რიმა ბერაძის პირადი ცხოვრება - გზაპრესი

რიმა ბერაძის პირადი ცხოვრება

თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი, ჩუღურეთის რაიონის მეორე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი - რიმა ბერაძე თავისი საქმიანობისა და ყოველდღიური ცხოვრების, ოჯახის, ამომრჩევლებთან ურთიერთობისა და პოლიტიკური წარსულის შესახებ გვესაუბრა.

- ამომრჩეველი რომ მეორე ვადით მენდო, ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესია. მოსახლეობასთან შეხვედრისას როცა მათ სიყვარულს ვგრძნობ, ამით ბედნიერი ვარ, ეს პასუხისმგებლობას მმატებს და დიდ სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი საქმე გავაკეთო. პრობლემურ საკითხებს ხალხთან ერთად განვიხილავ. პირველი მოწვევისას, ჩემი მთავარი ამოცანა იყო, ჩუღურეთის რაიონისთვის ხელწერა დამეტოვებინა, ერთ-ერთი განახლებული აღმაშენებლის შესანიშნავი პროექტი იყო, რომელიც განვახორციელეთ. ჩემს რაიონში ბევრი სოციალურად შეჭირვებული ადამიანი ცხოვრობს და მათ არსებული ვითარება უნდა შევუმსუბუქო. ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს იმედი არ გავუცრუოთ. ვაშენებთ ახალ საბავშვო ბაღებს, სკვერებს, სტადიონებს. ბევრ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ, რომლებიც მრავალშვილიან დედებსა და სოციალურად დაუცველებს ეხება.

GzaPressმიხარია, ქალბატონები რომ აქტიურობენ, ბევრი შემომიერთდა და ჩამოვაყალიბეთ ქალთა კლუბები, რომლებშიც ვაწყობთ - პაემანი ჩაიზე: შევდივართ ეზოებში, სადაც მიმდებარე სახლის 10-15 წარმომადგენელი ვსხდებით და იმ პრობლემებზე ვსაუბრობთ, რაც აწუხებთ. უშუალო შეხვედრებისას ბევრი საინტერესო საკითხი წამოჭრეს. ვერავინ იტყვის, რომ მე ვინმეს პოლიტიკური ნიშნით ვასხვავებ, ყველას ერთნაირად ვეხმარებით, ჩვენივე ხელფასებიდან თანხებს ვკრებთ და შეძლებისდაგვარად, რაღაცებს ვყიდულობთ. პრობაციონერ ქალბატონებს რესოციალიზაციის თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ ოჯახებთან გვაქვს კონტაქტი. მარტოხელა პენსიონერებსაც ვსტუმრობთ ხოლმე. მინდა, ჩუღურეთში სოციალური სახლი ავაშენოთ, სადაც ასეთი კონტინგენტი მოიყრის თავს და იგრძნობენ, რომ სახელმწიფო მართლაც ზრუნავს მათზე. ახლა ამ პროექტის განსახორციელებლად ინვესტორს ვეძებ.

- წარმატებებს გისურვებთ! ახლა თქვენ შესახებ გვიამბეთ. როგორია არასაქმიანი რიმა ბერაძე?

- დავიბადე და გავიზარდე ოზურგეთის რაიონში. 25 წელია, თბილისში ვცხოვრობ. მყავს მეუღლე და ქალიშვილი. მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე - ოთხი და და ერთი ძმა ვართ. თუ რამ დადებითი გამაჩნია, დედის დამსახურებაა. სკოლაში კარგად ვსწავლობდით და ოჯახში ჩვენი მოვალეობები გადანაწილებული გვქონდა. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ სამსახურიდან დაბრუნებული, დაღლილი დედა გაგვეხარებინა. უმაღლესი სასწავლებელი ხუთივემ დავამთავრეთ. სამწუხაროდ, ერთი და გარდაგვეცვალა... ოზურგეთში მოხუცებული დედა მყავს, ამჟამად ცოტა შეუძლოდაა და უფალს ვთხოვ, მალე გამოჯანმრთელდეს. ჩემი ძმა და რძალი ამერიკაში ცხოვრობენ, წარმატებული ექიმები არიან ნიუ-იორკში. ჩემი რძალი ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის მენეჯერია.

- თქვენი ქალიშვილი სწავლობს?

- ქეთი კავკასიის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია, პირველი საჯარო სკოლაც წარჩინებით დაამთავრა, ამით ვამაყობ. მიხარია, კარგი მოქალაქე და კარგი ახალგაზრდა რომ არის, ქართულ ტრადიციებზე გაზრდილი, მორწმუნე გოგონა. მისი მთავარი ამოცანა საქმეა - ბიზნესი აირჩია. ჩემი მთავარი ამოცანა კი ქეთია, მეორე - ჩემი სამსახურია, ის ამომრჩეველი, რომელიც მეორედ მენდო.

- ოჯახსა და სამსახურს როგორ უთავსებთ ერთმანეთს? მეუღლე თუ ხელს არ გიწყობთ, რთულია.

- ნამდვილად. ჰარმონიული სიტუაცია გვაქვს, ოჯახი სიყვარულით შევქმნით, ქართულ ტრადიციასა და ჩემს ოჯახურ ტრადიციებს დიდ პატივს ვცემ. ჩემი მეუღლეც ოზურგეთელია. ყოველთვის ვფიქრობ, რით ვარგო ქვეყანას და მიხარია, რომ ღირსეული გუნდის წევრი ვარ, ღირსეულ მერთან მიწევს მუშაობა. ჩემმა რაიონმა ბატონ კახი კალაძეს ძალიან მაღალი პროცენტით დაუჭირა მხარი და ეს ჩემი გამარჯვებაცაა, რადგან ამ რაიონში "ქართულ ოცნებას" მე წარმოვადგენდი. მინდა, რომ ჩუღურეთი სიცოცხლით სავსე ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული რაიონი იყოს.

- პროფესიით ეკონომისტი და პოლიტოლოგი ხართ. ადრე ოზურგეთშიც არაერთი თანამდებობა გეკავათ. როგორ ვითარდებოდა თქვენი კარიერა?

- სხვათა შორის, გეოლოგობა მინდოდა. ოზურგეთში არსებობდა მაღაროთა სამმართველო, სადაც ბუნებრივი რესურსებით წიაღისეულს იღებდნენ და გეოლოგი ქალბატონები მუშაობდნენ. ისინი რუკებით რომ დადიოდნენ, ჩემში დიდ ინტერესს იწვევდა. დედას მეგობრები იყვნენ, მან კი კარგად იცოდა, როგორი შრომატევადი საქმე იყო და ეკონომისტობა მირჩია. თუმცა, 2006 წლიდან, შეიძლება ითქვას, ქუჩაში ვარ, ყველა აქციაში ვმონაწილეობდი და განსაკუთრებით მძიმედ 7 ნოემბრის პროტესტი მახსოვს. ბიბლიოთეკასთან სპეცრაზმელმა ისე ჩამარტყა, იმდროინდელი ნიშანი დღესაც მატყვია...

ბავშვობიდანვე ძალიან აქტიური ვიყავი, მერვე კლასში თანატოლები შევკრიბე და თამარ მეფის ციხეზე ავედით, იქაურობა გავასუფთავეთ ეკალ-ბარდებისგან. არადა, მაშინ ქვეყანაში ათეიზმი მძვინვარებდა... ჩემთვის მთავარი იყო, ვიღაცას მხარში ამოვდგომოდი და დავხმარებოდი. ქუჩაში ასაკოვან ქალს რომ დავინახავდი, ჩანთებით დატვირთულს, გავიქცეოდი, ჩამოვართმევდი და სახლამდე მივატანინებდი. ჩემი მეზობელი ხუმრობით გამცილებელსაც მეძახდა (იცინის).

"თეთრი მანდილის" წევრიც ვიყავი და იმ მატარებელში ვიჯექი, გალამდე რომ ჩავედით და მერე აღარ გაგვიშვეს. მატარებელი 25 სექტემბერს უკან მობრუნდა, 27-ში კი სოხუმი დაეცა... ბედნიერი ვიყავი, როცა გასულ წელს ომბუდსმენმა "ყველაზე ტოლერანტის" სტატუსი მომანიჭა.

- "ქართულ ოცნებას" როგორ დაუკავშირდით?

- 2011 წელს, როცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ახალ პარტიას ქმნიდა, საერთოდ არ ვიცოდი, ის ვინ იყო, მაგრამ მისი პოლიტიკური გზავნილები მომწონდა. მოქალაქეობა რომ წაართვეს, მოხალისეები ავიყოლიე და დავდიოდი - ხელმოწერებს ვაგროვებდი, მოქალაქეობა რომ დაებრუნებინა... ოზურგეთში გარკვეული წლების განმავლობაში ვმუშაობდი, რაიკომის მდივანიც ვიყავი და პატარა გოგოს ხალხი მენდობოდა. როცა ჩავდივარ, ბევრი ადამიანი მადლობას მეუბნება, ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია... ზოგჯერ ამბობენ, თუ ვინმე არ გყავს, ვერაფერს მიაღწევო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩემ უკან, ცოდნის გარდა, არასდროს არავინ მდგარა, ეს ცოდნა კი დამიფასდა და ადამიანები მიცნობენ ისეთს, როგორიც ვარ... მერე ჩუღურეთის რაიონის "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ამირჩიეს. სწორედ მაშინ გავაკეთე ჩუღურეთის რაიონის "პასპორტი", სადაც აღვწერე მოსახლეობა და თუ რაიმე არსებობდა, ყველაფერი შევიტანე - რამდენი მოქალაქე, საბავშვო ბაღი თუ სკოლა, ქუჩა იყო ამ საზღვრებში.

GzaPress- როგორი დიასახლისია რიმა ბერაძე? საოჯახო საქმეების კეთება თუ გიწევთ?

- რთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ საოჯახო საქმეებს ვაკეთებ, დამხმარე არ მყავს. თავის ქებაში ნუ ჩამითვლით, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მოწესრიგებული დიასახლისი ვარ, ჩემს სახლს არეულს ვერ ნახავთ. ზოგჯერ ქეთი მეხმარება, მაგრამ სტუდენტს სხვაც ბევრი საზრუნავი აქვს. სადილს დილით ადრიანად ვაკეთებ. ჩემს სახლში შემოსვლისთანავე, ყველა კედელი ჩემს ბიოგრაფიას გაგაცნობთ: მეორე კურსზე ვიყავი, როცა პოლონეთის საგზურით დამაჯილდოეს. მას შემდეგ, რომელ ქვეყანაშიც ჩავიდოდი, სამახსოვროდ რაღაც ნივთები ჩამომქონდა და ყველაფერი კედელზეა გამოფენილი. ამბობენ, რომ კარგი კულინარიც ვარ. ნამცხვრების გამოცხობა არ გამომდის, მაგრამ შესანიშნავ ხაჭაპურს ვაცხობ, საცივს ვაკეთებ, ყველანაირი სადილის მომზადება ვიცი. გურულებისთვის საცივი ყველაზე მთავარია და ქალმა მისი კეთება თუ იცი, ე.ი. მაგარი ხარ (იცინის). დღესასწაულებისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით.

- როგორც ვიცი, დილაადრიან ვარჯიშსაც ასწრებთ...

- დიახ. ახალგაზრდობისას დავრბოდი. ახლა ტელეფონში აპლიკაცია მაქვს და დღეში 3-4 კილომეტრს ფეხით დავდივარ. ზოგჯერ, სამსახურშიც ფეხით მოვდივარ, ხშირად - საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სპორტული ტრენაჟორები ჩემს სახლთანაცაა, დილით ექვს საათზე ვდგები და იქ ვვარჯიშობ. ყველაზე კარგი ისაა, რომ ჩემი რაიონის ამომრჩევლები მიერთდებიან და ყოფით საკითხებზე იქაც მესაუბრებიან; ისეც მომხდარა, რომ ვარჯიშისას, ბევრი საკითხი მოგვიგვარებია (იცინის). არ შეიძლება, რაიმე პოზა მეჭიროს, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. უფლება არ მაქვს, არ ვიყო, ადამიანებსა და ნებისმიერ სტრუქტურას შორის.

თამთა დადეშელი