"საშინელი სიცარიელის შეგრძნება მაქვს, რომელსაც ვერაფერი მივსებს" - გზაპრესი

"საშინელი სიცარიელის შეგრძნება მაქვს, რომელსაც ვერაფერი მივსებს"

კომპოზიტორი ლილი შავერზაშვილი პროდიუსერისა და ტელეწამყვანის - ნოე სულაბერიძისთვის ის დაუვიწყარი ადამიანია, ვინც დღეს მის გვერდით აღარ არის და ვის გამოც ნოეს სიცარიელისა და ძლიერი მონატრების შეგრძნება არ ტოვებს...

GzaPress- ჩემთვის დაუვიწყარი დედაჩემი ლილი შავერზაშვილია. ცოტა დროა გასული, რაც ჩემ გვერდით აღარ არის. ჩემთვის ამ თემაზე ლაპარაკი საკმაოდ მძიმეა. უბრალოდ, შინაგანად სულ ვცდილობ, მის შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგოს. ის ყველაზე მეტად მაკლია. ყველაზე ღირებული ადამიანი იყო ჩემთვის. გული მარტო იმაზე მწყდება, რომ ძალიან ბევრი რამ ვერ მოვასწარი, ბევრი კითხვა დამრჩა უპასუხოდ. ეს ძალზე პირადულია... ალბათ, ეს ის შეგრძნებაა, რომელიც ადამიანის ცხოვრების ტვირთია და სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა ატარო. მონატრება არ ნელდება, პირიქით - უფრო და უფრო ძლიერდება... დედა ყველას მიმართ კეთილგანწყობილი გახლდათ. ის 77 წლის ასაკში წავიდა ჩვენგან - მიზეზი ინსულტი იყო... ძალზე ფრთხილი იყო. რადგან დედისერთა გახლდით, სულ ნერვიულობდა და ჩემზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. მისთვის "გვიანი" შვილი ვიყავი. დედას, რომელსაც შვილი უყვარს, თავისი პირმშო სულ ედარდება - ამას ყოველ წუთს ვგრძნობდი და ყოველ წუთს გამოხატავდა. ვნანობ, რომ შემეძლო, მასთან მეტი დრო გამეტარებინა, მიუხედავად ჩემი დატვირთული გრაფიკისა და ვერ მოვახერხე. საყვარელი ადამიანის დაკარგვას არავინ ელოდება - ეს ყველასთვის მოულოდნელია... რის გამო მსაყვედურობდა? მწეველი ვარ და დედა ამაზე სულ მსაყვედურობდა - სიგარეტს ნუ ეწევიო... დედის გარეშე ცხოვრება ძალიან ცარიელია. საშინელი სიცარიელის შეგრძნება მაქვს, რომელსაც ვერაფერი მივსებს. ცხოვრების გადამწყვეტ წუთებში, შვილი მშობელს კი უსმენს, მაგრამ ყოველთვის ცდილობს, ყველაფერი საკუთარი აზრით გააკეთოს. როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც სირთულე არსებობდა, დედის რჩევა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. 2-3 თვის წინ, გარკვეული მიზეზის გამო, ძალიან ვინერვიულე. მანქანაში ვიჯექი. ვერ ვხვდებოდი, სად უნდა წავსულიყავი. ავტომატურად დედასთან წასვლა გადავწყვიტე. როდესაც მივედი, შევეცადე, მეთამაშა, ჩემი მდგომარეობა რომ არ ეგრძნო, მაგრამ არ გამომივიდა: როცა ოთახში ვიჯექი, უსიტყვოდ ჩამეხუტა, მერე კი მთხოვა, მეთქვა, რა მაწუხებდა... ყველას მოვუწოდებ, გაუფრთხილდნენ დედებს, რადგან მასზე ღირებული ცხოვრებაში არაფერია. ყველაფრის შეცვლა შეიძლება, დედის გარდა...

ეთო ყორღანაშვილი