"უცხოეთში ქართველებს ჩაცმულობით ვცნობ" - გზაპრესი

"უცხოეთში ქართველებს ჩაცმულობით ვცნობ"

"უცხოეთში ქართველებს ჩაცმულობით ვცნობ. ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან გემოვნებიანი ერი ვართ, სწორად და კარგად ვიცით ჩაცმა! თან ახლა ხომ დემნა გვასალიას ეპოქაა - ქართველი დიზაინერის, რომელმაც პირდაპირი გაგებით რევოლუცია მოახდინა მსოფლიო მოდაში. ასე რომ, ქართული მოდა ცოცხალია, თან მას უკვე მსოფლიო ეთაყვანება!" - ამბობს ბახვა ბრეგვაძე...

- ბავშვობიდან მოყოლებული, რომელი მწერლები და ნაწარმოებებია თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი?

- ბავშვობაში ბუნებრივია, საბავშვო წიგნები მიყვარდა. მაგალითად: "კარლსონი", ძმები გრიმების ზღაპრები და ა.შ... მოგვიანებით ჩემი საყვარელი წიგნი ალექსანდრე დიუმას "სამი მუშკეტერი" გახდა, საყვარელი პერსონაჟი კი დ"არტანიანი... მახსოვს, წყნეთში წავიკითხე და აღფრთოვანებული ვიყავი. სანამ არ დავამთავრე, სახლიდან არ გავსულვარ, მერე კი მთელი ზაფხული დ"არტანიანის როლიდან ვერ გამოვედი... არ ვიქნები ორიგინალური, მაგრამ გეტყვით: ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე ძალიან მომეწონა ვაჟა-ფშაველა, მიხეილ ბულგაკოვი, თომას მანი, ერნესტ ჰემინგუეი, რიუნოსკე აკუტაგავა, ჯორჯ ორუელი, ხალედ ჰოსეინი და კიდევ ბევრი... ბოლო დროს ძალიან ცოტას ვკითხულობ. მხოლოდ ზაფხულში, დასვენების დროს ბევრი წიგნი მიმაქვს და "გემრიელად" ვკითხულობ. ძალიან მომწონს თანამედროვე ქართველი ავტორებიც. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად წერენ, ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია და ამიტომაც, კიდევ უფრო დიდი ინტერესით, სიხარულით ველოდები მათ ახალ წიგნებს!

- სამოგზაუროდ თანამედროვე მეგაპოლისები გირჩევნიათ თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ამიტომ ხან მაქვს სურვილი, რომ თანამედროვე მეგაპოლისისკენ გავეშურო და იქ გავერთო თუ დავისვენო, ხან კი მდიდარი კულტურისა და ძველი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანა მოვინახულო. გააჩნია განწყობას და პერიოდს. ორივე სახის მოგზაურობა ჩემთვის ძალზე მომხიბვლელი და სასურველია!

- რომელმა ქვეყანამ დატოვა საუკეთესო შთაბეჭდილება გემოვნებიანი მცხოვრებლებით?

GzaPress- ძალიან რთულია, ქუჩაში მოსიარულე ადამიანების მიხედვით დაადგინო, გემოვნებიანია თუ არა მოსახლეობა, რადგან უამრავი ტურისტი დადის და ადგილობრივი მოსახლეობისგან მათი გარჩევა რთულია, მაგრამ მაინც, ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზად ჩაცმულები მილანში დადიან!

- რომელ ქართველ ქალბატონებს გამოყოფდით, როგორც კარგი გემოვნების მქონეს?

- ძალიან ბევრი ქართველი ქალბატონია გემოვნებიანი. ჩემ ირგვლივ ბევრი ასეთი ქალი ტრიალებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ადამიანს გემოვნება აქვს, ეს ყოველთვის ჩანს! თან, ამ ყველაფერს განსაკუთრებული მატერიალური საშუალებები სულაც არ სჭირდება.

- თავად როგორი ჩაცმის სტილი მოგწონთ?

- ყოველდღიურად თავისუფალი სტილი მირჩევნია. თუმცა, იმასაც გააჩნია, სად მივდივარ, რა გეგმები მაქვს, ვის ვხვდები. როცა ტელეწამყვანი და მსახიობი ბახვა ვარ, უფრო თავისუფლად, თამამადაც კი ვიმოსები, ხოლო ბიზნესშეხვედრებისას სოლიდურად მაცვია. მე ორივე სტილი მომწონს, ორივეში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ხშირად კლასიკურსა და სპორტულს ვურევ კიდეც.

- რომელი ფერები გიყვართ?

- შავი, თეთრი, მუქი ლურჯი - ეს ის სამი ფერია, რომლებიც ჭარბობს ჩემს გარდერობში! თუმცა, ბევრი სხვა ფერიც მომწონს...

- როგორი აქსესუარები გიყვართ?

- აქსესუარები არ მიყვარს, მაწუხებს! მხოლოდ ხანდახან შეიძლება გავიკეთო საათი ან სამაჯური. ყოველდღიურად ვერ ვხმარობ. საზეიმოდ ჰალსტუხი და ბაფთაც შეიძლება გამოვიყენო - ძირითადად მაშინ, როცა გრანდიოზული ღონისძიება მიმყავს!

- როგორი სახლები მოგწონთ?

- დიდფანჯრებიანი სახლი მომწონს, მაღალი ჭერით, ღია ფერებით... ტერასა თუ ექნება, გადასარევია! ლამაზი ნახატებითა და ყვავილებით გაფორმებული...

- დაბოლოს, გკითხავთ: ამბობენ, რომ თბილისში თბილისური მოდა დაიკარგა. ეთანხმებით?

- არ ვეთანხმები! მე უცხოეთში ქართველებს ჩაცმულობით ვცნობ. ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან გემოვნებიანი ერი ვართ, ძალიან სწორად და კარგად ვიცით ჩაცმა!

მანანა გაბრიჭიძე