რისთვის დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში? - გზაპრესი

რისთვის დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?

ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა, ბევრი მას ისევ იმედის თვალით შეჰყურებს. დადებითად განწყობილი საზოგადოების აზრით, ის ბოლო დროს მმართველ პარტიაში არეულ ვითარებას დაალაგებს და მისი ნდობით აღჭურვილი პირების უპასუხისმგებლობით გამოწვეულ მმართველობის სისტემის კრიზისს აღმოფხვრის.

კონკრეტულად რა მოლოდინი არსებობს მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ რესპონდენტები გვესაუბრებიან.

გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი:

GzaPress- საქმე ის არის, რომ მთავარი ფუნდამენტური პრობლემა მფარველობითი სისტემის სერიოზული კრიზისია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ძალის და ინსტიტუციური ცენტრები სერიოზულად არის აცდენილი ერთმანეთისგან. ხელისუფლება არ არის ფუნქციონალური გადაწყვეტილების ჯაჭვი, რაც სამი ელემენტისგან შედგება, - ეს არის მისი ფორმირება, მიღება და განხორციელება. არც ერთ ეტაპზე არ მუშაობს სისტემა. შეცდომის ალბათობა ძალიან დიდია და იმის შიშით, რომ არაფერი გააფუჭონ, არც არაფერს აკეთებენ... ამას ჰქვია მმართველობის სისტემის კრიზისი. უბრალოდ, დრო გაჰყავთ ხელფასიდან ხელფასამდე, საქმეზე ორიენტირებული არ არიან და ამის გამო დაიწყო შიგნით ის არეულობა, რაც დაიწყო. გაუგებარი იყო პრემიერ-მინისტრის პოზიცია - სხვა რომ არაფერზე ვისაუბროთ, ერთადერთი ადამიანი, ვინც სერჟ სარგსიანს პრემიერ-მინისტრობა მიულოცა, გიორგი კვირიკაშვილი იყო, რომელიც საერთოდ ამ ქვეყანაზე არ არის... პუტინსაც კი არ მიულოცია. ინსტიტუციური კრიზისი როგორ და რა მიზეზით შეიქმნა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ფაქტია, რომ მუდმივად აპელირებდნენ ჩრდილოვან მმართველობაზე და ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ჰბრალდებოდა. ძალიან ძნელია იმის გარკვევა და განსაზღვრა, რაში ერეოდა და რაში არა, მაგრამ ფაქტია, ყველაფერს მას აბრალებდნენ...

- რომელი უფრო ტრაგედიაა, მმართველობის კრიზისი თუ სხვა ძალის ცენტრი რომ არ არსებობს და ერთი კაცის გარშემო ტრიალებს ყველაფერი?

- ორივე ტრაგედიას ჯერ არ მინდა ვუწოდო ტრაგედია, ეს კომბინირებული დრამაა, საიდანაც ერთჯერადი გამოსავალი არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილია ერთადერთი ძალის ცენტრი, დაშვებული შეცდომების მიუხედავად, მაინც მგონია, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალს იპოვის. ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში ინსტიტუციურ წესრიგს დაამყარებს და ისიც ამოისუნთქებს, მგონი არავის მოსწონს, რომ ყველაფერი მას ჰბრალდება.

- ეს პასუხისმგებლობა ხომ თავად აიღო საკუთარ თავზე?

- დიახ, მაგრამ ვერც იფიქრებდა და არც უნდოდა, რომ ვიღაც ბავშვებს სახლობანა ეთამაშათ და გაფუჭებული საქმე მას დაჰბრალებოდა. უბრალოდ, ასე გამოვიდა... მაშინ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო, ქვეყანაში გაცილებით პოზიტიური დინამიკა გახლდათ. ის თავად მუშაობდა, არავითარი ჩრდილოვანი მმართველობის კრიზისი არ შეინიშნებოდა და ყველას აიძულებდა ემუშავა... ახლა კი, არც თავად მუშაობდა და არც სხვას ამუშავებდა, რადგან კომფორტულად იყვნენ და სახლობანას თამაშობდნენ, თავს რატომ შეიწუხებდნენ?.. პოლიტიკიდან მისი გასვლის სიმპტომი, პარლამენტში დაწყებული ქაოსი, სახეზე იყო... თუ სურს 2020 წლის არჩევნების შემდეგ დარჩეს პოლიტიკაში, უნდა წავიდეს მანამ, ვიდრე ვითარება დალაგდება... მისი ნდობით აღჭურვილი კადრია ყველა, ვინც დღეს პოლიტიკაშია, მაგრამ ჩრდილოვანი მმართველობის ელემენტი კვლავ შეინიშნება.

GzaPressალექსანდრე თვალჭრელიძე, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში:

- ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა, პოლიტიკაში იყო, უბრალოდ, დაბრუნდა როგორც პოლიტიკური ლიდერი. აქამდე არ ჩანდა და ახლა გამოჩნდა, რასაც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოჰყვება, უბრალოდ, სტრუქტურირებას მოახერხებს, "ქართული ოცნების" წევრები უფრო დამჯერები იქნებიან, აქამდე უფრო ურჩობდნენ, რაღაც პრობლემები ჰქონდათ. მაგალითად, ნინია კაკაბაძის თემა. ასევე, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ბევრი რამ კეთდება ისე, როგორც ეს არ უნდათ მაჟორიტარ დეპუტატებს და სხვა. ვფიქრობ, ახლა წესრიგი დამყარდება.

- მიმდინარე წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ხომ არ ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იქნება?

- არა მგონია, რომ დათანხმდეს და თუ დათანხმდება, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც გვაჩვენებენ.

- თუ დათანხმდა, თქვენი მოსაზრებით, ქართველი მოსახლეობა მას აირჩევს?

- დიახ, მაგრამ ეს კარგისკენ არაფერს შეცვლის. ამის არ მჯერა. არ იქნება ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტი... რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, არავითარი კრიზისი არ არის, სრულიად ნორმალური გარემოა, უბრალოდ, პარტიებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა... ჩემი აზრით, გაცილებით მართებული იქნებოდა, საქართველოს პრეზიდენტად სრულებით არაპოლიტიკური ფიგურის არჩევა, რადგან მას აღმასრულებელი ძალაუფლება არა აქვს, უბრალოდ, საქართველოს სახე იქნება... მიმაჩნია, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასეთი მერაბ მამარდაშვილი იქნებოდა, ასეთი პიროვნება გვჭირდება ჩვენ პრეზიდენტად - პატრიოტი, რომელიც არც ერთ პარტიასთან არ ასოცირდება, მაგრამ იცნობენ და კარგი ავტორიტეტით სარგებლობს უცხოეთში; ფლობს ბევრ უცხო ენას და თავისი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა შეუძლია.

GzaPressალეკო ელისაშვილი, "თბილისის ჰამქრის" დამფუძნებელი, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი:

- დავიწყოთ იმით, რომ ივანიშვილი არსად წასულა. ჩემი ინფორმაციით, შს და უშიშროების უწყებებს აკონტროლებდა, დანარჩენი ყველაფერი მიშვებული ჰქონდა და შედეგიც სახეზეა. პარტიულ ცხოვრებაში აქტიურად აღარ ერეოდა და ამიტომაც აირივნენ ასე. ახლა "ქართულ ოცნებაში" ვითარების მოსაწესრიგებლად დაბრუნდა, მაგრამ ვითარების დალაგება იქ, სულაც არ ნიშნავს ქვეყნის შველას, ამ 6 წლის განმავლობაში ხომ "აგვაყვავა"... 2012 წლის შემდეგ, ხალხი უფრო გაღარიბდა, თორემ მათ რომ ერთმანეთში გაურკვევლობა აქვთ, ეს არაფერს ნიშნავს. ივანიშვილი არაფერს შეცვლის. ხომ გაგიგიათ, - მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო...

- ექსპერტები და პრინციპში, "ოცნების" ერთი ნაწილიც, საპრეზიდენტო არჩევნებში მის კანდიდატურას ელოდება...

- მე გამოვრიცხავ, რადგან ეტყობა, რომ ზარმაცი კაცია ან გამდიდრების შემდეგ გაზარმაცდა. ჯერ იქიდან აკონტროლებდა სიტუაციას, ახლა მოვიდა, მაგრამ მთლად ეგრეც არ შეიწუხებს თავს, მაინც შიგნიდან მიხედავს საქმეს... ხალხზე როგორ დარდობს და აწუხებს მათი ბედი, ეგ უკვე ვნახეთ...

GzaPressანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი წევრი:

- ძალიან გამიხარდა მისი დაბრუნება. იმედი მაქვს, ის იქნება ფორმალური ვერტიკალის ნაწილი და ამავდროულად, განსაკუთრებით საჭირო იყო მისი დაბრუნება სასამართლო სისტემისთვის, რომელშიც არაფერი შეცვლილა. ეს სფერო კვლავ ნეგატიური ელემენტების გავლენის ქვეშ, ვანო ზარდიაშვილის ამარაა. სასამართლო ხელისუფლებას დღესაც ადეიშვილის კადრები მართავენ, საბჭოს გადაწყვეტილება ამის მიმანიშნებელია... ყოველდღიური მიმდინარე გადაწყვეტილებები, ასევე, თავმჯდომარეების ძალაუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, ხშირად პარლამენტში წყდებოდა და მას გავლენიანი ჯგუფები ლობირებდნენ - ეს ვანო ზარდიაშვილი და მასთან დაკავშირებული ადამიანებია, რომლებიც ბევრ რამეს არავის უთანხმებდნენ. იმედი მაქვს, ბატონი ივანიშვილი ახლა დაინახავს, რომ არავითარი ცვლილებები რეალურად არ განხორციელებულა; ჩვეულებრივ, 2012 წლამდელი ვითარებაა, რომელსაც ისევ მიშა ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე განაგებს... მათი გვერდზე ჩაწევა სასამართლო სისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

- სხვა სფეროებზეც გკითხავთ, თუნდაც მის დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიაზე. ბევრი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი სწორედ მის გადასარჩენად დაბრუნდა.

- 2012-13 წლებში ძალიან კარგი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, თუმცა, შარშან კობახიძის თაოსნობით ყველაფერი შეცვალეს და რამდენიმე ქალაქს ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა, ანუ ბევრ სფეროში, "ქართული ოცნების" დაფუძნებისთანავე განხორციელებული სწორი რეფორმები უარყვეს და შეცვალეს. თუკი ისინი მაშინდელ დაგეგმილ ან განხორციელებულ სწორ გადაწყვეტილებებს დაუბრუნდებიან, მისასალმებელი იქნება.

ლალი პაპასკირი