უვადო პატიმრობამისჯილის ღია წერილი - გზაპრესი

უვადო პატიმრობამისჯილის ღია წერილი

რომელსაც მცირეოდენი შესწორებით გთავაზობთ (სტილი დაცულია):

"მოგესალმებით. ამ წერილს გწერთ პატიმარი ვლადიმერ არუთინიანი და იმედი მაქვს, რომ დახმარებაზე უარს არ მეტყვით. საქმე ის არის, რომ უკვე რამდენიმე წელია, ვეძებ ადამიანს, რომელიც გახდება ჩემი ოჯახის წევრი. ის, რომ მე და დედაჩემი ვართ მარტო, ეს არ არის სწორი. ეს მიუღებელია ჩემთვის და მსურს შევცვალო საკუთარი ცხოვრება; მსურს ვიპოვო ისეთი გოგონა, რომელიც გახდება ჩემი ოჯახის სრულფასოვანი წევრი. შეიძლება, ვიღაცამ, როცა ამ წერილს წაიკითხავს, თქვას, - ეს კაცი ალბათ, გაგიჟდა. უვადო პატიმარი ოჯახის შექმნას როგორ აპირებსო? არა, პატივცემულებო, მე არ გავგიჟებულვარ! მეტსაც გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ აი, უკვე 12 წელია ციხეში, სამარტოო საკანში ვარ, ჩემზე ყველაზე ნაკლებად შეიძლება ითქვას, რომ გიჟი ვარ ან არარაობად ვიქეცი. მე ვარ 39 წლის და ყოველდღე ვვარჯიშობ. დილით დაახლოებით 1 საათი დავრბივარ, შუადღეს 1 საათი ბოქსით ვარ დაკავებული, საღამოს კი სიმძიმეებით ვვარჯიშობ და აგრეთვე, ყოველდღე ცივი წყლით ვბანაობ. პატივცემულებო, როდესაც მე ვამბობ ყოველდღე, ეს ნიშნავს, რომ მართლაც ყოველდღე ასე ხდება, მთელი წლის განმავლობაში. ეს არ არის ტრაბახი, ეს არის რეალობა...

GzaPressმე აქ ვმუUშაობ, ვსწავლობ უცხო ენებს, ვუსმენ ახალ ამბებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ არხებზე, ანუ მე ისე ვიქცევი, როგორც იქ, თავისუფლებაზე ბევრი ვერ მოიქცევა და შეშურდება. ის, რომ უვადო პატიმარი ვარ, არ ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნის შანსი არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, სადღაც არსებობს ადამიანი, რომელიც გამიგებს და ახლობელი გახდება ჩემთვის, მაგრამ მე არ შემიძლია ის ვიპოვო დამოუკიდებლად, რადგან მაქვს შეზღუდული კომუნიკაციის საშუალება. მხოლოდ წერილების მოწერა შემიძლია და ზოგჯერ დარეკვა ლიმიტირებული დროით. აბა, ვის იპოვი ასე? მით უმეტეს, ახლა, როცა ყველა გადასულია სოციალური ქსელებით ურთიერთობაზე და მე ხომ წვდომა არ მაქვს ინტერნეტთან, ვერც დედაჩემი ერკვევა ამაში. ამიტომ გთხოვთ თქვენ, "გზის" რედაქციას დახმარებას. იქნებ ჩემი წერილის გამოქვეყნებით ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ხალხმა გაიგოს, რომ მე მჭირდება სანდო და ერთგული ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს არც გარეგნობას და არც ბევრ სხვა რამეს, მთავარია, გული ჰქონდეს ადამიანის და იყოს სანდო. დამეთანხმებით ალბათ, რომ ჩვენს დროში ასეთი ადამიანის პოვნა იოლი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია. მთავარია ეძებო და იპოვი! ხომ არიან ისეთები, ვინც ყველანაირი იმედი დაკარგა მომავლის და ფიქრობენ, რომ არავის სჭირდება ისინი. ჰოდა, ზუსტად მათ მინდა ვუთხრა, რომ მე, უვადო პატიმარმა არ დავკარგე იმედი და მყარად ვდგავარ ჩემს გზაზე აი, უკვე 12 წელია... მე მასაც შემიძლია დავეხმარო ასე თუ ისე, მთავარია, გავიცნო სასურველი ადამიანი და როგორმე დავამყარო მასთან კონტაქტი მიმოწერის გზით ან ზოგჯერ ხანმოკლე ზარით. მე არ მსურს ვიყო მარტო. არც დედაჩემს სურს მარტოობა...

მოკლედ, ვეძებთ ამ ქვეყანაში ადამიანს, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრი გახდება. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, როგორმე მივაწვდინო მას ხმა...

თუ მიხვდები, რომ ის ხარ, ვისაც ვეძებ, გთხოვ, შემეხმიანე... ჩვენ ნამდვილად ვართ ღირსი დახმარების. წინასწარ გიხდით მადლობას და მთელი გულით, წარმატებებს გისურვებთ!.."

თუ ვოვა არუთინიანთან დაკავშირების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 5(55) 10.74.64.

შეგახსენებთ, 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ ვლადიმერ (ვოვა) არუთინიანმა ე.წ. კრიტიდან (#7 ციხე) სასჯელაღსრულების #8 ციხეში გადაყვანა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

უვადო პატიმრის, ვოვა არუთინიანის ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი მაშინ ამბობდა: "ვლადიმერ არუთინიანი სასჯელს იხდის ე.წ. კრიტში... მისი ერთადერთი თხოვნა და წუხილია, რომ დედასთან ჰქონდეს სისტემატური კონტაქტის საშუალება, თუნდაც სატელეფონო. მეორეც, ამზადებს რაღაც ნივთებს, სათამაშოებს, ჯარისკაცების ფიგურებს, ხატავს და უნდა, მეტი საშუალება ჰქონდეს.

ჩვენ ვითხოვთ მაღალი რისკის დონე მოეხსნას და გადაიყვანონ #8 საპყრობილეში, სადაც უვადო თავისუფლება აღკვეთილი პატიმრების 80% იხდის სასჯელს..."

თუმცა, როგორც ჩანს, ვოვა არუთინიანის თხოვნა უარყოფილი იქნა, რადგან მან ჩვენ წერილი სწორედ #7 დაწესებულებიდან გამოგვიგზავნა და დაგვასაჩუქრა მისი ხელით გაკეთებული, ცელოფნის პარკისგან დამზადებული ულამაზესი ყვავილებითა და სანთლითა და საპნით დამზადებული ჯარისკაცის საოცარი ფიგურით.

შეგახსენებთ, ვოვა არუთინიანს ბრალი ედება 2005 წლის მაისში ამერიკის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის აფეთქების მცდელობაში, ხელყუმბარის სროლაში და ასევე პოლიციელის მკვლელობაში, რომელიც მისი აყვანის დროს დაიღუპა. თუმცა, ადვოკატი ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციელი საეჭვო გარემოებაში გარდაიცვალა და გასარკვევია, ვისი ტყვიით დაიღუპა ის.