"ქალები მას შემდეგ მაფასებენ, როცა ვშორდებით" - რას ამბობს ია ფარულავასთან ურთიერთობაზე ფადი ასლი?
ბიზნესმენი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე - ფადი ასლი საქმიანობის, სასიყვარულო ურთიერთობებისა და ინტერესების შესახებ გულახდილად გვესაუბრა. აღნიშნავს, რომ საქართველო ძალიან უყვარს და აქ ცხოვრების განმავლობაში, ბევრი კარგი რამ ისწავლა. განსაკუთრებულ პატივს ქართულ სუფრას სცემს, მოსწონს ბუნება და ქართველების ხასიათი.
- წლების წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, პროდუქტის ბიზნესს ვაწარმოებდი: ეს იყო ბანანი, ქათამი, ხორცი და სხვა. რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ვიყავი. 2009 წელს ეს ბიზნესი შევწყვიტე და საკონსულტაციო სფეროში გადავინაცვლე. მასში დაახლოებით 200-მდე ორგანიზაციაა გაწევრებული და აქედან, თითქმის 30 ბიზნესორგანიზაციაა. საქმიანად ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან და მათთან ერთად განვიხილავთ პრობლემებს. ბიზნესის განვითარების კუთხით სიტუაცია სულ უფრო და უფრო უმჯობესდება.
- 20 წელია, საქართველოში ცხოვრობთ. ამ ხნის განმავლობაში ქართველებიც კარგად გაიცანით და არც ადაპტაცია გაგჭირვებიათ. დღეს რა არის თქვენთვის საქართველო?
- მე ჩამოვედი სახლში - სწორედ ეს გრძნობა დამეუფლა, პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში. ვფიქრობ, ეს გენეტიკურია. დიდი ბებია კავკასიელი მყავდა და როგორც ჩანს, საქართველოს სიყვარული გენეტიკურად გამომყვა. თბილისი შარმიანი ქალაქია და ძალიან მომწონს. ზოგადად, საქართველოს ბუნება შესანიშნავია. ქართველები იმიტომ მიყვარს, რომ აქტიური, ემოციური ხალხია. ზოგჯერ ვხუმრობ, აქ ისიც კი მომწონს, რაც არ უნდა მომწონდეს-მეთქი (იცინის).
- საქართველოს რომელ კუთხეებში ხართ ნამყოფი?
- ბევრგან ვარ ნამყოფი და ამას სეზონების მიხედვით ვგეგმავ ხოლმე. მაგალითად, სექტემბერ-ოქტომბერში კახეთში ჩავდივარ, ზაფხულში - მთაში, ყაზბეგში, საოცრად სუფთა ჰაერია. ზღვა დიდად არ მიყვარს, რადგან ლიბანში ზღვისპირა ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, ეს ჩემთვის ეგზოტიკას უკვე აღარ წარმოადგენს. 3-4 დღით თუ წავალ ხოლმე. აი, საქართველოს მთიანეთი ძალიან მიყვარს. ქართველებს შესანიშნავი სამზარეულო გაქვთ. პირადად მე, ცუდი მზარეული ვარ და ალბათ ამიტომაა, რომ არც ერთი ქალი არ მიჩერდება (იცინის). კვერცხის შეწვაც არ ვიცი. თუმცა, გემრიელი საჭმლის დეგუსტაცია, მშვენივრად მეხერხება (იცინის). ხაჭაპური გამორჩეულად მიყვარს, ასევე: ღორის მწვადი, მხალი, სულგუნი, ქათამი, ხინკალიც, ოღონდ, ხორციანს ყველიანი მირჩევნია.
- რა თვისება გადმოგედოთ ქართველებისგან?
- დალევა დავიწყე (იცინის). ვისწავლე, როგორ ვთქვა სადღეგრძელო და ვისწავლე ცხოვრებით ტკბობა, როგორც ამას ყველა ქართველი აკეთებს (იცინის). ტრადიციული ქართული ქეიფიც მომწონს! ქართული სუფრით აღფრთოვანებული ვარ, ეს დიდი ფილოსოფიაა, მთელი საუკუნეების ტრადიცია, რასაც პატივს ვცემ. სწორედ სუფრამ შემოინახა ქართული ტრადიციები, იდენტობა და მიუხედავად ამდენი დამპყრობლის შემოსევისა, მაინც იგივე დარჩით.
სადღეგრძელოები მნიშვნელოვანი რამაა, რადგან როდესაც ოჯახში პატარა ბავშვია და ის უფროსების მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ისმენს, ეს მის აზროვნებაში რჩება. ადღეგრძელებენ საქართველოს, როგორც ყველაზე ლამაზ მხარეს, ოჯახს, მის კეთილდღეობას, წინაპრებს და ჰყვებიან, თუ როგორი მაგრები იყვნენ ისინი. ამბობენ, რომ მათი დავიწყება არ შეიძლება და ა.შ. სუფრები ჩემს ქვეყანაშიც იშლება, მაგრამ სადღეგრძელოები არ იციან, არადა, საინტერესო და საჭიროა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანების შესახებ უამრავ კრიტიკას ვისმენთ, აი, სუფრაზე კი ყველა ცდილობს, ერთმანეთი დადებითად დაახასიათონ, შეაქონ, სტიმული მისცენ. ასეთ დროს შენი გონებაც აქტიურად ფიქრობს მხოლოდ დადებითზე...
- რა არის თქვენი ჰობი?
- ბევრს ვკითხულობ, კვირაში ერთ ან მეტ წიგნს. ყოველდღიურად ვვარჯიშობ სატრენაჟორო დარბაზში, ფეხით დავდივარ და ჩემი ერთ-ერთი ჰობი "ფეისბუკიცაა" (იცინის). ბევრი მეგობარი და გამომწერი მყავს. ისინი ხშირად მწერენ, მომიკითხავენ, ჩემს პოსტებზე აკომენტარებენ და დადებით განწყობას გამოხატავენ. "ფეისბუკზე" ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
- უარყოფითი კომენტარები თუ შეგხვედრიათ თქვენ შესახებ?
- არა, რადგან თუ ვინმე რაიმე ცუდს დაწერს ჩემი მისამართით, იცის, რომ საკადრის პასუხს გავცემ. ასე რომ, არ მეხებიან (იცინის).
- ქართულ ლიტერატურას თუ იცნობთ?
- ცოტა ხნის წინ ინგლისურად ნათარგმნი "ვეფხისტყაოსანი" მაჩუქეს და ძალიან მომეწონა, აღფრთოვანებული დავრჩი!
- ქართული ენის სწავლა გიცდიათ?
- "ჩემი კარტული სიაფანდი" (იცინის). რაღაცები მესმის, თუმცა, ვერ ვსაუბრობ. ენების ათვისების პრობლემა არასდროს მქონია - ოთხი ენა ვიცი, უბრალოდ, აქ როცა ჩამოვედი, პირველი შვიდი წლის განმავლობაში სულ ისეთ ხალხთან ვმუშაობდი, ვინც ინგლისური კარგად იცოდა - ხუთი დაცვის თანამშრომელი და მძღოლი მყავდა, მათთან ქართულად არასდროს მილაპარაკია. 2007 წლიდან კი, როცა უკვე დაცვით სიარული აღარ მჭირდებოდა, აღმოჩნდა, რომ ჩემ გარშემო უკვე ყველა ინგლისურად ლაპარაკობდა. ასე რომ, ჩემს ასაკში, როგორც ჩანს, გავზარმაცდი კიდეც. მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ქართული ენის არცოდნამ, ციხეს გადამარჩინა. ზედმეტად პირდაპირი ვარ და ყველაფერს ვლაპარაკობ, რაც თავში მომივა, ჰოდა, აუცილებლად დამიჭერდნენ, რომ ესმოდეთ, რას ვამბობ (იცინის).
- ცოტა ხნის წინ, საკუთარი წიგნი გამოეცით, როგორია "ცხოვრება მორიელებთან"?
- ეს არის წიგნი, რომელიც ჩემი ცხოვრების გზას ასახავს, ჩემს მოგზაურობებს, თავგადასავლებს, საქართველოსა და საზღვარგარეთ. წიგნის ბოლო თავი ეძღვნება იმას, რაც ცხოვრებამ მასწავლა. ეს წიგნი ქართულადაც გადათარგმნეს, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, ორიგინალში - ინგლისურად უკეთ იკითხება, სპეციფიკურად წერ და თარგმნისას წერის სტილი დაიკარგაო. ამიტომ, აღარ გამოვეცით. ახლა ახალ წიგნს ვწერ - "სარკეები და ილუზიები", ეს უფრო ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზეა, ფილოსოფიური ესეა.
- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? თქვენი რომანები გაუხმაურებელი არ რჩებოდა. წლების წინ, თქვენი და ია ფარულავას სასიყვარულო კავშირის დასრულებაც საზოგადოებისთვის ჩვენი ინტერვიუდან გახდა ცნობილი. როგორ დაახასიათებთ ქართველ ქალებს? ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს "ყოფილებთან"? წყვეტთ კონტაქტს თუ მეგობრულ ურთიერთობას განაგრძობთ?
- ცხოვრებაში სამ ქართველ ქალთან მქონდა ურთიერთობა და თითოეული თავისებურად ფანტასტიკური იყო, მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა (იცინის). ქართველი ქალების ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ პირადი სივრცე არა აქვთ. ის, რაც შენს სახლში ხდება, მეორე დილით უკვე ყველამ იცის. ყოველი მათგანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ქალები ოჯახზე ორიენტირებულები არიან. მათ ძალიან აღელვებთ, თუ რას იტყვის ხალხი, მეზობელი, ნაცნობი და ა.შ. მე კმაყოფილი ვარ იმით, რა დროც მათთან გავატარე, შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა და მინდა, შევინარჩუნო, რადგან მიზეზი არ მაქვს, ცუდი ურთიერთობა მქონდეს რომელიმესთან. მაგალითად, იასთან ახლაც ვმეგობრობ. ქალები მას შემდეგ მაფასებენ, როცა ვშორდებით (იცინის).
- როგორი უნდა იყოს თქვენთვის სასურველი, იდეალურთან მიახლოებული ქალი?
- გონებამახვილი, ჭკვიანი, ინტელიგენტი, დახვეწილი ქალები მომწონს, სხვანაირთან ურთიერთობას ვერ შევძლებ. რა თქმა უნდა, გარეგნობასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ, ლამაზი ქალები მიყვარს. ჩემთვის ერთგულებაა უმნიშვნელოვანესი. ერთგულებაში ის არ იგულისხმება, რომ ეს ქალი დღეს თუ ჩემთანაა, გარეთ გასვლის უფლება არა აქვს, პირიქით, დემოკრატიული ურთიერთობები გვქონდა, ჩემგან შეზღუდვები არავის უგრძნია. უბრალოდ, ერთგულება და სიყვარული ყოველდღიურად, ყველაფერში უნდა ჩანდეს.
- დამთმობი მამაკაცი ხართ?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ერთგული და ლოიალური მამაკაცი ვარ. როცა ვიღაც მომწონს, 100%-ით მასზე ვარ ორიენტირებული. არავისთვის მიღალატია, ეს პრინციპის საკითხია. თუ ვიგრძენი, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც ძველებურად, დავსვამ და დაველაპარაკები; ვეტყვი, რომ ურთიერთობის დასრულება მინდა და ერთად ვეღარ ვიქნებით. ქალს მოტყუებას არასდროს დავუწყებ, რადგან ვთვლი, რომ ეს ძალიან დაბალი დონის საქციელია.
ცხოვრებაში სამი მთავარი პრინციპი მაქვს: ვიყო ერთგული იმ ადამიანისა, ვისთანაც ვარ; მეორე - არასოდეს გავაბა ურთიერთობა მასთან, ვინც ჩემთან მუშაობს, რადგან ეს ჩემი ოჯახია და ისინი ჩემთვის ხელშეუხებლები არიან; მესამე - არასდროს შევხედო სხვა თვალით მეგობრის ცოლს ან მეგობარ ქალს. ეს სამი ცნება ჩემთვის წმინდაა, დაუწერელი კანონია.
- რა იყო ია ფარულავასთან დაშორების რეალური მიზეზი?
- სამნახევარი წლის შემდეგ, სიყვარული აღარ იყო. იყო დიდი მეგობრობა, მაგრამ არა - სიყვარული. იმ პერიოდში ია თავის სახლს აშენებდა და ძირითადად, ამით იყო დაკავებული, ყოველდღიურად იყო მოთხოვნები ახალი სახლისთვის, ახალი გადასახადები და ამან ურთიერთობა დააზარალა. ეს ყველაფერი ორი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობას კი არა, ბანკირისა და კლიენტის ურთიერთობას დაემსგავსა. ურთიერთობაში ყველანაირი ბალანსი დაცული უნდა იყოს - სიყვარული, მეგობრობა, სოციალური ცხოვრება, დროის ერთად გატარება, ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება და ა.შ. მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტით ურთიერთობას ვერ შეინარჩუნებ. თუმცა, იასთან ყოველთვის კარგად ვიყავი. არ მახსენდება, გვეჩხუბოს.
იას გადაცემა ტელეეთერით 4 მაისს გავა! ჩემსა და იას შორის საკმაოდ გულახდილი საუბარი შედგა, მათ შორის იმაზე, თუ რატომ დავშორდით. ასევე, იმ ქალების შესახებ, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ყოფილან; ჩემს ცხოვრებაზე საქართველოსა და ლიბანში. ორივე გულახდილი ადამიანი ვართ და აბსოლუტურად გამჭვირვალე საუბარი იქნება, ნამდვილი ბომბი (იცინის)!
- დიდი შვილები გყავთ, რას საქმიანობენ ისინი?
- ჩემი ვაჟი - ოსკარი 30 წლისაა, დუბაიშია და ბანკში მუშაობს, ივნისის თვეში დაქორწინებას აპირებს. ჩემი უფროსი ქალიშვილი - ოდრი 29 წლისაა და გასულ წელს დაოჯახდა. ის არქიტექტორია და ლიბანში ცხოვრობს. კიმი 25 წლისაა, დაოჯახებული არ არის, სარეკლამო მარკეტინგის სფეროში მუშაობს. მათთან ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთს ყველანაირ საიდუმლოს ვუყვებით, საუკეთესო მეგობრები ვართ და ეს ძალიან მომწონს! ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, აქაურობა ძალიან უყვართ.
- რა არის თქვენი ასეთი კარგი ურთიერთობის საიდუმლო?
- უპირველესი და უმთავრესი ისაა, რომ მე მათ არასდროს ვუყვიროდი, არ ვსჯიდი, ყოველთვის ისე ვესაუბრებოდი, როგორც ზრდასრულ ადამიანებს, თანატოლებს და ამ ხერხით მივეცი საშუალება, რომ ჩემთან მეტად გახსნილიყვნენ. იციან, რაც უნდა მითხრან, არ არსებობს, მათ გავუბრაზდე, დავსაჯო, შევაშინო, ეს გამორიცხულია. დედის დღეს ჩემმა ქალიშვილმა მესიჯი გამომიგზავნა: "გილოცავ დედის დღეს! შენ ხარ დედაჩემი, ვინაიდან ჩემს ყველანაირ საიდუმლოს განდობ და ამავდროულად, შენ ხარ მამაჩემი". ამან საოცრად იმოქმედა ჩემზე. მივხვდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი დამოკიდებულება.
- როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს, თქვენი ცხოვრების გზას?
- მთელი ჩემი ცხოვრება შეიძლება, სამი სიტყვით აღწერო: სიყვარული, თავგადასავლები და ბრძოლა. პირველ რიგში, საკუთარი სიტყვის ფასი ვიცი. როდესაც რაიმეს იტყვი, დაჰპირდები ადამიანს, აუცილებლად უნდა შეასრულო. მიყვარს სხვების დახმარება. ბევრი ადამიანი გვაკითხავს ოფისში და შეძლებისდაგვარად, ყველას ვეხმარები პრობლემების გადაჭრაში. არასოდეს ვიტყუები და მძულს ადამიანები, ვინც იტყუება, ეს ძალიან ცუდი თვისებაა. ახლა ჩემს მინუსებსაც გეტყვით: მოთმინების უნარი არ მაქვს, მოუთმენელი ვარ. ყველაფერს დეტალებში ვიძიებ. სოციალური ტიპი არ ვარ, ბევრი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა არ მომწონს, ამას მარტო ყოფნა მირჩევნია. ცხოვრებაში ბევრი პრობლემა მქონია და არავინ დამდგომია იმ დროს გვერდში, სამაგიეროდ, როცა ბევრი ფული გაქვს, მეგობარიც ბევრი გამოჩნდება ხოლმე. ასე რომ, მივეჩვიე, ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყო! არ მაინტერესებს, თუ რას ფიქრობს ხალხი. ხალხს არაფერი მოუტანია ჩემთვის, ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიე და რატომ უნდა მაინტერესებდეს, ვინ რას იფიქრებს? დიდად არც დაბადების დღეებსა და ქორწილებში მიყვარს სიარული. თუმცა, ამ დღეებს ყველას ვულოცავ. ასეთი რამეებისთვის ეტყობა, უკვე ბებერი ვარ (იცინის).
თამთა დადეშელი