სიყვარული იყო.

- გილოცავთ! ბედნიერები იყავით!

- გმადლობ.

P.S. "დედე" დედას ნიშნავს. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა, რაც ავთენტურობას მატებს. უშგულის ულამაზესი ბუნების კადრებს მაყურებლი სხვა სინამდვილეში გადაჰყავს.

ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალებზე არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

თამუნა კვინიკაძე