თვითდასაქმებულები ბანკიდან სესხს ვერ აიღებენ(?!) - გზაპრესი

თვითდასაქმებულები ბანკიდან სესხს ვერ აიღებენ(?!)

ძიძები, ტაქსის მძღოლები, ხელოსნები, რეპეტიტორები და სხვა თვითდასაქმებულები, 2018 წლის 7 მაისიდან, ბანკიდან სესხს ვეღარ აიღებენ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა "კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში", რომლის მიხედვითაც შეიზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას და ზოგადად მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

"საქართველოს ეროვნული ბანკი აანალიზებდა მოსახლეობის მოწყვლად სეგმენტში ჭარბვალიანობის დინამიკას და აღნიშნული პრობლემის კომპლექსურად და სისტემურად გადაწყვეტის გზებზე მუშაობდა. ეს საკითხი 2018 წლის მარტში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დეტალურად განიხილა. კერძოდ, ბოლო წლებში შინამეურნეობების დავალიანება მაღალი ტემპით იზრდება და რაც არანაკლებ საყურადღებოა, მზარდია იმ ფიზიკური პირების დაკრედიტება, რომელთაც შემოსავლებთან მიმართებაში ვალის მაღალი ტვირთი აქვთ. ასევე, ფინანსურ ინსტიტუტებში ხდება საცალო დაკრედიტების ბიზნესმოდელის ისეთი ცვლილება, რომელიც ნაკლებ ყურადღებას უთმობს შემოსავლების წყაროს და ხდება რისკის მართვისათვის სხვა მახასიათებლებზე ყურადღების გამახვილება. აღნიშნული ხშირად საშულებას იძლევა მაღალი რისკი აისახოს ფასში, თუმცა მაღალი ფასი არ იწვევს მოწყვლადი ჯგუფებიდან მსგავს პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებას. აღნიშნული იწვევს მატერიალურ ხარვეზებს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის კუთხით. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში, სესხები გაიცემა ისე, რომ არ ხდება მსესხებლის შემოსავლებისა და გადამხდელუნარიანობის სათანადო შესწავლა. ამასთან, ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მსესხებლების დიდ ნაწილს არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმის წყაროდან მიღებული შემოსავალი და ასეთი მსესხებლების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე აქვს მიმდინარე ვადაგადაცილება არსებულ ვალდებულებებზე. ვალაუვალ მსესხებელს კი, როგორც წესი, ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშზე და პოტენციური სამართლებრივი აღსრულების შიშით, უმცირდება ფორმალური დასაქმების მოტივაცია, რაც პრობლემას წარმოადგენს მთლიანად ეკონომიკისთვის. ამასთან, უარესდება მოსახლეობის ამ ნაწილის სოციალური მდგომარეობა. გამოკვეთილ გამოწვევათა საპასუხოდ, კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვაზე. მის ფარგლებში, სესხის გაცემისას შემოსავლების შემოწმება გახდება სავალდებულო და ამასთანავე, განისაზღვრება სესხის მომსახურების კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტი, რათა მომხმარებელს შეეძლოს კრედიტის გასტუმრება ფინანსური სიძნელეების გარეშე", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალი "გზა" შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობს ამ ახალი რეგულაციის შესახებ მომხმარებელი და როგორია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის პოზიცია.

მერაბ მიროტაძე, მუშა:

- სულ ვაპროტესტებდი იმ ამბავს, რომ სავარძელში მოკალათებული ჩინოვნიკები მაღალ ხელფასს და პრემიას იღებდნენ, მუშები კი დღე და ღამის გასწორების შედეგად, პურის ფულს ძლივს ვშოულობდით. ახლა, რა გამოდის? სესხებსაც მარტო ეგენი აიღებენ? სახლში თუ რამე გამაჩნია, ყველაფერი ბანკში აღებული სესხით მაქვს ნაყიდი; შვილს ცოლის მოყვანა რომ უნდოდა, მაშინაც სესხი ავიღე. ჰოდა, რა მეშველება? ოჯახს რამე რომ დასჭირდეს, ვეღარაფერს ვიყიდი. სად მაქვს იმის საშუალება, რომ ფული მოვაგროვო?

მარინა სებისკვერაძე, ძიძა:

- ძალიან კარგად მახსოვს, "ქართული ოცნება" და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი უფასო ფულს რომ გვპირდებოდა. მაშინ არ ვიცოდი, უფასო ფული რას ნიშნავდა და გავიკითხე. გამიხარდა, რომ გავიგე, უფასო ფული იგივე უპროცენტო სესხი იყო. ე.ი. გამოდის, რომ უფასო ფულს გვპირდებოდნენ და საერთოდ მიუწვდომელი გაგვიხადეს სესხის აღება. რამდენჯერ შეიძლება მოგვატყუონ და გაგვამასხარაონ? დღეს საქართველოში არ მეგულება ადამიანი (პარლამენტარებს და მაღალჩინოსნებს არ ვგულისხმობ), ვისაც სესხის გარეშე შეუძლია არსებობა. ჭირია თუ ლხინია, სესხის იმედი მაქვს. საოჯახო ტექნიკასა და ავეჯსაც ვერასდროს ვიყიდი სესხის ან განვადების გარეშე.

მარიკა მეფარიშვილი, დამლაგებელი:

- შვილო, გული გინდა, გამიხეთქოთ? ელდა მეცა, რას მეუბნებით? სესხს აღარ მომცემენ იმიტომ, რომ ხელფასი დაბალი მაქვს და ისიც ბანკში არ მერიცხება? ეს ქვეყანა ხომ სავსეა ჩემნაირი ღარიბი ადამიანებით? მაღალი ხელფასი და გარანტირებული შემოსავალი მხოლოდ ერთეულებს აქვთ. დანარჩენებმა რა ვქნათ? ჩვენ ბანკებს ფუფუნების ნივთების შესაძენად არ მივმართავთ. სესხს მხოლოდ მაშინ ვიღებ, როცა ძალიან მჭირდება. თუ ამ ხელისუფლებას მართლა უნდა ხალხისთვის სიკეთე და მართლა ჩვენი უფლებების დაცვაზე ზრუნავს, ფული დაბალ პროცენტში მოგვცენ, ნაცვლად იმისა, რომ სულ მიუწვდომელი გახადონ.

გურამ ზოიძე, რკინეულობით მოვაჭრე:

- მე ვერ ვხვდები, რას ნიშნავს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემის შეზღუდვა. აქამდე სესხს ყოველგვარი ანალიზის გარეშე გვაძლევდნენ? მსგავსი რამ არ მახსოვს. ბანკში მისვლისას შემოსავლების დამადასტურებელ დოკუმენტებს ყოველთვის მთხოვდნენ. როგორც ჩანს, ახლა იმის დამადასტურებელ დოკუმენტს მომთხოვენ, რომ ხელფასი ბანკში მერიცხება. ბანკში ვინ რას ჩამირიცხავს, საცოდავად ვდგავარ დახლთან... ფუფუნების საგნებზე არ ვლაპარაკობ, ასეთი ნივთი არც არასდროს მიყიდია, არც დასასვენებლად წასვლა განმიზრახავს ბანკში აღებული სესხით. სესხს მხოლოდ მაშინ ვიღებ, როდესაც უკიდურესად მიჭირს. ახლა თუ ეს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მართლა ხალხზე ფიქრობს, ასეთ გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს? იძულებული გავხდები, მევახშესთან წავიდე და სასიცოცხლოდ აუცილებელი ფული იმაზე ძვირად ვისესხო, ვიდრე აქამდე ბანკი მაძლევდა. ვერ გავიგე, მევახშეების გამდიდრება გადაწყვიტეს? ბარემ, ხარკიც დაგვაკისრონ და ეგ არის.

ნანული ქებაძე, დამლაგებელი:

- ე.ი. არ არის ვალი, არ არის პრობლემა? ეს იგივეა: არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. თუ ბანკიდან სესხს ვერ ავიღებ, ამით პრობლემისგან მე ვიქნები დაზღვეული თუ ბანკი? რა თქმა უნდა, ბანკი, თორემ მე პირიქით, უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდები. უნდა ვიფიქრო, სად და როგორ ვიშოვო სასიცოცხლოდ აუცილებელი თანხა.

- ბატონო გიორგი, როგორც ცნობილია, 2018 წელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ახალი რეგულაცია რამდენად იცავს მომხმარებელთა უფლებებსა და ინტერესებს?

GzaPressგიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე:

- ეს ისეთი რეგულაციაა, რომლის შედეგადაც ძიძები, ტაქსის მძღოლები, ხელოსნები, რეპეტიტორები და სხვა თვითდასაქმებულები უნდა დაემშვიდობონ სესხის აღებაზე ოცნებას ან უნდა იხადონ საშემოსავლო გადასახადი. რეგულირებაც არის და რეგულირებაც! ყველა თვითდასაქმებულს იძულებულს ხდიან, მიმართონ არაფორმალურ სექტორს (მევახშეებს) და საბოლოო ჯამში, სესხში გადაიხადონ გაცილებით ძვირი. ეროვნული ბანკი ცდილობს, ვითომ ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ რეალურად, ამ მიმართულებით ზუსტი პარამეტრები არც დაუდგენიათ. ჩემი აზრით, ჭარბი ვალები მხოლოდ ბანკების ბრალი არ არის, ეს პრობლემა არასაბანკო სექტორის მიერ უფროა გამოწვეული. ამ რეგულაციით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც თვითდასაქმებულია, ძალიან გაუჭირდებათ სესხის აღება. რეალურად, ამ ადამიანებს არაფორმალური სესხისკენ ვუბიძგებთ. მათ სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ წავიდნენ მევახშეებთან და არასაბანკო სექტორებში, მაგალითად, ლომბარდში აიღონ სესხი გაცილებით ძვირად. ფაქტია, ამ ახალი რეგულაციით, მომხმარებელი კიდევ უფრო ზარალდება. ეროვნული ბანკის მიზანი იყო ვალდებულებების შემცირება, რეალურად კი მივიღებთ ვალდებულებების გაძვირებას.

- "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ არჩევნებამდე გვპირდებოდა "იაფ ფულს", რაც ხალხს კარგად ახსოვს. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად რეალურია ამ დაპირების შესრულება?

- ძალიან არარეალურია. პოლიტიკოსები რაც ნაკლებად ისაუბრებენ საბანკო სექტორებზე და ნაკლებ პოპულისტურ დაპირებებს გასცემენ, მერე ასევე პოპულისტურ ცვლილებებს განახორციელებენ, მით უკეთესი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. საბანკო სესხზე პროცენტს ხელოვნურად ვერავინ დასწევს, ვერც ზღვარს დააწესებს. იმისთვის, რომ მოსახლეობას უფასო ფული შევთავაზოთ ან საპროცენტო განაკვეთი დავწიოთ, ქვეყანაში ეკონომიკა უნდა განვითარდეს. დაბალი საპროცენტო განაკვეთი სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და სწორად გატარებული პოლიტიკის შედეგი იქნება. აი, ასეთი რეგულაციებით, რომელსაც ახლა ეროვნული ბანკი გვთავაზობს, წინ ნამდვილად ვერ წავალთ. სესხზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით ქვეყანაში სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება.

ხათუნა ბახტურიძე