"შვილებს რომ ვუყურებ, ჩუმად მეტირება" - გზაპრესი

"შვილებს რომ ვუყურებ, ჩუმად მეტირება"

მსახიობი ნანა კუხალეიშვილი საზოგადოებას სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" კრიმჰილდას როლით ახსოვს. მილიონერი გრიშა კაკაჩიას ნათესავის როლის შემსრულებელს რეალურად, დუხჭირი ცხოვრება აქვს. სოციალურ ქსელში მისმა სტატუსმა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს პირად მტრად მოიხსენიებს, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ქალბატონი ნანა საკუთარ პრობლემებზე გულწრფელად გვესაუბრა...

- დაძაბული სიტუაციები, სამსახურის უქონლობა, გამწარებული ხალხი, ტყუილი, ღალატი - აი, ეს ყველაფერი მაღიზიანებს. რაღაც უნდა შეიცვალოს, თორემ უფსკრულისკენ მივდივართ.

- საიდან უნდა დაიწყოს ცვლილება?

- საიდან? მგონი, საერთოდ, მთავრობა უნდა შეიცვალოს.

- ყოფილა შემთხვევები, მთავრობაც შეცვლილა. ფიქრობთ, რომ ეს გამოსავალია?

- ისეთი მთავრობა გვინდა, რომელიც ხალხზე, საკუთარ ქვეყანაზე იზრუნებს და არა - საკუთარ ჯიბეზე. ხალხი ლუკმაპურის საშოვნელად ასე გამწარებული არ უნდა დადიოდეს. ეს ადამიანური ცხოვრება არ არის, ეს ჯოჯოხეთია. მხოლოდ ცხოველური ინსტინქტის დაკმაყოფილება, რომ რაღაც შეჭამო (ისიც არ გაქვს ადამიანს), არის მთელი ცხოვრების აზრი! დღეს XXI საუკუნეა - სხვა დრო, სხვა ეპოქაა, სხვა რაღაცებზე უნდა ვფიქრობდეთ და არა იმაზე, დღეს ლობიო ვჭამოთ თუ ხვალ - მოხარშული ბრინჯი. არა მგონია, ასეთი გასაცოდავებული ყოფა ოდესმე დასრულდეს, უკვე ისეა მოდებული სიღატაკე ქვეყანაში...

- სოციალურ ქსელში თქვენი "პოსტი" ვნახეთ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს პირად მტრად მოიხსენიებთ... ეს "პოსტი" კონკრეტულ ფაქტს ეძღვნება? რამ გამოიწვია თქვენი გულისწყრომა?

- რაც ივანიშვილი და მისი მთავრობა მოვიდა, ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის განადგურება მას მერე დაიწყო.

- რას გულისხმობთ?

- დალხენილები მანამდეც არ ვყოფილვართ. მილიონები არავის ჰქონია, მაგრამ ზოგს სამსახური ჰქონდა, რაღაცას ვწვალობდით, ვშოულობდით, ვალები, ვალდებულებები გვქონდა აღებული... ჩემი მეუღლე კერძო სამსახურში იყო. იქიდან გამოაგდეს, გამოაპანღურეს. უხელფასოდ დავრჩით. მე არსად ვმუშაობდი. ამან ის გამოიწვია, რომ ბინა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაქირავებდით (საცხოვრებლად სხვა ბინა გვქონდა დაქირავებული), ბანკმა წაგვართვა. მევალეები, დუხჭირი, გამწარებული ცხოვრება... ლუკმაპურის საშოვნელად, ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ გადაიხვეწა, მაგრამ ვერ შოულობს. ამ ყველაფერმა დამაწერინა სტატუსი, რადგან გამინადგურდა, გამიძაღლდა ცხოვრება, რაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავრობის მოსვლამ განაპირობა. შვილებს ლუკმას ვუთვლი.

GzaPress- ბინა ახლა დაკარგეთ?

- არა. როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ჩემი ქმარი სამსახურიდან მალევე გაათავისუფლეს. ბანკის ვალები ვეღარ გადავიხადეთ. თავისთავად, ბინა წაგვართვეს. ფაქტობრივად, სიცოცხლე წაგვართვეს.

- როგორც მითხარით, მეუღლე კერძო კომპანიაში მუშაობდა. ამ შემთხვევაში, მთავრობა რა შუაშია?

- ჩემი მეუღლე ივანიშვილის დეიდაშვილის - უჩა მამაცაშვილის ბრძანებით გაათავისუფლეს.

- რა მიზეზით?

- მიზეზად შტატის შემცირება დაასახელეს. იმიტომ გაათავისუფლეს, რომ უბრალოდ, კობა ნაყოფიას იცნობდა.

- სოციალურ ქსელში სტატუსი ახლა რატომ დაწერეთ?

- იმიტომ, რომ ჩემმა მოთმინებამ პიკს მიაღწია. ვერაფერს ვაკეთებ, ყველაფერი დამენგრა. მსახიობის არასტაბილური შემოსავლით თავს ვერ ვირჩენ, ოჯახს ვერ ვარჩენ, მარტო ვარ 2 შვილით... გავმწარდი და დავწერე. ფაქტობრივად, ჩემი ოჯახი აღარ არსებობს - ოჯახის წევრები წელიწად-ნახევრის განმავლობაში ცალ-ცალკე რომ ცხოვრობენ, ამას "ოჯახი" აღარ ჰქვია. ყველაფერი გაქრა...

- ამ რთულ სიტუაციაში, მსახიობად მუშაობას როგორ ახერხებთ?

- არ ვიცი. ალბათ, უფალი რაღაც ძალას მაძლევს. ასეთ დღეში მარტო მე კი არ ვარ. მსგავს სიტუაციაში უამრავი ადამიანია. ყველას ამ ქვეყნიდან გაქცევა უნდა. სიამოვნებით გავიქცეოდი, ვინმე რომ მეტყოდეს, - წამოდიო. რა თქმა უნდა, ოჯახთან ერთად, ისე ვერსად წავალ, მილიონებიც რომ მომცენ, შვილებს ვერ დავტოვებ...

- თქვენი შვილები რა ასაკის არიან?

- 16 და 11 წლის. ბავშვებს ბავშვობა არ აქვთ. იმით ცხოვრობენ, რომ დაიძინონ და გაიღვიძონ - ხვალინდელ დღეს შევცქერით. არაფრის მომცემი იმედით ცხოვრებამ მხოლოდ მე კი არა, ბავშვებიც დაღალა. მებრალებიან. მათ რომ ვუყურებ, ჩუმად მეტირება, მაგრამ რა ვქნა? სხვა გზა არ არის...

- თქვენს სტატუსს ვინმე ხომ არ გამოხმაურებია?

- მთელ ქვეყანას აინტერესებს, ისეთი რა მოხდა, რომ მე ეს დავწერე. კონკრეტულად, იმ დღეს მომაწვა ყველაფერი. ლამის გული გამისკდა, როცა განვლილ დროს თვალი გადავავლე და გავაცნობიერე, რისთვის, როგორ მოხდა, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ჩემი ოჯახის განადგურების პირდაპირი მიზეზი ბიძინა ივანიშვილი და მისი არასწორი პოლიტიკა გახლავთ.

- ვიცი, რთული ცხოვრება გქონდათ, კრიზისულ სიტუაციებში სხვა დროსაც აღმოჩენილხართ...

- კი, გვქონდა კრიზისული პერიოდები ერთი ან ნახევარი წელი, მაგრამ 5-6 წელი არასოდეს გაგრძელებულა. თან, ყველაფერი უარესობისკენ მიდის, მუდმივი სახე მიიღო. ენთუზიაზმზე ვმუშაობ.

- თქვენი შემოსავალი რამდენია?

- 280 ლარი - სტაბილური შემოსავალი.

- თქვენს მეუღლეს მუშაობის დაწყება სხვაგან არ უცდია?

- ვინ დააწყებინებდა? სამჯერ დააკავეს იმის გამო, რომ აქციაზე იდგა. შარშანწინ, რუსებმა მავთულხლართები რომ გადმოსწიეს და ახალი ბანერი აღმართეს, ქართველი ბიჭები გადაიპარნენ, ბანერი ჩამოგლიჯეს და ამის გამო, ჩვენმა მთავრობამ 11 კაცი დააკავა, მათ შორის - ჩემი მეუღლეც. გარდა ამისა, ორჯერ დააჯარიმეს - სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდითო. არადა, იმისთვის დაიჭირეს, რომ ბიჭებმა მშვიდობიანი აქცია მოაწყვეს: დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსული ავტომობილები გორის გზაზე, სამხედრო ბაზებთან ერთმანეთს შეხვდნენ, შეუერთდნენ, საქართველოს ერთგულების სახელით - იმ იდეით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. ამის გამო, ჩემს მეუღლეს სახელმწიფო გადატრიალებაში დასდეს ბრალი, მაგრამ ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს და ერთ დღეში გაათავისუფლეს.

- ამჟამად, ბინის ქირას როგორ იხდით?

- ჩემი მული იხდის, თორემ მე სად მაქვს ბინის ქირის გადასახდელი ფული?!

- შვილების გამოკვებას ახერხებთ?

- ვარსებობთ, რა... ცხოვრება მხოლოდ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ დილით და შუადღისას რამე ჭამო? სხვა მოთხოვნილებები აქვთ, სხვა ნიჭის პატრონი ბავშვები არიან, ათასი რამე სჭირდებათ. მესმის, რომ ზოგს ლუკმაპურიც არ აქვს. ეს ზოგადი პრობლემაა და გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემს შვილებზე ვსაუბრობ: მინდა, მათ უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ და არა - დათვლილი ლუკმები, რომ დღეს შაქრიანი ჩაი დავალევინო თუ უშაქრო... არ მინდა ასეთი "დათვლილი" ცხოვრება ჰქონდეთ ჩემს შვილებს, არ მინდა!..

ეთო ყორღანაშვილი