დაჩის უცნაური სამყარო - გზაპრესი

დაჩის უცნაური სამყარო

დაჩი სანიშვილი 10 წლისაა. მისი ასაკისთვის შეუსაბამოდ უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდის, ქვეყნების, ომებისა და მსოფლიო ხალხების შესახებ. განსაკუთრებულ ინტერესს საბჭოთა პერიოდისა და მასთან დაკავშირებული დეტალების მიმართ იჩენს.

დაჩისთან შეხვედრისას ვღელავდი, რადგან არ ვიცოდი, დამთანხმდებოდა თუ არა საუბარზე და მით უმეტეს, იმაზე, რომ მისი ნათქვამი საჯარო გამეხადა. გამიმართლა და ნახვისთანავე ამყვა საუბარში... ალბათ, ისიც შემატყო, ძალდატანებით რომ არ ვუსმენდი. იმდენად დიდია შეუსაბამობა მის ასაკს, სამეტყველო ლექსიკონსა და იმ ინფორმაციას შორის, რასაც ფლობს, შეუძლებელია არ დახარბდე მასთან საუბარს... ჰოდა, მეც ვუსმენდი, როგორც ყურადღებადქცეული სტუდენტი მხცოვან ლექტორს... ალბათ, იგრძნო და თანდათან მეტად გაიხსნა, დიდრონი ლურჯი თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა, აუციმციმდა, გალაღდა და სრული სერიოზულობით მესაუბრა მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდზე...

დაჩისთან მისულს რესპონდენტი რეპეტიტორთან დამხვდა. ამიტომ, ჯერ მის დედას გავესაუბრე...

ნატალია გაგოშვილი, დაჩის დედა:

GzaPress- 5 წლის იყო, როცა საბავშვო ისტორიის რამდენიმე სერია ნახა და მას შემდეგ ამ სერიებს, რომლებიც ქართველი მეფეებისა თუ ბრძოლების შესახებ იყო, განუწყვეტლივ უყურებდა. საერთოდ, როგორც კი ახალ ინფორმაციას გაიგებს, მაშინვე იწყებს ყველა იმ მასალის მოძიებას, რაც საშუალებას მისცემს ფაქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს. დაჩისგან ჩვენც ბევრ ახალს ვიგებთ... დღის მანძილზე იმდენ ინფორმაციას გვაწვდის, ზოგჯერ მოსმენაც გვიჭირს (იცინის)... მისი "ისტორიული ინტერესის" ერთ-ერთი სფერო საბჭოთა ეპოქაა. ახლახან სპეციალური პროგრამა იპოვა, რომლის საშუალებითაც ფოტოები "დააძველა" და საბჭოთა პერიოდის იმიტაცია შექმნა. ოჯახში კომპიუტერი, ძირითადად, საგულდაგულოდაა გადამალული, მაგრამ თუ მოხდა და მოიხელთა, ნებისმიერ დეტალს ეცნობა ამ და სხვა ეპოქების შესახებ და რაც მთავარია - იმახსოვრებს უმცირეს დეტალებსაც კი. საბჭოთა ლიდერებს სისასტიკეს ვერ პატიობს, მაგრამ ამავდროულად, მოხიბლულია მათი შეუვალობით. განსაკუთრებით სტალინის ფენომენითაა გატაცებული. დაბადების დღეზე სურვილი გამოთქვა ტორტზე საქართველოს სსრ-ის დროშა ყოფილიყო გამოსახული. ტორტის შეკვეთისას გაოცებულმა გამყიდველმა რამდენჯერმე ამახსნევინა, რა მინდოდა და ნამდვილად ის მინდოდა თუ არა, რასაც ვამბობდი (იცინის)... დაჩისთვის საჩუქრად მეგობარმა ჭიქაზე მისი საყვარელი დროშები დაახატვინა. იქაც უთქვამთ, რატომ ტანჯავთ ათი წლის ბავშვსო (იცინის)? თავისუფალ დროს კომიქსებს ხატავს, სადაც ომების ინსცენირებაში ჯარისკაცები, საბრძოლო მექანიზმები და დროშებია ჩართული... სურვილი აქვს, მისი კომიქსები სამომავლოდ წიგნად დაიბეჭდოს. ერთხელ, მამა შეჰპირდა, თუ ათიანებს მიიღებდა, ფულით დაასაჩუქრებდა. თითქმის ყოველდღე ათებს იღებდა და თურმე, მხოლოდ იმისთვის, რომ საოცნებო საბრძოლო ჩაფხუტი ეყიდა. თავად იგონებს და კერავს საბრძოლო ტანისამოსს, რომელზეც ამა თუ იმ დაპირისპირებული ქვეყნების დროშები და გერბებია გამოსახული. ქვეყნების ისტორიის გათვალისწინებით, გერბებსაც იგონებს. დაჩის სამაგიდო წიგნებიდან განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წიგნებს მეორე მსოფლიო ომის, ნაპოლეონისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ.

ნატალიამ დაჩი ფანჯრიდან დაინახა და "მოღელავსო", - მითხრა... ოთახში შემოსულმა ყურადღებით შემათვალიერა და რატომღაც, საუბრის სურვილი თავადვე გაუჩნდა... გამომიტანა და საგულდაგულოდ გამაცნო მის მიერვე შექმნილი კომიქსები, ბლოკნოტები, სადაც უძველეს თუ უახლეს ისტორიას თავისი ხელით იწერს, თავისი შეკერილი და მოხატული საბრძოლო ფორმები და ჩაფხუტები, საომარი აქსესუარები, დროშები და გერბები...

- დაჩი, ვინ არის შენი საყვარელი ისტორიული პიროვნება?

- დავით აღმაშენებელი, დაჩი და ჯვაროსანი მეომრები... ჯვაროსნებს საინტერესო რაღაცები ეხატათ საომარ სამოსზე და მათი სლოგანი იყო: "დაიცავი სუსტი და იბრძოლე სამართლიანობისთვის!"

- როგორც ვიცი, სტალინითაც დაინტერესებული ხარ...

- მისი სისასტიკე არ მომწონს, მაგრამ სხვა მხრივ, ძალიან საინტერესო მმართველი იყო (იქვე დეტალურად მიხსნის მენშევიკებისა და ბოლშევიკების წარმოშობის ისტორიას. თავად მენშევიკებს უჭერს მხარს, რადგან "მებრძოლი მთავრობა იყო". - ავტ.) ნესტორ მახნოზე გსმენიათ? უკრაინელი ანარქისტი იყო. "მახნოსონოჩინას" მოიხსენიებენ, როგორც უკრაინის განმათავისუფლებელ არმიას, არადა, რევოლუციური შენაერთი იყო და არა - არმია. სწორედ მათი ხელმძღვანელი იყო ნესტორ მახნო (მათ დროშას მიჩვენებს. - ავტ.). ანარქიზმი ხომ არეულობაა?! ჰოდა, მეც ანარქისტი ვარ, ოღონდ შიდა, სახლის ანარქისტი (იცინის)...

- ვინ გინდა გამოხვიდე?

- ან ისტორიკოსი, ან პარტიზანი. პარტიზანობაში, იცით, ხომ, ჩეჩნები რომ არიან საუკეთესოები?! ისე, პარტიზანობა უფრო მეხერხება. თუმცა, გააჩნია, იმ დროს როგორი პოლიტიკური მდგომარეობა იქნება ქვეყანაში...

- თუ მოხდა ისე, რომ პოლიტიკური მდგომარეობა შენს პარტიზანობას არ მოითხოვს და შესაბამისად, ისტორიკოსი გახდი, რომელ ეპოქას გამოიკვლევ?

GzaPress- ჯერ არ გადამიწყვეტია. შეიძლება, არქეოლოგიური გათხრების შედეგებზე ვიმუშაო. სოფელი ნორიოში მაქვს და იქ ხშირად ვატარებთ გათხრებს... ნორიოს მუნიციპალიტეტს საკუთარი დროშა და გერბი აქვს, მაგრამ მე არ ვაღიარებ, არ ვეთანხმები სიმბოლოებს და ამიტომ, დროშაც და გერბიც თავად შევქმენი. გერბზე გერმანელების ჯვარი, ცელი და თოხია გამოსახული. ძირითადად, იქ თოხზე მუშაობენ და ამიტომ... თოხნა მეც მიყვარს. ჩემი საკუთარი ტერიტორია მაქვს, რომელსაც მხოლოდ მე ვთოხნი. საერთოდ, მიწათმოქმედება მაინტერესებს. დასასვენებლად ნორიოში მიყვარს წასვლა. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აღარასოდეს წავალ. წელს ვიყავით და ერთი ვიეტნამის ან ჩინეთის დროშა ვერ ვნახე, ყიდვა მინდოდა... ამ დღეებში აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დროშას შევქმნი.

- თამაში მეგობრებთან ერთად გირჩევნია თუ მარტო?

- ძირითადად, საკუთარ თავს ვეთამაშები. როცა ბავშვებთან ერთად ვარ, მათ ისტორიულ ამბებს ვუყვები და ბოლოს ვიქტორინას ვათამაშებ ან ტესტირებას ვუტარებ... ჩემს ძმას ნიკოლოზი ჰქვია და მოფერებით პიკოს ვეძახით. ზოგჯერ ვთამაშობთ ხოლმე, მე დაჩის სამეფოს წარმოვადგენ, ის - პიკოების ტომის ბელადია...

- გაკვეთილების მომზადება გიყვარს?

- არ მიყვარს, მაგრამ მიწევს. ჩემთვის საინტერესო თემებზე სკოლაში საუბარს თავს არიდებენ, ამიტომ, მეც მასალას მივყვები. რუსული ენა არ მომწონს, ნეტავ, მას აფხაზურით ჩაანაცვლებდნენ...

- მუსიკას ხშირად უსმენ?

- მინდა გარმონზე დაკვრა ვისწავლო. ძალიან მიყვარს ფაშისტური ესტონეთის საომარი ჰიმნი. როცა ესტონეთს თავს საბჭოთა კავშირი დაესხა, ესტონეთი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, რადგან პატარაა. ამიტომ, გერმანია დაეხმარა და შედეგად წარმოიშვა ფაშისტური ესტონეთი. სწორედ ამ პერიოდისაა ეს ჰიმნი, რომელსაც ხშირად ვუსმენ (რთავს, მასმენინებს და თავადაც მღერის. - ავტ.)

P.S. იმედია, დაჩის და დაჩისნაირ ბავშვებს ჩვენი, მოზრდილების დახმარებით, სწორი მითითებით და სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული დაინტერესებით შესაძლებლობას მივცემთ, მათი ეს პოტენციალი ამაოდ, მხოლოდ სახლის კედლებს შორის არ გაიფანტოს... დაჩის წრფელი გულით ვუსურვებ ნათელ მომავალს და თავისი შესაძლებლობების სწორად, მიზანმიმართულად გახარჯვას...

შორენა ლაბაძე