NDI-ს კვლევის შედეგად დანახული რეალობა და ქვეყანა ახალი საფრთხის წინაშე - გზაპრესი

NDI-ს კვლევის შედეგად დანახული რეალობა და ქვეყანა ახალი საფრთხის წინაშე

ასეთი იყო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების კულუარული შეფასება იმ კვლევისა, რომელიც NDI-მ სულ ცოტა ხნის წინ მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით) ჩაატარა. როგორც ცნობილი გახდა, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხული მოსახლეობის 26% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 8% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 4% - "ევროპულ საქართველოს", 9% - ფავორიტად სხვადასხვა პარტიას ასახელებს, გამოკითხულთა 30%-მა ჯერ არ იცის, ვის მისცემდა ხმას, 13% კი ყველა პარტიას უნდობლობას უცხადებს.

ამავე კვლევის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 26% დადებითად აფასებს, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას - 25%. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოკითხულთა 19% ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 43% - საშუალოდ, 22% - უარყოფითად.

გამოკითხულთა 25% დადებითად აფასებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის, ხოლო 13% უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას. "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 53% დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 12% - უარყოფითად. ასეთი იყო, მონაცემები, რომელიც ცოტა ხნის წინ NDI-მ გაგვაცნო. ჟურნალი "გზა" შეეცადა გაერკვია, ეცნობა თუ არა მოსახლეობა NDI-ს კვლევებს და როგორ აანალიზებს მის შედეგებს.

თამარ მენაბდე, პედაგოგი:

- საერთოდ არ ვიცი, რა საჭიროა ეს კვლევები, ვის სჯერა მისი? ამ ღატაკ ქვეყანაში რისთვის ფლანგავენ ფულს? გვეუბნებიან, "ქართულ ოცნებას" 26% უჭერს მხარსო. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და მათი დამოკიდებულებაც ვიცი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. დღეს ხალხის განწყობა ისეთივეა, როგორც 2003 წელს ედუარდ შევარდნაძის, 2012 წელს კი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ იყო. როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ყველა პროდუქტი გაძვირდა, სამუშაო ადგილები შემცირდა, სოციალური დახმარებები გაუქმდა, ბანკები ჩვეულებრივი მევახშეები და სულთამხუთავები გახდნენ, წამლებს ცეცხლის ფასი დაედო (თან ფალსიფიცირებული გახადეს და ფაქტობრივად, ცარცში ვიხდით ფულს), საზოგადოების 26% ისევ მმართველ გუნდს გამოუცხადებს ნდობას?

- თქვენ ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს?

- საარჩევნო ბიულეტენში ყველა პარტიას გადავხაზავდი. არ ვიცი, რა გვჭირს ქართველებს ასეთი, რომ არ გამოჩნდა ჩვენში ისეთი ინტელექტუალური გუნდი, რომელიც ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე რეალურად იზრუნებდა.

ნანა მეშველიანი, მხატვარი:

- ჩემი აზრით, NDI-ს კვლევები რეალობას ასახავს. ვფიქრობ, საზოგადოების განწყობა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსის მიმართ ისეთივეა, როგორიც კვლევაშია წარმოდგენილი. თუმცა, კვირიკაშვილისა და მარგველაშვილის პროცენტული მაჩვენებლების თანხვედრამ ცოტათი გამაკვირვა.

- რას გულისხმობთ?

- როგორ დავიჯერო, რომ ხალხს თითქმის ერთნაირად მოსწონს დახვეწილი, რაფინირებული, დიპლომატი კვირიკაშვილი და კრიმინალების მფარველი მარგველაშვილი?

- რატომ ფიქრობთ, რომ მარგველაშვილი კრიმინალების მფარველია?

- თუ სადმე რეციდივისტი მკვლელი და გამოუსწორებელი ნაძირალა იყო, ყველა მისი შეწყალებით გამოვიდა ციხიდან. ძალიან ბევრი პატიმარი ვიცი, ვინც მართლა ბედის უკუღმართობით მოხვდა ციხეში. მათ არანაირი შეწყალება და პატიება არ შეხებიათ. რაღა რეციდივისტების მიმართ მოუნდათ ჰუმანურობის გამომჟღავნება? ძალიან გამაღიზიანებელი იყო მარგველაშვილის თავის მართლება, რომ თითქოს ხელისუფლება "შავ პიარს" უგორებს და იმიტომ ეხვევა ასეთ გაუგებრობებში. "ქართული ოცნება" ძალით აწერინებს ხელს კრიმინალების შეწყალებაზე თუ თვალებს უხვევს, მათი საქმეების კითხვის დროს? ერთი სიტყვით, მარგველაშვილის 26% ძალიან არარეალურად მიმაჩნია. დანარჩენ ნაწილში NDI-ს კვლევას ნდობას ვუცხადებ.

გია ნაცვლიშვილი, მენეჯერი:

- არ მახსენდება კვლევა, რომელიც სახელისუფლებო გუნდის უპირატესობას არ გვიმტკიცებდეს. ასე რომ, მათი ნაკლებად მჯერა. ნათქვამია, "ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს". ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

- 2018 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცანით?

- არა და არც მაინტერესებს.

ბექა დინგაშვილი, დირექტორი:

- კვლევის შედეგებს მას შემდეგ გავეცანი, რაც ტელეეკრანებიდან კახა კალაძის კომენტარი მოვისმინე. შედეგი რეალურად მომეჩვენება. იცით, რაზე გამეცინა? კალაძემ რომ უნდობლობა გამოუცხადა კვლევას. მასხარები არიან.

- ფიქრობთ, რომ კალაძის საქმიანობა მოსახლეობის 53%-ის მოწონებას ვერ დაიმსახურებდა?

- არ ვფიქრობ, რომ კალაძეს მოსახლეობის 53% არ ეყოლება მხარდამჭერი. შესაძლოა, კორუფციულ გარიგებებში მართლაც იყოს გარეული (როგორც ამაში ოპოზიცია გვარწმუნებს), მაგრამ ის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია. ხალხი ხედავს, რომ საქმეს რეალურად აკეთებს. ჯერ იყო და სითი პარკი მოგვაშორა, ახლა უსახური ავტოფარეხების ნგრევა და მათ ადგილზე სკვერების გაშენება დაიწყო... რაღაცნაირი, მებრძოლი ტიპია და სხვების მსგავსად, მეც მომწონს. უბრალოდ, მისმა პოზიორობამ გამაცინა, ვითომ ძალიანაც არ გაუხარდა, ყველაზე მეტი მხარდამჭერი რომ ჰყავს.

ზვიად ფარესაშვილი, მეღვინე:

- სიმართლე გითხრათ, ძალიან დამაბნია ამ კვლევებმა. რამდენიმე ვერსია მოვისმინე და ყველა ვერსიაში სხვადასხვა ციფრი და შედეგი იყო მოყვანილი. ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ერთი კი ვიცი, დღეს ხელისუფლების რეიტინგი ნულის ტოლია და ამის მისახვედრად არანაირი "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევა არ მჭირდება.

GzaPressგია ხუხაშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტი:

- ხალხი მართალია, კვლევაში პროცენტებზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ცდომილება ყოველთვის დიდია. რაც შეეხება ტენდენციებს, ამას შეიძლება დავეთანხმოთ. "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევები ასახავს იმ რეალობას, თუ როგორი ნდობა აქვს საზოგადოებას პოლიტიკური ელიტის მიმართ და როგორ აფასებს ხელისუფლების მოღვაწეობას.

- NDI-ს კვლევის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი კახა კალაძის საქმიანობას აფასებს დადებითად, თუმცა თავად კალაძე ამ კვლევას უნდობლობას უცხადებს. თქვენ როგორ ახსნით ამას?

- კალაძე ასეთი პოზიციის გამოხატვით იმიჯს იქმნის, ვითომ გუნდურად თამაშობს. შესაძლოა, გულში ძალიანაც ესიამოვნა, მაგრამ საჯაროდ არ აღიარა. იცის, რომ მის გულწრფელობას, ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტიაში არ მოიწონებენ.

- პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს რომ თითქმის ერთნაირი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ, ეს რა ტენდენციაზე მეტყველებს?

- ეს იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებისთვის არც ერთი წარმოადგენს რეალურად პოლიტიკურ ფიგურას და არც - მეორე. მათ მიმართ ხალხს არც აგრესია აქვს და არც - სიმპათია.

- ფიქრობთ, რომ მარგველაშვილის იმიჯზე, შეწყალებებთან დაკავშირებულმა სკანდალებმა გავლენა არ იქონია?

- არა, ყველასთვის ცხადია, რომ ხელისუფლება მუდმივად ეძებს მარგველაშვილის სუსტ მხარეს და როგორც კი პატარა ხელჩასაჭიდს იპოვის, მაშინვე შეტევაზე გადადის. შეწყალების ინსტიტუტი იმისთვის არსებობს, რომ პატიმრები უნდა შეიწყალონ. ფაქტია, ამ კუთხით ყველაფერი წესრიგში არ არის და რეფორმაა გასატარებელი. ეს თემა მარგველაშვილის დისკრედიტაციისთვის არ გამოდგება.

- თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილის "მეორედ მოსვლის" შემდეგ დღეს არსებული რეალობა როგორ შეიცვლება?

- ძალიან რთული კითხვაა, ამისთვის ვრცელი ინტერვიუა საჭირო. იმედი მაქვს, "ქართული ოცნება" მმართველობით კრიზისს დასძლევს - როგორ და რა ფორმით, ამას ვერ გეტყვით. ერთი რამ ცხადია, საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" გული გაუტეხა, იმედი ისევ გაჩნდა. ივანიშვილის დაბრუნებამ მათში სიახლის მოლოდინი გააჩინა. აი, თუ ეს მოლოდინი არ გამართლდა, მაშინ ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და ხალხის აგრესიას ვეღარაფერი შეაჩერებს.

ხათუნა ბახტურიძე