ახასიათებთ თუ არა ქართველებს ქსენოფობია? - გზაპრესი

ახასიათებთ თუ არა ქართველებს ქსენოფობია?

"ქსენოფობია" ბერძნული სიტყვაა და უცხოს, უჩვეულოს მიმართ შიშს ნიშნავს. ამ სიტყვას ძირითადად სხვა ერების ან განსხვავებული ადამიანების მიმართ შიშის თუ სიძულვილის გამოსახატავად იყენებენ. ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია შეკითხვა - ახასიათებთ თუ არა ქართველებს ქსენოფობია... ამ საკითხზე პოპულარულ ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

"ვისი საქმეა, ვინ ვის მოიყვანს ცოლად - ცისფერთვალება ინგლისელს თუ შავტუხა ნიგერიელს?"

ზაალ სულაკაური, მხატვარი:

GzaPress- რასიზმისა და ქსენოფობიის გამოვლინებას ყველგან შეხვდებით, მათ შორის, მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც. ვერავინ დამაჯერებს, რომ საქართველო ამ მხრივ გამონაკლისია. ვფიქრობ, რასიზმი და სხვა ერების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენთანაც შეიმჩნევა, მაგრამ ადამიანსაც გააჩნია, ყველას თავისი შეხედულება აქვს. მოვიყვანდი თუ არა ცოლად შავკანიანს? - რატომაც, არა! ზოგიერთი შავკანიანი ისე მომწონებია, რომ ეს ჩემი მეუღლის გასაგონადაც მითქვამს. საერთოდ, ვისი რა საქმეა, ვინ ვის მოიყვანს ცოლად - ცისფერთვალება ინგლისელს, წვრილთვალება იაპონელს თუ შავტუხა ნიგერიელს? შეიძლება ე.წ. ზანგი ბევრ თეთრკანიანს სჯობდეს. მერე რა, რომ მათ ჩვენგან განსხვავებული გარეგნობა აქვთ?

"ქსენოფობიური დამოკიდებულება საკუთარ თავზეც გამომიცდია"

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

- ვფიქრობ, საქართველოში სხვა ერების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება აშკარაა და ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია: წარმოშობით სომეხი ვარ. ჩემი გვარი დიდი ხანია, აქ ცხოვრობს, უკვე მეხუთე თაობა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ჩემს თავს ქართული მენტალიტეტის მქონედ მივიჩნევ, ქართულად უკეთესად ვფიქრობ და ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი წარმოშობის გამო მაინც მქონია უსიამოვნო შემთხვევები, თუნდაც, სოციალურ ქსელში. ჩემი აზრით, ქსენოფობია მდაბიო, გაუნათლებელი ადამიანების თვისებაა. მიმაჩნია, რომ შენს ფესვებს კარგად უნდა იცნობდე, შენი წარმომავლობით უნდა ამაყობდე და გიყვარდეს. ერთ ფაქტს მოგიყვებით: რწმენით მართლმადიდებელი ვარ და ერთ წელიწადს, ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლის დროს იერუსალიმში მოვხვდი. მაცხოვრის ტაძარში ვნახე, როგორ იყვნენ გაყოფილი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები - ერთ მხარეს ბერძნები იყვნენ, მეორე მხარეს - სომხები, სხვა მხარეს - მართლმადიდებლები და ერთმანეთისკენ ლამის მუშტით იწევდნენ - ეს ჩემი ადგილია და ცეცხლი ჩემზე გადმოვაო. ცეცხლი ყველაზე გადმოვიდა, მაგრამ მათი საქციელი არ მავიწყდება. ღმერთს ყველა უყვარს და ადამიანების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. ასეთ ხალხს ალბათ, ოჯახში არ ასწავლეს, რომ ყველა და ყველაფერი უნდა გიყვარდეს. საქართველოში დავიბადე, გავიზარდე და აქაურობა ყველაფერს მირჩევნია, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ადამიანისგან არასასურველი დამოკიდებულება მაინც მიგრძნია. მე მყავს რუსი მეგობრები, რომლებიც თბილისში სტუმრად ჩამოვიდნენ და ისე ძალიან მოეწონათ აქაურობა, რომ აქ დასახლდნენ და ახლა თბილისში ცხოვრობენ. საქართველო მათი სამშობლო არ არის, მაგრამ აქაურობა უყვართ. ხომ აქვთ უფლება, რომ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები ერქვათ? ჩემთვის, მაგალითად, ქსენოფობია და სხვა ერების სიძულვილი წარმოუდგენელი რამ არის.

"საქართველოში არ უყვართ განსხვავებული ადამიანები"

ირინა სარიშვილი, პოლიტიკოსი:

GzaPress- ქსენოფობია ან რასიზმი არ ნიშნავს მხოლოდ სხვა ეროვნების, ან სხვა კანის ფერის ადამიანის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას, საქართველოში არ უყვართ უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანები. გარდა ამისა, ვერ ხვდებიან, რა არის საერთო საქმე და რა - არა. იქ, სადაც სოლიდარულები უნდა ვიყოთ და გავერთიანდეთ, ყველა თავის ნაჭუჭში იკეტება, მაგრამ სიამოვნებით აფათურებენ ხელებს სხვა ადამიანების ცხოვრებაში. დღეს საქართველოში ცოდოა ყველა, ვინც არ შეესაბამება უმრავლესობის მიერ შექმნილ სტერეოტიპებს და საზოგადოებრივ შეხედულებებს. სხვა ერებისგან მომავალი საფრთხე ისეთი საშიში არ არის, როგორც ის, რომ თვითონ ქართველები ვებრძვით და არ ვინდობთ ერთმანეთს. არავის მიმართ ქართველი ისეთი დაუნდობელი არ არის, როგორიც ქართველის მიმართ - ეს არის ჩვენი უმთავრესი სატკივარი და არა სხვა ეროვნების ან განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანების მომრავლება საქართველოში.

"რასიზმი და შოვინიზმი მთელი მსოფლიოს პრობლემაა"

სტეფანე მღებრიშვილი, მომღერალი:

- რასიზმი და შოვინიზმი მთელი მსოფლიოს პრობლემაა და ეს არ არის მარტო ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი მოვლენა. არ მინდა ამ თემაზე ბევრი ვილაპარაკო. ერთადერთი, რასაც თამამად გეტყვით, ის არის, რომ რასიზმისა და შოვინიზმის სასტიკი წინააღმდეგი ვარ.

"ჩვენი გენოფონდი დიდი ხანია შეცვლილია და სულ ტყუილად ვფხაკურობთ ქართველები!"

გივი სიხარულიძე, მწერალი, მსახიობი:

GzaPress- არანაირი შოვინიზმი ჩვენ არ გვახასიათებს. საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, ყველას ვეფერებით და ვესიყვარულებით, მაგრამ ვინც უნდა იყოს, შავკანიანი თუ წითელკანიანი, ისე მოიქცეს, როგორც სხვა ქვეყანაში მცხოვრებ კაცს ეკადრება. სტუმართმოყვარეობისა და სტუმარმასპინძლობის წესები ყველამ უნდა დაიცვას. როდესაც სხვის ქვეყანაში ცხოვრობ, იქაურ ზნე-ჩვეულებებს უნდა სცე პატივი. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, როცა შენი შვილი შავკანიანს გაჰყვება, მაგრამ ეს მისი არჩევანია და ადამიანის არჩევანზე ნუ ვიკამათებთ. საფრანგეთში ვცხოვრობდი და ვიცი, იქ უამრავი შავკანიანი ცხოვრობს. პარიზში რომ გაივლი და ერთ ნაღდ ფრანგს ვერ შეხვდები, ის ქვეყანა დაღუპულია. ჩვენც ამ გზას ვადგავართ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი რამ დავკარგეთ - ღმერთს დავემშვიდობეთ და სატანას ჩამოვართვით ხელი. ჩვენი გენოფონდი დიდი ხანია შეცვლილია და სულ ტყუილად ვფხაკურობთ ქართველები. თუ იმას არ ვისწავლით, რომ ჩვენი საქმეებით ღმერთს უნდა მივუახლოვდეთ და სატანას დავემშვიდობოთ, ჩვენი საქმე ცუდად იქნება.

"ნებისმიერი ერი იცავს თავის გენოფონდს და თავის არსებობას დედამიწაზე"

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- მგონი კითხვა ასე უნდა დავსვათ: არის თუ არა საქართველოში ქსენოფობია უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან? ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ქსენოფობია საქართველოში უფრო მეტად არის, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ქართველების სხვა ერებთან მეგობრული ურთიერთობა ცნობილია, აქ დევნა კი არა, შევიწროებაც არასოდეს ყოფილა. სხვათა შორის, არც სქესობრივი ნიშნით. თბილისში ყარაჩოხელი თამამად მღეროდა: პატარა ბიჭი დამეკარგა, ცისფერპერანგაო და ამის გამო არავის ჩაუქოლავს და დაუჩაგრავს. ქართველები ტოლერანტული ხალხია, თუმცა ზოგიერთ ერთან ურთიერთობისას ქსენოფობიური გამოვლინებები მეტად იგრძნობა. მსგავსი რამ იგრძნობა ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. დასავლეთშიც, ყველას როდი სურს მისი ოჯახის წევრი განსხვავებული ფერისა და რწმენის მქონე ადამიანი გახდეს. ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, მით უმეტეს, პატარა ერებისთვის. მაგალითად, ჩვენი მეზობელი სომხეთი ეთნიკურად ყველაზე ერთგვაროვანი ქვეყანაა. იქ სხვა ეროვნების წარმომადგენელს იშვიათად შეხვდებით, მაგრამ ამის გამო სომხები თვითგვემას სულაც არ განიცდიან და არც არავინ აკრიტიკებს - ქსენოფობია გჭირთო. ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი თავს იცავს, აქვს იმუნიტეტი და ეს თვისება მცირერიცხოვან ერებს გამძაფრებულად ახასიათებთ. ნებისმიერი ერი იცავს თავის კულტურას, გენოფონდს და თავის არსებობას დედამიწაზე. ეს თვისება ჩვენს ერსაც აქვს, მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართველს სხვა ერები არ უყვარს, უბრალოდ, თავისი თვითმყოფადობის შენარჩუნება სურს და ეს ძალიან კარგია.

ხათუნა ჩიგოგიძე