არსებობენ თუ არა ენერგოვამპირები და როგორ მოვექცეთ მათ? - გზაპრესი

არსებობენ თუ არა ენერგოვამპირები და როგორ მოვექცეთ მათ?

"ოჯახი სიყვარულით შევქმენი. ვიდრე ჩემი მეუღლე ცოლობას შემომთავაზებდა, დედა გამაცნო. მითხრა, რომ ოჯახის შექმნას მისი ნებართვის გარეშე არ აპირებდა. თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო: მეუღლე მუშაობდა, მე კი მის ძვირფას დედას საოჯახო საქმეებში ვეხმარებოდი. რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემი დედამთილის უცნაური ჩვევები აღმოვაჩინე: მუდმივად წუწუნებდა, როგორ შესწირა თავისი ახალგაზრდობა ერთადერთ შვილს, როგორ დაჩაგრა ცხოვრებამ და დღემდე ვერ ეღირსა ნორმალურ, უზრუნველ ყოფას... ამას ისიც დაერთო, რომ ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონდა და ყველაფერზე ცხვირს მიბზუებდა... თუმცა, ყველაფერს უხმოდ ვიტანდი. გავიდა დრო, დარდისაგან გავხდი, გამოვიფიტე და თვალები ჩამიცვივდა, მუდმივად დაძაბული ვიყავი და აგრესიამ, რომელიც თანდათან გროვდებოდა, ერთ დღესაც ამოხეთქა. ჩემს ქმარს ულტიმატუმი წავუყენე: ან ამ სახლიდან წავალთ, ან გავშორდეთ-მეთქი. ქმარმა დედასთან დარჩენა არჩია. ახლა მარტო ვარ, მაგრამ გაცილებით მშვიდად და კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე იმ სახლში, სადაც ნამდვილ ენერგოვამპირთან ერთად ვცხოვრობდი. უკვე კარგად ვიცი, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და დღემდე მაწუხებს კითხვა - ვინ არიან ენერგოვამპირები, რა თვისებები აქვთ და როგორ უნდა მოვექცეთ მათ?"

შევეცადეთ, ამ შეკითხვებისთვის პასუხი შეძლებისდაგვარად გაგვეცა:

"ენერგოვამპირები მართლაც არსებობენ" GzaPressმანანა სოლოღაშვილი, ფსიქოლოგი: - ენერგოვამპირები ნამდვილად არსებობენ. გერმანელმა მეცნიერებმა სპეციალური კვლევები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ისინი ჩვენ ირგვლივ ცხოვრობენ და სხვებისგან არაფრით გამოირჩევიან. ეს არც ფსიქოლოგიური დაავადებაა და არც - ფიზიკური. უბრალოდ, ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა გარკვეულ ენერგიას მოითხოვს და იმის მიხედვით, თუ რომელ ადამიანთან ურთიერთობა რამდენ ენერგიას გვართმევს, შეიძლება ისინი ენერგოვამპირებად და ენერგოდონორებად დავყოთ. ზოგიერთი ადამიანი დადებით ენერგიას გასცემს, ზოგი პირიქით - გართმევს. შეიძლება ჩვენი ახლობლები, საუკეთესო მეგობრები და ოჯახის წევრებიც კი აღმოჩნდნენ ენერგოვამპირები. უმეტესწილად, ისინი ამაზე არც ფიქრობენ - ენერგიის გადინება და ერთი ადამიანიდან მეორეზე გადასვლა ხშირად გაუცნობიერებლად ხდება. რაიმე სპეციფიკური ნიშანი, რომ ასეთი ადამიანები გარეგნულად ამოვიცნოთ, არ არსებობს. უბრალოდ, უნდა დავაკვირდეთ, ვისთან ვგრძნობთ თავს კარგად და ვისთან - ცუდად.

- ვინ არიან ისინი?

- ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანების სხვადასხვა ტიპი არსებობს. არსებობს ხალხი, ვისთან ურთიერთობაც უფრო მეტ ძალასა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ისინი ერთიანდებიან ენერგოვამპირის ცნების ქვეშ. ასეთი შეიძლება იყოს მუდმივად მოწყენილი და მოწუწუნე ადამიანი, რომელიც ყველაფრით უკმაყოფილოა და ადამიანი, რომელიც სხვებზე კარგად მანიპულირებს. ენერგოვამპირების ჯგუფში შედიან ბრაზიანი, ფეთქებადი ხასიათის ადამიანები, რომლებიც არ ვიცით, როდის გაბრაზდებიან. ასევე ისინი, ვინც თავიანთი ეგოს გარშემო ტრიალებენ და ყველანაირ ურთიერთობაში საკუთარ თავს პირველ ადგილზე აყენებენ. მათ ნარცისებს უწოდებენ. არსებობენ ცინიკოსებიც. ფსიქოლოგები მათაც ენერგოვამპირებად მიიჩნევენ, რადგან თავიანთი ცინიკური დამოკიდებულებითა და მწარე ენით პასიური აგრესორის როლს ასრულებენ. ცინიკოსებთან ურთიერთობისას ადამიანს პესიმიზმი და ნეგატიური განცდები ეუფლება, ამიტომ მათთან ურთიერთობა ხშირად მტკივნეულია. ენერგოვამპირების რიცხვში შედიან ანგარებიანი ადამიანები და კარიერისტები, რომლებსაც ნამდვილი სიყვარული არ შეუძლიათ და ნებისმიერ ურთიერთობას ანგარებაზე აწყობენ.

"მეამბოხე და საწყალი ბავშვები" ენერგოვამპირია ე.წ. მეამბოხე ბავშვიც. ასეთ ადამიანში მუდმივად ცხოვრობს მეამბოხე ბავშვი, რომელიც ურთიერთობაში წესებს არ ემორჩილება. მას არ შეუძლია დათმობაზე წასვლა, იმპულსურია და თავისი იმპულსურობით ყველას აზიანებს. არსებობს კიდევ ერთი ტიპი ადამიანისა, რომელსაც არ სურს გაიზარდოს. მათ მთელი ცხოვრება "საწყალი ბავშვის" სტატუსი აქვთ. ისინი ხშირად მანიპულირებენ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებზე და მოითხოვენ, რომ მათზე ყველამ იზრუნოს, როგორც სულიერად, ასევე - მატერიალურადაც. ენერგოვამპირებს შორის არის კიდევ ერთი ჯგუფი - ადამიანები, რომლებიც მუდმივად რაღაცაზე ოცნებობენ და ხშირად ექმნებათ პრობლემები როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე - ადამიანებთან ურთიერთობისას. ენერგოვამპირებთან ურთიერთობა რთულია. როდესაც ადამიანი მუდმივად წუწუნებს ან შენ მიმართ ირიბ აგრესიას ავლენს, რა თქმა უნდა, მასთან გაძლება ჭირს. შეიძლება ენერგოვამპირი ჩუმი და წყნარი იყოს და ამ სიჩუმითაც გართმევდეს ენერგიას, თუმცა უფრო ხშირად ენერგოვამპირები მყვირალა და აღგზნებული, მოჩხუბარი ადამიანები არიან, რომლებსაც სხვისი განწყობის გაფუჭება კარგად ეხერხებათ. ისინი მუდმივად თავდაცვით პოზიციაში გამყოფებენ და თავის მართლებას გაიძულებენ. ზოგიერთი მათგანი ძალიან დიდხანს ლაპარაკობს, ერთსა და იმავეს იმეორებს და ამითაც გაცლის ენერგიას. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: შეიძლება ერთი ინდივიდი ვიღაცისთვის ენერგოვამპირი იყოს და ვიღაცისთვის - არა, რადგან ეს ორმხრივი ურთიერთობაა და ორი ადამიანის ხასიათსა და თავისებურებებზეა დამოკიდებული.

- როგორ დავიცვათ თავი მათგან?

GzaPress- რამდენადაც შესაძლებელია, შორს უნდა ვიყოთ მისგან, მაგრამ როდესაც ის ახლობელი და ოჯახის წევრია, ურთიერთობაზე უარის თქმა ცოტა რთულია, ამიტომ, ფსიქოლოგები გვირჩევენ, მასთან საუბრისას წარმოსახვითი ჩანჩქერი ან სარკე "აღვმართოთ", რაც ენერგიის გაცემას გარკვეულწილად ამცირებს. ენერგოვამპირებს ხშირი ფიზიკური შეხებაც ახასიათებთ და როგორც მკვლევრები ამტკიცებენ, ამ შეხების დროსაც ართმევენ მეორე ადამიანს ენერგიას, ამიტომ, მათთან ფიზიკურ შეხებას თავი უნდა ავარიდოთ. შეიძლება გოგონასა და ბიჭს ერთ დროს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებისას ერთ-ერთი ენერგოვამპირი აღმოჩნდება. ასეთი ოჯახი თითქმის ყოველთვის იშლება ან ერთ-ერთი მუდმივად უთმობს მეორეს, თუმცა ადრე თუ გვიან მისი მოთმინების ფიალა ივსება. უფრო ხშირად კი, არც ერთი არ უთმობს და სულიერად ორივე ინგრევა. ამიტომ, ოჯახი, სადაც ენერგოვამპირი ცხოვრობს, განწირულია.

ენერგოვამპირები ხელმოცარული და წარუმატებელი ადამიანები არიან - ნებისმიერ საქმეს და ნებისმიერ ურთიერთობას ენერგია სჭირდება. ამიტომ, არაჰარმონიული, დაძაბული ურთიერთობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის საქმიანობაზე, კარიერასა და მთელ ცხოვრებაზე. მართალია, ენერგოვამპირები ზოგჯერ არაპირდაპირ აგრესიას მიმართავენ, მაგრამ ეს უფრო მტკივნეული და დამანგრეველია, ვიდრე პირდაპირი აგრესია - ის უფრო მეტად აზიანებს ადამიანის ფსიქიკას, რადგან ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. ენერგოვამპირისთვის ძნელია ოჯახის შენარჩუნება და ნორმალური ურთიერთობის დამყარება. სამსახურის შენარჩუნებაც კი უჭირთ, რადგან ადამიანები მათგან შორს იჭერენ თავს. იმაზე, თუ როგორ ურთიერთობს სხვებთან, ბევრად არის დამოკიდებული მისი პროფესიული და პიროვნული წარმატება. ენერგოვამპირის ირგვლივ ურთიერთობები ინგრევა, მისი იზოლაცია ხდება და უფრო მეტი აგრესია იღვიძებს. ასეთი ადამიანი ხშირად მარტო რჩება. მე ხშირად შევხვედრივარ ასეთ ტიპებს, როცა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მიწევდა ურთიერთობა. როდესაც მამაკაცი ენერგოვამპირია, ის მთელ თავის უარყოფით ენერგიას ოჯახში - ცოლსა და შვილებთან ავლენს, რაც ძნელი ასატანია და ასეთი კაცი ოჯახს ვერ ინარჩუნებს.

ხათუნა ჩიგოგიძე