რა არის ქალების მთავარი პრობლემა საჭესთან - გზაპრესი

რა არის ქალების მთავარი პრობლემა საჭესთან

რამდენიმე წელია, რაც მსახიობი ნინო მუმლაძე თბილისელი მძღოლების "დიდ არმიას" შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში, ავტომობილისა და ქალაქის ქაოსურ მოძრაობაში მისი მართვისთვის საჭირო ნიუანსებიც კარგად აითვისა. ავტობუსივით ჯიპები არ მოსწონს და აღნიშნავს, რომ "გოგო კოხტა ავტომობილის საჭესთან უნდა იჯდეს".

- თბილისის გზებზე ისეთი ქაოსური მოძრაობაა, გადაადგილება ალბათ, ნებისმიერი მძღოლისთვის ნერვების მომშლელია. თუმცა, ცოტა ხნის წინ, რუსეთიდან სტუმრები მყავდა და ამის თაობაზე მათთან რომ დავიწუწუნე, გაეცინათ, მოსკოვში არ გინახავს, რა ხდება და თქვენთან კიდევ კარგი სიტუაციააო. დავუჯერე, რა მექნა. პირადად მე, ძალიან მძაბავენ და მაღიზიანებენ ისეთი მძღოლები, რომლებიც ე.წ. პავაროტნიკის გარეშე ჩაგიჭრიან გზას და ამ დროს მხოლოდ შენი მოხერხების იმედად უნდა იყო. კუსავით რომ მიზოზინობენ, ეგეთი მძღოლებიც ნერვებს მიშლიან. შეიძლება, თვითონ სულ არ ეჩქარებოდეთ და როცა უსიგნალებ, რეაქციაც არ აქვთ, "ფეხებზე ჰკიდიათ" გარშემო რა ხდება, მე კი, როგორც წესი, ყოველთვის მეჩქარება და მაგვიანდება (იცინის). ზოგმა საჭირო დროს დათმობაც არ იცის. უნდათ, გაძვრნენ შუა საცობში, რადგან ნერვები ეშლებათ. ეს არა მხოლოდ ჩემი, ალბათ მძღოლების 90%-ის წუხილია, თავად მათიც, ვინც ყველაზე დიდი დამრღვევია (იცინის).

GzaPress- წესების დარღვევას არც ქვეითები აკლებენ, არა?

- როცა ხედავ, ადამიანი "ზებრაზე" გადასვლას აპირებს, უნდა გაჩერდე და გაატარო, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე, უადგილო ადგილას რომ გადმორბიან, ასეთიც ბევრია და ცხადია, ეს სასიამოვნო არ არის. ერთი კითხვა მაქვს ყველა ქვეითთან: რატომ არიან ასე დარწმუნებულები ჩემს "კალოდკებში" და "ტორმუზებში"? მე არ ვარ დარწმუნებული (იცინის). წინ რომ მიხტებიან, რა გარანტია აქვთ, რომ დამუხრუჭებას მოვასწრებ? მოდი, გავუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს და ნურც სხვას ჩავაგდებთ ცოდვაში. გზაზე გადასვლისას, კარგად გაიხედ-გამოიხედეთ ან მიწისქვეშა გადასასვლელებითა და "ზებრებით" ისარგებლეთ და ყველაფერი კარგად იქნება.

- როგორი იყო ემოცია, როცა ქალაქის გზებზე პირველად მარტო გამოხვედით?

- თავიდან მეგობრებს გავყევი უკან და მშვიდად ვიყავი, მეოთხე ჯერზე გადავწყვიტე, რომ "უკვე დიდი გოგო" ვიყავი და ისეთ გადატვირთულ მოძრაობაში აღმოვჩნდი, დავიძაბე, მაგრამ ყველა მაფრთხილებდა, რომ ერთხელ თუ შეგეშინდა, მთელი ცხოვრება ცუდი მძღოლი იქნებიო და ეს შიში გადავლახე, სახლამდე კი ფრთხილად და მშვიდად მივედი, ამოვისუნთქე და იმ დღიდან ვთქვი, რომ ავტომობილი უკვე მარტოს უნდა მეტარებინა.

- ახლა როგორი მძღოლი ხართ?

- ვფიქრობ, დღესდღეობით ნორმალური მძღოლი ვარ, ყოველ შემთხვევაში, ჩემზე ბევრად უარესი ქალი მძღოლები მინახავს (იცინის). ჩემი მეგობრები, როცა მიჯდებიან, მენდობიან, მშვიდად არიან. მეც მქონია პატარ-პატარა ავტოსაგზაო შემთხვევები, ჩემი საბრალო მანქანა არაერთხელ მიჭეჭყ-მოჭეჭყილა, მაგრამ ახალბედა მძღოლებისთვის ეს ალბათ, გარდაუვალია. ნათქვამია კიდეც, მანქანა თუ ერთხელ კარგად არ მიჭეჭყე, მძღოლი არ ხარო. ასე რომ, ეს ეტაპიც გამოვიარე. რკინა იჭეჭყებოდა და სწორდებოდა (იცინის).

- რომელია თქვენთვის სასურველი ავტომობილი?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი ქალაქის გზები დიდად მოწესრიგებული არ არის და ქალაქგარეთაც მიწევს გასვლა, მაღალი "პასადკის" მქონე მანქანა მინდა, თუმცა, ავტობუსივით ჯიპები არ მომწონს. მგონია, რომ გოგო მაინც კოხტა ავტომობილში უნდა იჯდეს. "ნისან ჟუკს" სიამოვნებით ვიყოლიებდი, უფრო ქალურია...

GzaPress- ეთანხმებით სტერეოტიპს, რომ მამაკაცები ქალბატონებზე უკეთესი მძღოლები არიან?

- არის რაღაცები, რაც მამაკაცსა და ქალს ბუნებამ სხვადასხვანაირად გაუნაწილა, რეაქცია მამაკაცს ყოველთვის ბევრად სწრაფი აქვს და მძაფრ სიტუაციებში უფრო ადვილად მიდის რისკზე, ვიდრე - ქალი. ქალს ყოველთვის უჭირს კონცენტრირება, მაგალითად, საავარიო სიტუაციებში. თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და ყველა ქალზე არ ვრცელდება; არიან ისეთებიც, რომლებიც ამ საკითხში ბევრ მამაკაცს ჯობნიან.

- ავტომობილის გასაკეთებლად სიარული ალბათ, გიწევთ ხოლმე. ე.წ. მძღოლური ტერმინები "დაამუღამეთ"?

- კი, უკვე ბევრი რამე "დავამუღამე" (იცინის). თავიდან, მანქანა რომ ვიყიდე, ისიც კი არ ვიცოდი, "დვორნიკებში" წყალი სად უნდა ჩამესხა. დღესდღეობით მშვიდად ვამოწმებ ზეთს და წყალსაც ვასხამ; "პადკრილნიკები" მაქვს ძალიან ცუდი და ისიც ვიცი, უკან როგორ შევტენო, რომ ბორბალს არ გამოედოს (იცინის). მყავს ადამიანები, რომლებსაც ვენდობი და მანქანას თუ რამე სჭირდება, მათთან მიმყავს. უკვე იმასაც ვხვდები, ხუნდები და ბორბალი როდის მაქვს გამოსაცვლელი.

- რას ურჩევთ დამწყებ მძღოლ ქალბატონებს?

- ვურჩევ, იარონ მარჯვენა ზოლში და შუა ხაზში არ ჩადგნენ. არ მიაქციონ ყურადღება სხვების გინებას და სიგნალს, წყნარად იარონ გზებზე. ხშირად ისიც შეიძლება, რომელიმე მეგობარს ვთხოვოთ, გვასწავლოს და მისგან კარგი მანევრები გადმოვიღოთ, რომ თავი უფრო თამამად ვიგრძნოთ. მთავარია, თავიდანვე არ შეგეშინდეთ და არ დაიბნეთ! ქალების მთავარი პრობლემა სარკეებია. სხვა მანქანებს რომ შევხედოთ, გვავიწყდება და სარკეში თუ ვიხედებით, როგორც წესი, მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი თავი დავინახოთ (იცინის).

თამთა დადეშელი