ლეილა აბაშიძის ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული უკანასკნელი ინტერვიუ - გზაპრესი

ლეილა აბაშიძის ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული უკანასკნელი ინტერვიუ

ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში, 8 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს, თბილისში დაიბადა. ის პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა, ფილმში "ქაჯანა", სადაც კატოს როლს ასრულებდა და ნატო ვაჩნაძეს უწევდა პარტნიორობას.GzaPress

1951 წელს თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. 1966 წელს "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის" სიკო დოლიძის ფილმში "შეხვედრა წარსულთან" ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. ლეგენდარულ მსახიობს 30-მდე ქართულ ფილმში აქვს ნათამაშები.

ნატო ვაჩნაძის შემდეგ ლეილა აბაშიძე ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავი იყო. ის საბჭოთა კავშირის ქალი-ვარსკვლავების ხუთეულში შევიდა, ვისაც 20-მილიონიანი დასწრების რამდენიმე ფილმი (5 ფილმი მთავარი როლით) აქვს.

დიდი წარმატების მიუხედავად, მას სამსახიობო კარიერის შეწყვეტა 40 წლის ასაკში მოუხდა. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული დიდხანს აღარ იღებდნენ კინოში და თითქმის 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 5 ფილმში ათამაშეს, რის გამოც გული ძალიან სწყდებოდა. ის კინორეჟისორებმა რატომღაც უცებ დაივიწყეს.

1986 წელს ლანა ღოღობერიძემ ის თავის ფილმში "ორომტრიალი" მიიწვია, რომელშიც ლეილა აბაშიძემ საკუთარი თავი განასახიერა. ლანა ღოღობერიძის ფილმმა ტოკიოს კინოფესტივალზე წარმატებას მიაღწია.

2009 წლის 8 მარტს კი თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველის" წინ მსახიობ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე კინოთეატრში მსახიობის პატივსაცემი საღამოც გაიმართა.

"მე დღეს მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა პატივია ეს ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის ნატო ვაჩნაძის ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს, ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა, რომ საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს", - განაცხადა ლეილა აბაშიძემ ვარსკვლავის გახსნის შემდეგ.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც დიდ მსახიობს ერთ-ერთ ახალ წელს ჩამოვართვით და რომელიც ძალიან მოსწონდა. სამწუხაროდ, ეს "გზისთვის" მიცემული მისი უკანასკნელი ინტერვიუ აღმოჩნდა.

"თქვენ არ იცით, რას ნიშნავს ნამდვილი ზამთარი. თქვენ არ გაგიტარებიათ ახალი წელი შორეულ ციმბირში. იქ, სადაც პოლიტპატიმრები იყვნენ გადასახლებულნი. იქ არც სათამაშოები იყო და არც ტკბილეული..." - ცრემლიანი თვალებით მიამბობდა ცნობილი მსახიობი ლეილა აბაშიძე, რომელსაც ჩაფიქრებული ჰქონდა საკუთარი თავგადასავლების ერთ წიგნად შეკვრა, ჩვენთან ერთად, მაგრამ მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა...

- ბევრმა ადამიანმა იცის ჩემი ბიოგრაფია, მაგრამ არავინ იცის ის, რაც 8 წლის ასაკამდე გადავიტანე... 5 წლის ვიყავი, როცა მამა დააპატიმრეს და მთელი ჩემი ოჯახი ციმბირში აღმოჩნდა. იქ გაჩნდა ჩემი პატარა ძმა... მე რეალურად შევიგრძენი ყველაფერი ის, რის იმიტაციასაც საქართველოში ვაკეთებთ - ზამთარი, თოვლი, ნაძვის ხე და ა.შ. ახალი წლის დღესასწაულისათვის 3-4 დღით ადრე ვიწყებდით მზადებას. თოვლისგან ვაკეთებდით თოვლის ბაბუას - ჯერ ტანს, მერე - თავს, რომელსაც თვალებს, ცხვირს ვუმაგრებდით და ბევრ სხვა რამესაც. ვიცოდით, რომ ის ძალიან დიდხანს არ დადნებოდა.

- მაშინ თოვლის ბაბუის არსებობის გჯეროდათ?

GzaPress- თოვლის ბაბუა რეალური პიროვნება მეგონა, რადგან ახალი წლის ღამეს, დედაჩემი მის როლს საკმაოდ ოსტატურად ასრულებდა და ბალიშის ქვეშ საჩუქარს მიდებდა.

- ნაძვის ხესაც რთავდით ხოლმე?

- ციმბირში ყოფნის დროს, არავითარი სათამაშო არ მქონდა. არ მქონდა ის, რითიც დღეს ბავშვები განებივრებულები არიან და როგორც ახლა ვხვდები, ეს უფრო აღვივებდა ჩვენი ფანტაზიის უნარს და მუყაოსგან, ხის ნახერხებისგან, ბურბუშელებისგან ვაკეთებდით რაღაცებს, რასაც შემდეგ, ნამდვილ ნაძვის ხეზე ვკიდებდით. ეს ყველაფერი უდიდესი შემოქმედების ტოლფასი იყო... ნაძვის ხეზე ვკიდებდი ყველაფერ იმას, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო. დედას ჰქონდა მამის ნაჩუქარი გულსაკიდი, რომელსაც სასოებით ინახავდა. მაშინ არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს ნივთი მისთვის. ერთხელაც, ეს გულსაკიდი მოვპარე და ჩემს ნაძვის ხეზე ჩამოვკიდე... თქვენ ნაძვის ხის ისტორია იცით?

- როგორც ვიცი, მისი თაყვანისცემის წესი ევროპაში ძველმა გერმანელებმა შემოიტანეს. მათ სწამდათ, რომ სურნელოვან ნაძვში კეთილი სული ცხოვრობდა. მერე ნაძვის თაყვანისცემის წესი ჰოლანდიელებმა, ინგლისელებმა და სხვებმა გადაიღეს და ის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის სიმბოლოდ იქცა.

- მე კი ვიცი, რომ ნაძვის ხეზე ნორვეგიელები ნანადირევს - მაჩვს, მელას, კურდღელს ჰკიდებდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ უვლიდნენ გარს ნაძვის ხეს - მღეროდნენ, სვამდნენ, ღრეობდნენ... საქართველოში ნაძვს ყველგან შეხვდებოდით, მაგრამ საახალწლო ნაძვის ხის რიტული სხვა ქვეყნებიდანაა გადმოტანილი.

- რა ასოციაციას იწვევს თქვენში ახალი წელი?

- ეს ის დღესასწაულია, დიდსა და პატარას რომ უხარია. ამ დღეს, რაღაც ახალს ელოდები. ახალ წელს ჩემი დაუშრეტელი ოპტიმიზმი თითქოს ხელახლა ივსება და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკში ვარ, ისე ველოდები ახალი წლის დადგომას, როგორც ბავშვობაში ველოდებოდი.

- თქვენ დაუშრეტელი ოპტიმიზმი ახსენეთ. თოვლის ბაბუასაც ხომ არ ელოდებით, რომელმაც საჩუქარი უნდა მოგართვათ?..

- როცა არავის არაფრის სჯერა, მაშინაც კი არ ვკარგავ რწმენას. იმდენად მძიმე ბავშვობა მქონდა, აქედან გამოსავალს ოცნებების სამყაროში ყოფნით ვპოულობდი ხოლმე. ოცნებები კი, ბუნებრივია, ოპტიმიზმით იყო აღსავსე. ფიქრით, დარდით, ჯავრით ვერაფერს მიაღწევ. ვიცი, რომ ღვთის განგების გარეშე, არაფერი ხდება და უფალს მივენდობი. იცით, ასე ცხოვრება უფრო იოლიცაა, ვიდრე თვითგვემაში... რაც შეეხება თოვლის ბაბუას - არ მიმაჩნია საჭიროდ, რომ ის მაინცდამაინც ახალ წელს მოვიდეს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თეთრი წვერი და ეცვას წითელი მანტია. მე თოვლის ბაბუაში ვხედავ კეთილ, კარგ ადამიანებს, რომლებსაც სიკეთე მოაქვთ. ის შეიძლება გამოგეცხადოს ზაფხულის თვეებში და დაგასაჩუქროს... ხომ ხედავთ, აქაც ოპტიმისტი ვარ (იცინის).

- როდის დაგასაჩუქრათ რეალურად ასეთმა თოვლის ბაბუამ?

- ციმბირში, ახალ წელს საინტერესოდ დამაჯილდოეს. სადღესასწაულო განწყობილება ტუსაღების დასახლებაში, სადაც მხოლოდ 2 ბავშვი (მე და ერთი რუსის ბავშვი) იყო, არავის ჰქონდა. ერთ დღეს ვიპოვე ბრჭყვიალა ნივთი და ამით გახარებულმა ის ოქროს საბადოს უფროსს ვაჩვენე. მან ნივთი გამომართვა და შემაქო: ყოჩაღ, ყოჩაღ, გოგონი! შენ არ იცი, რამოდენა სიმდიდრე იპოვეო - და ერთი ფილა შოკოლდი მაჩუქა. ციმბირში შოკოლადი ძალიან ძვირფას რამედ მიმაჩნდა, სიხარულით ვხტოდი. მერე, ჩემი სახელი რადიოშიც გამოაცხადეს და ჩემი საოცარი პატიოსნება აღნიშნეს. თურმე, თვითნაბადი ოქრო მიპოვია.

- ახლა რომ იპოვოთ, რას იზამთ?

- საჩქაროდ გადავადნობ და გაჭირვებულებს დავეხმარები. მაშინ გულუბრყვილო ვიყავი. დღეს მასში ერთ ფილა შოკოლადზე მეტს ხომ მომცემენ!.. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ამირჩიეს - "უკიდურესად გაჭირვებულთა დახმარების ახალგაზრდული ფონდის" გამგეობის წევრად...

- რას საქმიანობს ეს ფონდი?

- ძველით ახალ წელს წყნეთის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლს ვესტუმრეთ. შემდეგ კი, ლისის ტბის მახლობლად მცხოვრებ, სტიქიით დაზარალებულებს, უბინაოდ დარჩენილებს გავუწევთ დახმარებას და ა.შ. ამ ფონდის გამგეობის წევრების ასარჩევად ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა (სატელეფონო), კანდიდატთა სიაში დასახელებული იყო 25 თუ 27 ადამიანი და რატომღაც ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი ჩემს კანდიდატურას, რამაც ძალიან გამახარა...

- გაიხსენეთ ახალი წელი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ...

GzaPress- ციმბირული პეიზაჟები დამიდგა თვალწინ - ნამდვილი თოვლით დახუნძლული ნაძვის ხე, მისი სურნელება. იქ მქონდა ბედნიერება, ვმჯდარიყავი მარხილში, რომელშიც შებმული იყვნენ ძაღლები, ირმები... თუმცა, საქართველოშიც მქონდა ძალიან ბევრი დაუვიწყარი ახალი წელი. 8 წლის ვიყავი, როცა მხატვრულ ფილმ "ქაჯანაში" გადამიღეს. ახალ წელს მე და ქაჯანას როლის შემსრულებელი თენგიზ ამირანაშვილი კინოსტუდიის ეზოში (სადაც დიდი ნაძვის ხე იდგა) დაგვაჯილდოეს - მოგვცეს ბავშვთა ბანაკ "არტეკის" საგზურები და ოქროს საათები. ასე რომ, ოქროს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში (იცინის)... "არტეკში" ჩვენთან ერთად მოდიოდა გიზი ამირეჯიბი (პროფესორი, ცნობილი პიანისტი. - ავტ.) და რეზო თაბუკაშვილი. ეს ბავშვთა ბანაკი ყირიმში იყო. ჩავედით თუ არა, იმ ღამესვე ყუმბარების აფეთქების ხმა გაისმა. ეს იყო 1941 წლის 22 ივნისს - საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის პირველ დღეს. "არტეკში", ჩვენ გარდა, იმყოფებოდნენ ბავშვები მთელი საბჭოთა კავშირიდან - შუა აზიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რომელთა ნაწილმა იმწუთას დაკარგა სამშობლო, მშობლები... იყო გლოვა, გოდება. ჩვენც ვტიროდით. გვითხრეს: შავი ზღვით ვერ წაგიყვანთ, შემოვლითი გზით უნდა გავაღწიოთ აქედანო. ჯერ მოსკოვში უნდა ჩავსულიყავით, მერე, მატარებლით, ბაქოში ჩავიდოდით, იქიდან კი თბილისში წამოვიდოდით... როგორც იქნა, მოსკოვამდე ჩავაღწიეთ. შეგვიყვანეს მეტროში, რომელიც გადაჭედილი იყო ჩვენნაირი ლტოლვილებით. საშინლად ციოდა, ბავშვებს ნუგეშისმცემელიც არავინ გვყავდა, ერთმანეთს ვათბობდით. ვიღაცები დადიოდნენ და ყვიროდნენ: ნუ გეშინიათ, ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესააო!.. ბოლოს, ყველანი შეგვკრიბეს და გამოგვიცხადეს: მართალია, დიდი რისკია, მაგრამ სამშობლოსკენ უნდა დავიძრათო. მატარებელი ლტოლვილებით აივსო. ზოგი სახურავზე იჯდა, ზოგი - კიბეზე და ა.შ. მატარებელი მიღოღავდა, ყოველ 10 წუთში ჩერდებოდა, რადგან რკინიგზას ბომბავდნენ. ჩვენ ვაგონის სკამებქვეშ ვიმალებოდით. მთელი 3 კვირა, თითქმის მშივრები ვიყავით, ნამცეცებით ვიკვებებოდით. ამ მგზავრობის დროს, წყალიც კი შემძულდა, რადგან მას საშინელი გემო და სუნი ჰქონდა... მახსოვს, როგორ შემოვიდა მატარებელი თბილისში, უცებ ვიგრძენი საოცრად თბილი ჰავა... ყველანი ვტიროდით, ტიროდნენ ჩვენი მშობლებიც, რომლებსაც დაღუპულები ვეგონეთ... ასეთია ჩემი ცხოვრება - ყოველ სიხარულს რაღაც უსიამოვნება მოსდევს.

- ქალბატონო ლეილა, კინოგადაღებებიდან ზამთართან დაკავშირებულ რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- "ხევისბერ გოჩას" ვიღებდით. ხომ გახსოვთ ის კადრი, როცა ონისე და ძიძია მარხილით მიჰყავთ? "მოემზადე!" - იყვირა რეჟისორმა სანიშვილმა. ცხენები პროჟექტორის შუქმა დააფრთხო. რაღაც ძალამ მარხილიდან ამომაგდო და, ჩემი თეთრი საქორწინო კაბით, ჰაერში ავვარდი და სადღაც მოშორებით თავით ღრმად ჩავერჭვე თოვლში. გადაღებები ყაზბეგში მიმდინარეობდა. როცა გონს მოვედი, დავინახე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მისუსტებული ხმით ვიყვირე: მიშველეთ-მეთქი! კარგა ხნის მერე სინათლე შევნიშნე. თურმე, დავიკარგეთ თუ არა (მე და ონისეს როლის შემსრულებელი, ნუგზარ შარია), მაშინვე აანთეს ჩირაღდნები; დაბეჟილ-დამტვრეული ნუგზარი კი იპოვეს, მაგრამ მე ვერ მომაგნეს; დაინახეს - როგორ ავფრინდი ცაში და გავუჩინარდი... ბოლოს, ერთ-ერთმა ჩვენიანმა ჯანიანმა კაცმა, სახელად მოცლილომ მიპოვა. თვალები გაუბრწყინდა. მკითხა: ცოცხალი ხარო? მივაძახე: მარტო არ დამტოვო, ცოცხალი ვარ და მიშველე-მეთქი... თოკით ძლივს ამომიყვანეს... შემდეგ გადაღებაზე, მარხილში, ცხენების ნაცვლად, ჩვენი ჯანიანი მოცლილო შეაბეს.

- რას უსურვებდით ახალგაზრდობას?

- გრიშაშვილის ლექსს მოვიშველიებ: "ქართველი ერისთვის ერთი რამ მსურს,/ მივსდევდეთ ცოდნას და ვებრძოდეთ შურს". შური დაავადებაა, რომელიც აკნინებს ადამიანის სულს. ყველას ვუსურვებ მეტ გამძლეობას, ღრმა ცოდნის შეძენას, ბედნიერ მომავალს. თუმცა, საქართველოში ცხოვრება ხომ თავისთავად ბედნიერებაა!..

ლიკა ქაჯაია