როგორი ქმარი იქნება ზუზუ? - გზაპრესი

როგორი ქმარი იქნება ზუზუ?

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა, თუმცა, მისი გაბედნიერების ამბავი ზოგმა არასერიოზულად მიიღო. ზუზუ გვიამბობს, თუ სად გაიცნო მომავალი მეუღლე, რატომ მიიღო გადაწყვეტილება სწრაფად და რა გეგმები აქვს სამომავლოდ.

- სამოქალაქო წესით დავქორწინდით - ხელი მოვაწერეთ, ჩემი მეუღლე თამარ ორაგველიძეა. ის პროფესიით ექიმია, თუმცა, ამ მიმართულებით არ მუშაობს, თითქმის სულ საზღვარგარეთაა. ახლა თბილისში აღმოჩნდა და ასე გადავეყარეთ ერთმანეთს. გვინდა, რომ ერთად კანადაში გავემგზავროთ, თუმცა, კანადა არ არის ის ქვეყანა, სადაც მე ვიცხოვრებდი და დიდაც არც მინდა.

GzaPress- ერთმანეთი სად გაიცანით?

- არანაირი ინტერნეტი და რამე, წვეულებაზე გავიცანით, საერთო მეგობრების წრეში. ასე იმიტომ ვიჩქარეთ, რომ მერე ურთიერთობები ფუჭდება ხოლმე, მეტ რამეს აკვირდები, რაღაც არ მოგწონს, ბევრს ფიქრობ, ამიტომ, ავდექით და წავედით ხელის მოსაწერად. ორივე ერთ ხასიათზე ვიყავით. ისიც გურულია, კარგი იუმორი აქვს. ცოტა იუმორში, ცოტა სერიოზულში, ცოტა ფლირტში, სიყვარულში - მოკლედ, ყველაფერში გავუგეთ ერთმანეთს და აქედან გამომდინარე მივიღეთ ასეთი სწრაფი გადაწყვეტილება.

- პირველ რიგში, რა მოგეწონათ მასში?

- "ფუტლიარები" არ მიზიდავს, ადამიანს რომ შეხედავ ან არის "შენიანი", შენნაირი, ან - არა. ეს კი ძალიან იშვიათად ხდება.

- ახალ ამპლუაში თავს როგორ გრძნობთ?

- რა ვიცი, კარგად. თამო ახლა ისევ წასულია და საქართველოში არ არის. ერთადერთი, ბევრმა ზარმა შემაწუხა (იცინის), ჟურნალისტები, მეგობრები მირეკავენ და ზოგს არ სჯერა, რომ დავოჯახდი. რა არის დაუჯერებელი? ეს ვერ გავიგე, თორემ დანარჩენი ყველაფერი გავიგე.

- როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი ქმარი იქნებით?

- რაც ვარ, ის ვიქნები, ვერ გამოვსწორდები ვერანაირად. ზოგადად, ისიც არ ვიცი, ხვალ რანაირი ვიქნები. დღეს ერთ როლს ვთამაშობ, ხვალ - მეორეს, ზეგ შეიძლება ვიმღერო, მაზეგ ლექსი წავიკითხო და წინასწარ ვერაფერს გავთვლი. საერთოდ, ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, მე ასეთი მინდა, ასეთი და ასეთი უნდა იყოს და "მამენტ", შენ ვინ ხარ, რომ ის ასეთი იყოს? შენს თავშიც უნდა ეძებო რაღაცები. ალბათ, უკვე დიდი ბიჭი გავიზარდე, ასაკში ვარ და რაღაცები ვიცი, მაგრამ რეცეპტები რომ გამოვწერო, ეს არ შემიძლია. ზოგადად, რაღაც მკაცრად ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არ მაქვს, არც "სიბნელე", ეჭვიანობა და ეგოისტობა მახასიათებს და არც შემდგომში მინდა, ასეთი ვიყო.

თამთა დადეშელი