ჰუსეინის ცოლის სასახლეში დაბანაკებული ჯარისკაცის ცხოვრება - გზაპრესი

ჰუსეინის ცოლის სასახლეში დაბანაკებული ჯარისკაცის ცხოვრება

სამთო-სათხილამურო სპორტში უამრავი ჯილდო და თასი აქვს, ზოგი საქართველოში, ზოგიც - უცხოეთში, გასვლით ტურნირებზე. უამრავი მოტეხილობა და ტრავმა მიუღია, მაგრამ საბრძოლო და სპორტული არენიდან თითქმის ყოველთვის გამარჯვებული დაბრუნებულა. ასეთია ქართველი სამხედროს, ამირან ნიგურიანის საინტერესო და ხიფათით აღსავსე ცხოვრება. როგორც თავად ამბობს, ყველანაირი რისკი აზარტად აქცია და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს...

- დაახლოებით 6 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავდექი თხილამურზე. სვანეთში გამართულ შიდა ტურნირებში ვმონაწილეობდი. შემდეგ, თანდათან წარმატებებიც მოვიდა და გუდაურის სპორტსკოლაში გავაგრძელე სწავლა. ეს იყო 1990-იანი წლების მიწურულს. გასვლითი პროგრამები გვქონდა, სხვადასხვა ქვეყანაში დავდიოდით, გერმანია, თურქეთი და ავსტრია შემოვიარე... ჩვენს ნაკრებს ძალიან აქტიური მწვრთნელი ჰყავდა, რომელიც საჭირო ხარჯების მოძიებას ყოველთვის ახერხებდა... უამრავ ტრავმას ვიღებდი, მაგრამ ყოველთვის ძალიან კარგი შედეგებით ჩამოვდიოდით. თავიდან ტრავმებს ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ბოლოს ფეხი და ლავიწის ძვალი მოვიტეხე და იძულებული გავხდი, სამთო ალპინისტურ ჯგუფში გადავსულიყავი. გასვლითი ტურნირები შევწყვიტე. შემდეგ იყო სტუდენტობის ბედნიერი ხანა... 2004 წელს, ცხინვალის მოვლენებში, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის ძმა, გვარად ლომაძე დაიღუპა. მაშინ გადავწყვიტე სამხედრო ფორმის ჩაცმა... 2005 წელს უკვე მეორე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ იმავდროულად, საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურს მოვაწერე ხელი...

- შემდეგ ერაყში წახვედით?

GzaPress- დიახ, 6-თვიანი სამშვიდობო მისია იყო, შავნაბადას 113-ე ბატალიონთან ერთად, ბაღდადში ვიყავი. პატრულირება გვიწევდა. ჩვენი დანაყოფი ჰუსეინის ერთ-ერთი ცოლის სასახლეში იყო განლაგებული... მანამდე ერთი თვე ქუვეითში გავატარე, ამერიკელებთან ერთად მომზადება-გადამზადების კურსს გავდიოდით. ეს თეთრ ქვიშაზე აღმოცენებული ქალაქია, გამწვანებებით, პალმებითა და ეგზოტიკური მცენარეებით... ჰუსეინის ცოლის სასახლე აზიური სტილის იყო, დიდი და ნათელი მოხატულ-მოჩუქურთმებული ოთახებით. მართალია, სამხედრო ბაზად იყო გადაკეთებული, მაგრამ მაინც ლამაზი იყო. ბიჭები ვხუმრობდით, ეს ალბათ იმ ცოლს აუშენა, ყველაზე მეტად რომ უყვარდაო... ერთი-ორჯერ მოგვიწია ერაყელებთან "შეხებამ", ბაზას თავს დაესხნენ და მოვიგერიეთ... შემდეგ, საქართველოში დავბრუნდი. 2008-ის დასაწყისში, ისევ ერაყში, ვაჰიდას პროვინციაში, ქლეარის ბაზაზე წაგვიყვანეს. ქლეარი ამერიკელი სამხედრო პირი იყო, რომელსაც ავღანელები სასტიკად გაუსწორდნენ. ერაყში ძალიან ახლო მეგობარი დამეღუპა, ბორჯომელი ბიჭი, გვარად მარგიევი. ამ წლების განმავლობაში ბევრი ომი ვნახე, მაგრამ ის დღე მძიმედ მახსოვს...

- 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში არ მონაწილეობდით?

- საქართველოში 2008 წლის 9 აგვისტოს ჩამოვფრინდით და მხოლოდ ნიქოზამდე მოგვიწია ჩასვლამ... არჩილ ტატუნაშვილიც ჩვენთან ერთად იყო ერაყში, პირველი ბრიგადის ჯარისკაცი იყო. საერთო მეგობრები გვყავდა და ბიჭებისგან ვიცი, რომ ძლიერი მეომარი იყო, რისკიანი, მაგრამ წინდახედული და ჭკვიანი. ყოველთვის ზრუნავდა მეგობრებზე, რაც ომში აუცილებელია... შემდეგ ავღანეთში წავედი და იქ 15 თვე გავატარე. სხვადასხვა ბაზაზე - ლეზერნიკზე, ქემერზე, შუკვანზე, ენგურის, შირგაზის ბაზაზეც ვიყავით, მათგან ყველა ჰილმენდის პროვინციაშია თავმოყრილი... პატრულირებისას ცეცხლიც გაუხსნიათ. ამ დროს, ვჩერდებოდით და უსაფრთხოებას ვიცავდით.

15 თვის განმავლობაში ბევრი რამის ნახვა მოვასწარი. პატრულირებისას აქლემებით მოსეირნე ბედუინებიც კი ვნახე, მაგრამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა პაკისტანის საზღვრისკენ, პატრულირებისას მეგრელ მოლას გადავაწყდით. საბჭოთა კავშირი - ავღანეთის ომის დროს, 80-იან წლებში იყო წასული, საბჭოთა ჯარების ნაწილში მსახურობდა... "დამტვრეული" ქართულით გვესაუბრა... სოფელთან ახლოს ჩეკ-პოინტი გვქონდა გაკეთებული. ყოველთვის საქართველოს დროშით გადავადგილდებით და დროშა იცნო... ისედაც უნდა შეგვემოწმებინა, რადგან იქ უნდა გამოევლო. ქართულად გამოგველაპარაკა, - წარმოშობით სამეგრელოდან ვარო, გვითხრა. ღელავდა... დიდი ხანია, ქვეყნიდან წამოსული ვარ, 80-იანი წლების შემდეგ აქ ვცხოვრობ და პირველი ქართველები ხართ, ვისაც შევხვდიო... არ ვიცი, როგორ მოხვდა მეორე მხარეს, სავარაუდოდ, ტყვედ აიყვანეს. კიდევაც რომ გაეთავისუფლებინათ, საბჭოთა კავშირის წლებში საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა. სავარაუდოდ, შეიხი იყო... ავღანეთში შედარებით სიმშვიდე არის მაშინ, როდესაც ადგილობრივები ყაყაჩოს მოსავალს იღებენ. იმ დროს გასროლის ხმასაც ვერ გაიგებ. როგორც კი დააბინავებენ, მერე ყველაფერი თავიდან იწყება... ამას ემატებოდა ქვიშის ქარიშხალი, რომელიც თვეში ერთხელ მაინც არის, რა დროსაც თალიბები ძალიან აქტიურდებიან. არ ვიცი, როგორ ახერხებენ, მაგრამ გზას იკვლევენ და ნაღმებს დებენ. შესაბამისად, ყველაზე მეტად მაშინ ვაძლიერებდით უსაფრთხოებას... ქვიშის ქარიშხალი, ჯერ შორიდან მოდის ნისლივით, ახლოს მოსული კი, რაღაცნაირად შიშინებს... ვცდილობდით, მანქანაში შეგვესწრო... ავღანელ ტერორისტებს ძირითადად რუსული შეიარაღება აქვთ და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები. მათთვის ჩვეულებრივი იარაღია წერაქვი, რომელიც სულ თან აქვთ, ქვიშას 5 წუთში ამოთხრიან და ნაღმს დამალავენ... ძირითადად, მოტოციკლებით დადიან, სოფელში იმალებიან და სოფლის გალავნიდან ისვრიან. ანუ სოფელს ფარად იყენებენ, ჩვენ კი, იქ სამშვიდობო მისიით ვართ და სოფლისთვის ცეცხლის გახსნის უფლება არ გვაქვს. ისედაც, თუ მოწინააღმდეგეს არ ხედავ, არ უნდა ესროლო, რადგან შეიძლება ქალი ან ბავშვი დაიღუპოს...

- მოსახლეობასთან შეხვედრებზეც გადიხართ, რაზე გესაუბრებიან ისინი?

- "შურა" ჰქვია კრებას, რომელსაც უხუცესი, სოფლის მცხოვრებლები და სამშვიდობო მისიის წევრებიც ესწრებიან და საჭირბოროტო საკითხებს განიხილავენ. ჯარისკაცები ადგილობრივებს დახმარებას სთავაზობენ... ბევრ რამეს გვთხოვდნენ, - მედიკამენტებს, წყალს, საკვებს. რისი მიცემის საშუალებაც არ გაქვს, არ უნდა დაჰპირდე. თუმცა, პატრულირების დროს ბავშვებს მშრალ ულუფასა და შოკოლადებს ვაძლევდით, ოღონდ გახსნილად, მეტალის ქილით არა, თორემ შეიძლებოდა მისგან თვითნაკეთი ასაფეთქებელი გაეკეთებინათ.

- ქართველებზე თუ სმენიათ, - გიორგი XI-სთან, გურჯინ-ხანთან დაკავშირებულ ლაშქრობებზე?

- დიახ, შირგაზის ბაზაზე ერთი ავღანელი ისტორიკოსი იყო და მოყვა "გიორგი გურჯის" შესახებ. სპარსეთიდან, შაჰის მიერ მოვლენილი ისეთი მებრძოლი იყო, ყველას შიშის ზარს სცემდა და ყანდაარში ღალატით მოკლესო... მის სახელზე აგებული სვეტი ახლაც არსებობს, სადაც ავღანურად - "გიორგი გურჯი" აწერია. ქართველები ვცდილობდით, მათ პატივისცემით მოვქცეოდით, ამას აფასებდნენ კიდეც და შეძლებისდაგვარად, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა... ერაყის მისიაშიც ორჯერ ვიყავი და მათ შორის განსხვავება დავინახე. გარდა ამისა, ერაყში შეიძლება თვალი მოხუჭო და ფსიქიკა მოადუნო, რასაც ავღანეთში ვერ გააკეთებ, სახიფათოა. საშიშია ყველაფერი, რაც მოძრაობს, განსაკუთრებით - ბავშვები. თუ უსაფრთხოება არ არის დაცული ანუ შენიანი თუ არ გყავს, 7 წლის ბავშვსაც კი ზურგი არ უნდა აქციო, - გესვრის... სისხლში აქვთ გამჯდარი.

GzaPress- მშვიდობიანი მოსახლეობა როგორ ცხოვრობს?

- ძალიან უჭირთ. განსაკუთრებით უწყლობა ტანჯავთ... ის ოჯახი, რომელსაც ჭაბურღილი აქვს, შეძლებულად ითვლება. თუ სოფელს აქვს ერთი ან ორი, ითვლება, რომ იმ სოფელში ძლიერი ოჯახები ცხოვრობენ. ტალახისგან აშენებული სახლები აქვთ, მაგრამ შიგნით თეთრადაა შელესილი, ძალიან სუფთად და შეძლებისდაგვარად, კომფორტულად აქვთ მოწყობილი. იატაკზე ხალიჩებია დაგებული. ძირს სხედან. ქალებს თითქმის არასდროს ვნახულობდით ან თუ ვნახულობდით - ჩადრით... ისე კი, ერაყში უფრო დიდი ოჯახები მინახავს. შეიხს, რომელთან მოსალაპარაკებლადაც მივდიოდით, 5-6 ცოლი ჰყავდა, 8-10 შვილი და 40-მდე შვილიშვილი და ყველანი ერთად ცხოვრობდნენ. მატერიალურად შეძლებული იყვნენ. დიდი გალავნის მიღმა 5-6 სახლი იდგა ანუ ყველანი, 100-150 ადამიანი ერთ ეზოში ცხოვრობდა. საერთოდ, ერაყში, ავღანეთთან შედარებით, ბევრად შეძლებული და განვითარებული ხალხი ცხოვრობს, უფრო მოვლილი ქალაქები და სოფლებია. ქალაქებში ავღანეთშიც დავდიოდი და ერაყში აშკარად სხვანაირი ცხოვრების დონე იყო. ეს მხოლოდ ქუვეითს არ ეხება... ვაჰიდას პროვინციაშიც მინახავს დიდი და ლამაზი, მარმარილოს სახლები. წყლის პრობლემა იქაც არის, მაგრამ მდინარე ნილოსიდან იღებენ წყალს, ფილტრავენ და ისე იყენებენ. ერაყელები ძალიან მშრომელები არიან და შეიძლება ითქვას, იქ ავღანეთისგან განსხვავებით, ცივილიზაციას აღიარებენ.

- ამ ყველაფერთან ერთად, გყავთ ოჯახი და სამ შვილს ზრდით, არა?

- დიახ, მყავს მართლაც გმირი მეუღლე, რომელიც ოჯახს უძღვება, თორემ მე, იმ მისიებს თუ არ ჩავთვლით, წლები ისე გადიოდა, რომ ზოგჯერ კვირაში ერთხელ ვნახულობდი შვილებს.

ლალი პაპასკირი