"ყოველი აღდგომა იმედისმომცემი და ემოციურია"
მომღერალი მარიამ როინიშვილი, რომელსაც როგორც ამბობს, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგალობლების შესრულების ბედნიერება ხვდა წილად, გვიამბობს, როდის გააცნობიერა აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობა, როგორ ემზადებოდა ამ დღისთვის და რა აძლევს ყველაზე დიდ ენერგიას ცხოვრებაში...
- მგონი, ყველა მართლმადიდებლისთვის, მათ შორის - ჩემთვისაც, შობა და აღდგომა ყველაზე საყვარელი დღესასწაულებია, რომლებსაც განსაკუთრებულად ველოდებით. სუფრას რაც შეეხება, აღდგომისთვის ჩვენც ისე ვემზადებით, როგორც ყველა: კვერცხებს ვღებავთ და ა.შ. ამ დღესასწაულისთვის მთავარი სულიერი განწყობაა და ეს უდიდესი იმედია: ადამიანს ამ სამყაროში (სადაც უამრავი ბოროტება ხდება) თუ რამე აცოცხლებს, სწორედ იმედი გახლავთ. მგონია, რომ ზუსტად ეს დღესასწაული ყველაზე დიდ იმედს აძლევს ადამიანს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა - ყოველი აღდგომა იმედისმომცემი და ემოციურია. ალბათ, ისეთი არავინ არსებობს, ვისაც ცრემლი არ წამოსვლია თვალთაგან, იმ ყველაფრის გააზრებისას, რაც მოხდა (რაც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება), მაგრამ საბოლოოდ, ძალიან დიდი სიხარულით დამთავრდა. იმედიც ზუსტად ეს არის - ასე მგონია...
- როდის გააცნობიერეთ აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობა?
- მე და კოკო ძალიან პატარები ვიყავით, როდესაც დედას ეკლესიაში დავყავდით. რა თქმა უნდა, თუნდაც აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობას ბავშვურ ენაზე გვიხსნიდა - ცოტათი გვიზღაპრებდა. ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან რთული აღსაქმელია... მერე, როცა გავიზარდეთ, თავად დავინტერესდით და გავიგეთ ამ დღის არსი და მნიშვნელობა.
- როგორც ვიცი, ეკლესიაში გალობთ...
- კი. ვცდილობ, ხშირად ვიარო. ბოლო დროს ეს ნაკლებად გამომდის, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ გადატვირთული გრაფიკია. თუმცა წილად მხვდა ბედნიერება, სამების საკათედრო ტაძარში ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, უწმინდესის არაჩვეულებრივი საგალობლები შემესრულებინა.
- ეკლესიაში გალობისას რას განიცდით?
- ეს ყველაფერი იმდენად აღმატებულია, რომ ძალიან მიჭირს, სიტყვებით გადმოვცე, თუ რას განიცდის ამ დროს ადამიანი... ყველა, ვისაც ერთხელ მაინც გულით ულოცია ან უბრალოდ, თავისი გრძნობები ღმერთისთვის გულწრფელად გაუმხელია, დარწმუნებული ვარ, ზუსტად მიხვდება, რას ვგულისხმობ... ეს ის ყველაზე დიდი კავშირია უფალთან, როდესაც ადამიანები ღმერთს რაღაცას გულით ევედრებიან, საგალობელი კი ამ ყველაფერში კიდევ უფრო გვეხმარება, რადგან საერთოდ, მუსიკა ბევრ რამეს ეხმარება...
- პირადად თუ შესწრებიხართ ისეთ მოვლენას, რომელსაც შეიძლება, "სასწაული" უწოდოთ?
- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი სასწაული ჩემი შვილია - ნამდვილი სასწაული და ღვთის საჩუქარი.
- წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინში ღელავთ ხოლმე?
- საერთოდ არ ვღელავ, რადგან დარწმუნებული ვარ, წმინდა ცეცხლი გადმოვა... ამ ფაქტს ყოველთვის დიდი სიხარულით (და არავითარი ეჭვით) ველოდები.
- ეკლესიურად ცხოვრობთ?
- ვცდილობ. რა თქმა უნდა, სამაგალითო მართლმადიდებელი მორწმუნე არ ვარ, თუმცა ყოველთვის მაქვს სურვილი, ჩემი სულის გადასარჩენად უფრო მეტი გავაკეთო, მაგრამ ხანდახან არ გამომდის - ადამიანური სისუსტეები ყველას გვაქვს. სიტყვა "ეკლესიური" არ მიყვარს: ჩემთვის რწმენა უფრო სიღრმისეულია, ვიდრე მხოლოდ ეკლესიურობა... ცხადია, ვცდილობ, ჩემი სული არ დამძიმდეს...
- მარხვა დაგიცავთ?
- რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში ყოფილა პერიოდები, როცა მარხვა დამიცავს. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს ამის გაკეთება მიჭირს - ამაში ხანდახან პროფესია მიშლის ხელს... მოკლედ, დიდი სურვილი მაქვს, მარხვა დავიცვა, მაგრამ სამწუხაროდ, ხანდახან არ გამომდის.
- ე.წ. სამარხვო ტორტი ან სხვა სახის სამარხვო ნუგბარი გიჭამიათ?
- როგორ არა! არ მჯერა იმ ადამიანების, ვისაც ერთხელაც არ გაუსინჯავს ე.წ. სამარხვო ტორტი და ნამცხვარი. მეც გამისინჯავს და ძალიან გემრიელიც ყოფილა, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ მარხვას ვიცავ, ვცდილობ, ეს ნამდვილად მარხვა იყოს!..
- სადღესასწაულო სუფრის მომზადება შეგიძლიათ?
- ეს არასდროს დამჭირვებია, მაგრამ თუ დამჭირდა, აუცილებლად გავაკეთებ. იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებმაც რაღაცების მომზადება არ იციან. ძალიან კარგადაც ვიცი. უბრალოდ, დედას და ბებიას ისეთი "გემრიელი ხელი" აქვთ, რომ მათ ვერ ვეჯიბრები (იღიმის), ეს რთული იქნება. ამიტომ მთელი ოჯახი დედას და ბებიას მინდობილები ვართ - ყოველთვის ვიცით, რომ აღდგომის დღესასწაულზე ძალიან გემრიელი სუფრა გვექნება.
- თქვენი ნახელავი დედას და ბებიას შეუფასებიათ?
- მათგან შენიშვნებიც მიმიღია. უღიარებიათ კიდეც, რომ ჩემი მომზადებულიც გემრიელია. როგორც სწავლის პროცესში ხდება ხოლმე - ვერ ვიტყვი, ჩემი ნახელავი ბოლომდე მოიწონეს ან დამიწუნეს-მეთქი.
- ყველაზე გემრიელს რას ამზადებთ, რაზეც ოჯახის წევრები ამბობენ, - ეს მარიამს კარგად გამოსდისო?
- ყველაზე კარგად დესერტის - "ბრაუნი" მომზადება ვიცი. ამბობენ, რომ გემრიელია. საერთოდ, მგონია, დესერტის მომზადება უფრო კარგად გამომდის, ვიდრე სხვა სახის საკვების.
- "ბრაუნის" მომზადება დედისა და ბებიისგან ისწავლეთ?
- არა, სხვათა შორის. ჩემი დეიდაშვილისგან - კატოსგან ვისწავლე, რომელიც თავად უგემრიელესს ამზადებს. შემდეგ მეც მასწავლა. როგორც ჩანს, ჩემი კატო კარგი მასწავლებელი გამოდგა (იღიმის).
- დედა რა შენიშვნებს გაძლევთ?
- შეიძლება მითხრას, რომ ძალიან გულმავიწყი ვარ, ცოტათი გაფანტული გონება მაქვს. დღის განმავლობაში ბევრ რამეზე ვფიქრობ. ამიტომ შესაძლოა, რაღაც დამავიწყდეს... დედა შენიშვნებს თბილად ჩაცმასთან დაკავშირებითაც მაძლევს. ეს დედური, აბსოლუტურად ჩვეულებრივი შენიშვნებია - შვილის მოფრთხილებისა და მზრუნველობის გამოხატვა. ჩემს გულმავიწყობას რაც შეეხება, კი, ასეთი მართლა ვარ.
- თავად რა დედური შენიშვნები გაქვთ შვილის მიმართ?
- ძირითადად: "იმეცადინე, ელენე" და "ჭამე, ელენე" (იცინის). ამჟამად, ამით შემოვიფარგლებით. საერთოდ, შენიშვნა უხეში ნათქვამია. ჯობია, "კეთილი სურვილი" და "რჩევა" დავარქვათ, მაგრამ ხანდახან დედებს არ გამოგვდის, რომ "კეთილად" ვურჩიოთ: შვილს ასჯერ რომ ვეტყვი, ჭამოს, მაგრამ არ შეჭამს, შემდეგ უფრო მომთხოვნი ტონით ვეუბნები, რომ ჭამოს.
- ცხოვრებაში ყველაზე დიდ ძალას, ენერგიას რა გაძლევთ?
- ჩემი შვილი და სიმღერა. ეს ორი, მთავარი დეტალია, რაც ძალას მაძლევს, ასევე - ოჯახი, მეგობრები...
- ოდესმე უიმედოდ ყოფილხართ?
- ალბათ, მხოლოდ რამდენიმე წამს. მალევე მოვსულვარ გონს, რადგან იმედის გადაწურვა ადამიანისთვის ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია. მათ არ განვიკითხავ, ვისაც იმედი გადასწურვია - ალბათ, ამის ძალიან დიდი საბაბი ჰქონდათ, მაგრამ ასეთ ადამიანებს ვუსურვებ, ახლის იმედი არასოდეს დაეკარგოთ, რადგან ცხოვრებაში აუცილებლად ინათებს... თუ გვიჭირს, თუ ჩვენი ცხოვრება მძიმედ მიდის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იქ ვრჩებით, ერთ ადგილას ვიყინებით: ხვალ, ზეგ, აუცილებლად გათენდება და სინათლე გამოჩნდება, რაც იმედის გარეშე არ გამოდის. საერთოდ, მთელ საქართველოს ვუსურვებ, ახლის, ძალიან კარგის იმედი არასდროს დაკარგოს, რადგან სწორედ იმედი განაპირობებს იმას, რომ ყველას ცხოვრებაში ნამდვილად განათდება...
ეთო ყორღანაშვილი