სასიკვდილო გართობა და საბედისწერო "გასვლა" - "თეთრი ფხვნილის" ფატალური შედეგები - გზაპრესი

სასიკვდილო გართობა და საბედისწერო "გასვლა" - "თეთრი ფხვნილის" ფატალური შედეგები

ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უკვე წლებია, არაერთი ახალგაზრდა იღუპება იმ მავნე ჩვევის გამო, რასაც ნარკომომხმარებლობა თუ კლუბში ათასგვარი გამაბრუებელი საშუალებით გართობა ჰქვია. გასულ კვირას უხარისხო ნარკოტიკით ინტოქსიკაცია, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეზე კვლავ აისახა... სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტებისგან არც მომავალში ვართ დაზღვეულები... რა გზებით უნდა შევაჩეროთ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე მოთხოვნა, რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად თუ შესამცირებლად, ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა ხუციშვილი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი გვესაუბრებიან.

GzaPressზაზა ხუციშვილი, პარლამენტარი:

- სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა აღკვეთოს ნარკოტიკების გასაღება. ჩვენი მიზანია, ნარკომომხმარებლებს პოლიციის მაგივრად, მკურნალობა შევთავაზოთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ მდგომარეობიდან გამოსვლაში, მაგრამ ამას ფრთხილი მიდგომა სჭირდება და ეს კანონიც ამიტომ იწელება, რადგან დეპუტატები კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მიერ დაფიქსირებულ ხმაზე უამრავი ადამიანის სიცოცხლე იქნება დამოკიდებული. მოგეხსენებათ, დეკრიმინალიზაციისა და ლმობიერი კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროპის ბევრ ქვეყანაში მსგავსი ფაქტები გაიზარდა, ამიტომ სახელმწიფო ამისთვის აუცილებლად მზად უნდა იყოს. რაც შეეხება იმ კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ბოლო დღეებში მოხდა, ალბათ, საქმე გვაქვს ისეთი ტიპის ნარკოტიკთან, რომელიც იმ ადამიანებისთვის უცხო იყო. ძალზე სამწუხაროა, რომ ასეთი რამ მოხდა და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. დღეს ნარკოტიკის შეძენის ბევრი მეთოდი არსებობს, ინტერნეტმა და გზავნილებმა გარკვეული ტიპის ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა კონტროლის გარეშე გახადა შესაძლებელი, თუნდაც, გამოწერით, ამიტომ მეთოდების დახვეწა პოლიციასაც მოუწევს. როგორც ვიცი, ბევრი ასეთი საიტიც დაიბლოკა, მაგრამ ფაქტები მაინც ხდება, მათ შორის - რეკლამირება.

- დიახ, მაგალითად, "ვაიბერში" ხშირად მოდის სარეკლამო მესიჯები რუსულ ენაზე, რომ შეგვიძლია ნარკოტიკული საშუალება შევუკვეთოთ, ფულის გადარიცხვის შემდეგ კი განკუთვნილ ნივთიერებას "უხილავი" პირი კონკრეტულ, მითითებულ ადგილას ტოვებს, ასე ხდება მისი რეალიზაცია. ალბათ, ამიტომ ვერ აგნებს პოლიცია დამნაშავეების კვალს, არა?

- იცით, რაშია საქმე, "ვაიბერი", "ვოთსაპი" ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქსელებია და მოგეხსენებათ, მოქალაქეების გზავნილებსა და ტელეფონებს ჩვენ არ ვუსმენთ. თუ ვინმეზე გაჩნდება ეჭვი, პოლიცია მაშინ გამოითხოვს ამის ნებართვას და დამნაშავეს თვალთვალზე აიყვანენ. რაც უფრო წინ მიდის თანამედროვე ტექნიკა, ეს მით უფრო ართულებს პოლიციის მუშაობას, ამიტომ სამომავლოდ, მათაც ახალი, თანამედროვე მეთოდების შემუშავება დასჭირდებათ, რათა მსგავსი პრობლემები დასძლიონ. სხვათა შორის, ამაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან გვეხმარებიან, მათ ამ ყველაფერთან ბრძოლის ჩვენზე გაცილებით დიდი გამოცდილება აქვთ.

- საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანები უნდა მოწმდებოდნენ თუ არა რეგულარულად და უნდა შეიკავონ თუ არა მათ თავი თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის მიღებისგან?

- რა თქმა უნდა, არანაირი უფლება არა აქვთ და მსგავსი ფაქტები თუ ცნობილი გახდებოდა, შესაბამის ზომებსაც მიიღებდნენ. უბრალოდ, ხომ კარგად გესმით, რამდენად წარმოუდგენელია, ამდენი საჯარო სამსახურის ყველა თანამშრომლის ნარკოტიკზე ხშირად შემოწმება, ეს რთული პროცესია. ამიტომაა საჭირო ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა, ახსნა, რომ ნარკოტიკი მავნებელია და თავს იღუპავენ. ზოგს ჰგონია, თითქოს "კლუბური ნარკოტიკი" მავნებელი არ არის, მაგრამ შედეგი კარგად ვნახეთ. ასეთი დაყოფა წარმოუდგენელია, ყველანაირი ნარკოტიკი მავნეა და ყველა მათგანი დამოკიდებულებას, ადამიანების გაუბედურებას იწვევს. სახელმწიფომ ამ მიმართულებითაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ადამიანები ინფორმირებულები იყვნენ და არავითარ შემთხვევაში არ გაეკარონ!

ეკო ფანგანი, ტელეწამყვანი:

GzaPress- ადამიანები საკუთარ თავზე რომ არ არიან პასუხისმგებლები და სახელმწიფოს სთხოვენ რამეს, ეს ნორმალურია? ამიტომ ვთვლი, რომ ადამიანებმა თვითონ უნდა შეიცვალონ მენტალიტეტი. რა "მოდაა" ეს? 15 წლის წინ, გაცილებით პატარა რომ ვიყავი, საქართველოში ბევრმა საერთოდ არ იცოდა, რა იყო ელექტრონული მუსიკა და კლუბი, მთელი ღამეები ვერთობოდით, მაგრამ არც არასდროს ჩამიყლაპავს რაიმე და არც მომიწევია. ამის გარეშეც ძალიან კარგად ვერთობი ყოველთვის და ვინც მიცნობს, ეს კარგად იცის. ყველა ადამიანი ინდივიდია, მათი აზროვნება და მიდგომა უნდა შეიცვალოს. ჩემთვის უზომოდ სამწუხაროა ის, რაც მოხდა, რადგან ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც ნარკომომხმარებელი არასდროს ყოფილა. ჩვენი, მეგობრების ვარაუდია, რომ რაღაც სხვა ეგონა, რომელიც სიცოცხლისთვის საზიანო არ იქნებოდა. ასეთი საშინელი ამბები პერიოდულად ხდებოდა ხოლმე, მაგრამ მასობრივი ხასიათი არ ჰქონია, ახლა კი ყველა შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ფაქტია, ძალიან ცუდი ხარისხის ნივთიერება შემოიტანეს, სახელმწიფო კი, ყველაფრის ხარისხს ვერ შეამოწმებს. ამ ქვეყანაში დეკრიმინალიზაციაც არ არის გამოსავალი, რატომღა იღებენ ამ "ეფედრინებს"? დადგნენ და მოსწიონ, ასე ძალიან თუ უნდათ. ცხოვრებაში ყველას რაღაც უნდა, მაგრამ იმ ჩექმაში უნდა ჩაყო ფეხი, რომელშიც ჩაგივა. ნორმალური დოზებით "ემდიემი" ადამიანს არ კლავს, მაგრამ ფსიქოზს იწვევს. გასართობად რომ მივდივარ, კარგად ვხედავ, რა დღეშიც არიან მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები და ეგ რომ საქართველოში დაშვებული იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება! ალბათ საერთოდ ასტრალში გავლენ! ქართველები ამისთვის მზად არ არიან! ჯერ ერთი, არც ევროპის ყველა ქვეყანაშია დაშვებული დეკრიმინალიზაცია, ჰოლანდიას რომ ვედრებით, იქაური მოსახლეობის 90% ასეთ რამეებს საერთოდ არ ეკარება, შრომისმოყვარე ხალხია და არა - მუქთახორა. ჩვენ ისეთი თანამედროვე და ევროპული რაღაცები გვინდა, რისთვისაც ჩვენი აზროვნება, ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა აბსოლუტურად არ არის მზად. დღეს რაც ხდება, სახელმწიფოს ვერანაირად ვერ დავაბრალებ. გამსაღებლებზე, ე.წ. ბარიგებზე უმკაცრესი სასჯელი უნდა იყოს დაწესებული და არის კიდეც, მაგრამ ფატალური შედეგები ამ ბოლო დროს, კლუბში გართობის შედეგად უფრო ხშირად ხდება. ის ადამიანი, ვინც 20 წელია "ჰეროინს" იკეთებს, არა მგონია, წავიდეს და კლუბში "ეფედრინით" იხტუნაოს. ამით ისევ ჩვენს შინაგან შეგნებამდე მივდივართ! საკუთარი თავი მიწაში დროზე ადრე არ უნდა ჩავმარხოთ! ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ახლობლები ასე არ უნდა გავამწაროთ, წარმოუდგენელი რაღაც ხდება. გამოსავალი მხოლოდ საკუთარი აზროვნების, ჩვევების შეცვლაშია. "ბარიგები" ჩემთვის მიუღებელი ადამიანები არიან, მაგრამ მე იმას რა უნდა მოვთხოვო, როცა შეუძლია მომიტრიალდეს და მითხრას - ის შენი ახლობელი რატომ მოდის ჩემთან და რატომ ყიდულობსო? მართალიც იქნება და რას ვეტყვი? მიზანმიმართულად რომ მიდიხარ ისეთ რისკზე, რომელმაც შეიძლება მოგკლას, სახელმწიფომ როგორ დაგიცვას, როცა შენ არ იცავ საკუთარ თავს?! ვის უნდა მოსთხოვო ამ დროს პასუხი? ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში კიდევ უფრო სუბიექტური ხდები და ძალიან აღელვებული ვარ.

- ვინ იყო თქვენი ახლობელი?

- კახა კიკნაძე. ადამიანი რომ გარდაიცვლება, მერე ყველაზე კარგს ამბობენ, მაგრამ კიკნა ზუსტად ის შემთხვევაა, რომელიც აბსოლუტურად ყველას უყვარდა. საოცრად თბილი ადამიანი იყო და ამ სითბოს როგორ გამოხატავდა ყველას მიმართ, ვერ წარმოიდგენთ. ერთგული, ყურადღებიანი ადამიანი გახლდათ, რომელსაც გართობა, კონცერტები, კარაოკეში, რესტორანში მეგობრებთან ერთად ქეიფი უყვარდა. ბოლოს, რამდენიმე დღე კახეთში ყოფილა. მას რომ შეხედავდით, მიხვდებოდით, რომ ნარკოტიკებთან შეხება არ ექნებოდა, ყოველ დილით ვარჯიშობდა და აზიდვებს აკეთებდა - უკვე ასს ვაკეთებო, მეუბნებოდა. ასეთი რამ როგორ დაემართა, ჩემთვის მართლაც წარმოუდგენელია. მისი ძმაკაცები ამბობენ, რომ შანსი არ არის, "ეფედრინს" 100%-ით არ მიიღებდა, ალბათ თვითონ არ იცოდა, რა იყო და რაიმე სხვა, მსუბუქი ეგონაო. თუმცა, ეს მაინც არ არის გამართლება! რამდენიმე წლის წინ, კახას ძმა გარდაეცვალა, მერე, დედა და ახლა, კახას მამა მარტო დარჩა. წარმოიდგინეთ ამ ადამიანის მდგომარეობა, ოთახში რომ შეიხედა, ეგონა, შვილს ეძინა და ამ დროს თურმე ის მკვდარი იყო! კახას იმ მეგობარსაც ძალიან კარგად ახასიათებენ, რომელიც ასევე იმ ღამეს გარდაიცვალა. ფოტო რომ ვნახე, ჯან-ღონით სავსე იყო, არანაირი "გასული და გამოსული"...

მესმის, რომ კანონმდებლობა გადასახედია, სად მანიაკს რომ დასჯი და სად - მას, ვინც გასართობად საკუთარ თავს ვნებს, მაგრამ სახელმწიფოს ამაში ვერ დაადანაშაულებ.

- საზოგადოების ნაწილში პროტესტი იმაზეა ხოლმე, რომ "ბარიგებს" ვიღაც "კრიშავს" და უმაღლესი სასჯელის მიუხედავად, ამ მავნე ნივთიერებების შემოტანა-გასაღების შესაძლებლობა მაინც აქვთ.

- როგორ ვთქვა, რომ ვიღაც ვიღაცას "კრიშავს"? ალბათ ყველა მთავრობის დროსა და ეპოქაში ვიღაც ვიღაცას "კრიშავდა", მაგრამ "ეფედრინის" გამყიდველს ვინმე "კრიშავდეს", ვერ წარმომიდგენია. პირიქით, ეს საკითხი ძალიან გამკაცრებულია და ბევრი ადამიანი ზის ციხეში, მათ შორის, როსტო. მას იმდენი აქვს მისჯილი, "კრიშებზე" რომ წავიდეს საქმე, ერთ ნაცნობს როგორმე ისიც იპოვიდა, ეს არ უჭირს. მკვლელების დონის სასჯელი აქვს. ამიტომ, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ. ვინც ნარკოტიკით თავს იღუპავს, საკუთარ თავს მეტი უნდა მოსთხოვს, შეიძლება ვირთხის წამალი დაგალევინონ და იმიტომ, რომ გაერთო, უნდა დალიო? XXI საუკუნეა და განვითარება კლუბებში ამოტრიალებული თვალებით კოტრიალს არ ნიშნავს, შინაგანი განვითარება სხვა რამეა. გული მტკივა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა, ძალიან აღელვებული ვარ და ბოდიშს ვიხდი, ასე ემოციურად რომ ვისაუბრე.

თამთა დადეშელი