"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
"ეს ჩემი პროფესიაა", - მეუბნება 25 წლის ბექა მეშველაშვილი, რომელსაც ხანძართან ბრძოლის თითქმის 5-წლიანი გამოცდილება აქვს. ამავდროულად, "პალიტრა ნიუსის" ოპერატორად მუშაობს და ამ ორ აქტიურ პროფესიას ერთმანეთს უპრობლემოდ უთავსებს.
ბექა მეშველაშვილი, მეხანძრე-მაშველი:

რაც შეეხება კრიტერიუმებს, იმისთვის, რომ მეხანძრე-მაშველი გახდე, საშუალო განათლება უნდა გქონდეს, თუმცა, თუ უმაღლესი განათლება გაქვს, უკეთესია.
- როდესაც ხანძრის ჩასაქრობად გადიხართ, ჯერ ალბათ ვითარებას აფასებთ და შემდეგ იწყებთ მუშაობას, ხომ?
- დიახ, ბორჯომის ხანძარი მინდა გავიხსენო: პირველ ნაკადში მოვხვდი, რომელიც ხანძრის ჩასაქრობად წავიდა. არ ვიცოდით, რა სიტუაცია იყო. იქ მისულებს მართლა მძიმე ვითარება დაგვხვდა, - ცვალებადი მიმართულების ქარი იყო და ცეცხლის ჩაქრობა ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო... ამასთან, გარშემო იმდენი ნაჩეხი, გამხმარი და ძირს დაყრილი ხეები იყო, რომ მიწის გაჭრას აზრი არ ჰქონდა... რახან მასშტაბური ხანძარი იყო, შეიქმნა შტაბი და რუკაც შეადგინეს. ასეთ დროს, დაახლოებით 10-15-კაციანი ჯგუფი გავდივართ სხვადასხვა ლოკაციაზე, ყველა ჯგუფს თავისი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც ჯგუფის წევრებს ხმის გადამცემით უკავშირდება. სათაო შტაბში ჯგუფის ხელმძღვანელების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მუშაობენ...
- რაც შეეხება სხვა სახის ხანძარს...
- ინფორმაციის მოსვლისთანავე ვიწყებთ დაზვერვას. ოცმეთაური გვაძლევს მითითებებს და ადგილზე მისვლის შემდეგ კი, იქ არსებული რეალობის მიხედვითაც ვმოქმედებთ. გამოცდილებიდან უკვე ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ წესის თანახმად, ინსტრუქციებს მაინც ვიღებთ. პირველ რიგში გამოგვყავს ადამიანები, ამასობაში ოცმეთაური ისევ ზვერავს იქაურობას და დამატებით ინფორმაციას გვაწვდის. ზოგადად, ყველა ხანძარი, კორპუსში იქნება, სოფელში თუ მანქანაში, თავისებურია და იმის თქმა, რომ ვიცი, როგორც უნდა ვიმოქმედო, არასწორია. თუმცა, არსებობს ზოგადი მონახაზი, თუ როგორ უნდა მოიქცე კორპუსის ან სარდაფის ხანძრის შემთხვევაში.
- მაგალითად, სარდაფში როგორ უნდა ჩააქროთ?
- როდესაც სარდაფი იწვის, ძირითადად დაკვამლიანებაა, დაბალია და ვერ შევდივართ, ამიტომაც სარდაფის პატარა სარკმლიდან ვუშვებთ ქაფს, რომელიც ცეცხლს გუდავს. როდესაც ცეცხლს ჟანგბადი არ მიეწოდება, ქრება. შემდეგ უკვე ადგილობრივ კერებს წყლით ვაქრობთ... როდესაც სახლი დაკეტილია ან პატრონი ჩაიკეტა, მოხუცი ან უბრალოდ, მეპატრონე, ასევე ვადგენთ გეგმას.

- გადარჩნენ?
- დიახ, ორივე გადარჩა, მაგრამ ექიმმა პაციენტი არ მიატოვა. თავადაც იმდენად ძლიერი ინტოქსიკაცია ჰქონდა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე მკურნალობდა... ის ექიმი ჩემთვის გმირია და ყოველთვის, როდესაც სირთულეების წინაშე ვდგები, სულ მას ვიხსენებ...
ერთხელ, ჩვენი ახალბედა მაშველი ფანჯრიდან შევიდა ბინაში, სადაც მოხუცი ქალი იყო ჩაკეტილი. კარი მოხუცის შვილს ბრახუნისგან დაუზიანებია, ჩაქუჩი ურტყა თურმე და მოშლილი იყო. ამიტომ გაღება გაჭიანურდა. შიგნით მყოფ მეხანძრესთან მუდმივი კავშირი გვქონდა, კარგად არისო გვეუბნებოდა, შემდეგ კი უცებ გაჩუმდა, მოხუცს ინსულტის ნიშნები დაწყებია და ამ ბიჭმა ისე სწორად იმოქმედა, რომ გადაარჩინა. მალევე "სასწრაფო" მოვიდა. ექიმმა გვითხრა, ის რომ არ დახმარებოდა, შესაძლოა, საქმე ცუდად დასრულებულიყოო.
- პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კურსებსაც გადიხართ?
- დიახ, ასევე, მთაში, ტყეში და წყალზე მუშაობის მეთოდებსაც გვასწავლიან...
- ვიცი, რომ ახალ პროექტზე მუშაობ...
- მინდა, საზოგადოებას უკეთესად დავანახვო, რა საფრთხეების წინაშე დგანან მეხანძრე-მაშველები. დღემდე ძალიან ბევრი "პაჟარნიკს" გვიწოდებს. არა აქვთ გაცნობიერებული ჩვენი პროფესია. ბოლო დროს დაიწყო სკოლაში სწავლება: "ათი გაკვეთილი სახანძრო-სამაშველო საგანგებო სიტუაციების შესახებ, რაც უნდა ვიცოდეთ". ეს ძალიან კარგია, რადგან ახალმა თაობამ ბავშვობიდან უნდა იცოდეს, რას ნიშნავს მეხანძრე-მაშველი... ამიტომ, პატარა კამერა მექნება ჩაფხუტზე დამაგრებული და ხანძართან მუშაობის პროცესს გადავიღებ. ადრეც მქონდა ეს იდეა, "პალიტრანიუსზე" სიუჟეტიც გავიდა, - "მეხანძრე-მაშველის ერთი დღე" და ძალიან კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა. ახლა მინდა იგივე გავაკეთო, ვაპირებ, სხვადასხვა საინტერესო გამოძახება გადავიღო, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურის საიტზე დაიდება...
- "პალიტრანიუსშიც" მუშაობ...
- დიახ, პროდაქშენის ოპერატორი ვარ, ჩვენ ვქმნით კადრს, რაც რეჟისორსა და მემონტაჟეს ამბის უკეთ გადმოცემაში ეხმარება. ამ პროფესიის ადამიანი უნდა ფიქრობდეს და აზროვნებდეს მხატვრულად... ამჟამად ვარ "პალიტრანიუსის" ოპერატორების ხელმძღვანელი, რაც ძალიან მიხარია, რადგან შემიძლია სხვებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. ჯერ კიდევ 16 წლისა ვიყავი, როდესაც ტელეკომპანია "მზეში" მივედი სტაჟიორად. თეატრალური უნივერსიტეტის დრამის რეჟისურა დავამთავრე. ძალიან მიყვარდა ეს საქმე და ვეცადე, ჩემს თავზე მემუშავა, მაგრამ თუ რამე ვიცი, ეს არის ჩემი უფროსი მეგობრისა და მასწავლებლის, მაკა ლომიძის დამსახურება. მართლაც უამრავი რამ მასწავლა. ბორჯომის ხეობაში გავრცელებულ ხანძარზე ალბათ ფილმის გადაღებაც კი შეიძლებოდა. ის კადრები არც არასდროს დამავიწყდება: როდესაც იქ ავედით, ორი მთიდან ჩამოდიოდა ცეცხლი, ჯოჯოხეთის კარივით იყო. ხანძარი ძლიერი იყო და ერთ-ერთ სახლს უახლოვდებოდა, სადაც მოხუც მასპინძლებს სტუმრები ჰყავდათ. შს მინისტრის მოადგილე მოვიდა, - ბიჭებო, სწრაფად, სახლს უახლოვდებაო. რამდენიმე მანქანით ავედით. ხანძარი მართლაც სასწაულებრივად შევაჩერეთ. მიწა გავთხარეთ, რომ ცეცხლი არ გავრცელებულიყო. სხვა ვერაფერს ვიზამდით, ვერტმფრენი სიბნელეში ვერ მუშაობს და ხანძარი დილამდე უნდა შეგვეჩერებინა, ვიდრე ვერტმფრენი მოვიდოდა.

- დედა პოლიციის კაპიტანია და ჩემი პროფესიის წინააღმდეგი იყო. მამა კი, როგორც გითხარით, თავადაც მეხანძრეა, ცვლის უფროსი. არც მას უნდოდა ამ საქმეს გავყოლოდი. თუმცა, ბევრს დღემდე მაინც ჰგონია, რომ მან მიმიყვანა სამსახურში. მართლა არ მივუყვანივარ, ჩემით ჩავაბარე ნორმატივები და თეორიის გამოცდაც და მხოლოდ შემდეგ ვუთხარი, - მამა, შენ არ დამეხმარე, მაგრამ მაინც გავხდი მეხანძრე-მაშველი-მეთქი... ისიც 20-21 წლის იყო, მუშაობა რომ დაიწყო და კარგად იცის ამ პროფესიის ავ-კარგი. ამ საქმეს რისკთან ერთად, ტრავმებიც ახლავს, რაც ჩემი აზრით, უმეტესად ჩვენივე დაუდევრობით ხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებით ასეა. ფრთხილი უნდა იყო. ცეცხლიდან ადამიანის გამოყვანის შემდეგ, ვცდილობთ, რომ სახლის პატრონმა ნაკლები ზარალი ნახოს და ავეჯის, განძის, ტექნიკის გადარჩენას ვიწყებთ, რადგან ქვეყანაში დაზღვევის ტრადიცია არ არის. არადა, ევროპაში, თუ ადამიანი არ არის შიგნით, მეხანძრე-მაშველი არც კი შედის, გარედან წყლით ავსებენ სახლს და მორჩა. დროც სხვანაირად აქვთ განსაზღვრული. ჩვენთან თუ ვინმეს ქონება იწვის, მისთვის 2 წუთი შეიძლება 2 საათად იქცეს, რადგან მისთვის ყოველი წამი მნიშვნელოვანია, არადა, არასდროს ვაგვიანებთ...
- ოჯახისთვის დრო გრჩება?
- ვცდილობ, დამრჩეს. 3 წლის შვილი მყავს, ლაშა. მგონი, პოლიციელობისკენ იწევს. რასაც სირენა აქვს, ყველაფერი მოსწონს. თუ ისიც ასეთ არჩევანს გააკეთებს, არ დავუშლი, უბრალოდ, ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ... მეუღლე, ვიდრე ჩემი ცოლი გახდებოდა, მანამდე შეეგუა ჩემს პროფესიასა და მუშაობის გრაფიკს.
ლალი პაპასკირი