"მთელი სულითა და გულით ვილოცე, ვინატრე და ამისრულდა" - გზაპრესი

"მთელი სულითა და გულით ვილოცე, ვინატრე და ამისრულდა"

აღდგომა ქრისტიანული სამყაროს უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც ყველა სიხარულითა და სასოებით ეგებება. ამ ლამაზ დღეს ენით უთქმელი, უჩვეულო სიხარული მოაქვს. ამ დღესასწაულზე სასაუბროდ რამდენიმე ცნობილ ადამიანს დავუკავშირდით. აღდგომა მათ ბავშვობის უდარდელ დღეებს, დედის გამომცხვარ სასუსნავს და პირველ მეგობრებს ახსენებს...

"აღდგომის დღესასწაული ჩემს ბავშვობას მაგონებს"

ლიზა ვადაჭკორია, ტელეწამყვანი:

- გარდა რელიგიური დატვირთვისა, აღდგომა ჩემთვის ოჯახური დღესასწაულია და ბავშვობას მაგონებს. ამ დღეს ყველა ერთად ვიკრიბებით. ჩემი ბავშვობა კომუნისტურ ეპოქას დაემთხვა, როცა აღდგომას ოფიციალურად არ აღნიშნავდნენ, მაგრამ ყველა ქართველის ოჯახში მაინც ზეიმი იყო. დედა აცხობდა ძალიან ბევრ პასქას, რომელიც მთელი ერთი კვირა გვყოფნიდა და ნათესავებსაც ვჩუქნიდით. მახსოვს, ცხობას საღამოს იწყებდა, მთელ ღამეს ათენებდა. ეს პროცესი სიგიჟემდე მიყვარდა, რადგან სახლში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. დედა აუცილებლად ენდროში ხარშავდა სააღდგომო კვერცხებს. მერე ბავშვები ეზოში გავდიოდით და იწყებოდა ამ კვერცხების ჭახუნი და შეჯიბრება, ვის უფრო მაგარი კვერცხი ჰქონდა. ამ დროს ვიღაცას მაინც აღმოაჩნდებოდა ხის კვერცხი და ჩვენც ვჩხუბობდით, როდესაც "თაღლითს" გამოვიჭერდით...

რომელი აღდგომა იყო ჩემთვის ყველაზე დაუვიწყარი? - ალბათ 2014 წელს, როცა აღდგომის დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე იერუსალიმში მოვხვდი, ვიყავი ბეთლემში, წმინდა ადგილები მოვილოცე და განუმეორებელი განცდით დავიმუხტე. იმ დროს ოჯახში რაღაც პრობლემა გვქონდა და ღმერთს შევთხოვე - უფალო, ოღონდ ეს პრობლემა მოგვარდეს-მეთქი... ეს აპრილის თვეში მოხდა და მაისში თხოვნა ამისრულდა. არ ვიცი, რა იყო ეს - დამთხვევა თუ ღვთის ნება, მაგრამ მთელი სულითა და გულით ვილოცე, ვინატრე და ამისრულდა. ეს ყველაზე ბედნიერი და დასამახსოვრებელი აღდგომის დღესასწაული იყო ჩემს ცხოვრებაში.

"რწმენა სივრცისა და დროის მიღმაა"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

GzaPress- არასოდეს დამავიწყდება 2001 წლის აღდგომის ღამე, როცა მამა ძალიან ცუდად გახდა. ფაქტობრივად, სიკვდილის პირას იყო და სრულიად მოულოდნელად, ღვთის წყალობით, გადავარჩინეთ. არადა, ექიმები გვარწმუნებდნენ ყველაფერი დასრულებულიაო. მაშინ ვიგრძენი ყველაზე მეტად ამ დღესასწაულის მადლი და ძალა. რაც შეეხება ასოციაციას, ბავშვობაში ეს დღე ჩემთვის წითელ კვერცხთან, პასქასა და საზეიმო განწყობასთან იყო დაკავშირებული. ბავშვები სააღდგომო კვერცხებს სპეციალურად ვარჩევდით. ბედნიერი იყო, ვისაც ციცრის ან ხის კვერცხი ჰქონდა, ინდაურის კვერცხსაც საგულდაგულოდ ვინახავდით. ამ დღესასწაულის სიღრმე და მნიშვნელობა მოგვიანებით გავაცნობიერე. როგორც ამბობენ, აღდგომის დღესასწაული იერუსალიმში განუმეორებელია, ამას ჩემი მეუღლეც ადასტურებს, რომელიც ერთ-ერთ აღდგომას ამ ქალაქში დაესწრო. მე კი სხვაგვარად ვფიქრობ: რა მნიშვნელობა აქვს, სად ხარ? თუ გწამს - გწამს. რწმენა სივრცისა და დროის მიღმაა და რა მნიშვნელობა აქვს, რელიგიურ დღესასწაულს სად შეხვდები? აღდგომას ჩვენი ოჯახიც სხვა ოჯახების მსგავსად ხვდება, ამ დღეს ჩვენთვისაც განსაკუთრებული სიხარული მოაქვს. ყველა ადამიანს ვულოცავ დიდი დღესასწაულის მოახლოებას, რწმენით ეცხოვროთ და ნამდვილი ქრისტიანები ყოფილიყვნენ!

"საოცარი განცდაა, როცა პატრიარქს შენი ხელით შექმნილი სამოსი აცვია"

თათა ვარდანაშვილი, დიზაინერი:

GzaPress- უფლის სიყვარული ბავშვობიდანვე მქონდა, ჩემი წინაპრები ხატმწერები იყვნენ და სამხატვრო აკადემიაში მეც ამ მიზნით ჩავაბარე. 21 წელია, მარხვას ყოველთვის ვინახავ და აღდგომის დღესასწაულზეც აუცილებლად ვეზიარები. ჩემთვის აღდგომა გაზაფხულის მოსვლასა და სიცოცხლის განახლებასთანაა დაკავშირებული. ძალიან მიყვარს მისი შეხვედრა მცხეთის მიწაზე. ეს მართლაც საოცარი, წმინდა ადგილია, რომლის მსგავსი ქრისტიანულ სამყაროში არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩემი მოძღვარი - არქიმანდრიტი საბა გარდაიცვალა და ეს იქნება პირველი აღდგომა, რომელსაც მოძღვრის გარეშე შევხვდები, მაგრამ აღდგომის სიხარულს მაინც ვერაფერი ჩრდილავს... ყველაზე გამორჩეული აღდგომა ჩემთვის 2010 წელს იყო, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ჩემი ხელით შეკერილ და მოქარგულ სამოსელში დავინახე. საოცარი განცდაა, როდესაც პატრიარქს შენი შექმნილი სამოსი აცვია.

"მე მარტო წითელი ფერის კვერცხი მიყვარს"

ირმა სოხაძე, მომღერალი:

- ჩვენს ოჯახში აღდგომა ტრადიციულად დიდი ზეიმი იყო. ამ დღეს ყოველთვის გულისფანცქალით ველოდი და დღემდე ასეთივე განცდა მაქვს. ჩემი ორივე ბებია კვერცხს ღებავდა და იმ დღესვე გავდიოდით საფლავზე - ჩემს ბავშვობაში ასეთი ტრადიცია იყო. დღესასწაულის მეორე დღეს საფლავზე გასვლა მოგვიანებით დაიწყეს. ყველამ ვიცოდით, რომ აღდგომა ერთდროულად ცოცხლებისა და მიცვალებულების დღესასწაული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობა საბჭოთა პერიოდს დაემთხვა, ეკლესიაშიც მივდიოდით და რელიგიურ დღესასწაულებსაც აღვნიშნავდით. მეც ასეთი ჩვევა მქონდა: სკოლის შემდეგ აუცილებლად უნდა შევსულიყავი ქაშუეთის ეკლესიაში. აღდგომის დღესასწაულს ყოველთვის სიხარულით ველოდი, იგივე განცდა მაქვს ახლაც: წლევანდელ აღდგომას შვილებთან, შვილიშვილებსა და ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდები. ამ დღესასწაულს აუცილებლად დაამშვენებს სააღდგომო კვერცხი, რომელსაც ტრადიციულად, წითლად ვღებავთ - მე მარტო წითელი ფერის კვერცხი მიყვარს. მიმაჩნია, რომ სააღდგომო კვერცხი წითელი უნდა იყოს, რომელსაც ზოგჯერ ხახვის ფურცლებით ვაფორმებ.

"უზომოდ ბედნიერი ვარ, სააღდგომოდ საბერძნეთში მივდივარ"

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი:

- აღდგომის დღესასწაულს ჩვენი ოჯახიც სიხარულით ეგებება. სხვათა შორის, პასქას ოჯახში არ ვაცხობთ, ყოველთვის ვყიდულობთ, თუმცა შინ გაკეთებულს სულ სხვა არომატი აქვს და შინაური პასქის დაგემოვნება უფრო მიყვარს. სამწუხაროდ, მე არა ვარ ისეთი ქრისტიანი, როგორიც მინდა ვიყო და ვერ ვიამაყებ იმით, რომ აღდგომის დღესასწაულს ყოველ წელიწადს ტაძარში ვხვდები, თუმცა განსაკუთრებულად მახსოვს მამადავითის ეკლესია - სწორედ იქ ვეზიარე რამდენიმე წლის წინ, სანამ მამა ზენონი საქართველოში იყო. პირველად სწორედ მან მაზიარა და ახლაც მახსენდება ის განუზომელი სიმშვიდისა და ბედნიერების შეგრძნება, რომელიც ზიარებას ახლავს.

იმედი მაქვს, ყველაზე დასამახსოვრებელი აღდგომა წელს მექნება: ბედნიერი ვარ, რადგან სააღდგომოდ საბერძნეთში მივდივარ. აუცილებლად მოვინახულებ ამ ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს, უძველეს ტაძრებს...

"უპარტიო ვიყავი და არ მეშინოდა"

ვაჟა აზარაშვილი, კომპოზიტორი:

GzaPress- აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში და სასაფლაოზე კომუნისტების დროსაც დავდიოდი, რადგან უპარტიო ვიყავი და არ მეშინოდა. წითელი კვერცხებით საფლავზე წელსაც გავალ, როგორც შეჰფერის ქრისტიანს. წითელ პარასკევს კვერცხი ჩემს ოჯახში ყოველთვის იღებებოდა და ახლაც შეიღებება. საფლავზე მეორე-მესამე დღეს გავდივარ. უამრავი საფლავი უნდა დავიარო: დედ-მამის, ნათესავებისა და მეგობრების. ეს აუცილებელია, რადგან აღდგომა არა მხოლოდ ცოცხალ ქრისტიანთა დღესასწაულია, არამედ იმ ქვეყნად წასულების მოსაგონებელიცაა. დიდი სურვილი მაქვს, ყველა ქართველს მივულოცო ეს ლამაზი დღესასწაული, ჯანმრთელობა, სიხარული, ბედნიერება ვუსურვო. დაბოლოს, უფალს ვთხოვ, დიდხანს გვყავდეს ჩვენი პატრიარქი, რომელიც ჩვენი სამშობლოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის დიდი იმედია.

ხათუნა ჩიგოგიძე