"თხა ვიყიდე, თხა გავყიდე" - რა გამოვიდა? - გზაპრესი

"თხა ვიყიდე, თხა გავყიდე" - რა გამოვიდა?

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველი პარტიის ახალ თავმჯდომარედ, პოლიტიკაში მეორედ მოსული ბიძინა ივანიშვილი დაამტკიცეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ივანიშვილის ხელახალი არჩევის მიზანი "ქართული ოცნების" რეფორმირება და გაძლიერებაა, ოპონენტები კი ირწმუნებიან, რომ "ქართული ოცნების" არაფორმალური მმართველი კომფორტის ზონიდან გამოვიდა და "მეორედ მოსვლით" პარტიასა და ქვეყანაში არსებული სერიოზული კრიზისი აღიარა. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენლები და რას ელიან ისინი ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლის შემდეგ.

თეა კახიძე, პედაგოგი:

- რას უნდა ველოდო მისგან? ქვეყანაში რა აღარ მოხდა, რა პრობლემის წინაშე არ დავდექით, ბოლოს და ბოლოს, შიმშილის ზღვარზე დავდექით და ივანიშვილი კულისებიდან არ გამოსულა. მხოლოდ მაშინ შეიწუხა თავი, როდესაც მის გუნდში განხეთქილება დაიწყო და მის მმართველობას საფრთხე დაემუქრა. აი, ნახავთ, პოზიციებს გაიმაგრებს და ისევ თავის შუშის სასახლეს დაუბრუნდება.

მაკა ბოსტოღანაშვილი, კინოლოგი:

- იმედი გამიჩნდა, რომ ქვეყანაში არსებულ უსამართლობას ბოლო მოეღება. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს თავადაც არ მოსწონდა ის, რაც ბოლო დროს ქვეყანაში ხდებოდა. ბევრმა თანამოაზრემ იმედი გაუცრუა. მე დღეს ბევრი სიახლისა და სიკეთის მოლოდინში ვარ.

გოგა თედეშვილი, ოპერატორი:

- კარგი ერთი, რისი იმედი უნდა გქონდეს, როდესაც ქვეყანა უნიჭო რეპერის, ბერა ივანიშვილის კლიპების მიხედვით იმართება? პირველ ჯერზე ივანიშვილი საკუთარი ხუშტურების ასასრულებლად მოვიდა ხელისუფლებაში, ახლა შვილების "კაპრიზების" ასრულება დაიწყო.

მანანა ბასიშვილი, დიასახლისი:

- როდესაც გავიგე, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა, იმედი გამიჩნდა, მაგრამ მალევე დავრჩი იმედგაცრუებული.

- იმედი რამ გაგიცრუათ?

- მისმა სიტყვით გამოსვლამ. თურმე ქვეყანაში ყველაფერი კარგად ყოფილა, ყველა მისი მინისტრი კარგად იქცეოდა. რა გამოდის? ქვეყანაში რაღაც გაუგებრობის გამო შეიქმნა ამდენი პრობლემა? გამოვიდა და თვალში ნაცარი შეგვაყარა. ვეღარ ვხვდები, მისი მეორედ მოსვლის ნამდვილი მიზეზი რა არის, თუმცა კი ძალიან მაინტერესებს. ვნახოთ, რა მოხდება. მე ინტერესით დაველოდები.

ნინო ზურიაშვილი, ჟურნალისტი:

GzaPress- ძალიან სამარცხვინო იყო ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ავტორი ბიძინა ივანიშვილი იყო, პასუხისმგებლობას კი არაფერზე იღებდა. ვფიქრობ, მისი პოლიტიკაში დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება მოლოდინს, პირველად ხომ არ გამოჩნდა ეს ადამიანი? ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორია მისი მართვის სტილი. ისე, ჯერ არ დაბრუნებულა და ერთი სამარცხვინო ნაბიჯი უკვე გადადგა.

- რას გულისხმობთ?

- ადამიანებმა პროგრესული პროტესტი გამოხატეს იმის გამო, რომ დაარბიეს და სცემეს. ივანიშვილმა კი მათ ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ბნელი ძალები ანუ ნეო ნაცისტები შეასია და აქცია კინაღამ სამოქალაქო ომში გადაზარდა. როგორც ჩანს, ეს მისი მართვის სტილია.

- რის საფუძველზე ამბობთ, რომ ნეო ნაცისტები ხელისუფლების დაფინანსებული ძალაა?

- ისინი ისე საუბრობდნენ, როგორც ძალოვანი სისტემის წარმომადგენლები. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ეს აგრესიული ჯგუფი ხელისუფლებისგან იყო მართული.

თამაზ მეჭიაური, პოლიტიკოსი:

GzaPress- ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შედეგი იქნება ის, რომ ბოლო მოეღება პარტიაში არსებულ დაქსაქსულობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მმართველ გუნდში არსებული არეულობა ქვეყანაში მრავალ პრობლემას შექმნის. ვფიქრობ, ივანიშვილის გარეშე მმართველი გუნდი ვერც "ბასიანთან" დაკავშირებულ პრობლემას გაართმევდა თავს.

ზოგიერთები ამბობენ, ხელისუფლებამ სპექტაკლი დადგაო. ამ მოვლენებთან დაკავშირებით სპექტაკლი თუ მართლა დაიდგა, მისი სცენარი მოსკოვში იქნება დაწერილი.

- მოსკოვში?

- დიახ, კრემლი ცდილობს, ჩვენი ქვეყანა ტრადიციულ გზას ააცდინოს, ქვეყანაში ნარკოტიკების ლეგალიზება მოახდინოს და ბარიგები გმირებად შერაცხოს. ამაზე მუშაობენ რუსები და თუ ამას ჩვენი ხელისუფლება არ მიხედავს, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. ნარკორეალიზატორებისა და ჰომოსექსუალისტების თავგასულობა კიდევ უფრო რადიკალურ ძალას გამოიყვანს ქუჩაში. ეს კი ვფიქრობ, ძალიან საშიშია.

გოგი წულაია, პოლიტიკოსი:

- ხალხის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება, პირიქით, უარესობისკენ წავა ყველაფერი. მე მიკვირს, როგორ არ შერცხვა ბიძინა ივანიშვილს, როდესაც პარტიულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ასე აქო და ადიდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. თუ ეს ხალხი ასე კარგად ართმევდა თავს ქვეყნის მართვას, რაღას მორბოდა უკან, შინ წასული ივანიშვილი? ვის ატყუებენ ეგენი? ახლა ხალხს იმედი გაუჩნდა, რომ "ქართული ოცნების" არეულ საქმეს ბიძინა ივანიშვილი დაალაგებს, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ტყუილად აქვთ ამის იმედი.

- ასე რატომ ფიქრობთ?

- იმიტომ, რომ ივანიშვილი არც ადრე მოსულა ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და არც ახლა აპირებს, სხვისი არეულის დალაგებას. ის ქვეყანას ფულის შოვნის წყაროდ აღიქვამს. კეთილი ინებოს და გამოაქვეყნოს, ხელისუფლებაში მოსვლით რამდენი მილიარდი იშოვა. ხედავთ, ქვეყანაში რა ხდება? ბერამ მუსიკალური კლიპით მიგვანიშნა, პლანის ლეგალიზება საჭიროაო და პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონს მიიღებს. გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანას ბერა კლიპებით მართავს. მაგან Bდაანონსა, - ვაიმე "ბასიანში" რა ხდებაო, შევარდა სპეცრაზმი "ბასიანში". ახლა ამბობს, ვითხოვ ლეგალიზებასო და მივიღებთ კიდევაც ნარკოტიკის ლეგალიზაციას. დამანებეთ ახლა თავი, თორემ წამომცდება რაღაც ისეთი, დავიღუპები.

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:

- ჩემი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ უკვე დავინახეთ მის მიერ გადადგმული ზეადეკვატური ნაბიჯები.

- რას გულისხმობთ?

- "ბასიანთან" დაკავშირებული პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებას. ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნება იმის წარმოდგენა, რომ შსს-მ კონსულტაციების გარეშე მიიღო სრულიად ისტორიული გადაწყვეტილება. საქართველოს ისტორიაში ხელისუფლებამ პირველად მოახერხა დაძაბული ვითარების მშვიდობიანად განმუხტვა. მე ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ხელი დავინახე.

- როგორ ფიქრობთ, დაიწყება თუ არა სოციალური პრობლემების მოგვარება, რომელიც რიგითი მოსახლეობისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია?

- აბა, ისე რა აზრი ჰქონდა მის დაბრუნებას? ივანიშვილი კი უაზრო ადამიანი ნამდვილად არ არის. ჩემი აზრით, მან თავისი გუნდის წევრებს დამოუკიდებელი თამაში ადროვა. მათ კი არა თუ თამაში შეძლეს, არამედ საერთოდ დაშალეს გუნდი. ახლა გაერთიანებისა და ქვეყანაში არსებული პრობლემების დაძლევის დრო დადგა.

თორნიკე შარაშენიძე, პოლიტოლოგი:

GzaPress- ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი პარტიაში სიტუაციას ნამდვილად დაალაგებს, მაგრამ არა მგონია, ეს ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იყოს. "ქართულ ოცნებაში" სიტუაციის დალაგებით ქვეყანაში ეკონომიკა ვერ აყვავდება. დამეთანხმებით, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეკონომიკის განვითარებაა. პარტიაში თუნდაც დაუხოცავთ ერთმანეთი, ეს ჩვენთვის მეათეხარისხოვანია.

- თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ივანიშვილმა, რომ იმედგაცრუებულმა საზოგადოებამ თავიდან ირწმუნოს მისი?

- ქვეყანაში არსებული ადამიანური პოტენციალი სწორად უნდა გამოიყენოს. ყველაზე ღირსეულები არც სხვა განვითარებულ ქვეყნებში იკავებენ მაღალ თანამდებობებს, მაგრამ ასეთი განუკითხაობაც არსად არის.

- უკვე ცნობილია, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდება.

- კი, გავიგეთ, რომ ივანიშვილს არ მოსწონს მთავრობის მუშაობა და ბევრს აღარ ენდობა. თუმცა, სხვა საკითხია, ვინ ჩაანაცვლებს ძველ კადრებს. თუ იგივე დონის პროფესიონალებს მოიყვანს, მაშინ რა მნიშვნელობა ექნება ასეთ ცვლილებებს? "თხა ვიყიდე, თხა გავყიდე", რა ხეირი? მინისტრები საკუთარი სიმპათიისა და ერთგულების ნიშნით კი არა, პროფესიონალიზმით უნდა შეარჩიოს.

- ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, "თეთრი ხმაურისა" და "ნეო ნაცისტების" აქციები ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

- არა, ეს ჩვეულებრივი შეთქმულების თეორიაა. ჩემი აზრით, "ბასიანში" სწორედ იმიტომ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომ ივანიშვილს არ მოსწონდა გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ეს კლუბი თითქოს ბერას საკუთრება იყო. სხვათა შორის, ეს არც მჯეროდა. ვინც ივანიშვილს იცნობს, არ შეიძლება დაიჯეროს, რომ მის შვილს მსგავსი დაწესებულება ექნებოდა. აი, ვიღაცებმა დაიჯერეს და ეს არ მოეწონა. ისე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მართლა საჭიროა. ქვეყანაში ნამდვილად იყიდება ნარკოტიკი, ეს ფაქტია. თუ ტურისტების მოზიდვა გვინდა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაც უნდა მოვახდინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში წამალი გაიყიდება კანონდარღვევით.

ხათუნა ბახტურიძე