სააღდგომო დღესასწაული - გზაპრესი

სააღდგომო დღესასწაული

"აღდგომა... ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი, უდიადესი დღე ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის, მაგრამ ის ჩვენთვის არ არსებობს", - ამბობს თურქეთში მცხოვრები ემიგრანტი და ხმაში სევდა ერევა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდა, ვერც პასქა გამოაცხო, ვერც კვერცხი შეღება და ვერც წირვას დაესწრო. ამბობს, რომ ოჯახში, სადაც მუშაობს, ღრმად მორწმუნე მუსლიმანები არ ცხოვრობენ, მაგრამ ქრისტიანული დღესასწაულის აღნიშვნის უფლებას მაინც არ აძლევენ. პატივს სცემენ და მის შრომით უფლებებს არ არღვევენ, მაგრამ სთხოვენ, ჯვარი არ ატაროს. "რას ვიზამ, ისინი კარგი ადამიანები არიან, მაგრამ თავიანთი მოთხოვნები აქვთ... მათ ორ შვილს ვუზრდი, ისინი ჩემი ოთხი შვილისთვის ლუკმაპურის ფულს მაძლევენ", - ამბობს დალი ხურციძე. ის იშვიათი გამონაკლისი არ არის, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვერ ხვდება.

მანანა გულიაშვილი, იტალია, რომი:

- აღდგომის წმინდა დღესასწაულს რომის ქართულ, მართლმადიდებლურ ტაძარში შევხვდი. რომის სამრევლო - ასე ჰქვია ჩვენს ტაძარს. ძალიან კარგი მოძღვარი გვყავს, მამა იოანე. ის თითოეული ქართველი ემიგრანტისთვის მხოლოდ სულიერი მოძღვარი კი არა, მეგობარიც არის. ნებისმიერ დროს შეუძლია, მოგისმინოს, დაგარიგოს. თუ საჭიროა, მხარშიც დაგიდგება. თავის მრევლს ყოველთვის ამზადებს აღდგომის დღესასწაულისთვის, ჩვენც მოუთმენლად ველით ამ დღეს. წელს პასქა ვერ გამოვაცხვე, ამიტომ პანიტონი (იტალიური პასქა) ვიყიდე, წითელი კვერცხები ტაძარში დაგვირიგეს. ემიგრანტებს სხვადასხვა მიზეზის გამო ხშირად არა აქვთ პასქის გამოცხობისა და კვერცხების შეღებვის საშუალება. ასეთ დროს შესაძლებლობა გვეძლევა, წითელი კვერცხი ტაძრიდან წამოვიღოთ. წელს, როგორც სხვა დროს, სააღდგომო წირვის შემდეგ საკმაოდ დიდი ტრაპეზი გაიმართა. ეს დღე ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

GzaPress- ადგილობრივი ხელისუფლება თუ გილოცავთ ამ დღესასწაულს?

- ადგილობრივებს შორის მართლმადიდებლები თითქმის არ არიან. შესაბამისად, ამ დღეს თავად იტალიელები არ აღნიშნავენ და არც ჩვენ გვილოცავს ვინმე. ესენი დიდი პომპეზურობით არც კათოლიკურ აღდგომას აღნიშნავენ. პანიტონებს ძირითადად მაღაზიებში ყიდულობენ, კვერცხებს კი ესენიც შინ ღებავენ.

ნატა ენუქიძე, კალიფორნიის შტატი, ქალაქი პალო ალტო.

- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის პასქა გამოვაცხვე და კვერცხები შევღებე. წირვას რუსულ ეკლესიაში დავესწარი. არ შემიძლია, ამ ტაძრის მოძღვარზე, მამა ვლადიმირზე არ გიამბოთ. საოცრად უყვარს საქართველო და ქართველები. როგორც თავად მითხრა, მღვდლად მცხეთაში უკურთხებიათ. როდესაც გაიგო, რომ ქართველი ვიყავი, მთელი მრევლის გასაგონად განაცხადა, - ნახეთ, ვინ მოვიდა ჩვენთან, ის ქართველიაო. ამას საოცარი აღტაცებითა და სიხარულით ამბობდა. მოგვიანებით ფურცელი მიჩვენა, რომელზეც ქართული ასოებით, ქართული სახელები ეწერა. როგორც გაირკვა, ამ ფურცელზე იმ ცოცხალთა და გარდაცვლილთა სახელები ეწერა, რომელთათვისაც რუსი მამაო ყველა წირვაზე პარაკლისს იხდიდა. ფურცელი საქართველოდან ჰქონია წამოღებული და დღემდე სათუთად ინახავს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ამ საოცარ მამაოსთან ერთად ტაძარში შევხვდი, მერე კი ჩემს დაქალებთან წავედი...

- ადგილობრივ ქართველებს თუ შეხვდით?

- კი, ძალიან კარგი ცოლ-ქმარი გავიცანი. ისინი უკვე დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ. 19 წლის ბიჭი ჰყავთ, რომელიც სტიქაროსანია. საკმაოდ დიდი ხანი პალო ალტოს რუსული ეკლესიის მრევლი იყვნენ, მერე სან-ფრანცისკოს ქართული ტაძრის მრევლს შეუერთდნენ. მამა ვიტალის უთქვამს მათთვის, თქვენ აუცილებლად უნდა ისმენდეთ ქართულ წირვასო და სან-ფრანცისკოს ეკლესიაში წასვლა ურჩევია. სხვათა შორის, იქ არაჩვეულებრივი მოძღვარი ჰყავთ, მამა ექვთიმე. როგორც გავიგე, სან-ფრანცისკოს ქართულ ტაძარში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დიდი ზარ-ზეიმით აღუნიშნავთ და დიდი ტრაპეზობაც გაუმართავთ.

ლელა ჭანკოტაძე, ისრაელი, სავიონი:

- ძალიან დიდხანს ვემზადებოდი, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იერუსალიმში შევხვედროდი. ჩემთვის ეს ქალაქი ზეციური სამყაროა. შარშან ამ დროსაც ისრაელში ვცხოვრობდი, მაგრამ მზად არ ვიყავი იმისთვის, რომ იერუსალიმში ჩავსულიყავი და წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მეხილა. მეგონა, ამ სასწაულის ხილვას ვერ გავუძლებდი. როგორც მოგეხსენებათ, ამ ქალაქის გამო იუდეველები და მუსლიმანები დღემდე დაობენ. აქ მუსლიმანებს აქვთ ალ-აკსას მეჩეთი, ებრაელებს გოდების კედელი, ქრისტიანებს კი აღდგომის ტაძარი და ვია დოლორესა. ამიტომაც არის ეს ქალაქი რელიგიის წმინდა ტაძარი. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ფიზიკურად ანადგურებენ, აღდგომის დღეს აქ ერთმანეთის გვერდით დგანან და თავიანთ ღმერთებს ეთაყვანებიან. ჩემთვის საოცრება იყო ის, რაც ვნახე... მოდიან ქუჩაში არაბები, ყიჟინით, შეძახილებით. იქვე მოდიან ებრაელი დათიმები (მორწმუნე ებრაელები) და იქვე ვდგავართ, ჩვენ ქრისტიანები... სხვათა შორის, აღდგომის წინადღეს ღაზის სექტორში დაძაბული ვითარება იყო, მაგრამ იმ წმინდა დღეს არაფერი იგრძნობოდა. ქართველები იერუსალიმში სხვადასხვა ქალაქიდან, ავტობუსებით ჩავედით. თითქოს მთელი საქართველო იქ იყო. ვიღაც შალახოს უკრავდა, ვიღაც ლაღიძის "თბილისოს" მღეროდა... აღსანიშნავია, რომ ჯვრის მონასტერში წელს, 700 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა წირვა ქართულად. ეს კიდევ უფრო მიმძაფრებდა შეგრძნებას, რომელსაც განვიცდიდი... ქართველებს ვია დოლოროსაზე, ანუ გოლგოთის გზაზე გვქონდა გაშლილი პლედები და დაღლილ-დაქანცულები ვიჯექით, როდესაც აღდგომის ტაძრის სარკმლიდან მტრედები ამოფრიდნენ და მათ კვამლიც ამოჰყვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. აი, მხოლოდ ამ ერთი წამისთვის ღირს სიცოცხლე. წამიერად გაქრა ყოველგვარი დაღლილობა... არაბებიც გამოვიდნენ ტაძრიდან, მათ დანარჩენებიც გამოჰყვნენ. როგორც იქნა, ჩვენც მოგვეცა ტაძარში შესვლის საშუალება. ეს კიდევ ცალკე საოცრება იყო. ვიცოდი, ცოტა ხნის წინ აღდგომის ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარეს, სარესტავრაციო მასალა კი მიწიდან ამოიღეს. ე.ი. იქ ყველა ქვა, აგური სიწმინდეა. დავდიოდი და ვფიქრობდი, ვინ იცის, ამ ქვაფენილზე ვინ დაადგა ფეხი, ვინ გაიარა, ამ კედელს ვინ შეეხო... ეს ყველა მორწმუნემ უნდა განიცადოს. მადლობა უფალს, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე იერუსალიმში მოვხვდი და ეს საოცრება ჩემი თვალით ვნახე.

მარინა ბაბუნაშვილი, რუსეთი, მოსკოვი:

- აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად, სამსახურში გავშალეთ პატარა სუფრა, სანთელი დავანთეთ და ეგაა... ერთი საათიც არ ვმჯდარვართ! ზოგადად, ემიგრანტებს სად სცალიათ დღესასწაულების აღსანიშნავად? აქ რობოტებივით ვართ... ამ მუშაობაში დრო სწრაფად გარბის... მხოლოდ ღამით, როცა დაღლილი წვება ემიგრანტი, ოცნებით ტრამალებს გადაუქროლებს, მერე კავკასიის მწვერვალებს და ასე "აღმოვჩნდებით" ხოლმე ჩვენს სამშობლოში, საყვარელ ოჯახებში... ზოგჯერ ისეთი რეალურია ოცნება, რომ პირადად მე, ბედნიერს მეძინება... ვიღვიძებ და, ყველაფერი თავიდან იწყება... დაზიანებული ფირფიტასავითაა აქაური ცხოვრება, რომელიც ერთსა და იმავეს უგემურად ატრიალებს... აი, ასეთია აღდგომაც და სხვა დღესასწაულებიც: უფერული, უინტერესო და ცრემლიანი...

ეკა მარსაგიშვილი, საბერძნეთი, სალონიკი:

- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საბერძნეთში წელს პირველად შევხვდი. დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ და შესაბამისად, ქართველ მრევლს არ ვიცნობ. ჯერ ტაძარშიც არ მივსულვარ, მაგრამ გავიგე, რომ გრანდიოზული ზეიმით აღუნიშნავთ ეს დღესასწაული. როგორც მოგეხსენებათ, ბერძნები ჩვენსავით მართლმადიდებლები არიან. ოჯახი, სადაც მე ვცხოვრობ, მორწმუნეა და აღდგომისთვისაც განსაკუთრებულად ემზადება. ამ სამზადისში მეც ვიყავი ჩართული, მაგრამ ფიქრებით ჩემს სოფელში გახლდით. ბებოს გამომცხვარი პასქები და დედას შეღებილი კვერცხები მედგა თვალწინ. თვალებს დავხუჭავდი და წარმოვიდგენდი, რომ ვითომ ჩემს სახლში ვიყავი... ჩემმა ბერძენმა "პატრონებმა" სააღდგომო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. მეც წამიყვანეს, ლამაზი ცერემონია იყო, უამრავი ხალხი მიდიოდა ტაძრისკენ ანთებული სანთლებით. ტაძარიც დიდებული და ბრწყინვალე გახლდათ, მაგრამ მე მაინც ჩემი პატარა სოფლის პატარა ეკლესია მენატრებოდა...

GzaPress- საფლავზე გასვლისა და კვერცხის გადაგორების ტრადიცია ბერძნებსაც აქვთ?

- იცით, რა საფლავზე კი გადიან, მაგრამ ეს ისეთი მასშტაბური არ არის როგორც ჩვენთან. ალბათ იმიტომ, რომ იქ საფლავებს სამი წლით ყიდულობენ.

- ეს რას ნიშნავს?

- როგორც ჩემმა ბერძნებმა ამიხსნეს, საფლავს სამი წლით ყიდულობენ. შემდეგ ის ადგილი თავიდან იყიდება. მანამდე, ადამიანისგან დარჩენილ ძვლებს იღებენ, ტომარაში ათავსებენ და იქვე ახლოს ფლავენ ან სპეციალურად განკუთვნილ აკლდამაში ათავსებენ. ეს ტრადიცია ჩემთვისაც უჩვეულო და უცნაურია, მაგრამ ზოგადად, აღდგომის დღესასწაულს ლამაზად აღნიშნავენ.

მაკა რევაზიშვილი, ავსტრია, ლინცი:

- ჩვენს პატარა ქალაქში, ლინცში ქართული ტაძარი არის, თუმცა აქაური ემიგრანტები იხტიბარს არ ვიტეხთ და ვცდილობთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საკადრისად აღვნიშნოთ. წელს პირველად გამოვაცხვე პასქა, კვერცხებიც შევღებე. მართალია, კვერცხების შესაღებად ენდრო ვერ ვიშოვე, მაგრამ ამისთვის ხახვის ფოჩები გამოვიყენე და შესანიშნავი გამომივიდა. სხვათა შორის, ვენაში არის ქართული, მართლმადიდებლური ტაძარი. მამაო ილია წირავს იქ. აღდგომის დღესასწაულზე, როგორც წესი, ყოველთვის ატარებს წირვას და შემდეგ ტრაპეზობასაც მართავენ.

- ადგილობრივ მოსახლეობას შორის მართლმადიდებლებიც არიან?

- არა, მე ასეთს არავის ვიცნობ. ძირითადად, სულ ევანგელისტები არიან. ვენაში კი გადაიყვანეს ჩვენმა გოგონებმა ავსტრიელი მამაკაცები მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე, მაგრამ აქ მსგავსი ამბავი ჯერ არ მომხდარა. როგორც ვიცი, ვენაში შვიდი ავსტრიულ-ქართული ოჯახი შეიქმნა და შვიდივემ მართლმადიდებლურად დაიწერა ჯვარი. სხვათა შორის, შვიდივე ავსტრიელი მამაკაცი მამაო ილიას ნათლულია.

ხათუნა ბახტურიძე