პრეტენზიული პატარძლები - გზაპრესი

პრეტენზიული პატარძლები

42 წლის დავით ნიკაჭაძე საქორწინო ყვავილების დიზაინზე ზრუნავს. ყოფილა შემთხვევა, დამკვეთი სამჯერ გათხოვილა და სამჯერვე ბატონი დავითის სერვისით უსარგებლია. გემოვნებიანი, ძუნწი თუ პრეტენზიული კლიენტების მოთხოვნებს ყვავილების დიზაინერი წარმატებით უმკლავდება და დღეში რამდენიმე ქორწილის მომსახურებასაც ასწრებს...

- 21 წლის წინ, ქვეყანაში ცოტა რთული სიტუაცია იყო: ხალხი საკუთარი პროფესიით ნაკლებად მუშაობდა. სამსახურის ძიებისას, ყვავილების მაღაზიაში აღმოვჩნდი, სადაც დიზაინერად რამდენიმე წელი ვიმუშავე. მერე უკვე საკუთარი მაღაზია მქონდა. ახლა ძირითადად, საქორწინო დიზაინზე ვმუშაობ.

- ამ სფეროში ყვავილების მაღაზიაში მუშაობამდე, რამე გამოცდილება თუ გქონდათ?

- ყვავილებთან არაფერი მაკავშირებდა. ისე, ბავშვობიდან ვხატავდი - "თოიძე" მაქვს დამთავრებული.

- ყვავილების დიზაინერად სამუშაოდ როგორ აგიყვანეს?

- საცდელი ვადით: 10-დღიანი პერიოდი მომცეს - აინტერესებდათ, ჩემს ნამუშევარს კლიენტი როგორ მიიღებდა. თავდაპირველად, ოთახში სხვა ვინმე თუ იყო, საქმის კეთება უფრო მიჭირდა და თავს ვანებებდი. შემდეგ ნელ-ნელა შევეჩვიე. 1-2 თვის მერე, ჩემი შრომა-საქმიანობა კარგად წავიდა.

- რამდენი ხანია, რაც საქორწინო მიმართულებით მუშაობთ?

- 10 წელზე მეტია.

- რამ გადაგაწყვეტინათ ამ მიმართულებით მუშაობა?

- ქორწილებში ყვავილის თემა უფრო აქტუალური გახდა.

- თვეში რამდენ ქორწილს ემსახურებით?

GzaPress- 5-10 ქორწილს. მაგალითად, აპრილში ყველა შაბათ-კვირა დაკავებულია.

- ძირითადად, კლიენტები თქვენს გემოვნებას ენდობიან თუ საკუთარი მოთხოვნები აქვთ?

- ზოგ კლიენტს ზუსტად ის უნდა, რასაც თავად ირჩევს. ზოგიერთი მენდობა და უბრალოდ, სასურველ ფერს და სტილს მთავაზობს, რას გავუკეთებთ, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.

- კონკრეტულად, რაზე ზრუნავთ?

- ნეფე-პატარძლის თაიგულიდან დაწყებული, ყველაფერს ვაკეთებთ: დარბაზის დიზაინს, ხელის მოწერის ცერემონიას,M მუსიკას, ტორტს, მანქანას, ფოტოს, ვიდეოს... თუ მენიუს შერჩევაშიც გვენდობიან, ამის გაკეთებაც შეგვიძლია.

- ყვავილების დიზაინის მომსახურება ასე რატომ გააფართოეთ?

- მოთხოვნა იყო: თავდაპირველად, ერთს დასჭირდა. გავარკვიე, დავაკავშირე... მერე,M მეორემ მოინდომა და ვიფიქრე, კლიენტს ბარემ მომსახურების მთლიან პაკეტს შევთავაზებ-მეთქი.

- განსაკუთრებული მოთხოვნა რომელ ყვავილზეა, რა ფერები დომინირებს?

- წინათ ძირითადად, თეთრ ფერზე იყო მოთხოვნა, მაგრამ თანდათან "გაფერადდა". ჰორტენზია ყველაზე მოთხოვნადია, ასევე - პიონი, ტიტა... ვარდზე წინათ უფრო იყო მოთხოვნა, ვიდრე ახლა.

- მოდური საქორწინო თაიგული როგორ გამოიყურება?

- პერიოდს გააჩნია: შემოდგომით შემოდგომის ფერებშია გადაწყვეტილი, გაზაფხულზე - უფრო ცისფერი, კრემისფერი... თანაც, საქორწინო კაბას უნდა შეეფერებოდეს.

- საქორწინო ყვავილების დიზაინზე მუშაობისას, რა პრობლემებს აწყდებით?

- პრობლემას თითქმის არ ვაწყდებით. ერთხელ გვქონდა შემთხვევა, როცა ჰოლანდიიდან გამოწერილი ყვავილები (პიონი, ორქიდეა, კალა) 1 დღის დაგვიანებით ჩამოვიდა. სხვა ყვავილებით ჩავანაცვლეთ. რა თქმა უნდა, სტუმრებს მოეწონათ, მაგრამ ქორწილის დამკვეთი ცოტათი უკმაყოფილო დაგვრჩა.

- დაგვიანებით მიღებული ყვავილები გამოიყენეთ თუ იზარალეთ?

- თითქმის ვიზარალე. კლიენტის მიერ გადახდილი თანხის ნაწილი უკანაც დავაბრუნე.

- ყვავილების დიზაინერობა რამდენად შემოსავლიანი საქმეა?

- ამით გამდიდრებული არავინ მინახავს, მაგრამ ნორმალური შემოსავალი მაქვს, კმაყოფილი ვარ.

- გემოვნებიანი დამკვეთები გყავთ?

- 70% - კი.

- პრეტენზიულები?

- პრეტენზიული და ძუნწებიც არიან - ფულის გადახდა არ უნდათ, მაგრამ დიდი მოთხოვნები აქვთ (იცინის). შრომას ნაკლებად აფასებენ. მაგალითად, ერთ ქორწილზე მუშაობას მინიმუმ 2 დღე-ღამე მაინც სჭირდება.

- სამუშაო პროცესზე რას გვეტყვით?

- კლიენტთან რამდენჯერმე მიწევს შეხვედრა ანუ დრო უნდა დავუთმო. მერე უკვე დეკორაციაზე, დიზაინზე, ფერზე ვფიქრობ... ამის შემდეგ, ყვავილების დათვლას ვიწყებ - ისე უნდა გავაკეთო, რომ არც ზედმეტი დამრჩეს და არც დამაკლდეს.Pპლუს, ადგილობრივი ყვავილების "საბითუმო შეძენა" ღამის საათებში ხდება - თითქმის მთელ ღამეს ამ საქმეს ვუთმობ. მეორე დღეს ქორწილისთვის ვემზადები: თაიგული, დარბაზის მორთვა... ქორწილი დასრულდება თუ არა, ასალაგებლად, ჩემი ინვენტარის უკან წამოსაღებად იმ ღამესვე მივდივარ... ძირითადი სამუშაო პროცესი ეს არის.

- ყვავილებს მეორედ იყენებთ?

- არა. საერთოდ, ასეთი რამ ხდება და ამის შესახებ გამიგონია, რა თქმა უნდა, მაგრამ ქორწილები მაინც ისეთ პერიოდებშია (ზაფხული, შემოდგომა), რომ ცხელა და ყვავილის მეორედ გამოყენება ნაკლებად შესაძლებელია. ქორწილი რომ მთავრდება, თითქმის ყველა ყვავილი გადასაყრელია. თან, სტუმრებს თაიგულები თვითონვე მიაქვთ, როცა ქორწილი სრულდება.

- თქვენთვის რამდენად საინტერესოა ყვავილების დიზაინერობა?

- საინტერესო რომ არ იყოს, 21 წელი ამ სფეროში არ ვიმუშავებდი. განსაკუთრებულად საინტერესო მაშინ არის, როცა დამკვეთი გემოვნებიანია და რაღაც ახალს ვქმნი. შაბლონური, "დაშტამპული" ქორწილები არ მიყვარს, ყველა ერთმანეთს რომ ჰგავს. ასეთ შემთხვევაში, მოვალეობის მოხდის მიზნით ვმუშაობ.

- ცნობილი ადამიანების ქორწილებზე თუ გიზრუნიათ?

- (ფიქრობს) დიდი ხნის წინ, ბუკა მანაგაძის ქორწილი მახსოვს... კიდევ, Gგიორგი ვაშაძის ქორწილი "გავაკეთე"... მეტს ვერ ვიხსენებ.

- რა მოთხოვნები ჰქონდათ?

- გიორგი ვაშაძე თვითონ არც ჩარეულა - მისმა მეუღლემ დაგეგმა. ქორწილი მცხეთაში გადაიხადეს. სხვათა შორის, კარგი, გემოვნებიანი ქორწილი იყო.

- ეს ქორწილი განსაკუთრებული რითი იყო?

- ნახევრად ღია ცის ქვეშ იყო. მაშინ ღია ცის ქვეშ ქორწილის გადახდა ისეთი მოდური არ გახლდათ, როგორც ახლაა.

- ყვავილების კარგ დიზაინერს რა აუცილებელი თვისებები უნდა ჰქონდეს?

- უპირველეს ყოვლისა, ყვავილი უნდა უყვარდეს. ასევე, შემოქმედებითი უნარი და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა ჰქონდეს.

- საქმეს დამოუკიდებლად ართმევთ თავს?

GzaPress- უმეტესწილად, დამოუკიდებლად ვმუშაობ - ამ საქმეში ბოლომდე მაინც ვერავის ვენდობი, მაგრამ რა თქმა უნდა, დამხმარეები მყავს: როცა მასშტაბური ქორწილია, მარტო ვერანაირად გავწვდები. არის შემთხვევები, როცა 2-3 ქორწილი ერთსა და იმავე დღეს არის. ამიტომ დამხმარე აუცილებელია, თან - არაერთი.

- არის პერიოდი, როცა მხოლოდ ადგილობრივი ყვავილებით მუშაობთ?

- რა თქმა უნდა. ახლა უკვე ასეთი პერიოდი იწყება - ძირითადი აქცენტი ქართულ ყვავილზეა. შედარებით იაფი ჯდება, თუმცა ზოგს აუცილებლად ჰოლანდიური უნდა და არა - ქართული.

- ყვავილის გამოწერა-ჩამოტანას რა პერიოდი სჭირდება? რამდენი ხნით ადრე იჭერთ თადარიგს?

- სასურველია, შეკვეთის შესახებ 10 დღით ადრე ვიცოდეთ, ყვავილი რომ გამოვიწეროთ. ყვავილის ჩამოტანას მინიმუმ, 1 კვირა უნდა. არსებობს კომპანია, რომელსაც ყვავილები შემოაქვს. მას ვუკვეთთ და ყველაფერს თავად აგვარებს.

- თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა მხოლოდ თვითგანათლებას, გამოცდილებას ემყარება თუ რამე სპეციალური სასწავლო კურსიც გავლილი გაქვთ?

- როცა სპეციალური კურსები "შემოვიდა", მე უკვე აღარ მჭირდებოდა, პირიქით - საშუალება რომ იყოს, ასეთ კურსებს სხვებს ჩავუტარებ (იცინის).

- დაოჯახებული ხართ?

- ვიყავი. ქორწილიც მქონდა, მაგრამ მაშინ საქორწინო ყვავილებზე ასეთი მოთხოვნა არ იყო. ისე, მაშინაც ყვავილების დიზაინის სფეროში ვმუშაობდი.

- თქვენი ფავორიტი ყვავილი რომელია?

- ჰორტენზია. საერთოდ მომწონს, ქორწილებში კი - უფრო მეტად.

- მუშაობისას უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილხართ?

- მაგალითად, ადგილზე მიტანის სერვისის შემთხვევაში, ერთხელ თაიგულები ამერია და შეცდომით, სხვას მივუტანე. ეს ამბავი მშვიდობიანად დასრულდა - 15 წუთში შევცვალე (იცინის)... ერთხელ პატარძალი საქორწინო თაიგულისთვის უნდა მოსულიყო. ეტყობა, ტელეფონს ბატარეები დაუჯდა, დამკვეთმა კი ჩემი მისამართი არ იცოდა. მირეკავდა... პატარძალი 40 წუთი ვალოდინე.

- ყოფილა შემთხვევა, როცა ქორწილი ჩაშლილა?

- არა. თუ ვხვდები, რომ 2-3 ქორწილზე ერთდროულად მუშაობას ვერ მოვასწრებ, პასუხისმგებლობას არ ვიღებ - საქმეს საეჭვოდ არ ვაყენებ.

- თქვენი მიზეზით - არა, მაგრამ იქნებ, საქმროს, საპატარძლოს გადაუფიქრებია?

- არა, არა! პირიქით, მქონია შემთხვევა, როცა ყვავილების დიზაინერის მომსახურებისთვის პატარძალი ჩემთან სამჯერ მოსულა - სამჯერ გათხოვილა.

- მერე, როგორ შეატყვეთ, თანდათან გემოვნება ეხვეწებოდა?

- კი, კი, რა თქმა უნდა! რასაც მიკვეთდა, ყოველ ჯერზე უფრო უკეთესი უნდოდა.

- უფროსი ასაკის დამკვეთები უფრო პრეტენზიულები არიან თუ ახალგაზრდები?

- ვაიმე, უფროსი ასაკის ადამიანები უფრო რთულები არიან!.. პრინციპში, ხან ისეა, ხან - ასე... ზოგი ქალი რჩევას არ ითვალისწინებს - რაღაც კონკრეტული უნდა. დამკვეთებს ვურჩევ, ჩამოყალიბდნენ, რა სურთ და ძიება მერე დაიწყონ. ცოტათი გამოცდილებასაც დაუჯერონ...

ეთო ყორღანაშვილი