"რა დახმარებაზეა ლაპარაკი, ზოგს გიჟი ვგონივარ..." - გზაპრესი

"რა დახმარებაზეა ლაპარაკი, ზოგს გიჟი ვგონივარ..."

მინდა, 63 წლის გალელ კაცზე გიამბოთ და მერე თავად განსაჯეთ მისი ავკარგიანობა. ომარ შარია 2008 წლიდან დიღომში, საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს და იქაურობას ისე უვლის, ბაღნარი გეგონება. "გაცემა უფრო მიხარია, ვიდრე მიღება და ეს ცხოვრებას მიადვილებს... ხე არ უნდა დარგო, თუ არ მოუვლი, უპატრონოდ მიგდებული ცოდოა", - მითხრა საუბრისას. კარგა ხანს ვათვალიერებდი მის ნამოქმედარს და ბოლომდე მაინც ვერ მოვასწარი - უკვე ხუთასს გადასცდა მისი დარგული ხეების რაოდენობა.

გულწრფელად გეტყვით, შემშურდა იქ მცხოვრებთა ბედი. რა გინდა სულო და გულო, მხოლოდ ინატრე - ვაშლი, ატამი, ალუბალი, მსხალი, ბროწეული, ტყემალი, კომში, ნუში, ლეღვი, ქლიავი, კაკალი, ჭერამი, მაყვალი, კივი, ჟოლო, საფერავიც კი... აღარაფერს ვამბობ ყვავილებზე: ზამბახები, იები, ტიტები იწონებენ თავს... თვე-ნახევარში ყველაფერი რომ აყვავდება, იქაურობა მართლაც ბაღნარს დაემსგავსება.

GzaPress- საერთოდ მეურნე კაცი ვარ. მარგალი ნიშნავს კაცს, რომელიც რგავს. ჰოდა, მე სუფთა მარგალი ვარ, რადგან სულ ვრგავ და ვრგავ. მარტო აქ კი არა, აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ 2 წელი ჩემს დასთან, წალენჯიხაში ვიყავი და იქაც ვრგავდი ხეებს, მერე მეორე დასთან, ბაღდათში გადავედი საცხოვრებლად და იქაც ვრგავდი. თბილისში, დიდუბეში, საბავშვო ბაღის შენობაში რომ შემასახლეს ოჯახთან ერთად, იქაც პატარა ბაღი გავაკეთე. 2008 წელს კი დიღომში დავსახლდით. მეორე დღესვე 3 კილომეტრის რადიუსში დავათვალიერე ტერიტორია და გული მეტკინა, რადგან ბევრი მოუვლელი ბაღი და ადგილი ვნახე. აქ სუფთა ჰაერია, ფაქტობრივად, მთის ძირში ვცხოვრობთ და რატომ უნდა ყოფილიყო აქაურობა ნაგვით სავსე და უპატრონო? ერთხელ მოედანზე ვვარჯიშობდი და რუსი კაცი დავინახე, რომელიც თან კოცნიდა ხეებსა და ყვავილებს და თან გაიძახოდა: ამას რას ვხედავ, ეს რა სილამაზეაო... ზუსტად ეს დრო იყო - გაზაფხული და ალუბლები ყვავილობდა. მაშინ ვიფიქრე, რუსი კოცნის თითოეულ ხეს ჩემს ქვეყანაში და მე, ქართველმა როგორ არ მოვუარო აქაურობას-მეთქი? ჩემს საკუთრებაში მხოლოდ 63 კვმ ფართობია, მეტი არაფერი. ეს მიწა, რა თქმა უნდა, მერიის საკუთრებაა, მაგრამ აქაურობის მოვლა და გაკოხტავება ხომ შეიძლება? ჩვენამდე მოსასვლელი გზა შემოვლითი იყო და როდესაც ახალი გზა გაიყვანეს, რამდენიმე მოსახლის ბაღიც გაუქმდა. ამიტომ მათ შევთავაზე, რაკი ჩვენ გამო ასე დაზარალდით, პირველ რიგში თქვენთვის დავრგავ ხეხილს-მეთქი და ეს ჩანაფიქრი ავასრულე კიდეც.

- დანაპირები შეგისრულებიათ, მაგრამ ეს ნარგავები ძალიან ახლოს არ არის ერთმანეთთან?

- სწორად შენიშნეთ, მაგრამ გათვლა სხვა რამეზე მაქვს - მე თბილისში დარჩენას არ ვაპირებ. ზუსტად ვიცი, აფხაზეთში დავბრუნდები და მინდა, ეს გაზრდილი ნერგები იქ წავიღო, სიკვდილამდე რომ მოვასწრო იმ მიწაზე გახარებული ხის ნაყოფის დაგემოვნება.

- მეურნე კაცი ვარო, მითხარით, მაგრამ ყველაფერ ამას შესაბამისი ცოდნა ხომ სჭირდება? თქვენ რა პროფესიის ხართ?

- სად აღარ მიმუშავია, ბევრი პროფესია მაქვს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ კერამიკოსის პროფესიას დავეუფლე. თითქოს ზუგდიდში უნდა გახსნილიყო ფაიფურის დიდი ქარხანა და იქ უნდა მემუშავა, მაგრამ ქვეყანა აირ-დაირია. ჯარიდან დაბრუნებულმა რუსული ენა და ლიტერატურის სპეციალობით დავამთავრე უნივერსიტეტი. სკოლაში დაახლოებით 2 წელი ვიმუშავე და მერე რაიკომში გადამიყვანეს, რასაც დღემდე ვნანობ. ბავშვების ჟივილ-ხივილი რომ მესმის, დღესაც გული მიჩუყდება. მოგვიანებით იურისტის პროფესიასაც დავეუფლე, მაგრამ რაც შეეხება მებაღეობას, თვითნასწავლი ვარ - თვითონ ვიძიებდი ინფორმაციას, როგორ უნდა მომევლო მცენარეებისთვის, ვკითხულობდი წიგნებს, ვითვალისწინებდი სხვა მებაღეების რჩევებსაც, თუმცა, ძირითადად, მაინც პრაქტიკაში მიწევდა ყველაფრის სწავლა. ახლა ჩემს ანგარიშზე 500-ზე მეტი დარგული ხეა, ერთი მაგდენი კიდევ, რასაც მოვუარე და გადავარჩინე. ამით გახარებული ვარ, მხოლოდ ის მიკვირს, ვიღაც რომ უდიერად ეპყრობა ბუნებას. შემიმჩნევია, გაივლიან და ნერგს ისე წაატეხენ ტოტს, ვითომც არაფერიო... ყვავილს მოწყვეტენ და ორიოდე ნაბიჯში ძირს დააგდებენ. არა უშავს, მე კიდევ დავრგავ, მაგრამ ცოტა მეტად გულისხმიერები რომ ვიყოთ, ხომ შეიძლება? შარშან ალუბლისთვის იმდენი ტოტები დაუტეხიათ, გული მომიკვდა. განა ხილი მენანება, პირიქით, მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ მეზობლები კრეფენ და მიაქვთ, მაგრამ ხომ უნდა გაუფრთხილდნენ კიდეც?

- აქაურები არ გეხმარებიან?

- რა დახმარებაზეა ლაპარაკი, ზოგს გიჟი ვგონივარ. აქაურობა ნაგვისგან რომ გავწმინდე, მერე ერთ ადგილას მოვაგროვე და ცეცხლი წავუკიდე. კორპუსიდან ერთმა ქალმა დამიძახა: გაგიხმეს ეგ ხელები, რაზე წაუკიდე ცეცხლი, კვამლი მაწუხებსო. ადამიანმა თუ იმაზე ინერვიულა, ჩემი დარგული ხის ნაყოფი ვიღაცამ რატომ შეჭამაო, გული გაგისკდება ნერვიულობით. აი, აქ ნაგავსაყრელი იყო (საკმაოდ მოზრდილ ტერიტორიაზე მიმანიშნებს. - ავტ.). 2 დიდი მანქანით გავიტანე აქედან ნაგავი, დავასუფთავე აქაურობა. ხომ ხედავთ ჯვრის ფორმას? მინდა, ყვავილები ჩავთესო შიგნით და მერე უფრო მოერიდებიან ალბათ აქ ნაგვის დაყრას. აი, ეს ადგილიც უპატრონოდ იყო მიგდებული, აქაურობასაც მივხედე - ხეებს, რომლებსაც შველა სჭირდებოდა, ვუშველე, ახალიც მივუმატე. ეს ნაკვეთი კი ჩემი მეზობლისაა. ბევრი სიკეთე გაუკეთებია ჩემთვის, რაც არასდროს დამავიწყდება. ერთ ღამეს გადავედი მის ბაღში და ხეები შევღებე. მოვიდა დილით ეს კაცი და გაკვირვებული დარჩა, თავისი ბაღი გალამაზებული რომ დახვდა. ეს კი ჩემი ბაღია. ნახეთ, ეს არის "სამარე", რომელსაც 7 დღე ვთხრიდი. მიწაში რამდენიმე საფეხურით ქვევით გავაკეთე მაგიდა, სკამები, იქვე სათავსი, სადაც ზამთრის მარაგს ვინახავთ. 2 კაცი თავისუფლად დაჯდება და 2 ჭიქა ღვინოს სიგრილეში დალევს. ჩადით და თვითონ შეიგრძენით, რა სიამოვნებაა მანდ ყოფნა. ნელ-ნელა შევეჩვიე მიწას და ვფიქრობ, საიქიოს ყოფნაც არ უნდა გამიჭირდეს (იცინის)... უპატრონოდ მიყრილი საბურავები მოვაგროვე, შიგ განოყიერებული მიწა ჩავყარე და სხვადასხვაგვარი ბოსტნეული ჩავთესე, კეჟერა ფხალიც კი. 6 სახის ბოსტნეულია ჩათესილი ამ თუნუქის ყუთებში. ვიდრე რძალი შემომივა ოჯახში, აქ უნდა შემოვიყვანო და ვკითხო, რომელში რა ბოსტნეულია და თუ გამოიცნო, ე.ი. ღირს იმის შემოყვანა ოჯახში. აბა, ნახეთ, რა ქორფა მწვანილი მოვიყვანე. თუ მუშაობა და თოხი და ბარი გიყვარს, საქმეს ყოველთვის გამონახავ კაცი... ეს აფხაზური მაგნოლიაა, ეს კი აფხაზეთიდან ჩამოტანილი ბამბუკი, რომელიც რატომღაც დედაჩემთან ასოცირდება. დედა 88 წლისაა და დღემდე იქ ცხოვრობს, გალის რაიონში, სოფელ თაგილონში. რა თქმა უნდა, ძალიან მენატრება. ყოველ დილით ვესალმები ხოლმე ამ ბამბუკს და ისე მოვიკითხავ, როგორც დედაჩემს...

- აფხაზეთზეც მომიყევით...

GzaPress- დიდი ისტორიის მქონე სოფელი მაქვს, ადრე წიფურიას ეძახდნენ. წიფურია მეგრულად წიფლნარს ნიშნავს. ერთნი ფიქრობენ, რომ ეკლესიებთან ახლოს წიფლის დიდი ხეები იდგა და ეს სახელი ამიტომ დაარქვეს, მეორენი კი ამ სახელს ვინმე ვაჭარ წიფურიას უკავშირებენ, რომელსაც აქ პირველს გაუხსნია სავაჭრო. წიფურიას სახელი ცნობილი იყო რომსა და კონსტანტინოპოლში, უფრო გვიან კი - მთელ ევროპაში. ის ყოფილა ქართული და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იმ დროის ენგურისპირეთში. აქ მოღვაწეობდნენ XVII საუკუნის იტალიელი მისიონერები: ჯუზეპე მილანელი, ქრისტეფორე კასტელი, არქანჯელო ლამბერტი, ჟაკ ფრანსუა გამბა, ასევე ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი. აფხაზეთი ჩემთვის მარტო მიწა არ არის. ემოციები, გრძნობები, ჩემი ბავშვობა მაკავშირებს იქაურობასთან. მკლავს და მჭამს ეს ნოსტალგია და ამიტომ არ ვერიდები რისკს და წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად ჩავდივარ იქ დედის, ძმისა და ძმისშვილების სანახავად. ჩემი თანაკურსელებიდან 27 აფხაზი იყო და ვამბობდით, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ შევიკრიბებოდით ერთმანეთის სანახავად. რას ვიფიქრებდით, რომ ასე მოხდებოდა? მამაჩემი რომ დაიღუპა, ჩემი ერთი თანაკურსელი ორჯერ მოვიდა სამძიმრის სათქმელად. მეც დიდი სიამოვნებით ვისტუმრებ მათ აქ, თბილისში, მაგრამ ერიდებიან ურთიერთობას - ეშინიათ, პრობლემები არ შეექმნათ. როგორ არ ვთქვა: წლების წინ დედაჩემი ენგურმა წაიღო და აფხაზმა გადაარჩინა... ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს. დღესდღეობით იქ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. ომის ნაკვალევი მხოლოდ გადამწვარ სახლებს თუ ეტყობა.

- დაბოლოს, ეს მიწა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რამ მაბადიაო, ასე მითხარით, რატომ?

- ეს არის აფხაზეთში, ჩემს მშობლიურ სოფელში აჭრილი მიწა. მოვიპარე იქიდან და წამოვიღე. მიწის ეს ნაჭერი ტორტივით შევფუთე. ხიდზე გადმოსვლისას შემიმოწმეს ბარგი. რა მიგაქვსო? - მკითხა ერთმა აფხაზმა. მიწის ნაგლეჯია, შვილიშვილი შემეძინა, იმას აქეთ ვერ ჩამოვიყვან და ჩემი ოცნებაა, მანაც დაადგას ფეხი აქაურ მიწას-მეთქი. არ დაიჯერა. სრულებით არ ვარ ხუმრობის ხასიათზეო, მითხრა და ბარგი გამახსნევინა. ხელში მართლაც მიწის ეს პატარა ნაგლეჯი შერჩა, რამაც ძალიან გააკვირვა. მხარზე დამარტყა ხელი, წადიო, მითხრა გაოცებულმა...

P.შ. ჩემს რესპონდენტს გამოსაცემად უკვე მზად აქვს წიგნი, რომელშიც ბევრი საინტერესო ამბავი და ფაქტი აქვს აღწერილი და დაგვთანხმდა, რომ სწორედ "გზის" მკითხველი იყოს მისი პირველი შემფასებელი. შემდეგში სიამოვნებით შემოგთავაზებთ რამდენიმე ნაწყვეტს მისი წიგნიდან...

ნინო ჯავახიშვილი